როგორ ერთობიან ცნობილი ქართველი ფეხბურთელების მეუღლეები ჰოლანდიაში

როგორ ერთობიან ცნობილი ქართველი ფეხბურთელების მეუღლეები ჰოლანდიაში

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი - ფეხბურთელი ვაკო ყაზაიშვილი ჰოლანდიაში, არნემის "ვიტესში" თამაშობს. 21 წლის ფეხბურთელს საზღვარგარეთ საკმაოდ წარმატებული კარიერა აქვს. ჰყავს ულამაზესი მეუღლე - გვანცა ნიშნიანიძე, რომელსაც ინტერნეტის საშუალებით დავუკავშირდით.

- მე და ვაკო ერთმანეთს ბავშვობიდან ვიცნობთ. ჩვენი მშობლები მეგობრები იყვნენ და შესაბამისად, ჩვენც ვმეგობრობდით. ფაქტობრივად, ერთად გავიზარდეთ. 17 წლის ასაკში მივხვდით, რომ ერთმანეთი ძალიან მოგვწონდა, შემდეგ ეს ურთიერთობა გაღრმავდა და დავქორწინდით.

- რამდენი წლის იყავით, ოჯახი რომ შექმენით?

- ვაკოც და მეც - ორივე 19 წლის ვიყავით. შეყვარებულობის პერიოდი დიდხანს ვერ "გავქაჩეთ".

- შვილები არ გყავთ?

- არა, შვილები ჯერ არ გვყავს. ყველაფერი წინ გვაქვს და არაფერს ვჩქარობთ. მოგეხსენებათ, ამჟამად ჰოლანდიაში ვცხოვრობთ, რადგან ვაკო აქაურ გუნდში თამაშობს... ერთმანეთის ცხოვრებით ვცხოვრობთ. როგორც ვაკოს საქმე მოითხოვს, მომავალშიც ამის მიხედვით ვიმოქმედებთ და სადაც საჭირო იქნება, საცხოვრებლადაც იქ გადავალთ. მთავარია, ერთმანეთი ძალიან გვიყვარს და პატივს ვცემთ.

- შენ რა პროფესია გაქვს?

- ბავშვობიდან მსახიობობაზე ვოცნებობდი. ძალიან მინდოდა, წარმატებული და ცნობილი მსახიობი გავმხდარიყავი, მაგრამ ნაადრევად დაოჯახების გამო ეს ოცნება ვერ ავიხდინე. სამომავლოდ დიდი გეგმები მაქვს. იმედია, მათ განხორციელებას შევძლებ.

- მეუღლე ხომ არ იყო წინააღმდეგი, რომ სწავლა თეატრალურ უნივერსიტეტში გაგეგრძელებინა?

- არა, ვაკო ამის წინააღმდეგი არ იყო. უბრალოდ, საქართველოში არ ვცხოვრობდით და აქედან გამომდინარე, ვერ მოვახერხე სამსახიობოზე ჩაბარება.

- დედმამიშვილები გყავს?

- და-ძმა მყავს. 2 წლის ვიყავი, როცა მამა გარდაიცვალა და დედამ, რომელიც ჩემთვის ქალის იდეალია, უმამოდ გაგვზარდა.

- შენი და ვაკოს სიყვარულის შესახებ გვიამბე. სიყვარულში პირველად როდის გამოგიტყდა?

- ჩემ მიმართ ყოველთვის ყურადღებიანი იყო. 2011 წლის ზაფხულში ბათუმში ვისვენებდი და ვაკომ სწორედ იქ ჩამომაკითხა, სიყვარულში გამომიტყდა. მითხრა, - მიყვარხარ და შენთან ერთად ოჯახის შექმნაზეც ვფიქრობო.

- რთულია წარმატებული ფეხბურთელის ცოლობა?

- წარმატებული ფეხბურთელის ცოლობა რთული ნამდვილად არ არის. ეს შეიძლება, ვაკოს დამსახურებაცაა. ვფიქრობ, დიდი მნიშვნელობა არ აქვს იმას, რა პროფესიისაა შენი მეორე ნახევარი; მთავარია, უყვარდე და პატივს გცემდეს. ჩვენ ერთმანეთს დისკომფორტს არასოდეს ვუქმნით. როგორი დაკავებულიც უნდა იყოს, ჩემთვის დროს ყოველთვის გამონახავს. ძალიან ყურადღებიანი და თბილი ადამიანია.

- როცა ვაკოს ცოლად გაჰყევი, ის უკვე ჰოლანდიის გუნდში თამაშობდა?

- შეყვარებულები რომ ვიყავით, იმ პერიოდში საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობდა, ხოლო დაოჯახების შემდეგ ჰოლანდიის გუნდთან გააფორმა კონტრაქტი.

- ქორწილი გქონდათ?

- არა, ჯვარი ძალიან ვიწრო წრეში დავიწერეთ, რადგან ვაკოს მხოლოდ დღე ჰქონდა დასვენება და ამ დროში გრანდიოზული ქორწილის დაგეგმვასაც კი ვერ მოვასწრებდით (იღიმის).

- როცა ვაკოს თამაში აქვს, სტადიონზე ყოველთვის მიდიხარ?

- რა თქმა უნდა, ვცდილობ, ყველა თამაშს დავესწრო, მე ხომ მისი ყველაზე დიდი გულშემატკივარი ვარ. მისი წარმატებები ჩემთვისაც ძალზე მნიშვნელოვანია. ვიდრე ვაკოს ცოლად გავყვებოდი, ფეხბურთით დაინტერესებული არ გახლდით და არც ამ თამაშის წესები ვიცოდი; უფრო მეტიც, სტადიონზეც არ ვიყავი ნამყოფი. ნელ-ნელა ყველაფერი ვისწავლე, რაღაცებში გავერკვიე.

- ალბათ დიასახლისობა გიწევს...

- (მაწყვეტინებს) სამზარეულოში ტრიალი ბავშვობიდანვე მიყვარს. ყოველთვის ვცდილობდი, გემრიელი კერძების მომზადება მესწავლა... ჰოლანდიაში ხშირად მიწევს ქართული კერძების მომზადება, რადგან ვაკოს ქართული რაღაცები მოსწონს. ჩემს მეგობრებს უკვირთ, - ყველანაირი კერძის მომზადებას როგორ ახერხებო? ჰოლანდიაში ყოფნისას, ვაკოს განსაკუთრებულად ხშირად უნდება ხინკალი, ამიტომ ხინკლის მოხვევაც ვისწავლე.

- გამოდის, რომ მართლა კარგი დიასახლისი ყოფილხარ.

- თუ ადამიანი რაიმეს გაკეთებას გულით შეეცდება, ყველაფერს შეძლებს! თავს არ ვიქებ, მაგრამ მართლაც, გემრილი კერძები გამომდის.

- საქართველოში ხშირად ჩამოდიხართ?

- დიახ, საქართველოში ჩასვლა ხშირად მიწევს. ჩემი ქვეყნის, ოჯახის წევრებისა და მეგობრების გარეშე ყოფნა ძალიან მიჭირს. 3 თვეში ერთხელ ვახერხებ თბილისში ჩასვლას და ამით ბედნიერი ვარ.

- თავისუფალ დროს ჰოლანდიაში როგორ ერთობით?

- ჰოლანდიის გუნდში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი - გურამ კაშია თამაშობს. მე და გურამის მეუღლე - თამთუკა გიგაშვილი მეგობრები ვართ და ხშირად ვსტუმრობთ ერთმანეთს; ერთად დავდივართ შოპინგებზე, ბოულინგ-ცენტრებში და სხვადასხვა გასართობ ადგილებში. როცა ჩვენს მეუღლეებს სცალიათ, რა თქმა უნდა, ისინიც ჩვენ გვერდით არიან და ყველანი ერთად ვერთობით.

- ვაკო სიურპრიზებით თუ განებივრებს?

- ყოველთვის ცდილობს, გამახაროს. მასთან ერთად გატარებული ყოველი დღე სიურპრიზებით არის სავსე. ჩემს მეუღლეს აქვს იმის ნიჭი და უნარი, რომ ორიგინალური რაღაცები მოიფიქროს და გამაოცოს.

- ვაკოს წარმატებებზეც მოგვიყევი რაიმე...

- ვაკოს ყველაზე დიდი წარმატება ის არის, რომ ასეთ მაგარ გუნდში თამაშობს და ამ სეზონზე უკვე 5 გოლი გაიტანა. მისი წარმატებებით ვამაყობ! ჩემი მოვალეობაა, ვაკო ყველა თამაშზე ბედნიერი და გახარებული გავუშვა.

- ალბათ, როგორც საქართველოში, ჰოლანდიაშიც ბევრი თაყვანისმცემელი ეყოლება, ამ ყველაფერზე როგორ რეაგირებ?

- ყველა ცნობილ, წარმატებულ ფეხბურთელს ჰყავს თაყვანისმცემლები და ამ მხრივ, არც ვაკოა გამონაკლისი. მას მართლაც, უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს, თუმცა სიმართლე გითხრათ, მათ არასოდეს შევუწუხებივარ. ზოგადად, ეჭვიანი არ ვარ. ჩვენ ერთმანეთს ვენდობით. ასე რომ არ იყოს, თანაცხოვრებას ვერ შევძლებდით.

სოფო ჭონიშვილი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია