ილია მეორე - ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როცა სიკეთე უარყოფილია

ილია მეორე - ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როცა სიკეთე უარყოფილია

ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როცა სიკეთე უარყოფილია, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ბრძანა.

როგორც უწმინდესმა სამების საკათედრო ტძარში საკვირაო ქადაგებისას აღნიშნა, "ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ დროს, როცა ხალხმა დაივიწყა, რა არის ნამდვილი ფასეულობა, რას უნდა მივსდევდეთ". "ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როცა ცოდვა ცოდვად აღარ ითვლება, როცა პირიქით - სიკეთე უარყოფილია. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როცა ადამიანი განსაკუთრებით ხედავს სხვის ცოდვებს, განკითხვაშია და თავის ცოდვებს ვერ ხედავს", - ბრძანა პატრიარქმა.

ქადაგებისას ილია მეორემ წმინდა მამა იოანე კლემაქსის, კიბისაღმწერელის ხსენების დღეზეც ისაუბრა. მისი თქმით, სულიერი კიბე, ყოველი ადამიანის წინაშე დგას და ამ კიბეს აქვს ორი გზა, ერთი ზემოთ, მეორე ქვემოთ.

"ბედნიერია ის ადამიანი, რომელსაც შესწევს ძალა, რომ იაროს მაღლა. უპირველეს ყოვლისა ადამიანს უნდა გააჩნდეს ჭეშმარიტი სარწმუნოება, სიყვარული, სიხარული და ვისაც აქვს ჭეშმარიტი სარწმუნეობა, ღმერთი აძლევს მრავალ სიკეთეს", - განაცხადა ილია მეორემ.

დიდმარხვის მეოთხე კვირიაკეს, დღეს ტაძრებში წმინდა მამის, იოანე კლემაქსის, კიბისაღმწერელის ხსენება აღინიშნება.

ღირსმა იოანე კლემაქსმა აღწერა სულიერი კიბე, რომლითაც ღვთივსათნო ცხოვრებით მოღვაწეები უფალთან მიდიან. წმინდა მამა მე-7 საუკუნეში მოღვაწეობდა. გადმოცემით იგი 16 წლის ასაკში სინას მთაზე მივიდა. მონასტერში ოთხი წელი დაჰყო და შემდეგ ბერად აღიკვეცა. მოგვიანებით კი, 40 წელი უდაბნოში განმარტოებული ცხოვრობდა.

დიდმარხვის შემდგომ კვირას წმინდა მარიამ ეგვიპტელის ხსენება აღინიშნება. დიდმარხვა 3 მარტს დაიწყო და 20 აპრილს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.

პატრიარქმა დღეს განკითხვის ცოდვის შესახებაც ისაუბრა.

როცა პატრიარქს ეტყვი - შენს განკითხვაში ვარო, ისიც უნდა უთხრა, რატომ, - აღნიშნა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

"ერთი კვირის წინ მე მოვედი აქ იმ დროს, როცა წირვა-ლოცვა არ იყო. ხალხი ბევრი იყო და ერთ-ერთი ქალბატონი მეუბნება, უწმინდესო, სულ თქვენს განკითხვაში ვარო. მე ვკითხე მას, რატომ ხარ მეთქი განკითხვაში და ის უკან წავიდა. მართალია, განსაკითხავი ბევრია ჩემში, მაგრამ ასე თქმა, პატრიარქს რომ ეტყვი შენს განკითხვაში ვარო, ისიც უნდა უთხრა, რატომ ხარ. ისიც უნდა უთხრა, რას ხედავ, იქნებ მე ვერ ვხედავ და ის ხედავს, ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ", - აღნიშნა პატრიარქმა.

ამასთან, მან ის შემთხვევა გაიხსენა, როდესაც ერთ-ერთმა ადამიანმა კალისტრატეს, ყოფილ პატრიარქს იუდა უწოდა. როგორც ილია მეორემ აღნიშნა, იმის მაგივრად, უწმინდესი აღელვებულიყო, მას უთხრა, რომ ის არ იყო იუდა და ის იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.

"ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ განკითხვაში. შეიძლება მართლა ცოდვილია ადამიანი, შენ ხედავ იმის ნაკლს, მაგრამ იმას ხომ ვერ ხედავ, როგორ ინანიებს, როგორ დასცინის თავის თავს და ამიტომ სიფრთხილეა საჭირო. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როცა ადამიანი განსაკუთრებით ხედავს სხვის ცოდვებს, განკითხვაშია და თავის ცოდვებს ვერ ხედავს. რომელიც განიკითხავს სხვა ადამიანს, თვითონ ვარდება იმ ცოდვაში", - ბრძანა უწმინდესმა.

ამასთან, პატრიარქმა უფალს სთხოვა იმის ძალა, რომ "ჩვენ დავინახოთ ჩვენი ცოდვები და არ განვიკითხოთ ჩვენი მოყვასი".

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია