საფრანგეთმა სპარსეთის ყურეში "დე გოლი" გაგზავნა

საფრანგეთმა სპარსეთის ყურეში "დე გოლი" გაგზავნა

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ოფიციალურმა პარიზმა, სპარსეთის ყურეში საკუთარი სამხედრო ფლოტის გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო. ირანთან სამხედრო ბალანსის აღდგენას ფრანგული სამხედრო-საზღვაო ფლოტის ფლაგმანი, ატომური ავიამზიდი "შარლ დე გოლი" უზრუნველყოფს.

ამჟამად, საფრანგეთის ფლოტის შემადგენლობაში ის ერთადერთი წყალზედა ხომალდია, რომელიც ძალური დანადგარის სახით ატომურ რეაქტორს იყენებს. გარდა ამისა, დღეისთვის ის საფრანგეთის განკარგულებაში არსებული ერთადერთი ავიამზიდია.

1989 წლის 14 აპრილს, ცნობილი ფრანგული გემთსაშენი ფირმა DCN-ის ვერფებზე, ახალი თაობის ავიამზიდის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. ჩანაფიქრის მიხედვით, ახალ ხომალდს იმ მომენტისთვის, საფრანგეთის ფლოტის შეიარაღებაში არსებული მოძველებული Clemenceau ("კლემანსო") უნდა ჩაენაცვლებინა.

ავიამზიდის მშენებლობის პროცესში თავი მრავალმა პრობლემამ იჩინა. ყველაზე მთავარ სირთულეს კი მწირი დაფინანსება წარმოადგენდა. ახალი პროექტის მიმართ, ქვეყნის მთავრობას ერთსულოვანი გადაწყვეტილება არ ჰქონდა. დროდადრო, შემქმნელებს ავიამზიდის პროექტში სხვადასხვა ცვლილებები შეჰქონდათ, რაც დამატებით პრობლემებს იწვევდა. სხვადასხვა პერიოდში, დაფინანსების შეწყვეტის გამო, ავიამზიდის მშენებლობა ოთხჯერ გაჩერდა.

ხომალდის პირველივე გამოცდებმა, დეფექტების მთელი კასკადი გამოავლინა. გაუმართავად მუშაობდა ატომური რეაქტორის გაგრილების სისტემა, არასწორედ იყო დაპროექტებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, რომელიც ვიღაცის შეცდომის გამო, სიგრძეში 4,4 მ-ით გახდა დასაგრძელებელი.

მრავალმხრივი პრობლემების გამო, ავიამზიდის მშენებლობის პროცესი საგრძნობლად გაიწელა და 11 წელიწადი შეადგინა. მისი საწყისი ღირებულება კი 20 %-თ გაიზარდა და 3,3 მილიარდ დოლარს მიაღწია.  ხომალდის მეტისმეტად დიდი ღირებულების გამო, ამავე პროექტით დაგეგმილი მეორე ავიამზიდის მშენებლობა არც დაუწყიათ.

ახალი ატომური ავიამზიდი ფრანგებმა წყალში 1994 წლის 7 მაისს ჩაუშვეს. თავდაპირველად, ხომალდისთვის "რიშელიე" უნდა დაერქვათ, მაგრამ შემდგომ გადაწყვეტილება შიეცვალა და მას საფანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის პატივსაცემად Charles de Gaulle ეწოდა.

ხომალდი მწყობრში 2001 წლის 18 მაისს ჩადგა. ავიამზიდის სიგრძე 261,5 მ-ს, სიგანე კი 64 მ-ს შეადგენს. ატომური საწვავის წყალობით, ხომალდს განუსაზღვრელ სიშორეზე შეუძლია ცურვა და რეაქტორებში საწვავის გამოცვლა მხოლოდ 5 წელიწადში ერთხელ არის საჭირო. მიუხედავად ამისა, ავიამზიდის ავტონომიურობა 45 დღით არის განსაზღვრული, რის შემდეგაც მას საკვები პროდუქტის მარაგის შევსება სჭირდება. "დე გოლის" მაქსიმალური სიჩქარე 27 კვანძია (50 კმ/სთ).

ავიამზიდის საავიაციო ფრთის შემადგენლობაში 20 საგემბანო მოიერიშე Super Etendard, 12 გამანადგურებელი Rafale M, შორი რადიოლოკაციური აღმომჩენის სამი თვითმფრინავი E-2C და ხუთი შეულმფრენი SA-365 შედის. მაგრამ საბრძოლო ამოცანის გვარობიდან გამომდინარე, შესაძლებელია, რომ საავიაციო დაჯგუფებაში შემავალი საფრენი აპარატები სხვა რაოდენობით იყვნენ წარმოდგენილნი.

პარიზის მიერ, სპარსეთის ყურეში ატომური "დე გოლის"  გაგზავნის შემდეგ, აპრილისთვის რეგიონში მოქმედი ავიამზიდების დაჯგუფების ოდენობა ოთხამდე გაიზრდება.

ორმუზის სრუტიდან აღმოსავლეთით, არაბეთის ზღვის ჩრდილო ნაწილში, ატომური "კარლ ვინსონის" ფლაგმანობით, უკვე იმყოფება ამერიკის ავიამზიდების ერთი შენაერთი.

ეს უკანასკნელი, Nimitz-ის კლასის მესამე ავიამზიდია, რომლის მშენებლობაც 1975 წელს დაიწყო და აშშ-ს კონგრესმენის, კარლ ვილსონის პატივსაცემად Carl Vinson (CVN-70) ეწოდა. ხომალდი მწყობრში 1982 წელს ჩადგა. შემდეგ, 1989 წლამდე მან რამდენიმე ლაშქრობა შეასრულა და მისი მორიგეობის ძირითად არეალს წყნარი და ინდოეთის ოკეანეები წარმოადგენდა. რამდენიმეჯერ ავიამზიდი სპარსეთის ყურეშიც შედიოდა, სადაც ნავთობით დატვირთული ტანკერების უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა. გეგმით Carl Vinson-ი მწყობრში 2023 წლამდე დარჩება.

დღეს აშშ-ს Nimitz-ის კლასის ათი ატომური ავიამზიდი ყავს. მათი საშუალებით აშშ-ს საკუთარი პოზიციისა და ძალის დემონსტრირება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეუძლია. თავად ამ კლასის ერთი ავიამზიდიც კი ძალზე შთამბეჭდავია. ეკიპაჟს რომ თავი დავანებოთ, რომელიც 3200 კაცს ითვლის, ხომალდზე 2700 კაიუტაა. ამავდროულად, ავიზმაიდის ბორტზე არის მაღაზიები, ბიბლიოთეკები, სამკერვალო, სამრეცხაოები და საპარიკმახეროებიც კი.

ავიამზიდი ორ ღუზას იყენებს. თვითოეული მათგანი 30000 კგ-ს იწონის. ყოველდღიურად ეკიპაჟის გამოსაკვებად დამზადებულ ულუფათა ჯამური რაოდენობა 17000 ერთეულს აღწევს. ხომალდზე გამოყენებული საკომუნიკაციო კაბელების საერთო სიგრძე 1500 კმ-ს აღემატება. ავიამზიდის ტექნიკური დოკუმენტაცია ერთ სვეტში რომ დავალაგოთ, წარმოქმნილი სვეტის სიმაღლე 170 მ-ს გადააჭარბებს.

ამ კლასის ავიამზიდების ხანგრძლივობა 50 წელია. ყოველ 20 წელიწადში ერთხელ კი ატომური საწვავის შეცვლაა საჭირო. დღევანდელი დღისთვის, ავიამზიდებზე Nimitz, Dwight D. Eisenhower, Carl Vinson და Abraham Lincoln ატომური საწვავი უკვე შეცვლილია.

ავიამზიდს მაქსიმუმ 90 თვითმფრინავისა და შვეულმფრენის მიღება შეუძლია. მაგრამ როგორც წესი, ბორტზე არსებული საფრენი აპარატების რაოდენობა 64 ცალს არ აღემატება.

ნუკრი მგელაძე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე