დიდი ომის დაწყების ზღურბლზე?

დიდი ომის დაწყების ზღურბლზე?

ირანის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების დაწყების თემა კვლავ აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც გავლენიანმა ამერიკულმა გამოცემა Foreign policy-მ მართლაც რომ სენსაციური ინფორმაცია გაავრცელა.

ამერიკული გამოცემის მტკიცებით, ისრაელმა ბაქოსგან არაოფიციალურად მიიღო უფლება, გამოიყენოს მისი სამხედრო აეროდრომები, ერთ-ერთი აეროდრომი "აზერბაიჯანი" კი იყიდა.

თელ-ავივი კარგა ხანია, ხმამაღლა ლაპარაკობს ირანის ატომური ობიექტების დაბომბვის აუცილებლობაზე და ძნელი მისახვედრი არ არის, რისთვის შეიძლება გამოიყენოს ამ ქვეყნის მოსაზღვრე აზერბაიჯანის აეროდრომები.

ამერიკული გამოცემის სენსაციური ინფორმაცია ოთხი ამერიკელი ინკოგნიტო მაღალჩინოსნის (მათ შორის - დაზვერვის თანამშრომლების) მტკიცებას ეფუძნება, რაც ამ ცნობას უფრო დამაჯერებელს ხდის, მაგრამ ოფიციალური ბაქო კატეგორიულად უარყოფს ისრაელისთვის აეროდრომების გამოყენების უფლების გადაცემას და დაბეჯითებით აცხადებს, რომ აზერბაიჯანიდან ირანი არასოდეს დაიბომბება.

ასეთი განცხადება გააკეთა გასულ თვეში თეირანში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა საფარ აბიევმა. აზერბაიჯანის ელჩი ირანში ჯავანშირ ახუნდოვი უფრო შორს წავიდა და დააზუსტა, რომ ისრაელის მიერ აზერბაიჯანისთვის მიწოდებული შეიარაღება გამოყენებული იქნება არა ირანის, არამედ "სომხეთის მიერ ოკუპირებული აზერბაიჯანული მიწების გასათავისუფლებლად".

მართლაც, სამხედრო-ტექნიკურ სფეროში ისრაელ-აზერბაიჯანის თანამშრომლობა ბოლო წლებში საოცარი ტემპით განვითარდა და ცოტა ხნის წინ ამ ორმა ქვეყანამ ხელი მოაწერა 1,6 მლრდ დოლარის ღირებულების კონტრაქტებს შეიარაღების შესყიდვაზე.

ყოველივე ეს აჩენს ეჭვს, რომ მათ შორის საუკეთესო მეგობრული ურთიერთობის დამყარების პარალელურად თელ-ავივი მართლაც ეცადა, გამოეყენებინა ირანის ჩრდილოეთი მეზობლის - აზერბაიჯანის სტრატეგიული ინფრასტრუქტურა, კერძოდ კი - აეროდრომები.

საქმე ის არის, ისრაელმა რომც მოინდომოს, გაუჭირდება ირანზე საჰაერო იერიშის მიტანა, რადგან მათ საერთო საზღვარი არა აქვთ. ისრაელის უკიდურესი აღმოსავლეთი საზღვრიდან ირანის უკიდურეს დასავლეთ საზღვრამდე დაახლოებით 930კმ-ია და გზა ორი ქვეყნის - სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე გადის.

ისრაელიდან აფრენილმა საბრძოლო თვითმფრინავებმა ირანის საზღვრამდე უმოკლესი გზით რომ მიაღწიონ, ფრენის შემდეგი მარშრუტები უნდა აირჩიონ: სირია-ერაყი-ირანი ან იორდანია-ერაყი-ირანი.

ირანის ატომური ობიექტები საზღვართან კი არა, ქვეყნის ტერიტორიის სიღრმეშია, ასე რომ, ისრაელის აეროდრომებიდან აფრენილმა ებრაულმა დამრტყმელმა F-15-მა და F-16-ებმა სამიზნემდე არანაკლებ 1500-2000კმ უნდა იფრინონ (ესეც - პირდაპირი ხაზით, რეალურად კი ფრენის მარშრუტი არასოდეს არის სწორხაზოვანი).

ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების შეიარაღებაში დღეისათვის 460 საბრძოლო თვითმფრინავი ირიცხება, მათ შორის სხვადასხვა მოდიფიკაციის 87 ცალი F-15 და 309 F-16. ისრაელის მრავალდანიშნულების დამრტყმელი გამანადგურებლების F-15I-ის მოქმედების სიშორე 1250 კმ-ითაა განსაზღვრული, ანუ მოქმედების რადიუსი (დაბომბვის შემდეგ საწვავი უკან დაბრუნებისთვისაც ხომ საჭიროა!) ამის ნახევარზე ნაკლები იქნება.

ისრაელის მოდერნიზებული F-16I Sufa-ს ტიპის მრავალდანიშნულების დამრტყმელი თვითმფრინავის ფრენის სიშორე 1684 კმ-ია, მოქმედების რადიუსი კი 800 კმ-მდე თუ იქნება.

რა თქმა უნდა, საწვავის დამატებითი ავზებით შეიძლება ფრენის სიშორის გაზრდა, მაგრამ მაშინ თვითმფრინავი ბევრად ნაკლებ ბომბსა და რაკეტას წაიღებს, ანუ საჭირო გახდება საჰაერო ოპერაციაში მონაწილე თვითმფრინავების რაოდენობის გაზრდა, რაც საბრძოლო დანაკარგის ალბათობასაც გაზრდის.

იხილეთ ვრცლად

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე