ეკა კვალიაშვილს დაპირებული 90 ათასი ლარი არ ჩაერიცხა

ეკა კვალიაშვილს დაპირებული 90 ათასი ლარი არ ჩაერიცხა

მომღერალ ეკა კვალიაშვილის დასახმარებლად გახსნილ საბანკო ანგარიშზე დაპირებული 90 ათასი ლარი არ ჩაირიცხა. კვალიაშვილი მკურნალობის კურსის ჩასატარებლად საფრანგეთში მიემგზავრება, მის ანგარიშზე კი მხოლოდ 22 ათასი ლარია.

მომღერლის დასახმარებლად რამდენიმე დღის წინ ბიზნესმენები და საზოგადოების წარმომადგენლები გაერთიანდნენ. ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "ეკა ხოფერიას ტოქშოუში" პომპეზურად დაანონსდა, რომ მომღერალის მკურნალობისთვის 90 ათასი ლარი შეგროვდა.

როგორც ეკა კვალიაშვილმა განაცხადა, მის სახელზე გახსნილ საბანკო ანგარიშზე 90 ათასი ლარის ნაცვლად, მხოლო 22 ათასი ლარი ჩაირიცხა:

"სხვადასხვა ადამიანებისგან შეპირებული თანხიდან ანგარიშზე ყველა არ დამჯდარა. ზოგმა გადმორიცხა, ზოგმა კი - არა. სიმართლე გითხრათ, მე ცოტა ნაწყენი ვარ იმ ადამიანებზე, ვინც ჩემი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა საკუთარი პიარისთვის გამოიყენა. ყველას, ვინც დამეხმარა ძალიან დიდ მადლობას ვუხდი. გადაცემაში უამრავი ხალხი იყო ჩართული. ამ ადამიანებისაგან იმხელა სიყვარული და ტალღა წამოვიდა, მადლობის მეტი რა მეთქმის, მაგრამ ანგარიშზე ზოგიერთების მხრიდან თანხა არ ჩარიცხულა. გადაცემის ბოლოს გახმაურდა, რომ საბოლოოდ 90 ათას ლარამდე შეგროვდა, თუმცა ანგარიშზე 22 ათასი ლარი ჩამერიცხა", - განაცხადა ეკა კვალიაშვილმა.

როგორც ცნობილი გახდა, მომღერლის საბანკო ანგარიშზე ბიზნესმენ მიხეილ ხუბუტიას მიერ დაპირებული თანხა არ აღმოჩნდა. ბიზნესმენი გადაცემის მსვლელობისას კვალიაშვილს 10 ათასი აშშ დოლარის გადარიცხვას დაჰპირდა. "კვირა" ბიზნესმენს მოსკოვში დაუკავშირდა. გაირკვა, რომ ბიზნესმენმა მისი წარმომადგენლის დახმარებით ანგარიშზე ფული გადარიცხა, თუმცა მისი თქმით, თანხა უკან დაუბრუნდა.

"თანხა გადავრიცხე იმ საბანკო რეკვიზიტებზე, რომელიც ჩემმა წარმომადგენელმა საქართველოდან მომაწოდა. თუმცა, ჩემდა გასაკვირად, თანხა უკანვე დამიბრუნდა", - აღნიშნა ხუბუტიამ.

ამ საუბრის შემდეგ, მიხეილ ხუბუტია ეკა კვალიაშვილს ტელეფონით დაუკავშირდა და აღნიშნული თანხა ანგარიშზე გადარიცხა.

"ეკა ხოფერიას ტოქშოუში" კვალიაშვილის დახმარების სურვილი კომპანია "სარაჯიშვილმაც" გამოთქვა. ეკა კვალიაშვილის მეგობრის, ზაზა მამალაძის განცხადებით, რომელიც მომღერალს ფინანსური საკითხების დოკუმენტაციის მოგვარებაში ეხმარება, აღნიშნა, რომ მათთან ეს თანხა ჩარიცხული არ არის. "სარაჯიშვილის" წარმომადგენელი რევაზ ჯანიაშვილი კი აცხადებს, რომ კომპანიამ 3000 ლარი ანგარიშზე 3 აპრილს გადარიცხა. აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია კომპანიის წარმომადგენლებმა "კვირას" მიაწოდეს.

აღსანიშნავია, რომ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ეკა კვალიაშვილის სამკურნალო თანხა - 10 ათასი ევრო პარიზში, პირდაპირ იმ კლინიკას გადაურიცხა, სადაც მომღერალმა სამედიცინო გამოკვლევა და მკურნალობა უნდა ჩაიტაროს.

ეკა კვალიაშვილი 11 აპრილს, გამთენიისას, საფრანგეთში უნდა გამგზავრებულიყო, მას პარიზის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობას ჩაუტარებენ.

შეგახსენებთ, რომ 27 მარტს მომღერალ ეკა კვალიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "ტოქშოუ ეკა ხოფერიასთან ერთად" საქველმოქმედო ეთერი მიეძღვნა. გადაცემის მსვლელობის დროს ეკა კვალიაშვილის დასახმარებლად 635 684 ზარი შევიდა. გადაცემის ბოლოს კი ტელეეთერით გაჟღერდა, რომ ეკა კვალიაშვილის დასახმარებლად 90 000 ლარზე მეტი შეგროვდა. მასში ქართული ესტრადის წარმომადგენლები და ეკა კვალიაშვილის მეგობრები მონაწილეობდნენ.

შეგახსენებთ, რომ ეკა კვალიაშვილი მძიმე ნეიროვირუსითაა დაავადებული, რაც მის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. მომღერალს მკურნალობა და გამოკვლევა ესაჭიროება.

kvira.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია