სააღდგომო ტრადიციული საჩუქრები "კვირის პალიტრასთან" ერთად

სააღდგომო ტრადიციული საჩუქრები "კვირის პალიტრასთან" ერთად

მართლმადიდებელი სამყარო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას დღესასწაულობს. "კვირის პალიტრა" კვლავაც მისდევს ტრადიციას და მკითხველს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს ხატითა და მაცხოვრის საფლავიდან გადმოსულ მარადიულ ცეცხლზე თავმომწვარი სანთლებით, რომელთა მადლითა და წყალობით ყველა ერთად ვილოცებთ ჩვენი ქვეყნისა და მთელი სამყაროსთვის.

სანთლები მცხეთის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერშია ჩამოქნილი. მცხეთის წმინდა გიორგის მონასტერი იმ ეზოშია აშენებული, სადაც საქართველოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია II სიყმაწვილისას ცხოვრობდა. უწმინდესის მშობლიურ სახლში, დიდმოწამე გიორგის სახელობის მამათა მონასტერი 2003 წლიდან მოქმედებს. ამჯერად ამჯერად უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის მახარებელი ღირსი მამა გაბრიელის (ურგებაძე) ხატი იქნება. ეს წმინდა ხატი მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტრის ფერისცვალების სახელობის ტაძარშია დაბრძანებული.

მართლაც რომ სიმბოლურია ეს საჩუქარი: წმინდა გაბრიელი ხომ ყოველდღე კვდებოდა ქრისტესთვის, თავისი საქართველოსთვის და როცა 18 წლის წინ გარდაიცვალა, მან, როგორც ქრისტეს ჭეშმარიტმა მოწაფემ, თავისი სიკვდილით სიკვდილი დათრგუნა, მარადისობაში გადასახლდა და უამრავი ადამიანი ზეცისკენ აგვახედა.

ხატები და სანთლები "პალიტრამედიის" სტამბა "კოლორში" მცხეთის წმინდა გიორგის სახელობის მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ანტონ ფიჩხაიამ აკურთხა და "კვირის პალიტრის" მკითხველებსა და ყველა მართლმადიდებელს მიულოცა აღდგომა უფლისა ჩვენისა:

- ვულოცავ სრულიად საქართველოს ბრწყინვალე დღესასწაულს. ეს დღე ყოფილიყოს ჩვენი განახლებისა და სულიერი აღდგომის დღე! მადლობა უფალს, რომ "კვირის პალიტრა" ყოველწლიურად ატარებს ამ აქციას და გაზეთის მკითხველი უკვე ტრადიციულად ელოდება სააღდგომო საჩუქარს - სანთელსა და ხატს. ეს სანთლები დამზადებულია მცხეთაში და თავმომწვარია წმინდა ქალაქ იერუსალმიდან ჩამოტანილი მარადიული ცეცხლით.

როგორც იცით, მცხეთა ჩვენმა უწმინდესმა პატრიაქმა წმინდა ქალაქად გამოაცხადა, ასე რომ, "კვირის პალიტრასთან" ერთად, თქვენს ოჯახებში ორი წმინდა ქალაქის, იერუსალიმისა და მცხეთის მადლი შემობრძანდება. წელს დიდი მადლი გადმოვიდა სრულიად საქართველოზე - გაიხსნა წმინდა მამა გაბრიელის საფლავი, წმინდა ქალაქი მცხეთა კი მამა გაბრიელის გარეშე უკვე წარმოუდგენელია. ამ ქალაქს მრავალი სხვა წმინდანიც ჰყავს, მაგრამ მამა გაბრიელი ჩვენს ცხოვრებაში განსაკუთრებულად ახლოსაა. წმინდანთა უწყვეტ ჯაჭვში ის ბოლოა, ვისაც უნდა დავეყრდნოთ. მამა გაბრიელი თითქმის ჩვენი თანამედროვეა, არაერთი ადამიანია ჩვენ შორის, ვინც მას იცნობდა და მისი სასწაულების მომსწრეა.

ეს ხატი დიდი სიხარულისა და სიახლის მაუწყებელია. ამ სანთლებსა და ხატებზე გადმოსულია პატრიარქის ლოცავ-კურთხევის მადლი, რაც სიხარულით აავსებს მართლმადიდებელთა გულებს. აღდგომის სიხარული გქონოდეთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდი, ამინ!

ნათია დოლიძე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია