რა ასაკია იდეალური პირველი ფეხმძიმობისთვის და როგორ უნდა მოიქცეს ქალი, რომ ბავშვი ჯანმრთელი დაიბადოს

რა ასაკია იდეალური პირველი ფეხმძიმობისთვის და როგორ უნდა მოიქცეს ქალი, რომ ბავშვი ჯანმრთელი დაიბადოს

ორსულობა კვერცხუჯრედის განაყოფიერებიდან ბავშვის დაბადებამდე საშუალოდ 267 დღე მიმდინარეობს. განაყოფიერებიდან 4 დღის შემდეგ ზიგოტა დნმ-ის ჯგუფს იღებს. სწორედ ეს დნმ ფეხმძიმობის 9 თვის და მთელი ცხოვრების განმავლობაში სხეულის განვითარებაზე გავლენას მოახდენს. ფეხმძიმობის მეხუთე-მეექვსე კვირაში, მიუხედავად იმისა, რომ ჩანასახის სიგრძე მხოლოდ 6 მილიმეტრია, ცხვირი, პირი და ყურები უკვე გამოკვეთას, ჩამოყალიბებას იწყებს. ფეხმძიმობის მე-5 ან მე-6 კვირაში ჩანასახის გული წუთში 100-ჯერ ცემს. მეათე კვირაში სხეულის ყველაზე მთავარი ორგანოები: თირკმელი, ნაწლავები, ტვინი და ღვიძლი მუშაობს. ბავშვი პაწაწინა ხელებსა და ფეხებს უკვე ამოძრავებს. ამასთან, კუნთებს წონა ემატება. ფეხმძიმობის მეშვიდე კვირას, თუ ფეხმძიმე ხელს მუცელზე დაიდებს, პატარა აუცილებლად უპასუხებს, რადგანაც ამ დროს ჩანასახს რეფლექსები უვითარდება. ფეხმძიმობის მეექვსე თვეში პატარას გარეგან ხმებსა და აჩქარებულ პულსზე რეაგირება შეუძლია. თუ ასლოკინებს, ფეხმძიმე მუცელში ჩანასახის მკვეთრ მოძრაობას იგრძნობს. 8 თვის ფეხმძიმობისას პატარა დედის ხმას ცნობს.

ფეხმძიმობა ფასდაუდებელი საჩუქარია, მაგრამ ამასთან ქალი ვალდებულია იზრუნოს როგორც საკუთარ, ასევე მომავალ სიცოცხლეზე. რა ასაკია იდეალური პირველი ფეხმძიმობისთვის, როგორ უნდა მოიქცეს ქალი, რომ ჯანმრთელი შვილი დაიბადოს და რა ეტაპების გავლა მოუწევს მომავალ დედას, ამ საკითხებზე გინეკოლოგი ნინო ჩერქეზიშვილი გვესაუბრა.

ნინო ჩერქეზიშვილი: ორსულობა მეტად მნიშვნელოვანი ეტაპია ქალის ცხოვრებაში, ვინაიდან ორსული ქალი დაორსულების პირველივე დღიდან ათვითცნობიერებს, რომ ის დედა უნდა გახდეს. ქალი სხვანაირად იწყებს თავის თავზე ზრუნვას, ვინაიდან ამ ზრუნვის შედეგად ის ზრუნავს მომავალ ბავშვზე. საქართველოში ამ ეტაპისთვის მკვეთრად იმატა ორსული ქალების რიცხვმა, ეს იმას ნიშნავს, რომ საბედნიეროდ, ჩვენს ქვეყანაში გაიზარდა დედობის სურვილი. არა მარტო უშვილო, ან ერთშვილიან ოჯახებში, არამედ ორ და სამშვილიან ოჯახებშიც.

- ქალბატონო ნინო, რისი გაკეთება ეკრძალება ფეხმძიმეს და რა რეკომენდაციას მისცემთ მათ?

- გვაქვს ძალიან ბევრი პრობლემა, რომელიც ორსულობასთანაა კავშირში. პრობლემები განპირობებულია ორსულთა ასაკით და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობით. ორსულთა ასაკში ნაგულისხმებია როგორ ადრეული, ესე იგი პატარა გოგონების დაორსულება, აგრეთვე 40 წელს მიღწეული და გადაცილებული ქალბატონების დაორსულება. მათი ერთობლივი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ორივე ასაკობრივ შემთხვევაში, საჭიროა ძალიან სპეციფიური მიდგომა და გათავისება იმისა, თუ რა შეუძლია გააკეთოს ორსულმა და რა არ შეუძლია. არსებობს საკითხები, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს მომავალმა დედამ: რაც ეკრძალება, ეს არის თამბაქოს მოხმარება, ასევე დამამშვიდებელი აბების მიღება, ეკრძალება ალკოჰოლის მიღება, რადგანაც კარგად მოგვეხსენება მისი ეფექტი ორსულსა და ნაყოფზე. ჯანმრთელ ორსულს ფეხმძიმობის პერიოდში გარკვეული ფიზიკური შეზღუდვები არ აქვს. ჯანმრთელ ორსულად ითვლება ქალი, რომელსაც არ გააჩნია პრობლემები ფეხმძიმობის პირველ, მეორე და მესამე ტრიმესტრში. ჯანმრთელ ორსულს შეუძლია თავისუფლად გადაადგილდეს, წავიდეს სამსახურში და დაისვენოს ზამთრისა თუ ზაფხულის კურორტებზე. მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მოწოდებული რჩევებისა და რეკომენდაციების მიხედვით, ორსულობისას მარილიანი საკვების მიღებაც კი არ იკრძალება და არაა შეზღუდული სითხის მიღება. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ მოწოდებულია ვიზიტების გარკვეული რაოდენობა და ეს 6 ვიზიტი სრულიად საკმარისია ჯანსაღი ორსულისთვის. თუმცა, სამწუხაროდ, არსებობს შემთხვევები, როდესაც ქალი ყოველკვირეულ დაკვირვებას, ყოველკვირეულ ანალიზებსა და ჰოსპიტალიზაციას საჭიროებს.

- პირველი მშობიარობისთვის სასურველი ასაკი

- საქართველოში პირველი ორსულობისთვის გაწერილი ასაკი არ არის. თუმცა, ყველა ასაკის ქალმა უნდა გააცნობიეროს, რას ნიშნავს გათხოვება, ან დაორსულება. რა სირთულეებთან არის ორსულობა დაკავშირებული მათი ცხოვრების ადრეულ ეტაპზე, რა პასუხისმგებლობას აკისრებს ეს ორსულობა და მომავალი დედობა მას და ამის შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილება. სკოლებში უნდა არსებობდეს სპეციალური პროგრამა - საჭიროა, სკოლის მოსწავლეებს გაეწიოთ სათანადო რჩევები და რეკომენდაციები ამ თემის გარშემო. ფიზიოლოგიურად 20 წლამდე გოგონაცა და 30 წლის ქალიც მზად არიან ორსულობისთვის, თუმცა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით 20 წლამდე გოგონას ნაკლებად აქვს გათვითცნობიერებული რისთვის უნდა იყოს მზად.

- ჩვენი მშობლების დროს საკეისრო კვეთა უკიდურეს შემთხვევაში კეთდებოდა, ახლა სურვილისამებრ გოგონები გაუტკივარებით მშობიარობენ - რა უპირატესობა აქვს ბუნებრივ მშობიარობას და საკეისრო კვეთის შემთხვევაში, რა გართულებები იჩენს თავს?

- ყველაფერი ფასეული ბუნებრივია - თუკი ქალს აქვს საშუალება, რომ ბუნებრივად იმშობიაროს, სასურველია ნაყოფი ამ გზით მოევლინოს ქვეყანას. გამოკვლევები ცხადყოფს, რომ ბუნებრივი გზით დაბადებული ბავშვები შემდგომში მეტად ჯანმრთელები არიან, მათი იმუნური სისტემა უფრო ძლიერი და ხშირად შეურყეველია და ავადმყოფობის შემთხვევაში, ადვილად ინკურნებიან და სხვადასხვა დაავადებებსაც უფრო ძლიერად უმკლავდებიან. როდესაც ფეხმძიმე კატეგორიულად მოითხოვს, რომ მშობიარობა საკეისრო კვეთით ჩატარდეს, ჩვენ პირველ რიგში ვალდებულები ვართ ავუხსნათ, ყველა ის გართულება, რომელიც შეიძლება მოჰყვეს საკეისრო კვეთის წარმოებას. თითოეული პუნქტი უნდა გავშალოთ და ვესაუბროთ დაწვრილებით მისთვის გასაგებ ენაზე. ძალიან მაღალია საკეისრო კვეთის რიცხვი. ექიმის მიერ ჩატარებული საკეისრო კვეთის ოპერაცია მკვეთრად უნდა იყოს გამყარებული მკაცრი ჩვენებით. დღეისათვის საკეისრო კვეთა სამშობიარო სახლებში ტარდება მხოლოდ აბსოლუტური ჩვენებით.

- რა არის ის ძირითადი მიზეზი, რის გამოც გოგონები საკუთარი სურვილით ითხოვენ საკეისრო კვეთას?

- გოგონები, რომლებიც საკუთარი სურვილით მიმართავენ საკეისრო კვეთის ოპერაციას, რასაკვირველია თავს არიდებენ ტკივილს. ძალიან განათლებული ახალგაზრდობა გვყავს, განათლებული გოგონები მოდიან და ძალიან გასაკვირია მათი ასეთი მიდგომა! მათ ჰგონიათ, რომ თუკი ისინი გააჩენენ ბავშვს, დაირღვევა მათი საშოს ანატომია, ფართოვდება საშო, სქესობრივი ცხოვრება გახდება უინტერესო და სწორედ ამ შემთხვევების გამო მიმართავენ საკეისრო კვეთის ოპერაციას.

ეკატერინე ციცხვაია, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია