ავღანეთში სამი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა

ავღანეთში სამი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა

ავღანეთის საერთაშორისო მისიაში მონაწილე ქართველი სამხედროების ბაზაზე დღეს, აქამდე ყველაზე მასშტაბური ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა. როგორც დღეს საღამოს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, შემთხვევა ჰელმანდის პროვინციაში, ბაზა "შირგაზზე" 16:17 საათზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, ბაზაზე, სადაც 42-ე ბატალიონია დისლოცირებული, თვითმკვლელმა ტერორისტმა და მეამბოხეთა ჯგუფმა იერიში მიიტანა.

ძლიერი აფეთქების შედეგად ტერორისტთა 5-კაციანი ჯგუფი ბაზაზე შეიჭრა. ქართველმა სამხედროებმა თავდასხმა მოიგერიეს და ყველა ტერორისტი ადგილზე გაანადგურეს. შეტევის შედეგად გარდაცვლილია სამი სამხედრო მოსამსახურე, დაჭრილია რამდენიმე ჯარისკაცი.

"ინფორმაციის მიღებისთანავე გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობას მივეცი დავალება, რომ ბოლომდე დააზუსტონ შემოტევის დეტალები. უკვე მიღებულია უსაფრთხოების საგანგებო ზომები. მე ვესაუბრე 42-ე ბატალიონის მეთაურს, მაიორ კალანდაძეს. მოცემული დროისთვის ცნობილია შემდეგი: ბაზაზე განხორციელდა მეამბოხეთა კომბინირებული თავდასხმა, თვითმკვლელი ტერორისტის მიერ სატვირთო მანქანაზე დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენებით. თავდასხმა ქართველმა სამხედროებმა მოიგერიეს, ყველა ტერორისტი ადგილზე გაანადგურეს და ამ დროისთვის სრულად აკონტროლებენ ოპერატიულ ვითარებას მათი პასუხისმგებლობის ზონაში.

დიდი მწუხარებით მინდა აღვნიშნო, რომ თავდასხმას შეეწირა 3 ქართველი სამხედრო მოსამსახურე, კაპრალი ალექსანდრე კვიწინაძე, უმცროსი სერჟანტი ზვიად დავითაძე და კაპრალი ვლადიმერ შანავა. მინდა მივუსამძიმრო ამ გმირი სამხედროების ოჯახებს ეს აუნაზღაურებელი დანაკლისი და მთელ საქართველოს ეს დიდი ტრაგედია. ჩვენ ამ უმძიმეს ტრაგედიას განვიცდით, ისე, როგორც ამ გმირი მებრძოლების ოჯახის წევრები და საქართველოს თითოეული მოქალაქე.

ამ ეტაპზე არსებული ფაქტობრივი მონაცემებით, გვყავს დაჭრილები და მსუბუქად დაშავებულები. ყველა დაჭრილის ოჯახის წევრი ინდივიდულურად არის ინფორმირებული. საქართველოს ხელისუფლება, თავდაცვის სამინისტრო და შეიარაღებული ძალები დაღუპული და დაჭრილი სამხედროების ოჯახების გვერდით დგას და განიცდის ამ მოუშუშებელ ტკივილს. კიდევ ერთხელ მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო ქართველი სამხედროების თავდადება და გმირობა, სწორედ ამ თავდადებამ და სამხედროების პროფესიონალურმა მოქმედებამ აგვაცილა გაცილებით უფრო დიდი ტრაგედია", -განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

"ინტერპრესნიუსი"

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე