"ქვეყანაში ნელ-ნელა იმატებს შეიარაღებული ადამიანების რიცხვი", - განგვიცხადა ინტერვიუს წინ პოლიტიკური პარტია "თავისუფალი საქართველოს" კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი მოსიაშვილმა, რომელიც რეზერვისტებისთვის ცივი იარაღის დარიგების შესახებ გვესაუბრება:
- ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უნდა გაიზარდოს რეზერვისტების რაოდენობა და ქვეყანაში ყველამ უნდა გაიაროს ხუთდღიანი გადამზადება. ასე დაიწო პროგრამა, რომელსაც ჰქვია "დაიცავი შენი სოფელი"და რომელიც დღემდე გრძელდება. ითქვა, რომ ეს ყველაფერი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას ისახავდა მიზნად, მაგრამ ერთია ის, რასაც ოფიციალურად აცხადებენ და მეორე - რაც ხდება.
მე ყველა ტერიტორიულ კონფლიქტში ვმონაწილეობდი და კარგად ვიცი, ხუთდღიანი მომზადებით ადამიანი საბრძოლო ხელოვნებას ვერ დაეუფლება. აგვისტოს ომში კარგად გამოჩნდა, რა შეძლეს რეზერვისტებმა, რომლებსაც 45-დღიანი პროგრამა ჰქონდათ გავლილი. ახლა კი მათ ამზადებენ მხოლოდ 5 დღის განმავლობაში, მიპასუხეთ, რა შეუძლია ასეთ რეზერვისტს?! საქმე ის არის, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად ხელისუფლებას სჭირდება დამატებითი ძალები, რესურსი. კარგად მოგეხსენებათ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურა აწეულია და ხელისუფლებამ დაიწყო ფიქრი მხარდამჭერთა რიცხვის ზრდაზე. სწორედ ამიტომ "შემოაგდეს"რეზერვისტთა გადამზადების პროგრამა, თანაც - ხუთდღიანი... ხელისუფლება კარგად ხვდება, რომ ის უკვე გაკოტრებულია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთაც. მხარდამჭერებსაც აღარ სწამთ, რომ ეს მთავრობა საქართველოსა და მისი ხვალინდელი დღისთვის რამეს გააკეთებს, ამიტომ სჭირდებათ ახალი სისხლი, ახალი ძალა. ეს ძალა უნდა იყოს ე.წ. ხუთდღიანი რეზერვი.
- განაცხადეთ, რომ მათ იარაღსაც ურიგებენ.
- დიახ, მათ შორის ამოარჩიეს ე.წ. ლიდერები და სოფლებში გაანაწილეს, თუმცა მე მათ უფრო ბელადებს ვუწოდებდი. რამდენიმე მათგანმა ჩემთან გულახდილად ისაუბრა და მითხრა, რა ევალებათ: მათ სოფელში ან დასახლებულ პუნქტში უნდა დაადგინონ, ვინ არის "ნაციონალური მოძრაობის"აქტიური და პასიური მხარდამჭერი, ვინ არის ნეიტრალურად განწყობილი დღევანდელი ხელისუფლების მიმართ და ვინ გამოხატავს უკმაყოფილებას არსებული რეჟიმით. ამასთანავე, უნდა გაარკვიონ, ვინ არის მათ სოფელში ავტორიტეტული პიროვნება, რომელსაც გავლენა აქვს ხალხზე და ვისი მომხრეა ის. აი, ეს ყველაფერი უნდა გაარკვიონ და თვეში ერთხელ მიაწოდონ ინფორმაცია იქ, "სადაც ჯერ არს". ყველაზე საშიში კი იცით, რა არის? - "ლიდერებს"დაურიგეს "გერბერის"წარმოების საბრძოლო იარაღი, ეს არის მოზრდილი დანა, უფრო ზუსტად კი - ხანჯალი. სწორედ ამიტომ, მე მათ "კინჟალიანი ბელადები"შევარქვი. ბუნებრივია, დაურიგეს სამხედრო უნიფორმები, რომელიც ყველა გადამზადებულ რეზერვისტს აქვს. საკითხავია, რა საჭირო იყო ამ ხალხისათვის საბრძოლო დანების საჩუქრად გადაცემა? - ყველაფერი გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ეს ხალხი ხელისუფლებამ თავის სასარგებლოდ უნდა გამოიყენოს არჩევნებამდე და არჩევნების დროსაც.
- მარტო კახეთში მიმდინარეობს რეზერვისტთა გადამზადება თუ ქვეყნის სხვა კუთხეებშიც?
- ეს პროცესი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს. რეზერვისტებს ამზადებენ ყველა სამხედრო ბაზაზე, სადაც კი არის შესაბამისი ინფრასტრუქტურა. თანაც, ძალიან ჩქარობენ: ორშაბათს რომ გაიწვევენ, მათი გადამზადების კურსი პარასკევს უკვე დასრულებულია, ახალ ნაკადს კი შაბათიდან იღებენ. კახეთში მაგალითად, 500 რეზერვისტი გადამზადდა თელავის ბაზაზე, დაახლოებით ამდენივე - ვაზიანის სამხედრო ბაზაზე. ხუთდღიან რეზერვში ძირითადად მიდის გაჭირვებული, გაუბედურებული ხალხი, რამდენიმე მათგანი ალკოჰოლური ინტოქსიკაციითაც მოხვდა საავადმყოფოში. უმეტესობას საბანკო დავალიანება აქვს და ჰპირდებიან, რომ ამ დავალიანებას ჩამოაწერენ. ზოგს პირობითი სასჯელი აქვს მისჯილი ან სამხედრო სამსახურიდან გამოუშვეს და რაღაც ჯარიმა აქვს დაკისრებული. ამიტომაც ვფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი ემსახურება არა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას, არამედ მმართველი ძალის უსაფრთხოებას და იმას, რომ "ნაციონალური მოძრაობა"კვლავაც დარჩეს ხელისუფლებაში.
თუკი არჩევნები გაყალბდება, მოსახლეობა პროტესტს გამოთქვამს და ქუჩაში გამოვა, ხელისუფლება ამ ხალხს გამოიძახებს.
- თუ გაქვთ ინფორმაცია, რამდენ რეზერვისტს დაურიგეს ცივი იარაღი?
- ყველა სოფელში ერთ ადამიანზე მაინც აქვთ გადაცემული "გერბერის"დანა. თუ სოფელი დიდია და იქ რამდენიმე საარჩევნო უბანია, რამდენიმე ე.წ. ლიდერი ჰყავთ დანიშნული. რაც შეეხება ცეცხლსასროლ იარაღს, მათ გადასაცემად მზადება ახლა მიმდინარეობს. ამჯერად ვარკვევ ამ საკითხს, მაგრამ ექსკლუზიურად თქვენთან ვამბობ, რომ ერთ-ერთმა ფირმამ უკვე მოიგო ტენდერი: საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის ყველა ტერიტორიულ ორგანოში იქნება სპეციალური საიარაღოები, რომელთა აგებაც ამ ფირმას დაევალება. სავარაუდოდ, ეს იქნება ბაჩო ახალაიას დაქვემდებარებული რომელიღაც ე.წ. შპს. ვიცი, რომ ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყო მსგავსი საიარაღოების აგება, სადაც ცეცხლსასროლ და ავტომატურ იარაღს შეინახავენ. ჩემ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, აპირებენ, რომ დაახლოებით 120-150 ათასამდე ადამიანი გადაამზადონ, ასე რომ "კინჟალიანი ბელადები" ქვეყანაში საკმარისად გვეყოლება.
ხათუნა ჩიგოგიძე
![]()
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)