30 ოქტომბერს აშშ-ის სენატმა სამხედრო ბიუჯეტის ცვლილება დაამტკიცა, რომლის თანახმად პენტაგონს "როსობორონექსპორტთან" - შეიარაღების უმსხვილეს რუსულ ექსპორტიორთან ვაჭრობა აუკრძალა. არსებული ცნობებით, აკრძალვა ავღანეთის სამხედრო კამპანიისთვის განკუთვნილ შვეულმფრენებსაც ეხება.
აკრძალვის მიზეზი, რომელიც სენტმა ერთსულოვნად მიიღო, ბაშარ ასადის რეჟიმის იარაღით მომარაგებაა. ამერიკელი სენატორების აზრით, მათი გადასახადების გადამხდელების ფული არცერთ შემთხვევაში, არაპირდაპირი გზითაც კი არ უნდა ხმარდებოდეს სირიელი მოსახლეობის დახოცვას. არასამთავრობო ორგანიზაციების მონაცემებით, 2011 წლის მარტიდან მოყოლებული რუსეთმა სირიის მთავრობას მილიარდი დოლარის შეიარაღება მიაწოდა.
ამჟამად პენტაგონს "როსობორონექსპორტისთვის" Ми-17-ის ტიპის 21 შვეულმფრენი აქვს შეკვეთილი. ყველა მათგანი ავღანეთისთვისაა განკუთვნილი. გარიგება 375 მილიონ დოლარადაა შეფასებული.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სენატის მიერ მიღებული ცვლილება სარეკომენდაციო ხასიათისაა. შესაბამისად, პენტაგონი არაა ვალდებული, რომ ის შეასრულოს. ვალდებულება მას მხოლოდ მიღებული შესწორების გათვალისწინებით, 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ დაეკისრება.
ამერიკელი კანონმდებლები პენტაგონს რუსეთისგან შვეულმფრენების შესყიდვის შეწყვეტას 2011 წლის დასაწყისიდან სთხოვენ. თუმცა ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო და სახელმწიფო დეპარტამენტი ამ თხოვნებს ყოველთვის უარით პასუხობენ. მათი თქმით, რუსული შეულმფრენები ავრანეთის კლიმატურ და გეოგრაფიულ პირობებს ყველაზე უკეთ ერგებიან.
2006-2010 წლებში ირანთან სამხედრო თანამშრომლობის გამო, აშშ-ის მთავრობამ "როსობორონექსპორტთან" თანამშრომლობა ერთხელ უკვე შეაჩერა. შეზღუდვები მხოლოდ 2010 წელს, რუსეთის მიერ ირანთან მიმართებაში მიღებული გაეროს სანქციების მხარდაჭერის შემდეგ მოიხსნა.
მოამზადა ნუკრი მგელაძემ lenta.ru-ს მიხედვით.