საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ალასანია ახალი სამხედრო დოქტრინის შექმნას აპირებს.
ამის შესახებ ალასანია "იზვესტიასთვის" მიცემულ ინტერვიუში აცხადებს. მისივე განმარტებით, ის გეგმავს დამოუკიდებელ ექსპერტებთან ერთად გააანაზილოს საქართველოს ყველა სამხედრო წარუმატებლობა.
"მიუკერძოებელ სამხედრო ექსპერტებთან ერთად ვაპირებ გავაანაზილო საქართველოში მისი დამოუკიდებლობიდან დღემდე მომხდარი ყველა სამხედრო წარუმატებლობა. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ რამდენიმე წლის განმავლობაში სამხედრო ასიგნებებმა 3 მილიარდს გადააჭარბეს. როგორ მოხდა ისე, რომ რამდენიმე დღეში ყველაფერი განადგურდა და ახლა ჩვენი ტერიტორიების თითქმის მესამედი ოკუპირებულია? საჯარო ინტერესი იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა 2008 წელს, არის ძალიან მაღალი. რატომ აღმოჩნდა საქართველო ასეთი დაუცველი, როცა ასეთი კოლოსალური სამხედრო ხარჯები აქვს? ამ ანალიზის გათვალისწინებით, ჩვენ ვგეგმავთ ახალი სამხედრო დოქტრინის შემუშავებას", - აცხადებს ირაკლი ალასანია.
რაც შეეხება მიმდინარე პროგრამებს, თავდაცვის მომავალი მინისტრის თქმით, თავდაცვისა და უსაფრთხოების პრიორიტეტებში საგარეო თანამშრომლობის კუთხით მნიშვნელოვან კორექტივებს შეიტანს.
"გავაგრძელებთ მუშაობას, რათა ქართული არმია ნატო-ს სტანდარტებს დაუახლოვდეს. ქართული ქვედანაყოფები ასევე დარჩებიან ავღანეთში, სანამ ნატო იქ თავის მისიას ასრულებს. საერთაშორისო ანტიტერორისტული კოალიციის საქმიანობაში მონაწილეობა ჩვენი სახელმწიფოს ვალია", - განაცხადა ალასანიამ.