ჩვენ ბევრი გამოწვევა გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ ვაზიანის სამხედრო ბაზაზე, მეოთხე ქვეითი ბრიგადის ახალწვეულების ფიცის დადების ცერემონიალზე განაცხადა. მისი თქმით, ყველა ჯარისკაცს უნდა ახსოვდეს, რომ საქართველო მისი დასაცავია.
"შეიარაღებული ძალების ოჯახს კიდევ შემოუერთდა ძალიან ვაჟკაც ახალგაზრდათა დიდი ჯგუფი, რომელიც დარწმუნებული ვარ კიდევ უფრო გაამდიდრებს ჩვენს შეიარაღებულ ძალებს და რაც მთავარია, ჩვენი ბრძოლისუნარიანობა კიდევ უფრო გაიზრდება. ჩვენ ბევრი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, მაგრამ ყველაზე მთავარი უნდა გვახსოვდეს ის, რომ ჩვენი დასაცავია მშვიდობა, ჩვენი დასაცავია საქართველო და ამას ისე უნდა მოვუფრთხილდეთ, როგორც საკუთარ ოჯახს და როგორც საკუთარ ცოლ-შვილს. სწორედ ამიტომ, ჩვენ ყველა სიამაყით სავსე ვართ და გილოცავთ ამ დიდ და ყველაზე ძვირფას შეიარაღებული ძალების ოჯახში გაწევრიანებას. მინდა იცოდეთ, რომ მთავარი უნდა გახსოვდეთ - გაუფრთხილდეთ საკუთარ თავს, საკუთარ თანამებრძოლებს", - განაცხადა ალასანიამ.
მისივე თქმით, საქართველოს ბევრი ჰყავს გმირი, ვის სახელებსაც ვიხსენებთ, მაგრამ სახელმწიფოს სჭირდება ცოცხალი გმირები, რომლებიც უზრუნველყოფენ ქვეყნის თავდაცვას და უსაფრთხოებას.
იხილეთ ვიდეო: ვაზიანში, საქართველოს შეიარაღებული ძალების 708 ახალწვეულმა ფიცი დადო