ენერგოვამპირები - ვინ გვართმევს სასიცოცხლო ძალებს?

ენერგოვამპირები - ვინ გვართმევს სასიცოცხლო ძალებს?

ენერგოვამპირების შესახებ ყველას გვსმენია, მაგრამ არსებობენ თუ არა ისინი რეალურ სამყაროში? თუ ცხოვრობენ ჩვენ გვერდით ადამიანები, რომლებსაც ჩვენგან სასიცოცხლო ენერგიის მითვისების უნარი შესწევთ? ეს კითხვები მაშინ დაისვა, როცა ნანა კუპატაძე დაგვიკავშირდა და გვთხოვა, საშუალება მიგვეცა მისთვის "გზის" საშუალებით იმ ადამიანებს დაჰკავშირებოდა, რომლებსაც რაიმე შეხება ჰქონდათ ენერგოვამპირებთან. ეს სურვილი ქალბატონ ნანას მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ქმარმა მისი სიტყვების სიმართლეში ეჭვი შეიტანა და მათ ოჯახს დანგრევის საფრთხე დაემუქრა.

ნანა კუპატაძე:

- გათხოვებიდან რამდენიმე დღის შემდეგ მე და ჩემი ქმარი მარტონი დავრჩით. სტუმრები წავიდნენ, სახლი დაცარიელდა. იქაურობა გულდასმით დავათვალიერე. შევნიშნე, რომ კედელი, რომელიც ჩვენს ბინას მეზობლის ბინისგან ჰყოფდა, იმდენად თხელი იყო, რომ ხმასაც კი ვერ დაახშობდა, ჩემს მეზობელს ყოველთვის ეცოდინებოდა თუ რა მოხდებოდა ჩვენს ოჯახში. იმ ბინაში მარტოხელა მოხუცი ცხოვრობდა, ანგელინა ბებიას ეძახდნენ. ერთ დღეს მისი თვალები შემეფეთა. ისე ავფორიაქდი, რომ ვერც კი მივესალმე: ასეთი თვალები არასოდეს მენახა - ბოროტად დაკვესილი და ისე გადმოკარკლული, თითქოს შეჭმას მიპირებდა... იმ დღიდან მოყოლებული, როცა მის თვალებს წავაწყდებოდი, ვგრძნობდი, ძალა მეცლებოდა და მთელი დღე ვეღარაფერს ვაკეთებდი - თავბრუ მესხმოდა და ცუდად ვიყავი. რაც უფრო ხშირად მეორდებოდა მსგავსი რამ, მით უფრო მემატებოდა მისგან მომდინარე გაუცნობიერებელი შიში. არც კი ვიცი, რატომ მეშინოდა, ვის ან რას ვხედავდი მასში... ერთი რამ ცხადია - როგორც კი დავფეხმძიმდი, შიში გამიორმაგდა.

- ქმარს არ უთხარით ამის შესახებ?

- რა თქმა უნდა. გაიცინა და მითხრა: ანგელინა ბებია ჭიანჭველასაც არ დაადგამს ფეხს, მაგან რა უნდა დაგიშავოსო? ! ვერ გამიგო, უფრო მეტიც - ერთ დღეს, ფანერის კედელი მოხსნა და - ანგელინა ბებიამ ბინა გვაჩუქაო, - მახარა. ამაში თითქოს გასაკვირი არაფერი იყო - მოხუცს არავინ ჰყავდა. მარტო ცხოვრებას, ცხადია, ჩვენთან ყოფნა ერჩია... თავიდან, თავს არ გვაბეზრებდა. იცოდა, რომ არ მომწონდა და სულ მერიდებოდა, სანამ სამსახურში არ წავიდოდი, თავისი ოთახიდან არ გამოდიოდა... ერთ დღეს, ვიღაცის დაჟინებული მზერა ვიგრძენი. მივხვდი - კარის ჭუჭრუტანიდან მიყურებდა. ყურადღება არ მივაქციე. მაგვიანდებოდა. კარი გავიხურე და რადგან ლიფტი არ მუშაობდა, ფეხით დავაპირე კიბეზე ჩასვლა. რაღაცას ფეხი წამოვკარი და კიბეზე დავგორდი. ისეთი ტკივილი ვიგრძენი, თითქოს სულს ვღაფავდი. ჩემს ყვირილზე მეზობლები გამოცვივდნენ. "სასწრაფო დახმარება" გამოიძახეს. ექიმებმა ჩემი საავადმყოფოში გადაყვანა გადაწყვიტეს. ეზოდან საკაცით რომ გავყავდი, ანგელინა ბებიას მოვკარი თვალი. სადარბაზოს კართან იდგა და მომჩერებოდა. ისეთი ბოროტი მზერა ჰქონდა, რომ კანკალი დამაწყებინა...

- სხვები თუ ამჩნევდნენ ასეთი სატანური მზერა რომ ჰქონდა?

- არა, ჩემ გარდა, არავის უთქვამს მსგავსი რამ. უფრო მეტიც, რომ ავიჩემე: მომაშორეთ მაგ ქალს, ნამდვილი ენერგოვამპირია-მეთქი, - დედაჩემმაც კი მისაყვედურა: ქალმა ოროთახიანი ბინა გაჩუქა, შენ კი საღად ვერ აზროვნებო... ასე იყო თუ ისე, ბავშვი დავკარგე, რის შემდეგაც ძალიან ნერვიული გავხდი. ვიცოდი, ამ მოხუცის გამო შეიძლებოდა, ქმართან სერიოზული უსიამოვნება მქონოდა: ქმარი არ მაპატიებდა, ცუდად თუ მოვექცეოდი, არადა, მისი დანახვაც არ მინდოდა. მალე დეპრესიაში ჩავვარდი. ცნობილ ფსიქიატრთან დავიწყე მკურნალობა. მასაც ვუამბე, რასაც ანგელინა ბებიას მიმართ ვგრძნობდი. მომისმინა, მაგრამ არ დამიჯერა. მე კი მინდოდა, ვინმეს ჩემი სიტყვების სიმართლე ერწმუნა. ერთხელ, თავი ძალიან მტკიოდა. დასაძინებლად ადრე დავწექი, ჩამეძინა. ძილშიც კი ვიგრძენი მისი მზერა. თვალი რომ გავახილე, დავინახე – ჩემს საწოლთან ხის სკამზე დასკუპულიყო და მომჩერებოდა. გადავწყვიტე, თვალი თვალში გამეყარა მისთვის – მინდოდა, ჩემი ეჭვების სისწორეში დავრწმუნებულიყავი. არ ვიცი, რამდენ ხანს ვუცქირე თვალმოუცილებლად, მაგრამ ის კი ნამდვილად მახსოვს, როგორ მომერია ძილი. მეგონა, ჩამეძინა – თურმე, გონება დამიკარგავს, მან ჩემგან თითქოს სასიცოცხლო ენერგია შეისრუტა... ამის შემდეგ, ერთი თვე ფეხზე ვეღარ დავდექი, ანგელინა ბებია სულ თავთან მეჯდა, მზრუნველი ბებიასავით წუთით არ მცილდებოდა. ექიმებმა ჩემს ავადმყოფობას ვერაფერი გაუგეს. ბოლოს დედაჩემმა თქვა: იქნებ, მართლა ამ მოხუცის ბრალია ჩემი შვილის ავადმყოფობაო? - და თავის სახლში წამიყვანა. მალე გამოვჯანმრთელდი. ეჭვი აღარ მეპარებოდა – მოხუცი ენერგოვამპირი იყო. დედასთან დარჩენა გადავწყვიტე. ქმრის ხვეწნა-მუდარამ განზრახვაზე ხელი ვერ ამაღებინა. სამი თვის შემდეგ, ჩემი ქმარი მოვიდა და თან ანგელინა ბებია მოიყვანა. მის დანახვაზე ფერი მეცვალა. მან კი გულში ჩამიკრა და მითხრა: მომენატრე, შვილივით მიყვარხარ და შენთვის მხოლოდ კარგი მინდაო. მისი სიტყვები მეუცნაურა. მივხვდი - იცოდა, მისგან რასაც ვგრძნობდი.

- საიდან შეიძლებოდა გაეგო?

- ჩემი ქმრისთვის უკითხავს: შინ რატომ არ ბრუნდებაო? - და ზურას აღარ დაუმალავს სიმართლე. ანგელინა ბებიას ბევრი უტირია და უთხოვია, მასთან წამიყვანეო. ჩემთვის სახეში არც შემოუხედავს. ისე მიამბო ძალიან სევდიანი ამბავი. სამედიცინო ტექნიკუმში სწავლობდა და თურმე თავისი პედაგოგი შეჰყვარებია. იმ კაცს უთქვამს: შემომხედავ თუ არა, მუხლები მეკვეთება, თითქოს ენერგია წამართვიო... შეყვარებულ გოგოს ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია. იმ კაცს კი სამი თვის შემდეგ, ანგელინასკენ საცემრად გაუწევია: კუდიანი ხარ, რაც შენ გაგიცანი, მას შემდეგ კაცად აღარ ვვარგივარ. დავავადმყოფდიო... საბრალო ანგელინას დაუჯერებია, რომ თვალებით უბედურება მოჰქონდა, ამიტომ აღარც გათხოვილა და მეგობრებსაც ჩამოსცილებია.

- მხოლოდ იმ ერთ ადამიანზე მოქმედებდა მისი მზერა უარყოფითად?

- დიახ. სანამ მე არ გამიცნო, მისთვის აღარავის უთქვამს, კუდიანი ხარო. როგორც თვითონ მითხრა, იმ კაცის შემდეგ, ვინც მთელი სულით და გულით შეიყვარა, პირველი მე ვიყავი. რომ დაგინახე, დავიფიცე, რომ თავს შეგაყვარებდი და სულს შენს ხელში დავლევდიო, - მითხრა... მის მიმართ საოცარი სიბრალული ვიგრძენი, მაგრამ დახმარება არაფრით შემეძლო - ის ჩემზე ცუდად მოქმედებდა და თუ მინდოდა, ჯანმრთელი ვყოფილიყავი, მისგან შორს უნდა მეცხოვრა...

საინტერესოა, რას ფიქრობენ ის ადამიანები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ნებისმიერი პარანორმალური მოვლენა გაგრკვეულ კანონზომიერებას ექვემდებარება? გვესაუბრება პარაფსიქოლოგი ანატოლი პირველი:

- ნებისმიერი ადამიანი გზაჯვარედინზე მდგარ მოგზაურს ჰგავს, რომელმაც არ იცის, საით წავიდეს, რომელი გზა აირჩიოს, რომელი გზა მიიყვანს დასახულ მიზნამდე. ალბათ ყველას აინტერესებს, თუ რატომ ხდება, რომ ერთი ადამიანი სწორ გზას ადგება, მეორე კი შუა გზიდან გადაუხვევს და უკან ბრუნდება, ვინ ან რა აიძულებს, სწორი თუ არასწორი არჩევანის გაკეთებას. მეცნიერთა აზრით, ეს ძალა, კარმა გახლავთ: კარმა ჩვენ მიერ ჩადენილი ცოდვა-მადლის აწონა და ამის შედეგად მიღებული ჯილდოა. ხომ გაგიგონიათ - ამ კაცს მძიმე კარმა აქვსო. მძიმე კარმა იმ ადამიანსაც აქვს, რომელმაც ანგელინა ბებიის შესახებ გიამბოთ და თავად ანგელინასაც. ის ენერგოვამპირია, ე.ი. ჯოჯოხეთისთვისაა გამწესებული და ცოდვების მოკიხთვა მისთვის ამქვეყნადვეა დაწყებული. ცოდვები მოეკითხება იმასაც, ვინც ენერგოვამპირის ზეგავლენის ქვეშ მოექცა: ორივე, ღმრთისგან დასჯილი და ცოდვებით დამძიმებული ადამიანია. ენერგოვამპირის განკურნება ამქვეყნად არ არსებობს. ის რეინკარნაციასაც არ ექვემდებარება.

- რას გულისხმობთ?

- როცა სული განიცდის რეინკარნაციას, ის კვლავ ბრუნდება დედამიწაზე. ზოგი ადამიანი წინა ცხოვრებაში შეიძლება, ცხოველი ან მცენარე იყო, შემდეგ კი, ადამიანად დაიბადა. ენერგოვამპირი ხელახლა ვერ დაიბადება.

- როგორ უნდა ამოვიცნოთ ენერგოვამპირი?

- მცდარია მოსაზრება, თითქოს ენერგოვამპირები ჩვენ სიკვდილის პირას მიგვიყვანენ. ასეთი ენერგოვამპირები ქუჩებში არ დასეირნობენ, რადგან ამხელა ძალას რომ მიაღწიოს, მას, ვისაც სხვისგან სასიცოცხლო ენერგიის მიღების უნარი შესწევს, ტიტანური შრომა უწევს. ამაზე ლაპარაკი ახლა არც ღირს. ჯობს, ყოველდღიურობას დავუბრუნდეთ და ჩვეულებრივ, "სუსტ" ენერგოვამპირებზე ვისაუბროთ. თუ ადამიანი ცუდ ხასიათზე გაყენებთ, თუ მასთან საუბრის შემდეგ, მსუბუქ თავის ტკივილსა და სისუსტეს გრძნობთ, ე.ი. ის თქვენთვის ენერგოვამპირია. ამაში საგანგაშო არაფერია, რადგან არსებობს თავდაცვის უმარტივესი მექანიზმი: გაწყვიტეთ ყოველგვარი ურთიერთობა ასეთ ადამიანთან.

- მაგრამ როცა ენერგოვამპირი უახლოესი ადამიანი ან ოჯახის წევრია?

- თუ ენერგოვამპირი შვილია, მაშინ უნდა ჩავატაროთ "სისხლის ჯგუფის შეცვლის რიტუალი" და მისგან მიღებული ნეგატიური ზემოქმედება მინიმუმამდე შემცირდება. ამ რიტუალს მხოლოდ გამოცდილი პარაფსიქოლოგი ატარებს. სისხლის ჯგუფი ადამიანის უმნიშვნელოვანესი თვისებების მარეგულირებელია. მაგალითად, იაპონიაში ნებისმიერ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნისას, კანდიდატურის სისხლის ჯგუფსაც აქცევენ ყურადღებას. ამის მიზეზი ის არის, რომ მათ სწამთ კარმის კანონების, სისხლის ჯგუფით კი ვლინდება, როგორი კარმა აქვს ადამიანს. უპრობლემოდ დგინდება ისიც, თუ როგორი ძალის ენერგოვამპირია და როგორ შეიძლება მის წინააღმდეგ ბრძოლა.

- რატომ ან როგორ ჩნდებიან ენერგოვამპირები?

- ძველი აღმოსავლეთის სწავლულების აზრით, ის ცხრა თვე, რასაც ბავშვი დედის საშოში ატარებს, სხვადასხვა პლანეტის ზემოქმედებით გამოირჩევა. თუ მომავალი დედა უარყოფითი ზემოქმედების ქვეშ მოექცევა, აუცილებლად მაგიური თვისებებით "შემკულ" ბავშვს გააჩენს. ორსულობის მეორე თვე მთვარის თვედ იწოდება. ეს ქვეცნობიერი ინსტინქტებისა და ემოციური სფეროს ფორმირების დროა. ორსულობის მერვე თვის მფარველი ურანია. იგი მომავალ ჩვილს რთულ ამოცანებს უსახავს. "უვითარებს" ნათელმხილველობის ცენტრს. ნაყოფში ყალიბდება დამცავი კოსმოსური ცენტრი, ასტრალური სხეული და "ანტენები", რომელიც კოსმოსიდან იღებს ვიბრაციას.

თუ ორსულობის მერვე თვეში ქალი საგრძნობლად დაშორდება ღმერთს, თუ ახალი მთვარეა და ნაკიანი წელიწადია, არსებობს იმის ალბათობა, რომ ახალშობილი, ენერგოვამპირი იქნება. თუ მამა მონათლულია, მსგავსი რამ მოსალოდნელი არ არის.

- ამბობენ, პოლიტიკოსები ენერგოვამპირებივით ზემოქმედებენ მასებზეო...

- ამაში დევს ჭეშმარიტების მარცვალი. მე შევესწარი ასეთ ფაქტს: აფხაზეთიდან დევნილები საშინელ უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ პრეზიდენტის მიმართ. მეგონა, როცა შევარდნაძეს შეხვდებოდნენ, შეურაცხყოფას მიაყენებდნენ. შეხვედრაზე იმ ქალებმა, რომლებიც განსაკუთრებით ილანძღებოდნენ, კინაღამ ხელები დაუკოცნეს პრეზიდენტს. ფაქტია, რომ მან დიდი ზემოქმედება მოახდინა. ამგვარი რამ პოლიტიკოსებისთვის დამახასიათებელია. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ეს უფრო ჰიპნოზია, ვიდრე სხვებისგან ენერგიის მითვისების ტექნიკა.

ანატოლი პირველმა რამდენიმე ადამიანთან დამაკავშირა და მითხრა – ისინი გიამბობენ ნამდვილი, თბილისელი ენერგოვამპირების შესახებო, მაგრამ ჩვენთან საუბარს მხოლოდ ერთი მათგანი დათანხმდა და ისიც ტელეფონით.

მაკა ბექაური:

- ერთ დღეს სიონის ეკლესიასთან შუახნის კაცი - არკადი გამომელაპარაკა, მერე კაფეში დამპატიჟა. ბოლოს კი სახლამდე მანქანით მიმიყვანა. გამომშვიდობებისას ექვსი სანთელი მაჩუქა და მითხრა, ყოველ საღამოს თითო სანთელი დაანთე და ჩემზე იფიქრეო. გაოცებული დავრჩი, ნუთუ მოვეწონე-მეთქი?! - ვკითხე საკუთარ თავს და როგორც კი დაძინება გადავწყვიტე, სანთელი დავანთე. მოკიაფე ალს მივაჩერდი და შევეცადე, მისი სახე წარმომედგინა. თვალი რომ გავახილე, წამოდგომა ვერ შევძელი, თავს ისე ცუდად ვგრძნობდი და ისეთი ძალაგამოცდილი ვიყავი, სხეული აღარ მემორჩილებოდა... მცირე ხნის შემდეგ არკადიმ დამირეკა. მომაჯადოებული ხმა ჰქონდა. მონუსხულივით ვუსმენდი. მიუხედავად იმისა, რომ არ მინდოდა, ქორწილამდე ვინმესთან სექსი მქონოდა, მაინც შევპირდი ამაღამ შენთან მოვალ-მეთქი. მართლაც, რვა საათი გახდა თუ არა, იმ მისმამართზე მივედი, რომელიც არკადიმ დამისახელა. ის ღამე ერთად გავატარეთ. თითქმის უცნობ მამაკაცს დავნებდი. შინ რომ დავბრუნდი, ნერვიულობისგან ვკანკალებდი. უკვე ვხვდებოდი რაც ჩავიდინე. გამწარებული და სასოწარკვეთილი მხულებზე დავეცი. არკადის ნაჩუქარი სანთელი დავანთე და ლოცვა დავიწყე. დილით გულწასული მიპოვეს. დედაჩემის კივილმა მთელი სადარბაზო ფეხზე დააყენა, იფიქრა, შვილი მომიკვდაო... მომდევნო ორი დღე საწოლიდან ვეღარ ავდექი. თუმცა, იმდენი კი მოვახერხე, რომ დედისთვის სიმართლე დამემალა.

- არკადის აღარ დაურეკავს?

- როგორ არა! ყოველ საღამოს მირეკავდა, მეუბნებოდა: სანთელი დაანთე, ჩემზე იფიქრე და ჩემს სიახლოვეს იგრძნობო. ყოველი ახალი სანთლის დანთებისას, თავს სულ უფრო ცუდად ვგრძნობდი. დედასაც კი ვუთხარი: ასე მგონია, დიხანს აღარ ვიცოცხლებ-მეთქი. გაოცდა. ისე იქცევი, თითქოს სულში სატანა ჩაგისახლდაო, - მითხრა. მახსოვს, ხუთშაბათი იყო, ღამდებოდა, მეხუთე სანთელი დავანთე და ლოცვა დავიწყე. არც კი ვიცი,M რამ მაიძულა, სამართებელი ამეღო და ვენები გადამესერა. ვგრძნობდი როგორ გამოდიოდა ჩემი სხეულიდან სასიცოცხლო ენერგია, თანდათან ვსუსტდებოდი და თვალებსაც ვეღარ ვახელდი, მაგრამ ეს პროცესი განუსაზღვრელ სიამოვნებას მანიჭებდა. მერე გრძნობა დავკარგე... რა თქმა უნდა, საავადმყოფოში წამიყვანეს. მერე დედამ შინ ის სანთელი იპოვა, რომელიც არკადიმ მაჩუქა. მღვდელს მიუტანა. მამა ზაზა გაოცდა თურმე: ბავშვი სატანების ხელში ჩავარდნილა, შავ ძაფზე ჩამოქნილი სანთლის დანთების ნება როგორ დართეთო?! ეკლესიაში წამიყვანეს. რადგან სიარული არ შემეძლო, ბიძამ ხელში ამიყვანა და ისე შემიყვანა საყდარში. იქიდან კი საკუთარი ფეხით წამოვედი... არკადი აღარ შემხვედრია. უფრო სწორად, ჩემთან საუბარი აღარ უცდია, თორემ ერთხელ, ქაშუეთის ეკლესიასთან დავინახე, ხელში შავ ძაფზე ჩამოქნილი სანთლები ეჭირა... მას შემდეგ სამი წელი გავიდა. ჯერჯერობით სიმშვიდეს არაფერი მირღვვს, რადგან რწმენით შევიქმენი ის მტკიცე ზღუდე, რომელსაც ვერანაირი ბოროტი ძალა ვერ გადმოლახავს. რწმენაა ის უტყუარი იარაღი, რომელიც გვიცავს და სულიერად გვამაღლებს.

- რას ფიქრობენ ექიმი-ფსიქიატრები? თუ ჰქონიათ შემთხვევა, როცა მათი პაციენტი ენერგოვამპირი აღმოჩენილა? მათთან საუბრისას რომელიმე ავადმყოფს თუ უთქვამს, რომ შეხება ჰქონია ენერგოვამპირთან? ამის შესახებ ერთ-ერთ ფსიქიატრს გავესაუბრეთ.

- კომუნისტურ ეპოქაში მათ შესახებ არ საუბრობდნენ დაყოველგვარი "საეჭვო" ინფორმაცია მკაცრად გასაიდუმლოებული იყო. საზოგადოების ფართო ფენებმა არც იცოდნენ ენერგოვამპირების არსებობის შესახებ. ამ ტერმინის შინაარსიც კი არ ესმოდათ. თუმცა, ენერგოვამპირები ყოველთვის არსებობდნენ და სწორედ კომუნისტურ ეპოქაში ხდებოდა მათი ორგანიზებული გამოყენება. ამბობენ, უშიროების სამსახურები ასეთ ადამიანებს დღესაც იყენებენ მასებზე ზემოქმედების მოსახდენადო. ამიტომ, როცა პოლიტიკოსები გვესაუბრებიან, თუ ქვეცნობიერად დავუშვებთ, რომ ისინი ენერგოვამპირები არიან, მართლაც ვიგრძნობთ სისუსტეს და ამავე დროს, აღტკინებას. ნებისმიერი პოლიტიკოსი ე.წ. ენერგოვამპირია, სხვანაირად ის მასებს საკუთარ მინუსებს ვერ დაუმალავს. პოლიტიკოსი ნუსხავს და "აბრმავებს" მასას, ისევე, როგორც ენერგოვამპირი. დასამალი არ არის რომ მოსკოვში არსებობს უზარმაზარი ლაბორატორია, სადაც უცნაურ ფენომენებს იკვლევენ. იქ ჩემი პაციენტიც იმყოფებოდა.

- როგორ მოხვდა იმ კლინიკაში თქვენი პაციენტი?

- თბილისშიც ცხოვრობენ ასეთი ადამიანები. მათთან დაგაკავშირებთ. ისინი განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ადამიანები არიან, რომლებიც სპეციალურ სამსახურთან თანამშრომლობენ დამუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. ასეთი ადამიანი იყო ჩემი პაციენტიც. პირობითად, გია დავარქვათ. ის მოსკოვში სწავლობდა და ჰქონდა ასეთი განსაკუთრებული უნარი: ზუსტად შეეძლო დაესახელებინა, როდის, რომელ საათზე და რა სიტუაციაში დაიღუპებოდა ადამიანი. ცდა სამას ადამიანზე ჩატარდა. ცდომილება ნულის ტოლი იყო... შემდეგ გია თბილისში დაბრუნდა. მოხვდა ფსიქიატრიულ კლინიკაში, სადაც დაასრულა კიდეც სიცოცხლე. პირველად რომ ვესაუბრე, ვიგრძენი, რომ ძილი მომერია. ფსიქიატრები დამეთანხმებიან, რომ ამგვარი რამ ჩვენთვის დაუშვებელია. ამიტომ შევეცადე, გიასთან მეორედ შესვლისას, უფრო მობილიზებული ვყოფილიყავი. მაგრამ იგივე განმეორდა. მერე კოლეგას ვთხოვე, დამხმარებოდა. გიას პალატიდან რომ გამოვიდა, მითხრა: თავს ცუდად ვგრძნობ, მუშაობას ვეღარ შევძლებო... ცხადია, ამის შემდეგ გიას მიმართ ჩემი ინტერესი გაასკეცდა. რაც უფრო მეტ დროს ვატარებდი მასთან, უფრო მეტად ვგრძნობდი, რომ ჩემზე საოცარ ზემოქმედებას ახდენდა, ამიტომ ვცდილობდი, მისთვის თვალებში არ მეცქირა. ერთხელ თვითონ მითხრა: მუტანტივით ვარ - ვინც მომწონს, ვისაც ვენდობი, ყველას ენერგიას ვისრუტავო. სწორედ მაშინ ვკითხე საკუთარ თავს: ნუთუ, ენერგოვამპირია-მეთქი?

- ე.ი. ზემოქმედებას მხოლოდ თქვენზე ახდენდა?

- დიახ. ჩემზე და კიდევ ერთ ექიმზე მოქმედებდა ასე უარყოფითად. 1986 წელი იყო. მაშინ ახალბედა ექიმი ვიყავი და ბევრ რამეს ეჭვის თვალით ვუყურებდი, ამიტომ საკუთარ თავში დავიწყე იმის მიზეზის ძებნა, თუ რატომ იყო გია ჩემთვის ენერგოვამპირი, სხვებისთვის კი - არა. სწორედ მაშინ დავუკაშვირდი მოსკოვის საიდუმლო ლაბორატორიაში მომუშავე ერთ ნაცნობ ფსიქიატრს. მან ჩემი ეჭვების გაფანტვა სცადა - მსგავსი არაფერი შეგვინიშნავსო - მითხრა. თბილისში დაბრუნებული, გიას პალატაში შევვარდი, მაგრამ ის უკვე აღარ დამხვდა – გაქცეულიყო. სამი თვის შემდეგ, უკან დააბრუნეს. უკვე ძალზე დასუსტებული იყო. რომ დამინახა, ტირილი დაიწყო...

- რატომ?

- არ ვიცი, ჩემთვის არაფერი აუხსნია. მაგრამ თანდათან, ის კარგად ხდებოდა, მე - ცუდად. იქნებ, ეს წარმოუდგენლადაც მოგეჩვენოთ, მაგრამ მე, ექიმმა-ფსიქიატრმა, მკურნალობა დავიწყე. ამიტომაც გთხოვეთ, ჩემი ნამდვილი ვინაობა არ გაგემჟღავნებინათ.... ისე დავსუსტდი, რომ მუშაობა ვეღარ შევძელი და სოფელში დასთან წავედი დასასვენებლად. ცხრა თვით გავეცალე ფსიქიატრიულ საავადმყოფოს. ეს ჩემთვის ჯოჯოხეთი იყო. ერთ საღამოს, ეზოში ვსეირნობდი. მოულოდნელად, მესრის მიღმა, ნაცნობ სილუეტს მოვკარი თვალი. გია მიყურებდა... მეგონა, ფსიქიატრიულიდან გაიქცა-მეთქი, ამიტომ მეორე დღესვე, უკან დავბრუნდი. ცუდი ამბავი დამხვდა: გია დაღუპულა. სილუეტი კი, მხოლოდ ჩემი წარმოსახვის ნაყოფი აღმოჩნდა... მაშინ დავრწმუნდი, რომ გიაში ენერგოვამპირის აღმოჩენა მე ვისურვე და მოვახერხე კიდეც: ენერგოვამპირის კი არა - საკუთარი წარმოსახვის მსხვერპლი გავხდი...

ეკლესიას ჰიპნოზის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს. საინტერესოა, როგორია დამოკიდებულება ენერგოვამპირების მიმართ? აღიარებს თუ არა ეკლესია ენერგოვამპირების არსებობას?

მამა ზაზა, წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელი:

- ენერგოვამპირების მოქმედებას ეკლესია საშინლად გმობს. არ შეიძლება, ამგვარი მეთოდით ხალხზე ზემოქმედების მოხდენა. დაუშვებელია ადამიანის გონებასა და გრძნობაზე თუნდაც უმნიშვნელო ზეწოლა.

- როგორ უნდა ვებრძოლოთ ენერგოვამპირებს?

- რწმენით. ადამიანმა, რომელმაც იგრძნო მისი ზეგავლენა, ეკლესიური ცხოვრების გზა უნდა აირჩიოს. მოსანათლი აუცილებლად უნდა მოინათლოს... მხოლოდ რწმენით შეიძლება ნებისმიერი სატანური ძალის უკუგდება.

- თქვენს მრევლში თუ აღმოგიჩენიათ ენერგოვამპირები?

- არასდროს. მორწმუნე ადამიანს არ შეიძლება, ისეთი თვალები ჰქონდეს, რომ სხვას ზიანი მოუტანოს... ასე რომ, ენერგოვამპირებს ვურჩევ, ხსნა რწმენაში პოვონ, ილოცონ თავიანთი სულების გადასარჩენად.

ჟურნალი "გზა"

N47, 20.117 2003

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია