უკანასკნელ დღეებში, სირია კვლავ მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა. ქვეყანაში სამოქალაქო ომი მძვინვარებს და როგორც ჩანს, მმართველ ხელისუფლებას ვითარების გაკონტროლება სულ უფრო უჭირს.
21 ივნისს სირიის სამხედრო მფრინავი, პოლკოვნიკი ჰასან ალ-მარი ჰამადი მმართველი გუნდისთვის მოღალატე, მეამბოხეთათვის კი - ნაციონალური გმირი გახდა. პოლკოვნიკმა თავისი თვითმფრინავი МиГ-21 იორდანიაში გადაიტა, სადაც დაჯდომისთანავე პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა.
სირიის ყოფილი პრეზიდენტის, ასადის მმართველობისას სამხედრო-საჰაერო ძალებს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა (ასადი თვითონ სამხედრო მფრინავი იყო). მფრინავები განათლებას საზღვარგარეთ ღებულობდნენ. მათი ოჯახები კი საუკეთესო სახლებში ცხოვრობდნენ. ასადის დროს სამხედრო ავიაციის ოფიცრები მის დასაყრდენ ელიტად იქცნენ.
სწორედ ამ გარემოებამ გამოიწვია სირიის მთავრობის გაგიჟება. გაქცეული ოფიცერი სამშობლოს ღალატში დაადანაშაულეს და განაჩენიც გამოუტანეს - დახვრეტა. არსებული ცნობებით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა მისი სახლი უკვე დაანგრიეს. თუმცა პოლკოვნიკი ჰასანი წინდახედული აღმოჩნდა. როგორც ჩანს, გაქცევა წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი, რადგან ოჯახი თურქეთში ჰყავდა გადაყვანილი.
როგორც ჩანს, წყალი მოქმედი პრეზიდენტის გუნდსაც შეუდგა. სირიის სამხედრო ავიაციის შესაძლებლობები იმავე დღეს უმკაცრესად შეიზღუდა. ჰასანის გაქცევამ მფრინავების მიმართ ნდობის დაკარგვა გამოიწვია. ხომ შეიძლება, რომელიმე მფრინავმა ბომბები მეამბოხეთა პოზიციების ნაცვლად სამთავრობო ჯარებს ან პრეზიდენტის სასახლეს დააყაროს?
თუმცა, ამ ამბიდან მეორე დღეს სირია მორიგ უსიამოვნებაში გაეხვია. დამასკოსა და ანკარას შორის არსებული მტრული ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც 22 ივნისს სირიელებმა თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს.
მომხდარში ანკარისა და დამასკოს ვერსიები კატეგორიულად განსხვავებულია, თუმცა ერთ რამეში ორივე მხარე თანხმდება. სირიის მიერ ჩამოგდებული თურქული თვითმფრინავი ხმელთაშუა ზღვაში ჩავარდა.
სირიელების მტკიცებით, თურქული სადაზვერვო RF-4E მათ საჰაერო სივრცეში უკანონოდ შეიჭრა. გაფრთხილების მიუხედავად გეზი არ შეუცვლია და მისი ჩამოგდება საერთაშორისო სამართლის წესებით მოხდა.
თავის მხრივ, თურქები ირწმუნებიან, რომ მათი თვითმფრინავი მართლაც აღმოჩნდა სირიის საჰაერო სივრცეში, თუმცა ეს შემთხვევით მოხდა და მფრინავებს არანაირი გაფრთხილება არ მიუღიათ.
სხვათა შორის, ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც დამასკოს ზედმეტი მოუვიდა. 1989 წელს ორი სირიული МиГ-21 შემთხვევით თურქეთში შეფრინდა. იქ აღმოჩენილი თურქული თვითმფრინავი, სირიელმა სამხედრო მფრინავებმა საკუთარი ქვეყნის თავზე მფრენ თურქულ მზვერავად მიიჩნიეს და ჩამოაგდეს. მაშინ ორ ქვეყანას შორის დიდი სკანდალი აგორდა, თუმცა, ეს ამბავი მალევე დაივიწყეს.
არ არის გამორიცხული, რომ 22 ივნისს მომხდარი მოვლენა პროვოკაციული ხასიათისა ყოფილიყო. ქვეყანაში მიმდინარე დაპირისპირების ფონზე, მის დასაზვერად სამხედრო თვითმფრინავის გაგზავნა ან სრული უპასუხისმგებლობა ან გამიზნული პროვოკაცია იყო.
თვითმფრინავი წყალში ჩავარდა და შესაბამისად მისი ჩამოგდების ადგილმდებარეობის დადგენა შეუძლებელია (დინება მის ფრაგმენტებს წაიღებდა). მაგრამ დღეს ეს უკვე ნაკლებად მნიშვნელოვანია. RF-4E-ის მიერ, სირიის საჰაერო სივრცის დარღვევის შემთხვევაშიც კი, თურქეთი ამას არ აღიარებს. მისთვის მთავარი ორი გარემოებაა - თვითმფრინავი ჩამოგდებულია და ორივე მფრინავი სავარაუდოდ დაიღუპა. ეს კი ანკარას საპასუხო ქმედების საშუალებას აძლევს.
ნუკრი მგელაძე