გერმანიის თავდაცვის უწყებამ კომპანია Rheinmetall-ისგან საკუთარი არმიისთვის ”მომავლის ჯარისკაცის” ეკიპირება შეიძინა. მწარმოებელი კომპანიის 8 თებერვალს გამოქვეყნებული პრესრელიზის თანახმად, ბუნდესფერმა Gladius-ის ტიპის ეკიპირების 60 კომპლექტი შეიძინა. კონტრაქტის ღირებულებამ 84 მილიონი ევრო შეადგინა. Gladius-ის ეკიპირების ერთი კომპლექტით 10 ჯარისკაცის დაკომპლექტება შეიძლება. შესაბამისად, 60 ერთეულით ბუნდესფერი 600 ჯარისკაცს აღჭურავს.
პირველ 30 კომპლექტს სამხედრო დანაყოფები 2013 წლის გაზაფხულის ბოლოს მიიღებენ. დარჩენილ კომპლექტებს კი Rheinmetall-ი დამკვეთს წლის ბოლომდე მიაწვდის. გეგმით, Gladius-ის ტიპის მომავალი ჯარისკაცის ეკიპირებით აღჭურვილი ჯარისკაცების გაგზავნას გერმანია ავღანეთში აპირებს.
ზოგადად მომავლის ჯარისკაცის კონცეფცია და პროექტი საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე ცალკეული ქვეითი ჯარისკაცის საბრძოლო ეფექტურობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. Gladius-ის შემადგენლობაში დამცავი ეკიპირების კომპლექტი (ჯავშანჟილეტი, ჩაფხუტი და დამცავი სათვალეები), თვალთვალის ოპტიკური და ინფრაწითელი საშუალებები, პორტატული კომპიუტერი, რადიოსადგური, ნავიგაციის საშუალებები, იარაღი და აკუმულატორების კომპლექტი შედის. გარდა ამისა, აღჭურვილობა ექსტრემალურ კლიმატურ პირობებზეა გათვლილი და ადამიანს ბიოლოგიური და ქიმიური იარაღისგან იცავს.
დღეს მომავლის ჯარისკაცის კონცეფციაზე რამდენიმე ათეული ქვეყანა მუშაობს. მათ შორისაა საფრანგეთი (FELIN), დიდი ბრიტანეთი (FIST), ესპანეთი (COMFUT), აშშ და ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანიც კი. 2012 წლის ნოემბერში რუსეთმა საფრანგეთისგან FELIN-ის ტიპის ეკიპირების საცდელი პარტიის შეძენა გადაწყვიტა. გარდა ამისა, თავდაცვის უწყების დაკვეთით, რუსეთში სამამულო წარმოების მომავლის ჯარისკაცის ეკიპირებაზეც (მას Ратник ჰქვია) მუშაობენ.
მოამზადა ნუკრი მგელაძემ lenta.ru-ის მიხევით.