ამერიკელი სამხედროები მორიგ სკანდალში გაეხვნენ

ამერიკელი სამხედროები მორიგ სკანდალში გაეხვნენ

22 მაისს აშშ-ში, ფლორიდას შტატში მორიგი სამხედრო კონფერენცია გაიმართა. პროტოკოლით, ის სხვა მსგავსი შეხვედრებისგან არაფრით უნდა გამორჩეულიყო, რომ არა ერთ-ერთი ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსნის სენსაციური განცხადება. შესაძლებელია, ამ ამბავს აჟიოტაჟი საერთოდ არ მოყოლოდა, ინფორმაცია პრესაში რომ არ მოხვედრილიყო. 28 მაისს, მსოფლიოს წამყვანმა მედიასაშუალებებმა ის საჯარო გახადეს.

მაღალჩინოსანი ამერიკელი სამხედრო, სამხრეთ კორეაში დისლოცირებული აშშ-ის სპეც-დანიშნულების ჯარების უშუალო სარდალი, ბრიგადის გენერალი ნილ ტოლი გახლავთ. თავად განცხადება კი, რომელმაც ნახევარი მსოფლიო საგონებელში ჩააგდო, შემდეგში მდგომარეობდა.

გენერლის თქმით, ჩრდილო კორეის ტერიტორიაზე აშშ-სა და სამხრეთ კორეელი სამხედროების ერთობლივი დესანტი გადასხეს. ოპერაციის მიზანი, ჩრდილო კორეის ტერიტორიაზე არსებული მიწისქვეშა ობიექტების აღმოჩენა-დაზვერვაში მდგომარეობდა. ტოლის განცხადების თანახმად, მედესანტეების მობილურობის გასაზრდელად, მათი გადასხმა აღჭურვილობის მინიმალური კომპლექტაციით მოხდა. მზვერავებმა, ჩრდილო კორეის დემილიტარიზებულ ზონაში აშენებული, აქამდე უცნობი ოთხი გვირაბი აღმოაჩინეს. გარდა ამისა, ამერიკელებისთვის სრულიად მოულოდნელი იყო  20 უცნობი აეროდრომის აღმოჩენაც.

გენერლის საკმაოდ თამამი განცხადება პრესამ მაშინვე აიტაცა და მალე ის მთელ მსოფლიოს მოედო. ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრი რამ ბუნდოვანია. უპირველეს ყოვლისა, გენერალ ტოლის თანამდებობა არ იძლევა მსგავსი განცხადებების გაკეთების უფლებას. მეორეც - მსგავსი ოპერაციის განხორციელების შემთხვევაშიც კი, ეს ყოველივე სამხედრო საიდუმლოებაა.

არის კიდევ რამდენიმე ნიუანსი. მათ შორის, 20 ახლად აღმოჩენილი სამხედრო აეროდრომი. ჩრდილო კორეა არც ისე მდიდარია, რომ აეროდრომები ასეთი ტემპებითა და რაოდენობით აშენოს. თანაც მათი აღმოჩენა თანამგზავრებით შეიძლება და საამისოდ მზვერავების გაშვება სულაც არ იყო საჭირო.

ასეა თუ ისე, გენერლის განცხადებამ პენტაგონი საგონებელში ჩააგდო. სამხრეთ კორეაში განლაგებული აშშ-ის ჯარების პრეს-სამსახურის უფროსმა, პოლკოვნიკმა ჯონათან უიტუნგტონმა, ყოველივე კატეგორიულად უარყო. მისი თქმით, კონტექსტიდან ამოგლეჯილი გენერლის გამონათქვამი არასწორად იყო ინტერპრეტირებული.

მაგრამ საქმე ამით არ დამთავრებულა. 5 ივნისს გენერალმა ტოლიმ საკუთარი თანამდებობა დატოვა. მის ადგილას შემცვლელი უკვე დაინიშნა. თავად გადაყენებული გენერლის ახალი თანამდებობა კი ჯერჯერობით უცნობი რჩება. არ არის გამორიცხული, რომ სამხედრო სამსახრიდან საერთოდ დაითხოვონ.

ნუკრი მგელაძე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე