პატრიარქის უფლებები და მოვალეობები - სად გადის ზღვარი სასულიერო და საერო მოღვაწეობას შორის?

პატრიარქის უფლებები და მოვალეობები - სად გადის ზღვარი სასულიერო და საერო მოღვაწეობას შორის?

1977 წლის 25 დეკემბერს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის საპატრიარქო ტახტზე პატრიარქი ილია II იქნა აღყვანილი, 1990 წელს კი მისი ხანგრძლივი და დაუღალავი შრომით მსოფლიო საპატრიარქომ მიანიჭა მტკიცების სიგელი, რითაც აღდგა ისტორიული სამართლიანობა და მთელმა მართლმადიდებელმა სამყარომ სცნო საქართველოს უწმიდესი ეკლესიის ავტოკეფალია.

რა უფლებები და ვალდებულებები გააჩნია სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს სინოდისა და ერის წინაშე? რა დებულებები არეგულირებს საპატრიარქოს უფლება-ვალდებულებებს და სად გადის ზღვარი კათოლიკოს-პატრიარქის სასულიერო და საერო მოღვაწეობას შორის? ამ და სხვა საინტერესო თემებზე ambebi.ge თეოლოგიის დოქტორს საეკლესიო სამართალში, მღვდელ ალექსი ქშუტაშვილს ესაუბრა.

- რა უფლება-მოვალეობები გააჩნია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ერისა და სინოდის წინაშე?

- "საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით", პატრიარქი არის წმინდა სინოდის თავმჯდომარე, რომელსაც საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება ირჩევს. მართლმადიდებლური ტრადიციის თანახმად, მას ირჩევენ სამუდამოდ (კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებამდე).

კათოლიკოს-პატრიარქის უფლება-მოვალეობები ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებაში დაწვრილებით არის გაწერილი. დებულების მიხედვით, საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელი არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი.

კათოლიკოს-პატრიარქობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

- ეროვნებით უნდა იყოს ქართველი,

- უნდა იყოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი,

- უნდა ჰქონდეს საღვთისმეტყველო განათლება და საეკლესიო მმართველობის საკმარისი გამოცდილება,

- ასაკით უნდა იყოს არანაკლებ ორმოცი წლისა და არაუმეტეს სამოცდაათი წლისა,

- უნდა იყოს ბერი.

კათოლიკოს-პატრიარქი უფლებამოსილია მამამთავრული შენიშვნა მისცეს ან საეკლესიო სასჯელი შეუფარდოს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში შემავალ სამღვდელოებას, ბერმონოზვნებსა და ერისკაცებს და შეატყობინოს ამის მესახებ ეპარქიის მმართველ მღვდელმთავარს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ზრუნავს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლისიის საეკლესიო დადგენილებების განხორციელებისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქიის ერთიანობაზე; ხელს აწერს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის დადგენილებებსა და სხვა საერთო-საეკლესიო დოკუმენტებს; ახორციელებს უმაღლეს ზედამხედველობასა და კონტროლს ყველა საეკლესიო საქმეზე; ზრუნავს თავისუფალ სამღვდელმთავრო კათედრებსა და მათ შევსებაზე. უფლებამოსილია უხელმძღვანელოს ახალი მღვდელმთავრის არჩევას. სხვა მღვდელმთავრებთან ერთად ახდენს ახალი მღვდელმთავრის ხელდასხმას. აძლევს მას "დადგინების სიგელს".

პატრიარქს აქვს უფლება მისცეს ძმური რჩევები მღვდელმთავრებს როგორც მათი პირადი ცხოვრების, ასევე სამღვდელმთავრო მოვალეობის შესრულების შესახებ. მათი მხრიდან უყურადღებობის შემთხვევაში კი შეუძლია მიმართოს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდს.

იმ შემთხვევაში, თუკი მღვდელმთავრებს შორის გარკვეული გაუგებრობა წარმოიშობა, პატრიარქი იღებს განსახილველ საქმეებს, მისი გადაწყვეტილება კი ორივე მხარისთვის სავალდებულოა.

- გარდა დებულებაში აღნიშნული უფლებამოსილებებისა, რა მოვალეობები გააჩნია პატრიარქს?

- სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ მრევლს პატრიარქი ეპისტოლეთი წელიწადში ორჯერ მიმართავს - აღდგომისა და შობის ბრწყინვალე დღესასწაულებზე. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეპისტოლეთი მრევლისთვის მიმართვის უფლება მხოლოდ მას აქვს. მახსოვს, როდესაც პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი, პატრიარქი გარკვეულ რჩევა-დარიგებებს გვაძლევდა, თუ როგორ უნდა გვემუშავა სხვადასხვა ტიპის ნაშრომზე. სწორედ მაშინ აღნიშნა, რომ ეპისტოლეს ტექსტზე მუშაობას თითქმის ორი თვით ადრე იწყებდა, სიღრმისეულად ეცნობოდა შესაბამის ლიტერატურას და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებდა წერილობით ტექსტზე მუშაობას. თუმცა ეს ფაქტი არ გამორიცხავს იმას, რომ მას სხვა სპეციალისტები უწევდნენ კონსულტაციას ამა თუ იმ ტექსტზე მუშაობის პროცესში.

- რა შემთხვევაში უწევს კათოლიკოს-პატრიარქს გადაწყვეტილებების არა ერთპიროვნული, არამედ სინოდის დახმარებით მიღება?

- ვინაიდან პატრიარქი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსია, ისეთი საკითხები, რომლების ამ ორი ეპარქიის ფარგლებს სცდება, სავალდებულოა სინოდის თანდასწრებით გადაწყდეს. ამის საფუძველი მოციქულთა 34-ე კანონია, სადაც წერია, რომ პირველ მღვდელმთავარს არ აქვს უფლება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება სინოდის გარეშე მიიღოს, ხოლო რიგითი მღვდელმთავარი უპირატესი მღვდელმთავარის, ანუ პატრიარქის შეთანხმების გარეშე გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებს.

მაგალითად, კონკრეტული კანდიდატის ეპისკოპოსის ხარისხში ასაყვანად პატრიარქი კანდიდატს სინოდს წარუდგენს, თუმცა ერთპიროვნულად ეპისკოპოსის ხარისხს ვერ მიანიჭებს.

- არის თუ არა არსებითი განსხვავება საქართველოსა და სხვა მართლმადიდებლური ქვეყნების ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებებს შორის?

- არსებითი განსხვავება არ არსებობს, თუმცა შეიძლება რამდენიმე გამოვყოთ:

მაგალითად, ჩვენი მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით, ეკლესიის გაფართოებული კრების მოწვევა წელიწადში ორჯერ ხდება - ახალი პატრიარქის არჩევისა და მართვა-გამგეობის ახალი დებულების შემუშავების მიზნით. სხვა მართლმადიდებლურ ქვეყნებში გაფართოებული კრების მოწვევის სხვა მიზეზებიც არსებობს. გარდა ამისა, ჩვენი დებულების მიხედვით, ეპისკოპოსები მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს პატრიარქის კურთხევის გარეშე ვერ იღებენ, მაგალითად, თუ რომელიმე ეპისკოპოსი გარკვეული მიზეზით ქვეყნის დატოვებას გეგმავს, ამის შესახებ აუცილებლად უნდა აცნობოს პატრიარს და მისგან მიიღოს ნებართვა.

- შეიძლება თუ არა პატრიარქს ჩამოერთვას უფლებამოსილება და რა შემთხვევაში?

- პატრიარქის გადაყენება შეიძლება მხოლოდ ორ შემთხვევაში: თავად პატრიარქის ინიციატივით ან სინოდის გადაწყვეტილების საფუძველზე, თუ პატრიარქს რაიმე სახის მძიმე დანაშაულში ამხელენ. ასეთი შემთხვევები მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში ძალიან იშვიათია, თუმცა გამონაკლისები არსებობს. დაახლოებით 10-15 წლის წინ იერუსალიმის პატრიარქს შეუჩერდა უფლებამოსილება ქონების გაფლანგვის გამო. 2 წლის წინ კი ჩეხეთის მიტროპოლიტი გადადგა. ის გარკვეულ ზნეობრივ დანაშაულში ამხილეს.

- სად გადის ზღვარი სახელმწიფოში საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის არსებულ ურთიერთობებსა და უფლება-მოვალეობებს შორის? საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური მოვლენების დროს ყოველთვის მიმართავს საზოგადოებას. სად გადის ზღვარი საერო და სასულიერო ცხოვრებას შორის?

- პრაქტიკულად ყველა ევროპულ ქვეყანაში არსებობს კანონი რელიგიების შესახებ, სადაც განსაზღვრულია როგორც ცალკე ეკლესიების(როგორც დომინანტი, ისე რელიგიური უმცირესობების) , ისე სახელმწიფოს უფლება-მოვალეობები ეკლესიის წინაშე. სამწუხაროდ, ჩვენ მსგავსი კანონი ჯერჯერობით არ გაგვაჩნია, რაც მთელ რიგ შემთხვევებში ხელისშემშლელი აღმოჩნდება ხოლმე. თუმცა არსებობს კონსტიტუციური შეთანხმება (კონკორდატი) მართლმადიდებელ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის, სადაც გაწერილია ეკლესიისა და სახელმწიფოს უფლება-მოვალეობები. ასევე არსებობს ორმხრივი ხელშეკრულებები საპატრიარქოსა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებს შორის. მაგალითად, იუსტიციის სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულება არეგულირებს სასულიერო პირების უფლებას საპატიმროებში რელიგიური დახმარების აღმოჩენასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ხელშეკრულების საფუძველზე სამღვდელო პირებს პრობაციონერების სოციალურ რეაბილიტაციაში მონაწილეობის მიღების უფლება ეძლევათ.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში 14 საყოველთაოდ აღიარებული ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია არსებობს, რომელთაგან 9 არის საპატრიარქო რანგის (კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმის, მოსკოვის, საქართველოს, სერბეთის, რუმინეთის, ბულგარეთის), სამი ავტოკეფალური სამთავარეპისკოპოსო [საარქიეპისკოპოსო] ( კვიპროსის, საბერძნეთის, ანუ ელადის და ალბანეთის) და ორი ავტოკეფალური სამიტროპოლიტო (პოლონეთის და ჩეხეთ-სლოვაკეთის). მიუხედავად იმისა, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქი ატარებს "მსოფლიო, ანუ ეკუმენური პატრიარქის"ტიტულს, ეს წოდება სიმბოლური და საპატიოა და არა რეალური შინაარსისა. იგია "პირველი თანასწორთა შორის".

მიუხედავად პატრიარქის, მთავარეპისკოპოსისა და მიტროპოლიტის წოდებისა, ყველა ეკლესიის მეთაური ერთმანეთთან მიმართებაში თანასწორი და დამოუკიდებელნია. ყოველი მათგანი თავის რწმუნებულ ეკლესიას მართავს თავისი სინოდის საშუალებით. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო მართლმადიდებელი, "ერთი წმინდა კათოლიკე, სამოციქულო ეკლესია" დაყოფილია თვითმმართველ (ავტოკეფალურ) ადგილობრივ ეკლესიებად, რომელნიც ერთმანეთისგან სტრუქტურულ დონეზე დამოუკიდებელნი არიან, მსოფლიო ეკლესია სულიერი, სწავლებითი და მადლისმიერი მნიშვნელობით ერთიანი და განუყოფელია.

სალომე შიხაშვილი, Ambebi.ge

იხილეთ ავტორის სხვა სტატიები

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია