რატომ მოიმატა ადამიანებში აგრესიამ და შეიძლება თუ არა მისი მართვა - "გაჩერდი, თორემ გცემ!"

რატომ მოიმატა ადამიანებში აგრესიამ და შეიძლება თუ არა მისი მართვა - "გაჩერდი, თორემ გცემ!"

არაფერია იმაში ახალი, თუ ვიტყვით, რომ XXI საუკუნეში აგრესიამ საგრძნობლად მოიმატა. ადამიანები აგესიას გამოხატავენ ყველგან: ქუჩაში, ოჯახში, ეკრანზე, პარლამენტში, სოციალურ ქსელში, პრაქტიკულად, ამ უარყოფითი ემოციის გამოვლენის ასპარეზი საკმაოდ ვრცელია...

ბოლო დროს ბოღმა საოცარი სიმძაფრით სოციალურ ქსელშიც გაიშალა. ერთმანეთს ისე ლანძღავენ, თვალსაც არ დაახამხამებენ... ასე რომ, მამების თაობის საყვარელმა ფრაზამ: წინა კაცი უკანა კაცის ხიდიაო - ტრანსფორმაცია განიცადა, - ახლა წინა კაცმა უკანას ხიდი შეიძლება ისე ჩაუტეხოს, არც კი დაფიქრდეს, რომ მისმა ნამსხვრევებმა შეიძლება თავადაც დააზიანოს...

ამ მტკივნეულ თემაზე სასაუბროდ ფსიქოლოგი ნინო ქვარიანი მოვიწვიეთ.

- როგორ ფიქრობთ, რა იწვევს გარემოში ასეთი დოზით აგრესიის მოჭარბებას?

- ერთია, რა წარმოადგენს აგრესიის წყაროს და მეორეა, როდესაც ამის გამოვლენა სოციუმში ხდება. აგრესიის მუხტმა გარემოში მართლაც მოიმატა და ამას თავისი ახსნა აქვს...

საზოგადოებრივი ფორმაციების ცვლა ყოველთვის ახალი უნარების გამოვლენას, ცხოვრების წესთან შეგუებას იწვევს, რაც ერთგვარი სტრესია. ვიცით, რომ ამის ნიადაგზე ჩვენს საზოგადოებაში დაკარგული თაობების ცნებაც კი გაჩნდა. არაფერს ვამბობ მძიმე სოციალურ ფონსა და უმუშევრობაზე... ადამიანში აგრესია მაშინ გროვდება, როდესაც ის არარეალიზებულია, საკუთარ წარუმატებლობაში მუდმივად ადანაშაულებს გარემოს, ან კონფლიქტურ გარემოში უწევს ცხოვრება და ა.შ.

მოკლედ, სადაც იზრდება მსგავსი კატეგორიის ადამიანთა რაოდენობა, იქ აგრესია ყოველთვის იმატებს. ამიტომ უმნიშვნელოვანესია, რა ფასეულობებზე იზრდებიან თაობები. სრულფასოვან ოჯახსა თუ გარემოში აღზრდილი პიროვნება, რომელსაც ასაკის შესაბამისი წარმატებები აქვს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ აგრესიული და გაბოროტებული იყოს.

რასაკვირველია, საზოგადოებაში აგრესიულობის დონეს უსასრულო ინფორმაციის ნაკადიც ცვლის, ახალი საკომუნიკაციო არხების გაჩენა, შესაბამისად, იცვლება აგრესიის გამოხატვის ფორმებიც. რაც შეეხება იმას, რომ სოციალურ ქსელში დიდი დოზით იფრქვევა ბოღმა, ამასაც თავისი ახსნა აქვს. ეს კომუნიკაციის განსხვავებული ფორმაა, ადამიანს ობიექტთან პირისპირ კონტაქტი არ აქვს, რაც საშუალებას იძლევა, სრულიად უცნობ პიროვნებასთან კომუნიკაცია დამყაროს და ხშირ შემთხვევაში, არც ელოდება ადრესატისგან საპასუხო რეაქციას. სამწუხაროდ, თვითცენზურაც ნაკლებია, სწორედ ამით არის განპირობებული, რომ სოციალურ ქსელში სიტყვიერი აგრესიის გამოხატვის ფორმები გაცილებით მწვავეა. დამერწმუნეთ, რომ ადრესატებთან პირისპირ მყოფები ამ ლექსიკით საუბარს უმეტესწილად არც დაუშვებენ და ვერც გაბედავენ, თუნდაც საპასუხო ფიზიკური აგრესიის შიშით.…

- ფიზიკური აგრესია ახსენეთ და ცნობილია, რომ აგრესიის გამოხატვის სხვადასხვა ფორმა არსებობს...

- დიახ, აგრესიის გამოხატვის სხვადასხვა ფორმა არსებობს, ფიზიკური, ვერბალური (სიტყვიერი), თვითდადანაშაულება, აუტოაგრესია, ირიბი აგრესია და ა.შ. ნებისმიერ შემთხვევაში, აგრესიული ენერგიის მართვა საჭიროა. რაც შეეხება იმას, ადამიანის ქცევაში აგრესიის გამოხატვის რომელი ფორმაა წამყვანი, დიდწილადაა დამოკიდებული, როგორ გარემოში, როგორ სოციუმში გაიზარდა. არსებობს ტერმინი - ქცევის მოდელირება. დიახ, ბავშვი ოჯახში ისეთი ტიპის ქცევებს ითვისებს, რასაც ხედავს. თუ მის მიერ პოზიტიური თუ უარყოფითი ენერგიის გამოხატვა ხდება, ამას ისევე აკეთებს, როგორც ოჯახში ხედავს. ამიტომ, უფროსებმა, ვისაც ბავშვების აღზრდა აბარია (დედ-მამა, ბებია-ბაბუა, პედაგოგი და ა.შ.) მაქსიმალურად უნდა გააკონტროლონ არა მარტო საკუთარი ქცევა, ლექსიკაც კი. მიუღებელია ასეთი ფრაზები: "გაჩერდი, თორემ გცემ," "თავი არ გამალახვინო,". მნიშვნელოვანია მსგავსი ლექსიკა აღზრდის დროს ბავშვებთან არ გამოვიყენოთ.

- აბა, რა ვქნათ?

- სასურველია ვეცადოთ, ბავშს ავუხსნათ და გავაგებინოთ, რა არის მის საქციელში ცუდი და უკიდურეს სიტუაციაში გამოვიყენოთ სიტყვა - "დასჯა". ის ზოგადი სიტყვაა და ბავშვი თავისი ინტერპრეტაციითაც დებს მასში რაღაც შინაარსებს. მაგალითად, მისი დასჯა შეიძლება იყოს, თუ არ მისცემ სახატავ ალბომს, შეიძლება არ გაუშვა სადღაც... და ა.შ.

ზრდასრულ ადამიანებში როგორც გითხარით, აგრესიას უმეტესად არარეალიზებული ადამიანები ავლენენ, რომლებმაც ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო თავისი ადგილის პოვნა საზოგადოებაში ვერ შეძლეს; მათ შორის არიან უშემოსავლოდ დარჩენილი ადამიანებიც, რომელთაც ელემენტარული ბაზისური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების საშუალება არ აქვთ. ამიტომ, რთულია, მათ მოსთხოვო, არ იყვნენ აგრესიულები.

- კი, მაგრამ ის ხომ ადამიანს სიტყვით აყენებს ტკივილს? სულხან-საბას იგავ-არაკისა ("ენით დაკოდილი") არ იყოს, ადამიანს სიტყვიერი შეურაცხყოფა (რომელიც მიაყენეს) ხომ არ ავიწყდება?..

- რასაკვირველია, ასეა. სოციალურ ქსელში უამრავი კატეგორიის ადამიანია ჩართული, მაგრამ ყველა ხომ არ გამოხატავს აგრესიას? ამითაც შეგვიძლია დავასკვნათ, თუ როგორი კატეგორიის ტიპაჟები არიან, ვინც აგრესიული, უცენზურო წერის ლექსიკით გამოირჩევიან. კარგი იქნება თუ ისინი თავად დაფიქრდებიან, უფრო მეტიც, შეწუხდებიან, რატომ იქცევიან ასე და მიხვდებიან, პრობლემა მათშიცაა.…

- აქ ალბათ მავანი იტყის, როცა სათქმელია, არ უნდა ითქვას?

- არსებობს ასეთი გამოთქმა: "არ უნდა გამოხატავდე აგრესიას, მაგრამ განცდა იმისა, რომ სისინი შეგიძლია, უნდა გააცნო გარემოცვას". ნუ შემეხები, თორემ თავდაცვა შემიძლია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მუდმივად თავდაცვის, ან თავდასხმის რეჟიმში ვიყო. საჭიროების შემთხვევაში, რაღაც ფორმით აგრესია უნდა გამოიხატოს.

- ისიც ცნობილი, რომ ადამიანმა გაბრაზება უნდა გამოხატოს, ''ორთქლი გამოუშვას'', რომ შემდეგ მის ჯანმრთელობაზე ამ უარყოფითმა მუხტმა ცუდი გავლენა არ იქონიოს...

- აუცილებლად უნდა გამოხატოს, მაგრამ აქ ფორმებზეა ლაპარაკი. როდესაც ადამიანი გაბრაზებულია, როგორც წესი, ვერ აკონტროლებს საკუთარ ქცევას, მათ შორის სიტყვებსაც. თუ თავის თავს გაბრაზებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ შეხედავს, შესაძლოა, არც მოეწონის, ინანოს კიდეც, რატომ მოიქცა ასე. ამიტომ ამის საპირისპიროდ, ასეთი მეთოდი არსებობს, ვიდრე აგრესიას გამოხატავს, დაიწყოს კრიტიკული ანალიზი, რატომ არის გაბრაზებული, რა მოხდა რეალურად, რა არის ამის გამოწვევი მიზეზი. საკმარისია ამაზე გადაერთოს, აგრესიული მუხტი თანდათან მცირდება, უარყოფითI ენერგია გარდაიქმნება სხვა ტიპის ენერგიად, ასევე ეფექტური მეთოდია გაბრაზების მომენტში წერილი მისწერო მას, ვინც შენი რისხვის ობიექტია.

- რა წერილი?

- რისი თქმაც გინდა იმ პიროვნებაზე, უნდა დაწერო (რა თქმა უნდა, ის წერილი არ უნდა გაუგზავნო, უნდა დახიო) და იმავეს თქმას 5-10 წუთის შემდეგ შეეცადო. აღმოჩნდება, რომ ისე მძფრად და ისეთივე სიტყვებით ვეღარ დაწერ... ვიდრე იტყვი, სასურველია ღრმად ამოისუნთქო, ჩაისუნთქო, ანუ ერთი წუთის განმავლობაში ასეთ აქტივობა ეფექტურია; ყველასთვის ცნობილია, როდესაც ადამიანი განრისხებულია, მხოლოდ ცუდს ფიქრობს ადრესატზე, ერთი სული აქვს, "მიახალოს". საკმარისია, დრო გავიდეს, გული მოულბეს და სურათი იცვლება.

- ზოგი ფსიქოლოგი ადამინს ამ დროს სხვა ტიპის აქტივობას ურჩევს...

- სასურველია იმ დროს ადამიანმა სხვა ტიპის აქტივობა დაიწყოს, ვარჯიში, თუნდაც სახლის დალაგება.…მთავარია, მოახერხოს კონცენტრირება სხვაგვარ აქტივობაზე, ამ დროს უარყოფითი ენერგია აუცილებლად გარდაიქმნება სხვა სახის ენერგიად.

- ამას ჰქვია აგრესიის მართვა?

- დიახ, ეს მეთოდი ფსიქოთერაპიულ პრაქტიკაში აქტიურად გამოიყენება. შეიძლება აგრესიის მართვა და ამის გარდა დაკვირვება იმაზე, თუ რატომ ვარ აგრესიული? ისე ხომ არ ხდება, რომ ერთ მშვენიერ დღეს გაიღვიძა ადამიანმა და გახდა ასეთი? რაღაცები თანდათან გროვდება და მერე პიროვნება საკუთარ ქცევას ვეღარ აკონტროლობს. პროფესიონალის ჩარევა გარდაუვალი ხდება. ამიტომ უნდა გავაცნობიეროთ საკუთარი ქცევები და მისი მიზეზები. საჭიროა, სწორად დავსახოთ პრობლემის გადაჭრის გზები.

მოკლედ, შეგვიძლია, ვაბალანსოთ, რომ არც სხვას ვავნოთ და არც - საკუთარ თავს. აგრესია არის ადამიანის თანდაყოლილი უნარი, რომელიც თვითგადარჩენისთვის სჭირდება. ველურ სამყაროშიც აგრესია არეგულირებს ბუნებრივ გადარჩევის პრინციპსაც, რაღაც ამგვარი ტიპის ქცევები ჩვენც გვიწევს სოციუმში, მაგრამ ჩვენ იმიტომ ვართ ადამიანები, რომ ამ აგრესიული ენერგიის პოზიტიურ, სასარგებლო ენერგიად გარდაქმნა შევძლოთ და ინსტიქტების ანაბარა არ დავრჩეთ.

ამ თემაზე საუბრისას ერთ რამ არის კიდევ გასათვალისწინებელი: თუ ინდივიდი ისეთ გარემოში იმყოფება, სადაც მას ვიღაც ჩაგრავს, თუნდაც სამსახურში, ოჯახში, საკმარისია მიეცეს საშუალება, დათრგუნოს, დაჩაგროს სხვა ადამიანი, ხშირ შემთხვევაში, იმავეს აკეთებენ. რა თქმა უნდა, ეს არასწორი ქცევაა, მაგრამ სამწუხაროდ, აგრესიას ჯაჭვური რეაქციაც ახასიათებს.

უარყოფითი მუხტი ვიღაცასთან უნდა გამოხატო, მაგრამ იმ დროს უნდა გააცნობიერო, რამდენად მტკივნეულია ამ მდგომარეობაში ყოფნა. აგრესია, როგორც სიყვარული, ადამიანისთვის თანდაყოლილი უნარია. ამიტომ მისი გამოხატვის უფლება პიროვნებას ისევე აქვს, როგორც სიყვარულის, პოზიტიური ენერგიის. მაგრამ ვიმეორებ, ზრდასრული ფსიქოლოგიურად მოწიფული ადამიანები ამ ყველაფერს სხვანაირად გამოხატავენ, რაც არ არის დამანგრეველი და საზიანო მათი გარემოსთვის და არც მათთვის (როგორც წესი, აგრესიული ადამიანები თავადაც ხშირად ხდებიან აგრესიის ობიექტები). ასე რომ, პიროვნების ზრდასრულობაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. ფსიქოლოგები ყოველთვის ხაზს ვუსვამთ, ბიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ ასაკს. ზრდასრული, მოწიფული, რეალიზებული ადამიანი არასოდეს გამოხატავს აგრესიას ისეთი ფორმით, რომელიც საზიანო იქნება მისთვის და გარესამყაროსთვის.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია