აგენტი ქალი, რომელიც სიკვდილის შემდეგ, მგლად გადაიქცევა... - კა-გე-ბეს პოლკოვნიკი თავს გადახდენილ შემზარავ ამბებზე

აგენტი ქალი, რომელიც სიკვდილის შემდეგ, მგლად გადაიქცევა... - კა-გე-ბეს პოლკოვნიკი თავს გადახდენილ შემზარავ ამბებზე

Ambebi.ge გთავაზობთ საინტერესო მასალებს "პალიტრა მედიის" სხვადასხვა ბეჭდური გამოცემების არქივებიდან. ამჯერად წარმოგიდგენთ ჟურნალ "გზის" 2004 წლის პუბლიკაციას, რომელიც კა-გე-ბე-ს პოლკოვნილი ქალის შესახებ მოგითხრობთ.

ჩემი რესპონდენტი 80 წლის ქალბატონი გახლავთ. ის ეროვნებით რუსია და თბილისში ცოტა ხნის წინ, დის შვილიშვილთან სტუმრად გახლდათ ჩამოსული. ჩამოსვლის მიზანი ის გახლდათ, რომ მისთვის ანდერძით თავისი ქონების გაფორმებისთვის საჭირო საკითხები დაეზუსტებინა.

ნინა ლავროვა კა-გე-ბეს პოლკოვნიკი გახლავთ და დაუფარავად მოჰყვა თავს გადახდენილი შემზარავი ამბები და ამ ინტერვიუს გამოქვეყნების ექსპლუზიური უფლებაც მოგვცა, თუმცა მისთვის რუსეთში ბევრ ცნობილ ჟურნალისტს მიუმართავს და ყველა უარით გაუსტუმრებია... ლავროვასთვის მიცემულ პირობას ვასრულებთ და ინტერვიუს, თბილისიდან მისი წასვლის შემდეგ ვაქვეყნებთ.

- დავიბადე 1914 წელს. მამაჩემი, სერგეი ლავროვი, მეფის ოფიცერი გახლდათ. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ, ის ბოლშევიკების მხარეზე გადავიდა. ყირგიზეთში, სადამსჯელო რაზმში მსახურობდა. ბევრ ცნობილ ადამიანთან, მაგალითად, თვით ცნობილ მხატვართან, რერიხთანაც კი ჰქონდა ურთიერთობა.

- თქვენ ყირგიზეთში გადახვედით საცხოვრებლად?

- არა, მე დედასთან ერთად ლენინგრადში დავრჩი. შემდეგ, მამაჩემს რაღაც მიზეზი მოუძებნეს და დახვრიტეს. 1937 წელს მეც რეპრესირებულთა შორის აღმოვჩნდი - როგორც მეფის ოფიცრის შვილი... მაშინ 23 წლის ვიყავი. გვიან ღამით, შინ მოგვაკითხეს და მე და ჩემი და წაგვიყვანეს. სხვადასხვა ოთახში შეგვიყვანეს... ტყავის ქურთუკში გამოწყობილი, ულვაშიანი ახალგაზრდა კაცი თვალებმოჭუტული მომჩერებოდა და ათას კითხვას მისვამდა. ტანდაბალი ვარ, მაგრამ საკმაოდ კოხტა გოგო ვიყავი; ვგრძნობდი - თუ ამ კაცს ჩემს თავს შევთავაზებდი, უარს არ იტყოდა. სკამიდან წამოვდექი, მაგიდაზე შემოვჯექი და გახდა დავიწყე. მაშინვე მეცა... ზუსტად ნახევარი საათის შემდეგ, მისი ავტომობილით შინ მიმიყვანეს. ჩემი და იმის შემდეგ არ მინახავს... მერე დაიწყო დიდი სამამულო ომი. მე ვითხოვე – ფრონტზე გამიშვით-მეთქი. აღრიცხვაზე ამიყვანეს და ჯავშნოსან მატარებელზე დამაწყებინეს სამსახური. იქ დავიჭერი. ჯავშნოსანს ჭურვი რომ მოხვდეს, ვაგონს ვერაფერს აკლებს, მაგრამ შიგ რაც არის, ყველაფერს მტვრად აქცევს. ჭურვი წინა ვაგონს მოხვდა, მე კი დარტყმის ძალამ ბურთივით ამაგდო ჰაერში და მუცლით ბასრ საგანზე დავეცი. სასწრაფო ოპერაცია გამიკეთეს და სწორედ ამის შემდეგ დავკარგე დედობის უნარი - შვილს ვერასოდეს გავაჩენდი.

- როგორც ვიცი, ბლოკადის დროს, ლენინგრადში იმყოფებოდით.

- დიახ, ჩემი უმცროსი და (რომელიც 1937 წლის რეპრესიების იმის წყალობით გადაურჩა, რომ 12 წლის იყო) და დედა ქალაქიდან წავიდნენ, მე დავრჩი. კა-გე-ბემ სწორედ მაშინ გადამიბირა. მოგეხსენებათ, ბლოკადა 900 დღე გრძელდებოდა და ქალაქი სურსათის იმ მარაგის იმედად იყო დარჩენილი, რომელიც ბლოკადის დაწყებამდე არსებობდა. დამშეულ ხალხს დღეში 200 გრამი პურის გარდა, არაფერი ჰქონდა. ადამიანებმა ერთმანეთის ჭამა დაიწყეს... ამ დროისთვის მე, როგორც ტრავმირებული, ლენინგრადის პურის ქარხანაში ვმუშაობდი. იქვე ახლოს იყო ფქვილის საწყობი, ამ საწყობში ინახებოდა ფქვილის სამწლიანი მარაგი. კარგად მახსოვს - ერთხელ, საწყობს ჭურვი რომ მოხვდა, როგორი თავგამოდებით ვცდილობდით, გადაგვერჩინა ფქვილი. ნახევრად დამწვარი ტომრები ცის ქვეშ აღმოჩნდა. ნანგრევების გარშემო, შენობების სახურავებზე სნაიპერები დააყენეს, რომლებსაც ნაბრძანები ჰქონდათ: ვინც ფქვილის ტომრებს მიუახლოვდებოდა, იქვე მოეკლათ. ყოველ დილით, 30-40 ადამიანის გვამი გაჰქონდათ იქიდან. მათი სისხლით გაჟღენთილი ფქვილით კი, პურს აცხობდნენ და მოსახლეობას ურიგებდნენ...

- თქვენ რით იკვებებოდით? თუ პურის ქარხანაში მუშაობა გშველოდათ?

- ბევრი კომბოსტოს მწნილი მქონდა და თავიდან, იმით გამქონდა თავი. შემდეგ გამოჩნდა საქმე, რომლის წყალობითაც, ნორმის ზემოთ, დღეში 200-400 გრამით მეტ პურს ვიღები.

- ამჯერად თქვენმა სილამაზემ გიშველათ?..

- არა, საქმე სულ სხვაგვარად გახლდათ. ერთ დღეს, ჩვენს შტაბში მივედი. ოთახში 3-4 ადამიანი იჯდა. ცოტა ხნის შემდეგ, ერთ-ერთი მათგანი ოთახიდან გავიდა. მე ვთქვი: ეს კაცი ადამიანის ხორცით იკვებება-მეთქი... თითქოს ყურადღება არ მიაქციეს ჩემს სიტყვებს, მაგრამ თურმე მასზე მეთვალყურეობა დაუწესებიათ და აღმოჩნდა, რომ მართალი ვიყავი... ამის შემდეგ ისევ დამიბარეს შტაბში, მომცეს სპეციალური შტამპი, რომელზეც ნომერი იყო ამოტვიფრული და დამავალეს – მევლო ქუჩებში, აღმომეჩინა ის ადამიანები, რომლებიც ადამიანის ხორცს ჭამდნენ და გამენადგურებინა ისინი; მოკლულისთვის სხეულზე შტამპით ნომერი უნდა დამეტოვებინა...

- რა ნიშნით ცნობდით ასეთ ხალხს?

- კარგად ნაკვებ ადამიანს იოლად ამოიცნობდით - ჯან-ღონით სავსე და ენერგიული იყო. გარდა ამისა, თვალები თითქოს ფოსფორისფრად უელავდა... თეძოების რხევით ჩავუვლიდი და ჩიხში შევიტყუებდი, შემდეგ იარაღით ვკლავდი. მაძღარ ადამიანს ქალთან სიახლოვის სურვილიც უჩნდება და იოლად ებმებოდა მახეში... შემდეგ მორიგე მანქანა ჩამოივლიდა და მკვდრებს აგროვებდა. თითოეული მოკლულისთვის 200 გრამ პურს მაძლევდნენ...

- ლენინგრადში ბევრი თქვენნაირი დამსჯელი იყო?

- ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობდით, მაგრამ ვიცოდი, რომ 7-8 ადამიანი მუშაობდა კანიბალების ლიკვიდაციაზე და თითოეულს საკუთარი შტამპი გვქონდა.

- თუ კაციჭამიას ვერ მოძებნიდით, ალბათ შეგეძლოთ, უდანაშაულო კაციც მოგეკლათ...

- არა, გამორიცხულია. ცოდვა ისედაც ბლომად მაქვს და ტყუილად ნურაფერს დამაბრალებთ...

- კიდევ რა ცოდვები გაქვთ?

- ომის დამთავრების შემდეგ, კა-გე-ბემ თავის სისტემაში სამუშაოდ დამტოვა. 1949 წელს, სპეცდათვალებით თბილისში გამომგზავნეს. ჩემი პირველი ქმარი სწორედ საქართველოში გავიცანი. ის გვარად მაცაბერიძე გახლდათ და შესაძლოა, დღესაც ცოცხალია. სამხედრო პირი იყო და დავალებული მქონდა, დამედგინა, თუ რას საქმიანობდა, "სუფთა" იყო თუ არა და ჰქონდა თუ არა კავშირები საზღვარგარეთ.

მოსახიბლად ბევრი დრო არ დამჭირვებია. მალე, ვიქორწინეთ კიდეც. მასთან ერთად რაიონში ვცხოვრობდი და თავს მშვენივრად ვგრძნობდი... როდესაც დავალება შევასრულე და გასარკვევი აღარაფერი მქონდა, უნდა მომეძებნა მიზეზი, რომლის გამოც მისგან წამოვიდოდი. არც ეს გამჭირვებია, რადგან ძალზე ეჭვიანი გახლდათ...

- ვისზე ეჭვიანობდა?

- ცხენზე...

- უკაცრავად, ვერ გავიგე...

- ყოველ დილით, დედიშობილა ვჯდებოდი ხოლმე ცხენზე და ასე დავჯირითობდი. ამ დროს, ქალი ენით აუწერელ სიამოვნებას განიცდის... ჰოდა ჩემი ქმარი სწორედ ცხენზე ეჭვიანობდა. ცხარე კამათი მოგვიხდა, დანით დავჭერი და იქიდან გამოვიქეცი.

- გადარჩა?

- დიახ, გადარჩა და რამდენიმე წლის შემდეგ, ლენინგრადში ჩამომაკითხა, მაგრამ იოლად მოვიშორე თავიდან, რადგან უკვე გათხოვილი ვიყავი...

- მეორე ქმარსაც თქვენი სამსახურებრივი ინტერესების გამო გაჰყევით ცოლად?

- დიახ. ჩემი მეორე ქმარი ერთ-ერთი ქვეყნის ელჩი იყო. მასთან ერთად 4 წელი ვიცხოვრე. მიყვარდა. საუკეთესო თვისებები ჰქონდა და კარგი მეუღლეც იყო. კა-გე-ბე-სგან უამრავ ინფორმაციას იღებდა მის შესახებ. ბოლოს, მისი ლიკვიდაციის ბრძანება გასცეს. იცით, როგორ დამწყდა გული? ორი კვირის მანძილზე ვაჯანჯლებდი. ყოველ დილით მირეკავდნენ, მემუქრებოდნენ: "თუ ბრძანებას არ შეასრულებ, ორივეს ერთად გაგასაღებთო"!.. ის უკვე 60 წლის გახლდათ და ჯანმრთელობა შერყეული ჰქონდა. დღეში რამდენჯერმე სვამდა წამლებს და ნემსებსაც იკეთებდა. დილა-საღამოს, ინიექციას მე ვუკეთებდი და სწორედ ამ დროს უნდა შემეშხაპუნებინა მისთვის ის წამალი, რომელიც კა-გე-ბემ გადმომცა. ერთ საღამოს, ვიღაც თავგადახოტრილი, მკვლელისსახიანი კაცი მოვიდა, საფეთქელზე იარაღი მომადო და მითხრა: შენი ქმარი დღეს უნდა მოკვდეს, მეორე ოთახიდან გადევნებ თვალყურს, თუ არ შეასრულებ, ნაბრძანები მაქვს, ორივე მოგკლათო... რა უნდა მექნა?.. როცა ჩემი ქმარი შინ დაბრუნდა, ივახშმა და ჩემთან საუბარი გააბა, უგუნებობა შემატყო. ამის მიზეზად თავის ტკივილი დავუსახელე. საღამოს 9 საათზე, ნემსის გაკეთების დრო რომ მოახლოვდა, ტახტზე წამოწვა, გაემზადა. ხელის კანკალით ჩავარჭე ნემის, შემდეგ მისი თავი კალთაში ჩავიდე და ვუყურებდი, როგორ კვდებოდა; ჩემი ცრემლები მას სახეს უსველებდა... მეორე დღეს, პრესაში დაიბეჭდა ინფორმაცია, რომ ელჩი გულის შეტევისგან გარდაიცვალა... მის პანაშვიდებზე მართლა გულით ვტიროდი. თან ნაბრძანები მქონდა, რომ ერთ-ერთი მაღალჩინოსანი დაკრძალვის დღესვე "შემება"...

- მერე "შეაბით"?

- არა, განგებ ავარიდე თავი. უფროსებს კი მოვახსენე, რომ ამ საქმეს დრო სჭირდებოდა... გადაწყვიტეს, ედროვებინათ, მაგრამ მალე, ტიბეტში გამგზავნეს...

- ამჯერად რა დავალება გქონდათ?

- ტიბეტელი ლამებისგან ადამიანის დასამორჩილებლად საჭირო, სხვადასხვა ხერხის შესწავლა მევალებოდა. მათთან კონტაქტის დამყარება კი, არცთუ ისე იოლი გახლდათ... 1947 წელს, ტიბეტში ჩინელები შევიდნენ. 400 ჩინელი ჯარისკაცი შევიდა გამოქვაბულში და ოთხასივე ჭკუიდან შეიშალა. ისინი მასობრივი ფსიქოზის მსხვერპლი გახდნენ, რომელიც გამოქვაბულში მყოფმა ლამებმა გამოიწვიეს. გამოდის, ისინი ფლობდნენ რაღაც ზებუნებრივ ძალას და სწორედ ეს შედიოდა კა-გე-ბეს ინტერესების სფეროში...

- ბოლოს და ბოლოს, შეისწავლეთ ეს მეთოდი თუ ვერა?

- ტიბეტელი ლამები 1924 წელს გაიყვნენ თეთრ და შავ მაგებად. როგორც ვარაუდობდნენ, შავი მაგები ჰიტლერის ინტერესის სფეროში შედიოდნენ და ფიქრობდნენ, რომ ის სწორედ მათი გავლენის ქვეშ იმყოფებოდა. მე დავუკავშირდი ლამებს, რომლებიც თეთრი მაგიის მიმდევრები იყვნენ. ისინი მხოლოდ ხანდაზმულ, ბრძენ ადამიანებთან ურთიერთობაზე მიდიან, მაგრამ როგორღაც შევძელი და მათი ნდობა მოვიპოვე... სწორედ მათ მიჩვენეს ქალაქი შამბალა - უძველესი ცივილიზაციის ნაშთი. ლამებისგან შევისწავლე უამრავი მეთოდი, რომლითაც ადამიანზე ზემოქმედებაა შესაძლებელი. მაგალითად, თვალებში უყურებ კაცს, თითქოს ყურადღებით უსმენ და ამ დროს, რასაც გინდა, იმას შთააგონებ და გააკეთებინებ... ასევე შევისწავლე მრავალი დაავადების მკურნალობის მეოთდი... ყოველივე ამას შედმგომ, ჩემს საქმიანობაში ვიყენებდი. როდესაც მესამედ გავთხოვდი, მალე სისხლის გათეთრების დიაგნოზი დამისვეს, მაგრამ როგორც ხედავთ, დღესაც ცოცხალი ვარ და ძალზე კარგად ვგრძნობ თავს...

- მესამე მეუღლის შესახებაც გვიამბეთ...

- ის ლიტველი გახლდათ, კა-გე-ბეს, ინტერესის მრავალი სფერო აქვს და მათ სხვადასხვა განყოფილება კურირებს. ვალდისი (მესამე ქმარი) სამრეწველო კა-გე-ბეში მუშაობდა და კერძოდ, ოქროს მოპოვებასა და ქვეყნიდან მის გადინებას მეთვალყურებოდა. მე კი, ვალდისის ცხოვრების შესწავლა დამევალა. დავუახლოვდი, ცოლად გავყევი და ყველაფერი დაწვრილებით დავადგინე. აღმოჩნდა, რომ ის უცხოეთის ქვეყნის რამდენიმე რეზიდენტთან იყო "შეკრული", ასევე ჩათრეული იყო ყალბი ფულის დამზადების საქმეში... მისი ლიკვიდაცია მე დამევალა. თვალი არ დამიხამხამებია, ისე მოვკალი. სადარბაზოში შემოსულს, კიბეზე დავხვდი, იარაღი შუბლზე მივადე და სასხლეტს გამოვკარი თითი. შინ უცებ შევბრუნდი და კარი მხოლოდ მას შემდეგ გავაღე, როდესაც კიბეზე ჩოჩქოლი ატყდა და რომ დავინახე, ისე შევიცხადე, როგორც საჭირო იყო...

- საინტერესოა - არ გიფიქრიათ, რომ ერთ მშვენიერ დღეს, თქვენც მოგიშორებდნენ თავიდან?

- ერთი რამ ვიცოდი კარგად: მანამდე ვიქნებოდი ცოცხალი, ვიდრე კა-გე-ბეს ვჭირდებოდი. მისთვის კი, დღემდე საჭირო ვარ...

- როგორ? ისევ მუშაობთ?..

- ძირითადად, მომავალ თაობას ვზრდი. თუმცა, ყოფილა შემთხვევა, როდესაც ასაკოვანი ქალი დასჭირვებიათ ამა თუ იმ საქმისთვის და მე გავუგზავნივარ.

- ბოლო დავალებას ხომ არ გაიხსენებდით?

- ეს ექვსი წლის წინ იყო, ერთ-ერთი მინისტრის ოჯახში ყვავილების მომვლელად ვმუშაობდი. დაწვრილებით ვეღარ გიამბობთ, რადგან ახალი ამბავია და არ მინდა, სიბერე ჩავიმწარო...

- წარსულის გახსენებას უფრთხით?

- არსებობს ხალხი, რომელიც უარესს აკეთებს...

- მაგრამ ჩვენ ჩვენი დანაშულისთვის ვაგებთ პასუხს...

- ტიბეტელი ლამების თეორიის თანახმად, სიკვდილის შემდეგ, ადამიანი იმ ცხოველად გადაიქცევა, რომლის მსგავსადაც სიცოცხლეში ცხოვრობს, მაგალითად: ბინძური ადამიანი - ღორად, ძალაუფლების მოყვარული - ლომად, მშიშარა – თაგვად. ვფიქრობ, მე სიკვდილის შემდეგ, მგელი ვიქნები. ისინი სწორედ ჩემსავით დაუნდობლები არიან.

მარი ჯაფარიძე

ჟურნალი "გზა"

#11 11.03.2004

ბორჯომში "რომპეტროლის" ფლაგმანი სადგური გაიხსნა

"ჩვენ 2,5-ჯერ მეტი ინფიცირებული გვყავს, ვიდრე ვავლენთ და ვაცხადებთ" - პაატა იმნაძე

"მმართველ გუნდს გამარჯვება ყველამ უნდა მივულოცოთ - ამერიკაში ტრამპიც იძახის გაყალბდაო, მაგრამ დაამტკიცოს" - მეუფე იოანე