კაპრალმა გივი ფანცულაიამ დედის ხელში დალია სული

კაპრალმა გივი ფანცულაიამ დედის ხელში დალია სული

სამწუხაროდ, ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს დაღუპული ქართველი ვაჟკაცების რიცხვი გაიზარდა: 26 ივლისს, გორის სამხედრო ჰოსპიტალში ავღანეთში დაჭრილი ქართველი - გივი ფანცულაია გარდაიცვალა. 28 წლის კაპრალი 6 თვეზე მეტხანს ებრძოდა სიკვდილს. იგი 2012 წლის 6 იანვარს, ავღანეთში, თალიბების თავდასხმის დროს მძიმედ დაიჭრა. გივი ფანცულაია მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის შემადგენლობაში იყო და ჰილმენდის პროვინციაში მსახურობდა. იმ საბედისწერო დღეს მასთან ერთად კაპრალი, 23 წლის შალვა ფაილოძეც იმყოფებოდა; შალვა ადგილზევე დაიღუპა, სამშობლოში 8 იანვარს ჩამოასვენეს და მშობლიურ კუთხეში, მარტვილის რაიონის სოფელ ხუნწში დაკრძალეს.

უკიდურესად მძიმე იყო გივი (გიგა) ფანცულაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა. დაჭრილს ამერიკელებმა ადგილზევე გაუწიეს სამედიცინო დახმარება, შემდეგ გერმანიაში გადაიყვანეს და იქ მკურნალობდნენ. მას ნაღმის აფეთქებამ კიდურები - ცალი ხელ-ფეხი მოაგლიჯა, თვალი და ნერვული სისტემაც დაუზიანა... კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, გონზე არ მოსულა. მოგვიანებით თავდაცვის სამინისტრომ მისი საქართველოში გადმოყვანის გადაწყვეტილება მიიღო. უგონო მდგომარეობაში ჩამოიყვანეს და 3 მარტიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდა. ოჯახის წევრები ბოლო წუთამდე იმედს არ კარგავდნენ და მისი გამოჯანმრთელებისთვის ლოცულობდნენ.

ქართველი ექიმები 6 თვის მანძილზე დაჭრილი ვაჟკაცის გადასარჩენად ძალ-ღონეს არ იშურებდნენ, მაგრამ, საუბედუროდ, მისი მდგომარეობიდან გამოყვანა ვერ მოხერხდა. ჯარისკაცი სამედიცინო აპარატზე მიერთებული იყო და გონზე მოუსვლელად, 26 ივლისს დედის ხელში დალია სული.

"მის სასთუმალთან ვიდექი, სულ ვეფერებოდი ჩემს შვილს და ვეხვეწებოდი, "შვილო, არ დამტოვო", მაგრამ მას ჩემი ხმა არ ესმოდა. გონზე არ მოსულა, ისე გარდაიცვალა", - მოთქვამდა შვილმკვდარი დედა.

ახალგაზრდა ვაჟკაცი გორის ჰოსპიტლიდან მშობლიურ კუთხეში - სენაკის რაიონის სოფელ ნოქალაქევში გადაასვენეს. უამრავმა ადამიანმა მიაგო პატივი მის ხსოვნას. თანასოფლელები მომხდარი ტრაგედიით გულდამძიმებულები არიან, მაგრამ - ამაყებიც, მათ კუთხეში ღირსეული, სამშობლოსათვის თავდადებული ვაჟკაცი რომ გაიზარდა.

ნათია სანიკიძე გივის თანაკლასელი და მეგობარია. წარსულ დროში მასზე საუბარი ძალიან გაუჭირდა. ბოლოს ავღანეთში წასვლამდე ტელეფონით ესაუბრა.

ნათია სანიკიძე:

- გიგას ვეძახდით. სკოლის დამთავრების შემდეგ ხშირად ვერ ვხვდებოდით ერთმანეთს. ავღანეთში წასვლის წინ დამირეკა და მითხრა, რომ სამშვიდობო მისიით მიდიოდა. ეს დროც მალე გავა, ჩამოვალ და კლასელები აუცილებლად შევიკრიბოთო, - მითხრა. სხვებთანაც დაურეკავს... ხშირად იყო კლასელების შეკრების ინიციატორი. სოციალურ ქსელშიც სტატუსად დაწერა "მალე დავბრუნდები!" და წავიდა. დღესაც დარჩენილია მისი ეს წარწერა... მეც მშვიდობიანად დაბრუნება ვუსურვე და ასე დავემშვიდობეთ ერთმანეთს - იმ დღეს მიფრინავდა. სამწუხაროდ, აღარ დაბრუნდა... ვერ წარმომიდგენია, გიგა ჩვენ გვერდით რომ აღარ იქნება. კლასში აქტიური, გამორჩეული ბიჭი იყო; საოცრად კარგი ადამიანი. მისმა გარდაცვალებამ ყველა შოკში ჩაგვაგდო, უდიდესი ტკივილი მოგვაყენა. როცა მისი დაჭრის ამბავი გავიგეთ, ძალიან შევწუხდით. სულ ვკითხულობდი მის ამბავს. მას კიდურები არ ჰქონდა, სხეული ძალიან იყო დაზიანებული. გორის ჰოსპიტალში ნახვაც შეუძლებელი იყო, რადგან რეანიმაციაში იწვა. ბოლო დროს თქვეს, ხელი აამოქმედა, მგონი, გადავრჩითო, - და ყველანი იმედიანად ვიყავით. სოციალური ქსელიც აჭრელდა ამ ინფორმაციით - ერთმანეთს ვწერდით, ვულოცავდით, რომ გიგას მდგომარეობა გაუმჯობესდა. იმედი გაგვიჩნდა და უცებ გავიგეთ, რომ გარდაიცვალა. ეს მართლა მოულოდნელი იყო და ყველანი შოკირებულები ვართ.

არაჩვეულებრივი ადამიანი დავკარგეთ. პირველად რომ გავიგე, ავღანეთში წავიდაო, სიმართლე გითხრათ, არ გამკვირვებია.

მებრძოლი სულის, უშიშარი ბიჭი იყო და სწორედ ქვეყნის სადარაჯოზე წარმომედგინა. უაღრესად კეთილი სული ჰქონდა, ურთიერთობაში არასოდეს არაფერი შეშლია. ერთად ვიზრდებოდით. სკოლის დამთავრების შემდეგ სავალდებულო სამხედრო სამსახურში წავიდა. როგორც ჩანს, ჯარისკაცის პროფესია მოეწონა და იქ განაგრძო კონტრაქტით მუშაობა. სპორტი უყვარდა, ბავშვობაში რაგბის თამაშობდა. სამწუხაროა, საქართველომ არაჩვეულებრივი, მებრძოლი სულის ადამიანი რომ დაკარგა. ძალზე კომუნიკაბელური იყო, ყველას გვერდით ედგა. ვისაც უნდა ჰკითხოთ, მასზე ყველა იმავეს გეტყვით; გარდაცვლილი რომ არის, იმიტომ კი არ ვამბობ ამას, მართლა გულიანი ბიჭი იყო, თითით საჩვენებელი ვაჟკაცი.

გიგას მშობლები და უფროსი ძმა დარჩა. დედა ძალზე მორწმუნე ქალბატონია. თვითონაც ეკლესიური იყო. სამშვიდობო მისიით უცხო მიწაზე მეორედ იმყოფებოდა.

შორენა კიკაბიძე, გივი ფანცულაიას მასწავლებელი:

- მეშვიდე კლასიდან მისი კლასის დამრიგებელი ვიყავი. ძალიან ცოცხალი, ენერგიული ბავშვი იყო, ყველას თავს აყვარებდა. სულ მოღიმარი დადიოდა, არასოდეს დამავიწყდება მისი ღიმილიანი გამოხედვა. ვაჟკაცური ბუნების ბიჭი იყო. აფხაზეთის ომის შემდეგ კლასში ბევრი დევნილი სწავლობდა და ამას ბავშვები ძალიან განიცდიდნენ. პატრიოტული სულისკვეთებით გაიზარდნენ. სწავლაშიც კარგი იყო. მომხდარით თავზარდაცემულები ვართ. მართალია, დიდი ხანია, დაიჭრა და თითქოს ამ მდგომარეობას ყველა უნდა შეჰგუებოდა, მაგრამ ბოლო დროს ყველა ამბობდა, რომ გამოკეთდა და იმედი გაგვიჩნდა. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. დედამისისგან გავიგე, გივი ავღანეთში რომ წავიდა. დედა ძალიან ამაყი იყო, ამბობდა, - ორი ბიჭი გავზარდე და რატომ არ უნდა იდგნენ ისინი ქვეყნის სადარაჯოზეო?!. შესაშური იყო მისი განწყობილება და დამოკიდებულება. ერთი წუთითაც არ დაუშვია, ასეთი ტრაგედია თუ მოხდებოდა... პირველი მისიიდან მშვიდობით დაბრუნდა და ვინ წარმოიდგენდა, ასე თუ დასრულდებოდა მისი სიცოცხლე?! სულ მასზე ვფიქრობ. თვალწინ მიდგას მისი მოღიმარი სახე...

წარმოიდგინეთ - შვილის ცხედართან დედა ამაყად დგას და ამბობს, რომ ვაჟკაცი შვილი გაზარდა, რომელიც ვაჟკაცურად დაიღუპა თავისი სამშობლოსათვის... დედა მოთქვამდა, - ბოლოს ისეთი ლამაზი აღარ იყო, ძალიან გახდაო... ძალიან წესიერ, პატიოსან, მშრომელ ოჯახში აღზრდილი ბიჭი იყო. ყველანი ვამაყობთ, რომ დედამ ვაჟკაცი შვილი აღზარდა. ადვილი არ არის, შვილმკვდარმა ქალმა ასეთი სულის სიმტკიცე გამოიჩინოს. ძალიან დაგვწყვიტა გული. მთელი სოფლის ახალგაზრდობა მას დასტირის. სადაც იყო, ყველგან ხალისი შეჰქონდა. თვალწინ მიდგას გამოსაშვებ ბანკეტზე მისი ცეკვა. დასანანია, რომ ასეთი ვაჟკაცი მივაბარეთ მიწას. ყველანი ქედს ვიხრით მისი სულის წინაშე...

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"