მასობრივი თაღლითობა თბილისში "დეზინფექციის" სახელით

მასობრივი თაღლითობა თბილისში "დეზინფექციის" სახელით

თბილისის მოსახლეობა ბოლო დროს სადეზინფექციო აფიორის მსხვერპლი აღმოჩნდა. საცხოვრებელ კორპუსებში გამოჩნდნენ დეზინფექციის მომსახურების სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც მოსახლეობას ეუბნებიან, რომ სადარბაზოებში მღრღნელების, მწერებისა და ქვეწარმავლებისგან თავდაცვის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოებს ატარებენ, რისთვისაც თითო ოჯახიდან თითო ლარს კრებენ.  "ფეისბუქისა" და "თბილისის ფორუმის" წევრები აქტიურად ავრცელებენ ინფორმაციას აფიორის შესახებ. ზოგი იმასაც ყვება, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, მის კორპუსში სხვადასხვა პიროვნებამ სამჯერ შესთავაზა მსგავსი მომსახურება, თუმცა სადეზინფექციო სამუშაოები მათ კორპუსში არასდროს ჩატარებულა.

რამდენიმე დღის წინ მსგავსი შემთხვევის შესახებ ambebi.ge-ს რედაქციამ რამდენიმე ადამიანის წერილი მიიღო. მკითხველმა გვაცნობა, რომ მისმა სამეზობლომ შუახნის ქალბატონს სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების მიზნით თანხა გადაუხადა, თუმცა მოგვიანებით კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარესთან გაარკვია, რომ ამხანაგობას მსგავსი კომპანიისთვის მოთხნოვნით არ მიუმართავს:

"მას შემდეგ, რაც სადარბაზოებიდან ნაგვის ბუნკერები გაიტანეს, მღრღნელებისა და ბუზების პრობლემა ისედაც არ გვაწუხებს და ამიტომაც დავეჭვდი, რომ ეს თაღლითური სქემაა," - განაცხადა ჩვენმა ერთ-ერთმა რესპოდენტმა, ირმა იანტბელიძემ.

კიდევ ერთი დაზარალებული, რომელიც Ambebi.ge-ს დაუკავშირდა, მაია ჯანაშვილია. მან მსგავსი შემთხვევის შესახებ წერილი მოგვწერა და ჩეკის ფოტოც გამოგვიგზავნა, სადაც გარკვევით ამოიკითხავთ კომპანიის დასახელებას.

მაია ჯანაშვილმა გვაცნობა, რომ შპს "+სადეზინფექციო სამსახური +" -ის წარმომადგენელმა, სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, მის სამეზობლოში თანხის აკრეფა კვლავ დაიწყო, თუმცა მას შემდეგ, რაც ქალბატონს ვინაობისა და ოფიციალური დოკუმენტის წარდგენა სთხოვა, მან საუბარს თავი აარიდა და აღარც ფული გამოურთმევია.

აღსანიშნავია ისიც, რომ არსებობს კომპანია "სადეზინფექციო სამსახური +", და როგორც ჩანს, თაღლითები სწორედ სახელწოდების მცირე და დაუკვირვებელი თვალისთვის შემჩნეველი ცვლილებით სარგებლობენ.

"სადეზინფექციო აფიორის" შესახებ სოციალური ქსელით ავრცელებს ინფორმაციას კიდევ ერთი მსხვერპლი, თეა ჭიღლაძე. აღმოჩნდა, რომ ის თაღლითობის შემთხვევის ერთადერთი მოწმე არ არის:

"დაახლოებით ახალი წლის წინა პერიოდში მოვიდა ახალგაზრდა ლურჯ ფორმიანი გოგონა, რომელიც გამეცნო, როგორც სანიტარული სამსახურის თანამშრომელი. მაშინ მეზობლების უმეტესობამ გადავიხადეთ ლარ-ლარი, თუმცა არავითარი სანიტარული სამუშაოები არ ჩატარებულა. ამის შემდეგ კიდევ რომ ჩამოიარეს კარდაკარ, არ გავუღე კარი. მესამედაც რომ მოვიდნენ შაბათს, ვუთხარი პოლიციას გამოვიძახებ თუ კიდევ გააგრძელებთ მსგავს ქმედებას-მეთქი, რის შემდეგაც ბოთლით ხელში ახალგაზრდა ბიჭი მოვიდა და გაურკვეველი უსუნო სითხის მოსხმა დაიწყო სადარბაზოში. არც პირბადე ჰქონდა გაკეთებული, არც ხელთათმანი. არანაირი აპარატურა და სპეცფორმა არ ჰქონიათ. ეჭვი შემეპარა, მღრღნელების დასახოცი სითხე ნუთუ იმდენად სუსტია, რომ პირბადის გარეშე მუშაობს-მეთქი. ამ პრობლემის შესახებ სოციალურ ქსელში სხვებიც აღნიშნავენ. ზოგი იმასაც წერს, რომ სხვა კორპუსებში ორ-ორ ლარს აგროვებენ.

Ambebi.ge კომენტარისთვის ქ.თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურს დაუკავშირდა. მერიის დასუფთავების სამსახურის უფროსმა, თორნიკე შიოლაშვილმა გვაცნობა, რომ მსგავსი ფაქტების შესახებ გასულ წლებშიც სმენიათ, თუმცა არცერთი კომპანია მერიასთან არანაირ კავშირში არ არის.

"2009 წლის შემდეგ სადარბაზოებში არსებული ნაგვის ბუნკერები გაუქმდა, სწორედ მას მერე თბილისის მერია სადეზინფექციო სამუშაოებს სადარბაზოებში აღარ ატარებს, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ კერძო კომპანიები სთავაზობდნენ კორპუსების მაცხოვრებელს სხვადასხვა სახის მომსახურებას. თუკი ვინმეს სურს სადარბაზოში დეზინფექციის ჩატარება, სამეზობლომ თავად უნდა დაიქირავოს სასურველი კომპანიის წარმომადგენელი", - განმარტა თორნიკე შიოლაშვილმა.

სალომე შიხაშვილი, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია