როგორ იბრძვიან გადარჩენისთვის და რაზე ოცნებობენ მაწანწალა ბავშვები

როგორ იბრძვიან გადარჩენისთვის და რაზე ოცნებობენ მაწანწალა ბავშვები

ბავშვთა უფლებების კონვენციის თანახმად, ყველა პატარას აქვს უფლება, ჰქონდეს სახლი, ხელმისაწვდომი განათლება... სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ბევრი ბავშვის უფლებები ილახება - მეტროში, თბილისის ქუჩებში არაერთი ხელგაწვდილი პატარა შეგხვდებათ. დედაქალაქში, ადგილობრივებთან ერთად, ჩრდილოეთ კავკასიიდან და მოლდოვადან ჩამოსულ პატარა მაწანწალებსაც გადააწყდებით. "ვერსია" დაინტერესდა, რა პირობებში უწევთ მიუსაფარ ბავშვებს ცხოვრება, როგორ იბრძვიან გადარჩენისთვის და რას აპირებენ მომავალში... გოგონა, რომელმაც გვთხოვა, ჩემს ვინაობას თუ არ გაამხელთ, გაგესაუბრებითო, თურქეთიდანაა ჩამოსული. ქართულად საკმაოდ კარგად ლაპარაკობს, მშობლიური თურქული კი, როგორც გამოგვიტყდა, აღარც ახსოვს.

- საქართველოში რომ ჩამოვედი 11 წლის ვიყავი. იქ ძმები საშინლად მექცეოდნენ, მამა არ მყავდა, დედა კი, ატირებულს თუ დამინახავდა, მეჩხუბებოდა. მეზობლად, ერთ კაფეში ქართველი ქალი მუშაობდა. სახლში რომ მცემდნენ, მასთან გავრბოდი, ვეხუტებოდი და ვქვითინებდი. ლინდა ამბობდა, ჩვენთან კეთილი ხალხი ცხოვრობსო. ვიფიქრე, აქ თუ ჩამოვიდოდი, ყველა ჩამეხუტებოდა და შემიყვარებდა. საქართველოში მინდა-მეთქი, სულ ვეუბნებოდი. ჩუმად გადამიღო ფოტო, საბუთები გამიკეთა და წამომიყვანა. თბილისში კაფე გახსნა, სადაც ერთად ვმუშაობდით და ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდით. მალე ქართულიც ვისწავლე, ის ქალი კი დედაზე მეტად მიყვარს.

- ახლა სადაა ის ქალბატონი, აღარ გპატრონობს?

- 5 წლის წინ დაიჭირეს. თურქეთიდან საქართველოში რომ ბრუნდებოდა, საზღვარზე დააკავეს. მერე, ვიღაც კაცებმა კაფე დახურეს, სახლიდანაც გამაგდეს. თანხა, რომელიც შემომრჩა, თბილისში 1 კვირაც არ მეყოფოდა. ვიცოდი, სოფლებში სახლებს ძალიან იაფად აქირავებდნენ. მატარებლით ქართლში წავედი. სახლის ძებნაში, რამდენიმე ღამის გათევა ავტობუსის გაჩერებაზე მომიწია. ერთ საღამოს, ქურთუკში რომ გავეხვიე და დასაძინებლად მოვემზადე, მოხუცი ქალი მოვიდა გამომკითხა ყველაფერი და შინ წამიყვანა, შემწვარი კარტოფილით და ღორის ხორცით გამიმასპინძლდა. არ მშიოდა, მაგრამ მაინც ვჭამე. მაშინ მუსულმანი ვიყავი, მაგრამ რაც გემრიელი იყო, ყველაფერს ვჭამდი. ამ ქალმა შემიფარა, დიდხანს მელაპარაკა იესო ქრტსტეზე. მითხრა, მონასტერში მიგიყვან, გაგზრდიან, გზაზე დაგაყენებენ და მერე თვითონ გადაწყვეტ, რას იზამო. მეორე დღეს, უთენია წავედით მონასტერში. დედა თეკლასთან მიმიყვანა და დამემშვიდობა. მაშინ უკვე 13 წლის ვიყავი. ლინდა მენატრებოდა, სულ ვტიროდი. დედაც მენატრებოდა...

- მონასტერში იმიტომ წაყევი, ქუჩაში ცხოვრება არ გინდოდა თუ იესოს შესახებ მისმა ნაამბობმა იმოქმედა შენზე?

- ერთიც და მეორეც... დიდმარხვის ბოლო დღეს, ტაძარში 4 ქალი მონაზვნად უნდა აღეკვეცათ. წინამძღვარს ვთხოვე და რიტუალზე დასწრების უფლება მომცა. იცით, როგორ იმოქმედა ჩემზე იმ საღამომ? ბევრი ვიტირე, თითქოს ხელახლა დავიბადე... გადავწყვიტე ქრისტიანად მოვნათლულიყავი. მონაზვნობაც მინდოდა. მოძღვარმა შავი ტანსაცმელი ჩამაცვა, მაგრამ მითხრა, მონაზვნობა ადრეა, ჯერ პატარა ხარო. მერე ყველაფერი შეიცვალა - მონასტრის ეზოში ყვავილებს ვრგავდი, უცხო ბიჭმა მკითხა, მამა იოსებს სად ვიპოვიო. შევხედე თუ არა, შემიყვარდა. გიორგი ჩვენ მეზობლად ცხოვრობდა, ჯარიდან ახალჩამოსული იყო. ბევრ სტუმარს მოვწონდი. მღვდელს ერთმა მდიდარმა კაცმა უთხრა, რომ გაიზრდება ცოლად გამატანეო, მაგრამ ვამბობდი, არ გავთხოვდები, მონაზონი უნდა გავხდე-მეთქი. გიორგისაც მოვეწონე. გადამიბრუნა ტვინი და ოჯახის შექმნა გადავწყვიტეთ. დედამისი თავს იკლავდა, არ უნდოდა, მის შვილს ცოლად მოვეყვანე. მაინც გავიპარეთ და ჯვარი დავიწერეთ. ჩემი ქმარი ელექტრიკოსად მუშაობდა, ერთ წელიწადში გოგო შეგვეძინა... შარშან, ზამთარში, გიორგი სოფელში წავიდა დედის სანახავად და ჩვენთან აღარ დაბრუნებულა. ერთხელ დამირეკა, ჩემი ტელეფონი არ იჭერს და სულ გამორთული მაქვსო. მერე გავიგე, ცოლი მოუყვანია. მიგვატოვა მე და თამარი, უპატრონოდ, ამჯერად ჩვილთან ერთად დავრჩი. კიდევ ერთხელ გამგადეს ბინიდან, დანგრეულ შენობას ვაფარებდით თავს. რომ არ გაყინულიყო, გულზე ვიხუტებდი. პატარა თითები სულ ცივი ჰქონდა... გადავწყვიტე, კარდაკარ მევლო დახმარების სათხოვნელად, პირველად, საჭმლის ფული რომ მოვაგროვე, ბედნიერი ვიყავი... ერთი ოთახიც ვიქირავე... მერე თამარი რომ დამძიმდა, ბავშვით სიარული გამიჭირდა და ქუჩაში დავდექი. დილით ადრე ვდგები, რომ კარგი ადგილი დავიკავო. მერე ქურთები გავიცანი და ახლა ბინას ერთად ვქირაობთ...

- გიორგიმ შვილი მიატოვა. სასამართლოსთვის არ მიგიმართავს?

- გიორგი გამოჩნდა რამდენიმე თვის წინ. ახლა ცოტას გვეხმარება. უკვე ორი ოჯახი ჰყავს შესანახი. ვუყვარვარ, ვერ დამივიწყა, მეც მიყვარს...

- თურქეთში დაბრუნებაზე არ გიფიქრია?

- იქ რა მინდა? თან საბუთები და პასპორტი არ მაქვს. თურქულიც აღარ მახსოვს კარგად... ლინდა მენატრება ძალიან, მაგრამ არ ვიცი, სად ან როგორ ვნახო. მისი გვარიც კი არ ვიცი. ადრე რომ ვცხოვრობდით, იმ უბანში ხშირად დავდივარ, იმ იმედით, იქნებ გამოუშვან ციხიდან და სადმე შემხვდეს. ძალიან გაუხარდება ჩემი შვილის გაცნობა...

- ამბობენ, რუსთაველის გამზირზე ბავშვებს ქუჩაში ყუთებში სძინავთო... იცნობ მათ?

- ის სხვა "სასტავია". ცოტა ქვემოთ "მუშაობენ"...

გადავწყვიტე, გამეგო, რა ხდებოდა "ქვემოთ". პატარა "მაწანწალების" ძებნაში 10 წლამდე გოგოს გადავაწყდი. ცალ ხელში მძინარე თოთო ბავშვი ეჭირა, მეორეთი ფენოვან ხაჭაპურს ჭამდა. კითხვებს ცოტა შეშინებული პასუხობდა, სახელი არ გაამხილა, თუმცა საკუთარი ოჯახის მიმართ პროტესტი არ დამალა.

- ავტობუსით თუ ვერ მოვასწრებთ სახლში წასვლას, აქ ვრჩებით და მუყაოს ყუთებში ვიძინებთ. დედას სულ ვეჩხუბები, ტაქსით წაგვიყვანე, გაიყინებიან ჩემი დები და ძმები-მეთქი. ეს ქალი აღარაფერს მიჯერებს. დედასა და დეიდას ყოველდღე იცი, კიდევ რაზე ვეჩხუბები? პატარებს ბალახების ნახარშს ასმევენ და სულ სძინავთ ან გაბრუებულები არიან. მე ვიცი, რომ არ შეიძლება ასეთი რაღაცების დალევა. ერთხელ მეზობელი უყვიროდა დედას, მაგ ბავშვს დაადებილებო.

- სად ცხოვრობთ?

- ვაგონში. ზამთარში, 7 ბავშვს ერთად გვძინავს, ღამით, გაყინულები ერთმანეთს ვათბობთ, ძალიან გვცივა... ზაფხული მაგარია, ხან არ "ვმუშაობთ" და ვერთობით, ვწუწაობთ. მიყვარს წყალი, იცი, როგორ მინდა "ბასეინზე" ვიცურაო, არ ვარ ნამყოფი, შენ ყოფილხარ "ბასეინზე"? - მკითხა და დიდი, ლამაზი თვალები შემომანათა. ლამის ავტირდი... ყელში გაჩხერილი უზარმაზარი ბურთი ძლივს რომ გადავყლაპე, არა-მეთქი, უნებურად ვუპასუხე, პირველად ცხოვრებაში, მომინდა საცურაო აუზი თვალით არ მქონოდა ნანახი... უცებ ხალისიანად გააგრძელა საუბარი, - აი, მე კი ამ ზაფხულს ფულს შევაგროვებ, ლამაზ "კუპალნიკს" ვიყიდი, წავალ და ბევრს ვიცურავებ... ექიმი გამოვალ და ისეთ წამალს გამოვიგონებ, ბავშვებს დასაძინებლად რომ დაალევინებენ, არ დაადებილოს. ბევრი, ათასი კაბა და ფეხსაცმელი მექნება... ჩემ ძმებს მანქანები უნდათ. მე სულ ტაქსებით ვივლი და ყოველდღე სხვადასხვა კაბას ჩავიცვამ.

გოგონამ საუბრის გაგრძელება აღარ ისურვა. წამოხტა და ჩვილი ბავშვით ხელში, ისე სწრაფად გაიქცა, შემეშინდა, არ წაქცეულიყო. ეს ორი გოგონა გამონაკლისი იყო - სხვებს, საუბრისა და გულისგადაშლის სურვილიც კი არ გასჩენიათ. ამის არც დრო ჰქონდათ, არც პირობები და არც განწყობა - პატარა მაწანწალების მთავარი საფიქრალი ლუკმაპურის შოვნაა. მათ ყოველდღე ქუჩაში უწევთ ბრძოლა გადარჩენისთვის და მხოლოდ ღამით, როცა სიცივე და ნახევრადმშიერი კუჭი არ აძინებთ, ოცნებობენ, რა პროფესიას აირჩევენ, როგორ მანქანას იყიდიან, რამდენი კაბა ექნებათ და როგორ იცურავებენ აუზში...

ანა ბეშიტაიშვილი

გაზეთი "ვერსია"

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის ბებია პროკურატურასთან შეუძლოდ გახდა - იგი კლინიკაში გადაიყვანეს

"გუკა ამირხანაშვილი მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია და მონასტერში გაშვებას ითხოვს, რაზეც უარი ეთქვა" - "ტვ პირველი"

"ვერ გეტყვით ვინ მეხმარება, ჩემი ყოფილი კოლეგები, ხმის დაშიფვრის ოფიცრები არიან" - დაკავებული არასრულწლოვნის მამამ გამოძიება დამოუკიდებლად დაიწყო