აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ კონსორციუმ "ბელ-ბოინგისგან" V-22 Osprey-ის ტიპის კონვერტოპლანები შეიძინა. ხელმოწერილი კონტრაქტის პირობებით, 21 კონვერტოპლანში თავდაცვის უწყება 1,4 მილიარდ აშშ დოლარს გადაიხდის. შეთანხმების თანახმად, მწარმოებელი ვალდებულია, 2016 წლამდე აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსს 17, სამხედრო-საჰაერო ძალებს კი 4 კონვერტოპლანი გადასცეს.
უკანასკნელი წლების განმავლობაში მცირე პარტიებით პენტაგონი Osprey-ებს რეგულარულად ყიდულობს. არსებული ცნობებით, ამჟამად ქვეყნის თავდაცვის უწყების განკარგულებაში 167 კონვერტოპლანი იმყოფება. მათი ჯამური ღირებულება 10,6 მილიარდი აშშ დოლარია.
კონვერტოპლანი - უნიკალური შესაძლებლობების მქონე საფრენი აპარატია, რომელშიც შვეულმფრენის ვერტიკალური აფრენა-დაშვების უნარი და თვითმფრინავის შესაძლებლობებია შერწყმული.
V-22-ის სატვირთო-სატრანსპორტო ნაკვეთურში 24 სრულად ეკიპირებული ჯარისკაცის ან 5445 კგ ტვირთის განთავსება შეიძლება. იმ შემთხვევაში, თუ ტვირთი მსხვილგაბარიტულია, მას გარე საკიდარზე კიდებენ. ამ სახით კი მას მაქსიმალური 6147 კგ მიაქვს.
კონვერტოპლანი პირველად 1989 წელს აფრინდა. დღეისთვის აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსი ამ ტიპის აპარატებს ყველაზე აქტიური მომხმარებელია. ახლო მომავალში Osprey-ები ავიამზიდების გემბანებზე სატრანსპორტო შვეულმფრენებს სრულად ჩაენაცვლებიან.
რეალურ საბრძოლო პირობებში გამოსაცდელად, 2007 წელს აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსმა, ათი კონვერტოპლანი ერაყში გააგზავნა. 2008 წელს, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ჯერ კიდევ პრეზიდენტობის კანდიდატი ბარაქ ობამა ერაყში სწორედ Osprey-თი დაფრინავდა. დღეს საკმაოდ აქტიურად "ოსპრეის" ავღანეთშიც იყენებენ. 2012 წლის მდგომარეობით, ერთი კონვერტოპლანის საშუალო ღირებულება 115 მლნ აშშ დოლარია.
მოამზადა ნუკრი მგელაძემ lenta.ru-ის მიხედვით.