ყირიმის კრიზისის გამო უკრაინელი ტურისტები საქართველოს მოაწყდნენ

ყირიმის კრიზისის გამო უკრაინელი ტურისტები საქართველოს მოაწყდნენ

აჭარაში მოქმედი სასტუმროების მენეჯერთა ინფორმაციით, უკრაინელები წელს განსაკუთრებით აქტიურობენ, რასაც შეკვეთების ზრდაც მოწმობს. ისინი ამ ტენდენციას ყირიმში განვითარებულ მოვლენებს უკავშირებენ. რამდენადაც ნახევარკუნძულზე დაძაბულობაა და უკრაინელთა უმრავლესობისთვის იქ ჩასვლა შეუძლებელია, მათ არჩევანი საქართველოზე შეაჩერეს.

"უკრაინიდან და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან, ვინც აქამდე ყირიმში ისვენებდა წელს აქცენტს საქართველოს კურორტებზე აკეთებს. არასდროს ყოფილა შემთხვევა, ადრე გაზაფხულიდან ეაქტიურათ. წელს რადიკალურად განსხვავებული ვითარებაა. ყირიმის კრიზისმა ქართული კურორტები უფრო საინტერესო და მოთხოვნადი გახადა, ეს ტენდენცია აშკარად გამოიკვეთა," - აცხადებენ საქართველოს ზღვისპირა სასტუმროების მფლობელები.

ისინი იმედოვნებენ, რომ დამსვენებლების დეფიციტი არ იქნება და ამ მხრივ შარშანდელ მაჩვენებელს გადააჭარბებენ.

სავარაუდოდ, მომსახურების ფასიც მოიმატებს. სასტუმროების მენეჯერთა ინფორმაციით, მნიშვნელოვანი ცვლილება არ იქნება, თუმცა გაძვირება მოსალოდნელია, განსაკუთრებით, ივლის-აგვისტოში.

ბათუმში სასტუმრო "მგზავრების" მენეჯერის, ბესო კოხრეიძის თქმით, ამ ეტაპზე დასვენების დღიური საფასური 120 ლარს შეადგენს. ეს ფასი ივნისის ბოლომდე შენარჩუნდება, რის შემდეგაც ტარიფი 150 ლარამდე გაიზრდება.

"უცხოეთიდან შეკვეთები უკვე დაიწყო. განსაკუთრებით რუსი და უკრაინელი ტურისტები აქტიურობენ. ეს ის ნაწილია, რომლებიც დასასვენებლად ყირიმში ვერ ჩადიან. შემკვეთები გვეუბნებიან, რომ ყირიმში შექმნილი სიტუაციის გამო, დასვენება იქ საშიში გახდა, ამიტომაც გეზი ჩვენი ქვეყნისკენ აიღეს. დეფიციტს ადრეც არ ვუჩიოდით, თუმცა წლეულს განსაკუთრებულ აქტიურობას ველოდებით.

რაც შეეხება ადგილობრივ ტურისტებს, ძირითადად, თბილისელების სტუმრობას ველით. რეგიონებიდან ჩვენთან იშვიათად ჩამოდიან. მეორე სასტუმრო, ამავე სახელწოდებით - "მგზავრები" გონიოშიც გავხსენით. დიდი იმედი გვაქვს, რომ ზაფხულში იქაც დატვირთული რეჟიმით ვიმუშავებთ", - ამბობს ბესო კოხრეიძე.

უკრაინელი ტურისტების აქტიურობაზე საუბრობს ქობულეთში სასტუმრო "მირაჟის" მფლობელი თამაზ ჯინჭარაძე. მისი თქმით, სამზადისი სასტუმროში 1 თვის წინ დაიწყო და რამდენიმე ადგილი უკვე დაჯავშნულია.

"სამზადისი მარტიდან დავიწყეთ. სასტუმროს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას ვცდილობთ. ეს პროცესი 20 დღეში დასრულდება, რის შემდეგაც სტუმრების მიღებას შევძლებთ. უკრაინიდან და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან, ვინც აქამდე ყირიმში ისვენებდა, წელს აქცენტს საქართველოს კურორტებზე აკეთებს. არასდროს ყოფილა შემთხვევა, ადრიანი გაზაფხულიდან ეაქტიურათ.

სოციალურ ქსელებზეც ვიზიდავთ ტურისტებს. უცხოელები უმეტესად სწორედ ინტერნეტით გვიკავშირდებიან და ადგილებს წინასწარ გვიკვეთავენ. შარშან ქობულეთის სასტუმროები დიდად დატვირთული არ ყოფილა. ზღვისპირა სასტუმროების გარდა, ბევრი სანახევროდ ცარიელი იყო. ამ მხრივ წელს რადიკალურად განსხვავებული ვითარებაა. ყირიმის კრიზისმა ქართული კურორტები უფრო საინტერესოს და მოთხოვნადი გახადა, ეს ტენდენცია აშკარად გამოიკვეთა," - ამბობს თამაზ ჯინჭარაძე.

გონიოს სასტუმროებში ამბობენ, რომ კურორტზე განსაკუთრებით ირანელები აქტიურობენ. სასტუმრო "ბაკურის" წარმომადგენლის თქმით, ამ ეტაპზე ადგილები დაჯავშნულია თბილისიდან და ირანიდან. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, ამ მხრივ შეკვეთებს აპრილის ბოლოდან ელოდებიან.

"სეზონისთვის სამზადისი უკვე დავიწყეთ. ჯერჯერობით თბილისელი ტურისტები მოდიან, არის მოთხოვნა ირანელების მხრიდანაც. დიდი იმედი გვაქვს, რომ უკრაინელ და რუს ტურისტებსაც მოვიზიდავთ. სრული დატვირთვით კი ივლის-აგვისტოში მოგვიწევს მუშაობა. დასვენების საფასური არ შეგვიცვლია და თითო ადამიანის მომსახურება წელსაც 30 ლარიდან 150 ლარამდეა. ვფიქრობ, ეს ტარიფი სეზონის განმავლობაში შენარჩუნდება", - ამბობს სასტუმროს თანამშრომელი.

სამზადისშია კვარიათიც. გასული წლის ანალოგიური პერიოდისგან განსხვავებით, ადგილობრივ სასტუმროებში შეკვეთები გაზრდილია. "მარტინის" მფლობელის ინფორმაციით, ამ დროისთვის სასტუმრო 20%-ით არის დატვირთული.

"წელს ტურისტებმა შეკვეთები გაცილებით ადრე დაიწყეს. წინასწარ ჯავშნები ამ დროს ასე ბევრი არასდროს იყო. შეკვეთების ზრდა უკრაინელი და რუსი ტურისტების აქტიურობამ განაპირობა. დამსვენებლებმა თანხის ნაწილი უკვე გადაიხადეს. სასტუმრო 20%-ით უკვე დაიტვირთა. აქედან გამომდინარე, სეზონზე დიდ იმედს ვამყარებთ. ვფიქრობ, წლევანდელი შედეგი რადიკალურად განსხვავებული იქნება, ეს აშკარად იგრძნობა", - აცხადებს სასტუმროს მფლობელი.

სეზონის მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს იჩენენ განმუხურში. აქ, ძირითადად, საოჯახო ტიპის სასტუმროები და სახლებია, რომლებიც დამსვენებლებზე ქირავდება. ერთდღიანი დასვენების საფასური "ახალბედა კურორტზე" 25-30 ლარის ფარგლებშია. როგორც ადგილობრივები ამბობენ, წინასწარ შეკვეთები არ აქვთ, თუმცა სეზონზე აქტიურობას ელოდებიან.

"დამსვენებლის დეფიციტს არ ვუჩივით. სეზონზე უცხოელებიც მოდიან და ადგილობრივებიც. ფასიდან გამომდინარე, სტუმარი თითქმის ყველა რეგიონიდან გვყავს. განმუხური ჯერ კიდევ ახალ კურორტად ითვლება და მის მიმართ ინტერესიც დიდია. კარგი იქნება, რომ ინფრასტრუქტურა უფრო მოწესრიგებული იყოს. ახალი ხელისუფლების პირობებში აქაურობას არაფერი დამატებია, პირიქით, კურორტს მზრუნველობა დააკლდა. ვიმედოვნებთ, ხელისუფლება დაინტერესდება ჩვენი კურორტის ბედით და შესაბამის ზომებს მიიღებენ, რომ ინტერესი არ განელდეს.

შეკვეთები წინასწარ არ გვაქვს, მაგრამ ეს უიმედოდ არ განგვაწყობს. სეზონამდე ჯერ მთელი 2 თვეა, დამსვენებელი უფრო ივნისიდან გააქტიურდება", - ამბობს მზია გოგოხია, განმუხურის მკვიდრი.

მარი ჩიტაია

გაზეთი "რეზონანსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია