პანკისელი "მამლუქი" - ყოფილი ქართველი სერჟანტი სირიაში უსასტიკესი დაჯგუფების მეთაურია

პანკისელი "მამლუქი" - ყოფილი ქართველი სერჟანტი სირიაში უსასტიკესი დაჯგუფების მეთაურია

"ბათირაშვილი მართლაც ყველაზე ძლიერი დაჯგუფების ხელმძღვანელია. ეს ახალგაზრდები მოხალისეები არიან, რომლებიც საბრძოლველად თავისი ნებით მიდიან, მათ არავინ ამზადებს," - ამბობს ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი მექა ხანგოშვილი სირიის ისლამისტური ოპოზიციის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი დაჯგუფების ლიდერის შესახებ.

ის უარყოფს, რომ უცხოელი მებრძოლების ათასკაციანი დაჯგუფების მეთაური, რომელმაც სახელი ალეპოში ასადის მიერ კონტროლირებული ავიაბაზის შტურმის შემდეგ გაითქვა, აგვისტოს ომის ვეტერანი და საქართველოს არმიის სერჟანტი, პანკისიდან სირიაში მატერიალური სარგებელის გამო წავიდა.

"გამორიცხულია, ფულის გამო იქ ვინმე წავიდეს. ჩეჩენი მებრძოლი ფულზე არასდროს გაიყიდება. მდიდარი ჩეჩენი მეომარი არ მინახავს", - უთხრა ხანგოშვილმა "რეზონანსს".

მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებები ბოლო დროს განსაკუთრებით დაინტერესდნენ საქართველოში მცხოვრები ჩეჩნების თემით, რომლებიც სირიაში საბრძოლველად მიდიან. ჯერ "უოლ სტრიტ ჟორნალმა" გამოაქვეყნა სტატია, სადაც საუბარია სირიაში მებრძოლ ქისტ თარხან ბათირაშვილზე, რომლის საბრძოლო სახელია ომარ ალ-შიშანი, იგივე ომარ ალ-ჩეჩენი, რომელიც "შიშის ზარს სცემს ასადის რეჟიმს, ამერიკას და რუსეთს".

გუშინ რუსულენოვანმა "ბიბისიმ" გამოაქვეყნა მურად შაშინის სტატია პანკისის ხეობაში მცხოვრებ ჩეჩნებზე. ავტორი წერს, რომ პანკისის ხეობაში მისი ვიზიტის მიზანი იმის გარკვევა იყო, თუ რატომ მიდიან სირიაში, ისლამისტების მხარდამხარ საბრძოლველად პანკისელი ჩეჩნები.

"მათგან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ომარ შიშანია, რომელიც დაგჯუფება "ჯაიშ ალ-მუჰაჯირინ ვა ალ-ანსარის" (რაც არაბულად "ემიგრანტთა და დამხმარეთა არმიას" ნიშნავს) ათასკაციანი დანაყოფის ლიდერია. დაჯგუფება "ალ ქაიდასთანაა" კავშირში და მასში უამრავი უცხოელი ბოევიკია გაწევრიანებული, რომელთა უმრავლესობა ჩრდილოეთ კავკასიიდან არიან ჩამოსული", - წერს მურად შაშინი.

სტატიის დასაწყისში ის განიხილავს ზოგად ვითარებას, რაც დღეს პანკისში არსებობს და აქედან გამომდინარე საუბრობს იმ მიზეზებზე, თუ რატომ იღებენ ეს ადამიანები ამ გადაწყვეტილებას.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ როგორც გაერო-ს ერთ-ერთმა ყოფილმა თანამშრომელმა განუცხადა, პანკისის ხეობა ბოლო წლებში მივიწყებულია, რადგან რამზან კადიროვის პრორუსულ რეჟიმს არ უნდა, ჩეჩნეთში დააბრუნოს პანკისის ხეობაში მცხოვრები ჩეჩნები. საქართველოს ხელისუფლება იქ მცხოვრებთა დახმარებას ვერ ახერხებს, რუსეთს კი პანკისელი ჩეჩნები არ აინტერესებს.

რამდენიმე წლის წინ პანკისელი ახალგაზრდა სალაფიტები (ვაჰაბიტები) ჩრდილოეთით, ჩეჩნეთში მიდიოდნენ, სადაც დოკუმაროვის "კავკასიის ემირატის" შენაერთების რიგებში იბრძოდნენ. "თუმცა 2011 წლის მარტიდან, როდესაც სირიაში ამბოხება დაიწყო, ჩეჩნების უმრავლესობა "იმარატ კავკაზში" ბრძოლის მაგივრად, სამხრეთისკენ გაემართა სუნიტელი ამბოხებულების დასახმარებლად, რომლებიც სირიის (შიიტი) პრეზიდენტ ასადის რეჟიმის დასამხობად იბრძვიან". ის საქართველოში ჩეჩნეთის დიასპორის წარმომადგენლის, უმარ იდიგოვის კომენტარს ციტირებს, რომლეიც აცხადებს, რომ ამ დროისთვის სირიის საბრძოლო ოპერაციებში დაახლოებით 200 ჩეჩენი მონაწილეობს (თუმცა, თავად იდიგოვი ამის წინააღმდეგია).

სტატიის ავტორი ასევე ციტირებს სოფელ ჯოყოლოს სალაფიტი იმამის, აიუბ ბორჩაშვილის კომენტარს, რომელიც ამბობს, რომ პანკისელი ჩეჩნების სირიაში ბრძოლის მიზეზი ძირითადად ის არის, რომ ახალგაზრდა ჩეჩნებს სწამთ, რომ უნდა დაეხმარონ სირიის ჩაგრულ ხალხს.

"თავდაპირველად დოკუ უმაროვი ჩეჩენი ბოევიკების სირაში ბრძოლის წინაღმდეგი იყო და აცხადებდა, რომ ისინი "კავკასიის ემირატს" უნდა დაეხმარონ. თუმცა შემდეგ მან მხარი დაუჭირა სირიაში მათ ბრძოლას," - წერს მურად შიშანი.

ჩეჩენ ბოევიკებთან დაახლოებულმა წყარომ "ბიბისის" უთხრა, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში არ არის ისეთი დონის საწვრთნელი ბანაკები, როგორიც სირიაშია. ასევე არ არის საჭირო რესურსი.

"გვრცხვენია რომ სირიაში მივდივართ მაშინ, როცა კავკასია ჯერაც ოკუპირებულია, მაგრამ ახალგაზრდები უკან ბრუნდებიან სირიაში სასწავლო კურსის გავლის შემდეგ. ერთ-ერთი ჩემი მეგობარი მაშინვე დაბრუნდა მთებში, როგორიც კი სირიაში ასაფეთქებელი მოწყობილობის (დამზადება და გამოყენება) მომზადება შეისწავლა. ამ მხრივ, "ემარატის" ხელსაყრელია, რომ სირიაში ვიბრძვით, რადგან შემდეგ ის ნამდვილი, კარგად მომზადებულ ბოევიკებს იღებს", - ციტირებს ავტორი ჩეჩენ ბოევიკებთან დაახლოებული წყაროს კომენტარს.

ამ სტატიას კი წინ უძღოდა "უოლ სტრიტ ჯორნალის" სტატია სახელწოდებით "მეამბოხე ჯარისკაცი სირიაში, რომელიც ასადის რეჟიმს, რუსეთს და ამერიკას შიშის ზარს სცემს". ეს "მეამბოხე ჯარისკაცი" არის ქისტი საქართველოდან, რომელიც მანამდე საქართველოს ჯარში მსახურობდა, საიდანაც დაითხოვეს.

სტატიის თანახმად, თარხან ბათირაშვილი (ომარ ალ-შიშანი), რომელმაც სამხედრო სწავლება ამერიკის მიერ გაწვრთნილ ქართულ არმიაში გაიარა, სირიაში ამბოხებულების ერთ-ერთ უძლიერეს დანაყოფს მეთაურობს, რომელიც არა მარტო ასადის ჯარს, არამდე დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი მეამბოხეების "ზომიერ" დაჯგუფებებსაც უპირისპირდება. ის ქართული არმიის ყოფილი ჯარისკაცი და აგვისტოს ომის მონაწილეა.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, ჯიჰადის მეთაური ცოტა ხნის წინ უცნაურად გამოჩნდა ჩრდილოეთ სირიაში და სათავეში უდგას "ალ ქაიდასთან" დაკავშირებული ტერორისტული დაჯგუფება ISIS-ის ("ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო") ერთ-ერთ დანაყოფს (ნომინალურად ის ISIS-ის ჩრდილოეთის ფრონტის ლიდერია). "სწორედ ამ დაჯგუფებამ დაარბია სირიის მთავარი სამხედრო ბაზები, საჯაროდ თავები დააჭრა ადამიანებს და დაჩაგრა აშშ-ს მიერ მხარდაჭერილი ზომიერი მეამბოხე ჯგუფები, რომლებიც პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ჩამოგდებას ცდილობენ", - ნათქვამია სტატიაში.

ბათირაშვილს ჰყავს ქრისტიანი მამა და მუსლიმი დედა. ის საქართველოს სამხედრო ძალების სადაზვერვო ნაწილში მუშაობდა.

მამამისის თქმით, ბათირაშვილი მძიმე პირობებში იზრდებოდა და ბავშვობაში ჩეჩენ ბოევიკებს რუსეთის საზღვრის მალულად გადაკვეთაში ეხმარებოდა. სკოლის დასრულების შემდეგ საქართველოს არმიას შეუერთდა. მოგვიანებით მზვერავთა სპეციალურ რაზმში აიყვანეს. იქ სერჟანტი გახდა. "მისი თვიური ხელფასი 700 დოლარს შეადგენდა, რაც იმაზე მეტი იყო, ვიდრე მას ოდესმე უშოვია ცხოვრებაში", - აცხადებს გამოცემა.

ბათირაშვილმა მონაწილეობა მიიღო 2008 წლის აგვისტომ ომში. ფრონტის ხაზზე იყო, რუსეთის ტანკებს თვალყურს ადევნებდა და მათ კოორდინატებს ქართულ საარტილერიო ნაწილებს გადასცემდა. 2010 წელს ტუბერკულოზი დაუდგინეს და სამხედრო საავადმყოფოში რამდენიმე თვე გაატარა. როდესაც გამოჯანმრთელდა, სამხედრო სამსახურისთვის შეუფერებლად მიიჩნიეს და ჯარიდან დაითხოვეს.

მამამისი ამბობს, რომ სახლში დაბრუნებისას ბათირაშვილი ძალზედ იმედგაცრუებული იყო. ის ადგილობრივ პოლიციაშიც კი არ აიყვანეს. დედა სიმსივნით გარდაეცვალა. 2010 წელს იარაღის უკანონოდ შენახვისთვის დაიჭირეს და სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 16 თვის შემდეგ, 2012 წლის დასაწყისში, ციხიდან გაათავისუფლეს და მან მაშინვე დატოვა საქართველო.

ახლახან გამოქვეყნებულ ინტერვიუში ერთ-ერთ ისლამისტურ საიტზე ბათირაშვილი ამბობს, რომ ციხემ შეცვალა. "მე დავპირდი ღმერთს, რომ თუ ციხიდან თავს ცოცხალი დავაღწევდი, ჯიჰადისთვის ვიბრძოლებდი", - აცხადებს ის ინტერვიუში. თუმცა არაფერს ამბობს იმაზე, "ნაციონალების" მმართველობისას ციხეში კონკრეტულად რისი გადატანა მოუხდა.

სტატიაში აქცენტი გაკეთებულია მის სისასტიკეზე.

"მიუხედავად სირიის ომის საშინელი სტანდარტებისა, ისინი (ჩრდილოკავკასიელი მებრძოლები - რედ.) შესამჩნევი გახდნენ უჩვეულო ძალადობით. მაგალითად, ერთი მიმომხილველი, რომელსაც კავშირი აქვს მეამბოხეებთან, ამბობს, რომ ინტერნეტით გავრცელდა ვიდეომასალა, რომელზეც აღბეჭდილი იყო დაღესტნელი მებრძოლი ასადის მთავრობის მხარდაჭერისთვის სამ სირიელს თუ როგორ ჭრიდა თავს. გასულ კვირას ბათირაშვილის ჯგუფმა ბოდიში მოიხადა (სხვა) დაჭრილი ჯარისკაცისთვის შეცდომით თავის მოკვეთის გამო. აღმოჩნდა, რომ თავმოჭრილი მეომარი მოკავშირე მეამბოხე დაჯგუფების მეთაური იყო", - ნათქვამია სტატიაში.

ახლობლების თქმით, მართალია, სირიის ომი ბათირაშვილისთვის კრემლის მოკავშირე ასადის წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებაა, ის ასევე სიძულვილით საუბრობს ამერიკის შესახებ. ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ისლამისტურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინტერვიუში თარხან ბათირაშვილი ამერიკელებს "ალაჰისა და ისლამის მტრებს" უწოდებს.

სირიაში თანრხანის მხარდამხარ მისი უფროსი ძმაც იბრძვის.

ექსპერტების თქმით, ISIS არის ერთგვარი ქოლგა ჯგუფი სირიაში მებრძოლი უცხოელებისთვის და აერთიანებს საუდელ არაბებს, ქუვეითელებს, ეგვიპტელებს და ჩინელებსაც კი. თუმცა ყველაზე საშიშად ჩრდილოკავკასიელები მიიჩნევიან. განსაკუთრებით ჩეჩნები, რომლებიც არა მარტო კავკასიიდან ჩადიან, არამედ ევროპის ქვეყნებიდანაც, სადაც ბევრმა ჩეჩენმა პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო.

"აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ სირიაში მეამბოხეებთან ერთად 17 000 უცხოელი იბრძვის. მათი ნახევარი დაგჯუფება ISIS-ის დროშის ქვეშ ომობს. რუსი ოფიციალური პირების მიხედვით, მათ შორის დაახლოებით 1000 ჩეჩენია ჩრდილოეთ კავკასიიდან ან ევროპიდან. ბევრმა ჩეჩენმა თავშესაფარი საბჭოთა კავშირის დაშლისა და ჩეჩნეთის კონფლიქტის დროს ევროპაში მიიღო," - წერს "უოლ სტრიტ ჯორნალი".

ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი მექა ხანგოშვილი "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ თარხან ბათირაშვილი პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანიდანაა.

"სამწუხაროდ, იმის უარყოფა არ შემიძლია, რომ ძმები ბათირაშვილები და კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა სირიაში საბრძოლველად არიან წასულები. ბათირაშვილი მართლაც ყველაზე ძლიერი დაჯგუფების ხელმძღვანელია. ეს ახალგაზრდები მოხალისეები არიან, რომლებიც საბრძოლველად თავისი ნებით მიდიან, მათ არავინ ამზადებს," - ამბობს მექა ხანგოშვილი.

მისი თქმით, პანკისიდან ათეულობით ჩეჩენი იქნება საბრძოლველად წასული, მათ შორის რამდენიმე ბრძოლაში მოკლეს და სირიაშია დაკრძალული.

"სიმართლე გითხრათ, პანკისის მოსახლეობა ჩვენი ახალგაზრდების სირიაში წასვლას ვეწინააღმდეგებით. ძალიან მცირერიცხოვანი ერი ვართ და მათი სიცოცხლე ძალიან ღირებულია. ამ ომებმა მთელი გენოფონდი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. თუ ბრძოლაა, მაშინ ჩეჩნეთში მაინც იბრძოლონ.

"პანკისიდან ათეულობით არიან წასული, რამდენიმე დაიღუპა კიდეც. უბრალოდ, ჩეჩნები მსოფლიოში გამორჩეული მებრძოლები არიან და ერთი ჩეჩენი მეომარი ათ სხვას უდრის. ამიტომაც ეჩვენებათ ბევრი," - ამბობს ხანგოშვილი.

ის აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ ჩეჩნები იდეოლოგიის გამო იბრძვიან და არა ფულის და მატერიალური სიკეთის გამო.

"გამორიცხულია, ფულის გამო იქ ვინმე წავიდეს. ჩეჩენი მებრძოლი ფულზე არასდროს გაიყიდება. მდიდარი ჩეჩენი მეომარი არ მინახავს. როდესაც ეს მოსაზრება გავიგე, ძალიან გამიკვირდა. ხეობა პატარაა და ერთმანეთზე ყველაფერი ვიცით. ახალგაზრდების სირიაში წასვლის ერთადერთი მიზეზი ისაა, რომ იქ ჩეჩნები ცხოვრობენ და მათ დასახმარებლად, უსამართლობასთან საბრძოლველად მიდიან.

"ბათირაშვილის ქართველი თანამებრძოლები თარხანს ძალიან დადებითად აფასებენ. ლაპარაკი იყო იმაზე, რომ ახლო წარსულში სირიაში ორი ბერძენი დიპლომატი მოკლეს. დიპლომატები რუსეთის აგენტებმა ჩახოცეს, ყელი გამოჭრეს და შემდეგ მკვლელობა ომარ შიშანის დაჯგუფებას დააბრალეს. ერთ-ერთმა კორესპონდენტმა შეძლო დამტკიცება, რომ დიპლომატები ფე-ეს-ბეს აგენტებმა ჩახოცეს, რომ ჩეჩნებისთვის დაებრალებინათ", - ამბობს ხანგოშვილი.

"ბოლო ორი წლის განმავლობაში რუსეთის მხრიდან მიზანმიმართული ფსიქოლოგიური ბრძოლა მიდის ჩეჩნების წინააღმდგე, რომ მათ ტერორისტის იმიჯი მიაკერონ. სამწუხაროდ, გამოსდით კიდეც, იგივე ძმები ცარნაევების ამბავი. საერთდ, როდესაც ასეთი მცირე ერის წინააღმდეგ რუსეთის მსგავსი დიდი ძალა მუშაობს, ამ იმიჯის ჩამორეცხვა ძალიან რთულია".

ეკატერინე ბასილაია

რუსიკო მაჩაიძე

გაზეთი ”რეზონანსი”

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე