ხორვატიული შეიარაღების ექსპორტმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

ხორვატიული შეიარაღების ექსპორტმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

2012 წლის ბოლოს დაჯამებული შედეგებით, დამოუკიდებელი სახელმწიფოს სახით არსებობის განმავლობაში (1991 წლიდან) ხორვატიული სამხედრო პროდუქციის ექსპორტის მოცულობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ამის შესახებ განცხადება ხორვატიის სამხედრო ექსპორტისა და იმპორტის სააგენტოს დირექტორმა ივიცა ნეკიჩმა გააკეთა. მისი თქმით, 2012 წელს ხორვატიის მიერ ექსპორტზე გატანილი სამხედრო პროდუქციის ჯამური ღირებულება 150,5 მილიონ დოლარს უტოლდება, რაც 2011 წლის მაჩვენებელს 50 %-ით აღემატება.

აღსანიშნავია, რომ შარშან ხორვატიული სამხედრო პროდუქციის ყველაზე მსხვილი მყიდველები ისრაელი, რუსეთი და აშშ იყვნენ. მხოლოდ ამ უკანასკნელზე ხორვატიული შეიარაღების ექსპორტის საერთო მოცულობის 60% მოდის.

ყველაზე დიდი ზრდა ცეცხლსასროლი იარაღის სფეროშია დაფიქსირებული. კერძოდ, 2012 წელს აშშ-მ HS2000-ის ტიპის 9 მმ-ის კალიბრის 460 000 პისტოლეტი შეიძინა. პარაბელუმის ვაზნაზე გათვლილ პისტოლეტს ხორვატები 1999 წლიდან აწარმოებენ. დიდი პოპულარობით სარგებლობს მსხვილკალიბრიანი სნაიპერული შაშხანები MACS M4 (12,7 მმ) და RT-20. ამ უკანასკნელის კალიბრი 20 მმ-ია და ის მოწინააღმდეგის მსუბუქად დაჯავშნულ ტექნიკასთან საბრძოლველადაა განკუთვნილი.

ბოლო წლების განმავლობაში ხორვატიის სამხედრო მრეწველობა საგრძნობლად გაძლიერდა. წარმოების მოცულობის ზრდასთან ერთად, პროდუქციის გაუმჯობესება-მოდერნიზაცია ჩატარდა. საკუთარი იარაღის წარმოება ხორვატიამ ბალკანეთის კონფლიქტების შემდეგ დაიწყო და მცირე დროში დიდ შედეგებს მიაღწია. დღეს საკუთარი სამხედრო მრეწველობის ორგანიზებას მრავალი პატარა ქვეყანა, მათ შორის საქართველოც ცდილობს. თუმცა ხორვატიის მაგალითი იმითაა გამორჩეული, რომ ქვეყნის-სამხედრო სამრწველო კომპლექსში შემავალი არც ერთი საწარმო სახელმწიფო კუთვნილებაში არ იმყოფება და მთავრობისგან არანაირ სუბსიდიებს არ იღებს.

მოამზადა ნუკლი მგელაძემ lenta.ru-ის მიხედვით

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე