ფრთხილად! მკითხავთა მაფია თბილისში – სქემა, რომლითაც "ჯადობაზები" მოქალაქეებს ძარცვავენ

ფრთხილად! მკითხავთა მაფია თბილისში – სქემა, რომლითაც "ჯადობაზები" მოქალაქეებს ძარცვავენ

ჩემი მეგობარი, უფრო ზუსტად, მისი ჯიბე, მკითხავს ემსხვერპლა. სქემა, რომლითაც მკითხავი მოქმედებდა, ძალიან მარტივი აღმოჩნდა. მოკლედ, ჩემმა მეგობარმა ოჯახის წევრი კლინიკაში დააწვინა.

მას ერთი ქალბატონი გამოეცნაურა - უთხრა, რომ საავადმყოფოში ნათესავის სანახავად მოვიდა. რამდენიმე დღის განმავლობაში ეს ქალბატონი ჩემი მეგობრის ოჯახის წევრის ჯანმრთელობას დიდი თანაგრძნობით კითხულობდა და ჩემს მეგობარს დიდი ხნის განმავლობაში ესაუბრებოდა ხოლმე (თავად ამბობდა, რომ საავადმყოფოში ნათესავის სანახავად ყოველდღე დადიოდა).

ერთ-ერთი ასეთი საუბრისას ამ ქალბატონმა ჩემს მეგობარს სასხვათაშორისოდ უთხრა, რომ ადრე მისი ახლობელიც იგივე დაავადებით იტანჯებოდა, რომლითაც ჩემი მეგობრის ოჯახის წევრი (ფსიკიქური პრობლემები), მაგრამ ექიმებმა ვერაფერი უშველეს და მხოლოდ ერთი მკითხავის ძალისხმევით გადარჩა. უთხრა - თუ სურვილი ექნებოდა ამ მკითხავის ნომერს მისცემდა. გაჭირვებული ხავსს ეჭიდებოდაო და ისიც დასთანხმდა. ოღონდ ეს მკითხავი, თურმე, სახლში არავის იღებდა, უნდა დაგერეკა და თავად მოვიდოდა შენს ბინაში.

მკითხავთან მისულმა პირველი შოკი მაშინ მიიღო, როდესაც "ჯადობაზმა" მისი ოჯახის წევრის სურათს დახედა და დაავადების შესახებ ყველაფერი მოუყვა, (რომელიც მანამდე საავადმყოფოში გაცნობილი "კეთილისმსურველისგან" უკვე გაეგო). ამან ჩემი მეგობრის თვალში მეტი დამაჯერებლობა შესძინა მკითხავს. საბოლოოდ, "მკურნალობა" დაიწყეს და შედეგად, ჩემი მეგობრის ბიუჯეტი რამდენიმე ათასი დოლარით შემცირდა, ხოლო მის ახლობელს ისევ ექიმებმა უმკურნალეს. ეს ყველაფერი ისევ ასე დარჩებოდა, რომ არა "მკითხავის" დაუდევრობა. იგივე სცენარი შესთავაზეს ჩემი მეგობრის თანამშრომელს, ოღონდ სხვა საავადმყოფოში.

"მკითხავს დავურეკე და ვთხოვე, რომ ჩემი ოჯახის წევრს "დამატებითი მკურნალობა" სჭირდებოდა. მოვიდა. პირდაპირ ვუთხარი, რომ ყველაფერი ვიცოდი მისი თაღლითობის შესახებ. არ უარუყვია. რა ვქნა, ამით ვშოულობ ფულსო. არ დაგიმალავთ, იმის შიშით, რომ პოლიცია არ ჩამერთო საქმეში, ფულის დიდი ნაწილი დამიბრუნა. მისგან გავიგე, რომ ამ სქემით მარტო ერთი კი არა, რამდენიმე მკითხავი მოქმედებს. მაფია?! საკმაოდ, ბევრია სასოწარკვეთილი ხალხი და შესაძლოა, თაღლითები მას ფულს დღემდე სძალავენ", - განაცხადა ჩვენმა რესპონდენტმა.

P.S. სანამ ექოსკოპიის აპარატები გამოჩნდებოდა, ხაშურის რაიონში ერთი მკითხავი იყო, რომელიც ჯერ არდაბადებული ბავშვის სქესს "წინასწარმეტყველებდა". სანამ პასუხს ეტყოდა მშობელს, ჯერ იმას ეკითხებოდა, თუ ვინ უფრო უნდოდა, ბიჭი თუ გოგო. როდესაც პასუხს გაიგებდა, ჩაატარებდა შამანურ რიტუალს და სწორედ იმ სასურველ სქესს ეუბნებოდა. თუ მართლაც "გაარტყამდა" 9 თვის თავზე "მაღარიჩს" კისრულობდნენ, მაგრამ თუ შეცდებოდა, მიუვარდებოდნენ ხოლმე საჩხუბრად. მკითხავი დიდ დავთარს გამოუტანდა და აჩვენებდა, რომ იმ დავთარში ამ წყვილის გასწვრივ ბავშვის შესაბამისი სქესი ჰქონდა მითითებული და დასძენდა, თქვენ გენაცვალეთ ბიჭი/გოგო გინდოდათ და რომ მეთქვა სიმართლე, ხომ აბორტს გაიკეთებდით?! ჰოდა გენაცვალე, მე მაგ ცოდვაში ფეხს ვერ ჩავდგამდიო.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია