ყირიმში უკრაინის 189 სამხედრო ნაწილსა და ობიექტზე რუსეთის დროშებია აღმართული

ყირიმში უკრაინის 189 სამხედრო ნაწილსა და ობიექტზე რუსეთის დროშებია აღმართული

უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭომ თავდაცვის სამინისტროს ყირიმიდან სამხედროების გაყვანა დაავალა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსანდრე ტურჩინოვმა უმაღლესი რადას დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

უშიშროების საბჭომ მინისტრთა კაბინეტს ასევე დაავალა უზრუნველყოს ყირიმიდან სამხედრო მოსამსახურეების ოჯახთა ევაკუაცია, რომლებსაც ემუქრებიან და იმ მოქალაქეების გამოყვანა, ვინც იძულებულია ყირიმში საკუთარი სახლი დატოვოს.

როგორც ალექსანდრე ტურჩინოვმა აღნიშნა, მიუხედავად დანაკარგისა, ყირიმში მყოფმა უკრაინელმა ჯარისკაცებმა თავიანთი მოვალეობა შეასრულეს.

ამასთან, ყირიმში, დონუზლავის ტბაში კიდევ ორი უკრაინული ხომალდი "ჩერკასი" და "კონსტანტინ ოლშანსკი" აგრძელებენ რუსეთის ჯარებისთვის წინააღმდეგობის გაწევას. უკრაინული მედიის ცნობით, "ჩერკასმა" რუსების თავდასხმა მოიგერია.

22 მარტის მონაცემებით, რუსეთის ფედერაციის დროშები ყირიმში დისლოცირებული უკრაინის შეიარაღებული ძალების 189 დაწესებულებასა და სამხედრო ქვედანაყოფშია აღმართული. რუსული სააგენტოების ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება. "ამ გარნიზონებში საზეიმო ვითარებაში გაიმართა პირადი შემადგენლობების მოწყობა, რასაც თან ახლდა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონია და რუსეთის სახელმწიფო ჰიმნის შესრულება", - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ამასთან, რუსმა სამხედროებმა ფეოდოსიაში უკრაინის საზღვაო ქვეითთა ბაზა სრულად დაიკავეს. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, შტურმში რუსეთის სპეცდანიშნულების რაზმის 50 წევრი, 200 სამხედრო, ორი ვერტმფრენი და სამი ჯავშანტრანსპორტიორი მონაწილეობდა.

"უკრაინელი საზღვაო ქვეითები ხელჩართულ ბრძოლაში ჩაებნენ. ჩვენი მონაცემებით, მსხვერპლი არ არის, არც დაჭრილები არიან. დილისთვის ტყვედ აყვანილი საზღვაო ქვეითები ბაზის ტერიტორიიდან ძალით გამოიყვანეს. ამ დროისთვის ბაზის თავზე რუსული დროშა ფრიალებს. ტერიტორია რუსების ალყაშია, ბაზის შესასვლელებთან კი ჯავშანტრანსპორტიორები დგანან", - დაწერა "ფეისბუქზე" უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური კვლევის ცენტრის ხელმძღვანელმა, დიმიტრი ტიმჩუკმა.

მომზადებულია www.liga.net-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა