სააღდგომოდ ტრანსპორტი მინიმუმ 2-3 ლარით გაძვირდება

სააღდგომოდ ტრანსპორტი მინიმუმ 2-3 ლარით გაძვირდება

თბილისის ავტოსადგურებში სააღდგომოდ მგზავრთა გააქტიურებას ელოდებიან. ცენტრალურ და კერძო ავტოსადგურების წარმომადგენელთა ინფორმაციით, მგზავრობის საფასური შენარჩუნდება. მძღოლები კი საპირისპიროს ამბობენ და არ მალავენ, რომ რეგიონების მიმართულებით ტარიფებზე ფასი 2-3 ლარით მოიმატებს.

ავტოსადგურების თანამშრომლები ზოგადად არსებულ მდგომარეობაზეც საუბრობენ. ისინი მგზავრთა დეფიციტს არ უჩივიან და ძირითადი მასის შენარჩუნება შეძლეს. ყველა მათგანი აღიარებს, რომ მოქმედი ტარიფები მაღალია, მაგრამ ცვლილებების საშუალება არ აქვთ. როგორც წესი, წინასააღდგომოდ და შემდეგაც ავტოსადგურებს აქტიურ რეჟიმში მოუწევთ მუშაობა.

მძღოლები განსხვავებულად საუბრობენ მგზავრთა ნაკადის შესახებაც. მათი აზრით, ბოლო პერიოდში მგზავრთა ნაკადი შემცირებულია. ყველაზე აქტიური მუშაობა კი სადღესასწაულო დღეებში აქვთ. ამ მხრივ განსაკუთრებით აღდგომის დღესასწაული გამოირჩევა.

"სააღდგომო პერიოდთან დაკავშირებით ფასების ზრდა არ იგეგმება. მგზავრებს ისედაც გაძვირებული ტარიფით ვემსახურებით. რეისებს სხვადასხვა მიმართულებით ვასრულებთ, მათ შორის, ყველაზე მეტი მოთხოვნა ქუთაისზეა, სადაც მგაზვრობა 12 ლარი ღირს. ტყიბულის რეისი - 14 ლარია, გორი - 5 ლარი, ავტობუსით მგზავრობის საფასური ამ მიმართულებით 3,5-4 ლარს შეადგენს და ა.შ. მგზავრთა სიმცირეს არ ვუჩივით, განსაკუთრებულ აქტიურობას სააღდგომოდ ველოდებით. რა თქმა უნდა, დატვირთულ რეჟიმში მოგვიწევს მუშაობა", - აცხადებს დიდუბის ავტოსადგურის თანამშრომელი.

თბილისის ცენტრალურ ავტოსადგურში ამბობენ, რომ რეისებს სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებენ. აქ ტარიფი ჩვეულებრივ დღეებშიც არ არის იაფი და სააღდგომოდ ნებისმიერი სახის ცვლილება მათ აქტიურობას მოადუნებს.

"სატარიფო ცვლილებები არ იგეგმება. ყოველ შემთხვევაში, ჯერ არ არის ცნობილი. წინა წელს მგზავრობა თითქმის ყველა მიმართულებით გავაძვირეთ - 1 ლარი დაემატა. მგზავრთა ნაკადის მხრივ იდეალური მდგომარეობა არ გვაქვს, უკეთესი ვითარებაც უნდა იყოს, მაგრამ დიდი ჩავარდნებიც არ არის", - ამბობს ცენტრალური ავტოვაგზალის თანამშრომელი.

ავტოსადგური "გლდანი" ერთ-ერთი გამონაკლისია, სადაც მგზავრობის ყველაზე დაბალი ტარიფი მოქმედებს, თუმცა ავტოსადგურს შეზღუდული რეისები აქვს და საფასო ცვლილებების გატარებას არ აპირებს.

"ჩვენ მგზავრობა არ გაგვიძვირებია. ისედაც მაღალი ფასია და რა უნდა შეგვეცვალა? მით უმეტეს რომ შეზღუდული რეისები გვაქვს, ყველგან არ დავდივართ. ძირითადად, იმერეთზე ვმუშაობთ, უფრო საჩხერისა და ჭიათურის მიმართულებით. მგზავრობა 10 ლარი ღირს. მგზავრთა რაოდენობით მაინცდამაინც განებივრებულები არ ვართ. წინა წლებთან შედარებით, პასიურობაა", - აცხადებენ ავტოსადურ "გლდანში".

"ჩვენი ავტოსადგურიდან რეისები მთელი საქართველოს მასშტაბით, თითქმის ყველა მიმართულებით სრულდება. მგზავრები სულ გვყავს, თუმცა სადღესასწაულო დღეებში მათი რაოდენობა ყოველთვის იზრდება და ამ მხრივ აღდგომის პერიოდი გამორჩეულია. სრული დატვირთვით მოგვიწევს მუშაობა. მგზავრობის ტარიფის ზრდას არ ვგეგმავთ, ისედაც მაღალი ფასებია", - უთხრეს "ბიზნეს-რეზონანსს" ავტოსადგურ "ოკრიბაში".

როგორც გაირკვა, მგზავრობის ფასმა დედაქალაქის ახლოს მდებარე დაბებსა და ქალაქებზე უკვე მოიმატა. ნავთლუღიდან კახეთის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების მძღოლების თქმით, ბილეთი სულ რაღაც 50 თეთრით გაძვირდა, მაგრამ მას მგზავრთა რაოდენობაზე გავლენა არ მოუხდენია.

"შორი რეისები არ გვაქვს, ამიტომ საფასურის ზრდა 30-50 თეთრის ფარგლებში მოგვიწია. მაგალითად, ტრანსპორტი კახეთის მიმართულებით, რომელიც ადრე 1,50 ლარი ღირდა, ახლა 2 ლარი გახდა. 2-ლარიანი ბილეთი 2,5-მდე გაძვირდა და ა.შ. სააღდგომოდ განსაკუთრებულ აქტიურობას არ ველოდებით. ჩვენ მიერ განხორციელებულ რეისებზე მგზავრთა ნაკადი ისედაც ძალიან დიდია", - აცხადებენ ნავთლუღის ავტოსადგურში.

ავტოსადგურების ადმინისტრაციული სამსახურების წარმომადგენლებისგან განსხვავებით, მიკროავტობუსებისა და ავტობუსების მძღოლები უკმაყოფილებას არ მალავენ და ამბობენ, რომ სხვადასხვა მიმართულებით მოძრაობისას (განსაკუთრებით შორ რეისებზე) მათი ტრანსპორტი ხშირად ცარიელია. ხალხი ალტერნატიული ტრანსპორტით, მაგალითად, მატარებლით მგზავრობას არჩევს ან ფინანსური პრობლემების გამო, მხოლოდ მისთვის აუცილებელ შემთხვევაში გადაადგილდება.

"ჩვენი ავტოსადგური თბილისში ძალიან პოპულარულია და წესით, მგზავრთა დეფიციტი არ უნდა იგრძნობოდეს, მაგრამ რეალურად სხვა ვითარებაში გვიწევს მუშაობა. სადღესასწაულო დღეებისა და საგაზაფხულო სეზონის გარდა, მგზავრები აქტიურ გადაადგილებას ერიდებიან ან გასაგები მიზეზების გამო ვერ ახერხებენ.

ჩვეულებრივ დღეებში ბევრჯერ გვქონია შემთხვევა რომ თითქმის ცარიელი "მარშრუტკით" წავსულვარ რამდენიმე ასეულ კილომეტრზე და ხელმოცარული დავბრუნებულვარ. ასეთი შემთხვევები ძალიან ხშირია. ცხადია, ეს არ ეხება აღდგომის დღესასწაულს, როდესაც ტრადიციულად ყოველთვის სავსეა ტრანსპორტი. გაძვირებას არ ვგეგმავთ, სულ რამდენიმე ხნის წინ ცოტა გავაძვირეთ და მგზავრებს ისედაც გაზრდილი ტარიფით ვემსახურებით", - ამბობს "ოკრიბას" ავტოსადგურში მომუშავე მძღოლი გურამ კილაძე.

"ის დრო, რომ მგზავრებით სავსე იყო ავტობუსი, წარსულს ჩაბარდა. ზუგდიდის მიმართულებით ვმოძრაობ. დღეს მგზავრისთვის უამრავი არჩევანია, შეიძლება ითქვას, ისინი გაგვექცნენ. აღდგომის პერიოდი კარგია იმით, რომ დანაკარგის ანაზღაურებაში გვეხმარება და მასზე დიდ იმედს ვამყარებთ.

მგზავრობა წინა კვირიდან მოყოლებული 1 ლარით გავაძვირეთ. 2-3 დღეში მგზავრთა განსაკუთრებულ გააქტიურებას ველოდებით და შესაძლოა, ამდენივეთი კიდევ გავაძვიროთ. არავინ უარყოს ეს ამბავი. ამ პერიოდში ფასები ყველა მიმართულებით მატულობს, რის შესახებ მგზავრებმაც იციან და იაფად მგზავრობის მოლოდინი არავის აქვს. ასე ქცევა ყველა კომპანია და მძღოლი, რომელიც მდგომარეობის გამოსწორებას სადღესასწაულო დღეებში ელოდება. ამ მხრივ კი აღდგომის დღესასწაული გამორჩეულია", - ამბობს მძღოლი რაულ კილასონია.

მარი ჩიტაია

გაზეთი "რეზონანსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია