ბიძაშვილებისა და და-ძმის ქორწინებები საქართველოში - "გუმბათი ჩამონგრეულა და დაუქორწინებელი წყვილი მოუკლავს"

ბიძაშვილებისა და და-ძმის ქორწინებები საქართველოში - "გუმბათი ჩამონგრეულა და დაუქორწინებელი წყვილი მოუკლავს"

ეს ამბავი მრავალი წლის წინ, საქართველოს ერთ-ერთ კუთხეში მოხდა. ერთ მრავალშვილიან და ღარიბ ოჯახს შვილი მოსტაცეს. ძველად, თურმე ამას ხშირად სჩადიოდნენ უშვილო ოჯახები... დაკარგული შვილის მშობლებმა ბევრი კი იდარდეს, მაგრამ მის კვალს რომ ვერ მიაგნეს, ბედს შეურიგდნენ; დანარჩენი შვილები დაზარდეს და ქალიშვილის გათხოვებასაც მოესწრნენ. სასიძო კარგი და წარმოსადეგი ვაჟკაცი გახლდათ, მაგრამ ობოლი და დროებით სხვა სოფლიდან იყო ნათესავებთან ჩამოსული. ჯვრისწერის დღეს, ბედნიერი წყვილი სოფლის ეკლესიისაკენ გაემართა, მაგრამ როგორც კი ფეხი ტაძარში შეუდგამთ, გუმბათი ჩამონგრეულა და ჯერ კიდევ დაუქორწინებელი წყვილი მოუკლავს. მხოლოდ ამ ღვთიური რისხვის ხილვამ აიძულა სოფლის ერთ-ერთი "კუდიანი" ეფიქრა (ის თურმე თავად ყოფილა გარეული ზემოთ ხსენებული ბავშვის გატაცებაში), რომ ნეფე-დედოფალი სინამდვილეში ერთმანეთის ღვიძლი და-ძმა იყო...

იშვიათად, მაგრამ ჩვენშიც შეხვდებით ისეთ ოჯახებს, სადაც ცოლი და ქმარი ერთი გვარის წარმომადგენლები არიან. რიგ შემთხვევაში, შესაძლოა ეს უბრალო დამხთვევა იყოს და მოგვარეებს არანაირი ნათესაური კავშირი არ ჰქონდეთ, მაგრამ არის შემთხვევები როდესაც ნათესავები ქორწინდებიან, რაც უდიდესი ცოდვაა და ამასთანავე, უამრავ პათოლოგიურ მანკიერებასაც წარმოშობს.

ნინელი, 21 წლის (წერილში მოთხრობილი ყველა ამბის მონაწილეთა სახელები შეცვლილია):

- ამ ამბის შემდეგ ყველა კეთროვანივით მექცევა. მეგობრებსა და ნათესავებზე რომ აღარაფერი გითხრათ, ახალი მეზობლებიც, გაიგებენ თუ არა, რომ მეუღლე ბიძაშვილად მეკუთვნის, მაშინვე თავს შორს იჭერენ ჩვენგან. დედამ მკვდრად გამომაცხადა, მამაჩემი კი, ამ ამბავმა იმსხვერპლა - ერთ წელიწადში გულის შეტევისგან გარდაიცვალა. არადა, ამ ამბავში გარკვეული წვლილი ჩემი და ზაქროს მშობლებსაც მიუძღვით.

- რას გულისხმობ?

- დედაჩემი ახალი გათხოვილი ყოფილა, როდესაც ბიძაჩემს – მის ძმას, ცოლის შერთვა დაუპირებია. ბებიაჩემი გადარეულა: ახლა ამხელა ხარჯი გასწია ოჯახმა – გოგო გავათხოვეთ და სად გვაქვს ამის თავიო?! - თანაც ბიძას სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი დაამთავრებინეს, მის რჩეულს კი, მხოლოდ საშუალო განათლება ჰქონდა მიღებული. დედაჩემსაც აუბამს მისთვის მხარი და სარძლოს წინააღმდეგ გაულაშქრია. არც ბიცოლაჩემი აღმოჩნდა თურმე არიფი და დასახული მიზნისთვის ისე სწრაფად მიუღწევია, რომ ვერც დედა და ვერც ბებია ვერაფერს გამხდარან. ბიცოლამ კი ეს ბოღმა გულში ჩაიტოვა და როცა ბიძაჩემის ცოლი მაინც გახდა, დედაჩემს ძმის ოჯახში მისვლა აუკრძალა. ბიძაშვილ-მამიდაშვილები ისე გავიზარდეთ, რომ ერთმანეთს მხოლოდ წელიწადში ერთხელ, ჩვენი სოფლის დღეობაზე ვხვდებოდით ხოლმე. ამის გამო იყო, რომ განსაკუთრებული ნათესაური გრძნობა ჩვენ შორის არასდროს ჩამოყალიბებულა და ერთმანეთისთვის სრულიად უცხონი ვიყავით. როდესაც ბებიაჩემი გარდაიცვალა, დედა თავის ძმას შეურიგდა და ბიცოლამაც მიგვიღო ოჯახში. ამას დაერთო ჩემი და ზაქროს სტუდენტობის პერიოდი და ჩვენმა ოჯახებმა ნაკლები ხარჯის გასაწევად გადაწყვიტეს, ჩვენთვის ერთი ბინა ექირავებინათ – ნინელის ქალაქში პატრონი ეყოლება, ის კი ზაქროს მოუვლის, სადილს მოუმზადებს და სარეცხს გაურეცხავსო. სწორედ ამ თანაცხოვრების პერიოდში დაიწყო ჩვენი ურთიერთლტოლვა. მაშინ, როდესაც ჩემი მეგობრები ცდილობდნენ, შინ გვიან შესულიყვნენ და დრო გარეთ ეტარებინათ, მე სახლში მიმეჩქარებოდა, რათა მასთან სიახლოვით დავმტკბარიყავი...

- თუ აცნობიერებდით თქვენს საქციელს?

- ვაცნობიერებდით, მაგრამ მტკივნეულად ვერ აღვიქვამდით. ვფიქრობდით, რომ ჩვენი სიყვარული იმდენად ძლიერი იყო, რომ შეუძლებელი იქნებოდა, მშობლებს ვერ გაეგოთ ჩვენთვის. საქართველოდან წასვლაზეც გვიფიქრია, მაგრამ ამის მატერიალური საშუალება არ გაგვაჩნდა...

- მშობლებმა როგორ შეიტყვეს ამის შესახებ?

- ბიცოლაჩემის თვალს რა გამოეპარებოდა?! - ერთხელ, ჩვენს სანახავად ჩამოსული მიხვდა, რომ ჩვენ შორის რაღაც ხდებოდა. ან კი, როგორ ვერ მიხვდებოდა? - მე თუ სამზარეულოში ვტრიალებდი, ზაქროც სულ იქ გამორბოდა... სიმართლე გითხრათ, ძალიან გვიჭირდა სხვებთან თავის შეკავება... ნუ მომაყოლებთ იმას, თუ რა ამბები დატრიალდა ამის გამო, რამხელა შეურაცხყოფა გადავიტანე!.. მაგრამ ამან კიდევ უფრო დააჩქარა ჩვენი გადაწყვეტილება და მე და ზაქრო, საცხოვრებლად სხვაგან გადავედით. სწავლას თავი დავანებე იმის შიშით, რომ მოვიდოდნენ და ინსტიტუტში მცემდნენ ან გამლანძღავდნენ. ზაქრო მშენებლობაზე მოეწყო მუშად, რადგან უნდა ვერჩინე. იმდენჯერ შევიცვალეთ საცხოვრებელი ადგილი, რომ ჩამოთვლა გამიჭირდება, რადგან ზაქროს მშობლები მაინც გვპოულობდნენ და ქვეყნის სამასხროდ გვაქცევდნენ ხოლმე, არ ერიდებოდნენ არც ფანჯრებისა თუ კარის მტვრევას...

- თუ იცით, რომ დიდი ცოდვა გაწევთ?

- ვიცი, მაგრამ ამ სიყვარულზე უარის თქმა ჩვენს ძალებს აღემატება. ძნელია, ჩემი გრძნობები სიტყვით გადმოგცეთ. მხოლოდ გეტყვით, რომ ჩემი სიყვარული მთელ ამ ტანჯვად მიღირს... ვიცი, რომ ცოდვილი ვარ, თანაც მამა, ხომ ჩემ გამო მოკვდა. ამას დავუმატეთ, რომ მე და ზაქროს შვილი არ გვიჩნდება, მაგრამ იმდენი მსმენია ამგვარი ცოდვის ნაყოფის შესახებ, რომ შესაძლოა, ეს ღვთის წყალობადაც მივიჩნიო...

ნინელისგან განსხვავებით, ჩემს მეორე რესპონდენტსა და მის ბიძაშვილს და ამავე დროს ქმარს, შვილებიც ჰყავდათ და შვილიშვილებიც. როგორც ამბობენ, ბედნიერად ცხოვრობენ და ყველაფრის მიხუედავად, მეზობლებში, დიდი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობენ.

ქალბატონი ნინო, 65 წლის:

- მე და ჩემი მეუღლე ალალი ბიძაშვილები ვართ. ხომ გინახავთ, სოფელში ორ ძმას ერთ სახლს რომ გაუკეთებენ ხოლმე და შუაში ღობეს გაუვლებენ, ასე იყო გაყოფილი ჩვენი სახლიც. მამაჩემისა და მისი ძმის ოჯახს ერთმანეთში ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდა, ბავშვები ერთად ვიზრდებოდით, ერთად ვჭამდით... დედაჩემი სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა, ამიტომ ხშირად გვტოვებდა მე და ჩემს ძმას ბიცოლასთან, ის კი, თავის ორ შვილსა და ჩვენ ერთად გვაძინებდა, გვბანდა და ა.შ. პატარაობიდანვე, ყველა ამჩნევდა, რომ მე და ჩემს ბიძაშვილ რეზოს განსაკუთრებული ურთიერთობა და სიყვარული გვქონდა ერთმანეთის მიმართ: სულ ერთად ვთამაშობდით, წყალზე ერთად მივდიოდით, ბოსტანში ერთად გავრბოდით. მამაჩემი ადრე გარდაიცვალა და დედა იძულებული გახდა, თავის მშობლებთან დაბრუნებულიყო, რომლებიც რაიონში ცხოვრობდნენ. ყოველ ზაფხულს, მაინც მამისეულ სახლში ვატარებდი და ჩემი და რეზოს თბილი ურთიერთობა კვლავინდებურად გრძელდებოდა. ცოტა რომ წამოვიზარდეთ, მხოლოდ მაშინ გავაცნობიერეთ, რომ თავდავიწყებით გვიყვარდა ერთმანეთი. მე ვხვდებოდი, რომ ჩემთვის პირველ რიგში მამაკაცი იყო და მხოლოდ მასთან შევქმნიდი ოჯახს. თოთხმეტი წლის ვიყავი, როცა ჩვენ შორის ფიზიკური სიახლოვე დამყარდა, მალე დავორსულდი, სახლში დაბრუნებულმა, დედას ვუთხარი ყველაფერი - მეგონა გამიგებდა. დედა კინაღამ ჭკუიდან შეიშალა, ოთახში ჩემთან ერთად ჩაიკეტა და ვენები გადაიჭრა. თურმე ჩემი შეშინება უნდოდა - იფიქრა, შიშის საფუძველზე მუცელი მოეშლებაო. დედა გადავარჩინეთ, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, რომ არც მუცელი მომეშალა და ვერც მისმა თავგანწირვამ მაიძულა, რეზო გადამეყვარებინა... დედა ისევ ცდილობდა, რომ მუცელი მომშლოდა და ერთხელ, კიბეზე ზეთი დამისხა - იქნებ, ფეხი დაუცურდეს და დაეცესო... ყველაფერს იღბალი უნდა, არც ამან გაჭრა. მესამე ცდაზე, თაგვის წამალი ჩამიყარა საჭმელში. საავადმყოფოში მოვხვდი, სასწაულებრივად გადავურჩი სიკვდილს, მაგრამ ყველამ გაიგო, თუ რა მიზეზით მოხდა ეს და რეზოს ყურამდეც მიაღწია ყოველივემ. ჩამოვიდა ჩემს სანახავად და საავადმყოფოდან როსტოვში გავიპარეთ. არავინ იცოდა ჩვენი ადგილსამყოფელი და ტელევიზია ხშირად გადმოსცემდა მაშინ ჩემს სურათს და მონაცემებს, როგორც უგზო-უკვლოდ დაკარგულისას... რეზოს შესახებ არაფერს ამბობდნენ. მამამისი - ე.ი. ბიძაჩემი თურმე ყველგან დაგვეძებდა – ჩვენი მოკვლა ჰქონდა განზრახული - მაგრამ რომ ვერ გვიპოვა, სიბრაზისა და სირცხვილისგან, თავი საბძელში ჩამოიხრჩო... მთელი ამ ხნის მანძილზე, ჩემს მულს – რეზოს დას სატელეფონო კავშირი ჰქონდა ჩვენთან. მანვე შეგვატყობინა რეზოს მამის დაღუპვის ამბავი და გადავწყვიტეთ, დაკრძალვაზე ჩამოვსულიყავით. მაშინ უკვე პირველი შვილი გვყავდა და გვეგონა, ბავშვს რომ დაინახავდნენ, ახლობლებს გული მოულბებოდათ... მთელი სოფელი აგვიმხედრდა. სოფელში არც შეგვიშვეს... ვინაიდან რეზოს მამა ცოცხალი აღარ იყო, ვიფიქრეთ, რომ საფრთხე აღარ გვემუქრებოდა და თბილისში დავსახლდით. დრომ თავისი ქნა, გარკვეული ხნის შემდენ, სოფელმაც მივგიღო და ნათესავებმაც. დედის გული მაინც ვერ მოვიგე - სულ ახლახან, ისე გარდაიცვალა, რომ მასთან მისვლის საშუალებაც არ მომცა... ამბობენ, რომ ჩვენს გვარს ეს გენეტიკურად მოსდგამს - მაგალითად, ბებიაჩემი ღვიძლ დეიდაშვილს ჰყავდა ცოლად... არაჩვეულებრივი შვილები გვყავს, სამი შვილიშვილიც. მე და რეზოს კი, უწინდებურად გვიყვარს ერთმანეთი. ორივე ეკლესიურად ვცხოვრობთ და იმედი გვაქვს, რომ ღმერთი მოგვიტევებს ჩადენილ ცოდვას...

ჯენარო ქრისტესაშვილი, ჟორდანიას სახ. ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის, კლინიკური გენეტიკისა და რეპროდუქციული ფუნქციის ჩამოყალიბების განყოფილების სამეცნიერო ხელმძღვანელი, პროფესორი:

- შემიძლია თამამად გითხრათ, რომ ჩემი ხანგრძლივი პრაქტიკის მანძილზე, მხოლოდ ერთეული შემთხვევები მქონდა იმისა, როდესაც საქმე ეხებოდა ქართველებს შორის ნათესაურ ქორწინებას. ვფიქრობ, რომ ქართველებში ეს პრობლემა არ დგას. ხშირია ამგვარი ქორწინება აზერბაიჯანელებსა და ებრაელებში. ამ შემთხვევაში, მე მხოლოდ იმ ერებს ვასახელებ, რომელთა წარმომადგენლებიც უშუალოდ მოგვმართავენ დახმარებისთვის. ქორწინებას ისეთ ნათესავებს შორის, როგორებიც არიან ბიძაშვილები, დეიდაშვილები, მამიდაშვილები, ინბრიდინგი, ხოლო როდესაც კავშირი მყარდება ე.წ. პირველი ხარისხის ნათესავებს შორის – ინცესტი ეწოდება. ინცესტი მიღებული იყო ეგვიპტის საგვარეულოებში, რათა არ მომხდარიყო ქონებისა და ძალაუფლების გაყოფა უცხო ადამიანებთან. ცნობილია აგრეთვე, რომ კათოლიკური ეკლესია არ კრძალავს ქორწინებას მეორე ხარისხის ნათესავებს შორის.

- რატომ ვლინდება ასეთი ქორწინების შედეგად გაჩენილ ბავშვებში სხვადასხვა სახის პათოლოგია?

- ყოველი ჩვენგანი შეიძლება იყოს სხვადასხვა გენური მუტაციის მატარებელი. ნორმალურ გენეტიკურ აპარატში ზოგიერთი გენი იცვლება და პათოლოგიურად, მუტანტურად იქცევა. თითოეული ჩვენგანი შეიძლება იყოს რამდენიმე ასეთი მუტაციის მატარებელი. როდესაც ეს ისეთი მუტაციებია, რომელიც ერთეულ მდგომარეობაში არ ვლინდება და მხოლოდ დაწყვილების შემთხვევაში იჩენს თავს, ეს უკვე საშიროებას წარმოადგენს. ასეთ შემთხვევაში, ნათესაური ქორწინება ხელს უწყობს ერთი ტიპის გენების დაწყვილებას. საერთოდ, გენების დაწყვილების რისკი, მათ შორის, პათოლოგიური სახის, იზრდება მაშინ, როდესაც მეუღლეები ერთი რაიონიდან, ერთი სოფლიდან არიან. ამას განაპირობებს ის, რომ შესაძლებელია, მათ ერთი წინაპარი ჰყავდათ. ამგვარ სიტუაციას ჩვენ ვუწოდებთ საქორწინო დისტანციის შემცირებას. ამიტომ ამბობენ, რომ სხვა ეროვნებასთან შეჯვარებით უმჯობესდება მომავალი თაობის გენეტიკა.

- კერძოდ, რა დაავადებები შეიძლება გამოიწვიოს მუტანტური გენების დაწყვილებამ?

- მაგალითად, აშკენაზის გვარში (მოგეხსენებათ, ეს ებრაული გვარია) ძალზე ხშირია მძიმე ნერვული სისტემის დაზიანებით მიმდინარე "თეისაქსის" დაავადება. ხმელთაშუაზღვისპირეთში გავრცელებულია თალასემია, ამიტომ აქ ხშირად შეიძლება მოხდეს ამ გენების დაწყვილება, ასევე, სხვადასხვა სახის გემოგლობინოპათიებისა. ამ ქვეყნებში ხშირად ავლენენ გენის მატარებლებს. თუ ოჯახში ავადმყოფი ბავშვი დაიბადა, ცხადია, რომ მისი და-ძმანი ე.წ. რისკის ჯგუფში ხვდებიან. ხშირად წყვილებს ქორწინებამდე უწევენ გენეტიკურ კონსულტაციას, ამოწმებენ, არიან თუ არა ისინი ჰეტეროზიგოტები ანუ გენის ფარული მატარებლები. თუ წყვილს გაცნობიერებული აქვს, რომ ნათესაურმა კავშირმა შეიძლება გაზარდოს დაავადებათა რისკი, ისინი ან საერთოდ აღარ ქორწინდებიან, ან უნდა ჩაუტარდეთ პრენატალური დიაგნოსტიკა (ნაყოფის გამოკვლევა). დიდ როლს თამაშობს აგრეთვე ე.წ. "წინაპრის ეფექტი" და ამის მაგალითად, ჩრდილოეთ რუსეთის მოსახლეობას ასახელებენ. თურმე სანამ ჩუქჩები მხოლოდ ირმის ჯოგების მოვლით იყვნენ დაკავებულნი, ვერავინ ამჩნევდა მათ გონებრივ ჩამორჩენილობას. მას შემდეგ, რაც მათ მათემატიკის შესწავლა დაიწყეს და აბსტრაქტულ აზროვნებას მიენიჭა უპირატესობა, მხოლოდ მაშინ აღმოაჩინეს, რომ მათ ახასიათებთ ერთ-ერთი ნივთიერების - ფენილალანინის ცვლის მოშლა, რაც მსუბუქი ტიპის გონებრივ ჩამორჩენას იწვევს. როგორც გაირკვა, ვიღაც ერთ წინაპარს ჰქონდა ეს დაავადება და ვინაიდან მთელი სოფელი ერთი კაცის შთამომავალია და შორეულ, მიუწვდომელ სოფლებში თავისთავად მხოლოდ ნათესაური ქორწინებები ხდება, ამან მთელი მოსახლეობა დააავადა.

ჩვენი წინაპარი ძალზე ბრძენი იყო: ხშირად მსმენია, რომ წინათ ქალის შერთვა უცხო სოფლიდან ერჩივნათ. გარდა დაავადებებისა, ნათესაური ქორწინების დროს ე.წ. ლეტალური გენების დაწყვილება ხდება, რის გამოც, ხშირია ორსულობის შეწყვეტა, ჩვილი ბავშვების სიკვდილიანობა, რომლის მიზეზსაც ხშირ შემთხვევაში ვერ ადგენენ.

მამა ღვთისო, ქაშვეთის ეკლესიის მღვდელი:

- ეკლესია სასტიკად ეწინააღმდეგება ნათესავებს შორის ქორწინებას. ჩვენ ქართველები ვართ - ტრადიციების მიმდევარი ერი, ამიტომ გვაქვს, როგორც დაწერილი, აგრეთვე დაუწერელი კანონები. ქართველებში მოგვარეობაც კი ახლობლობად აღიქმება. ქრისტიანული ეკლესია კრძალავს, როგორც ქორწინებას ნათესავებს შორის, ასევე ნათელ-მირონის მქონეთა შორის.

- თუ ყოფილა შემთხვევა, რომ თქვენთვის მოემართოთ ასეთ წყვილებს, ჯვრისწერის ან აღსარების მიღების თხოვნით?

- სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ასეთი შემთხვევა მქონია, მაგრამ ჯვრისწერის უფლება არასდროს მიმიცია. მე მიმაჩნია, რომ ამ მძიმე და საშინელმა დრომ დააცილა ადამიანები ერთმანეთს. ისეთი სიახლოვე ნათესავებს შორის, როგორიც ადრე იყო, აღარ არის. ხშირად ხდება ისე, რომ ახალგაზრდები ხვდებიან, შეუყვარდებათ ერთმანეთი და მხოლოდ გაკითხვა-გამოკითხვის შემდეგ ირკვევა, რომ ნათესავები არიან. ვესაუბრებით ასეთ წყვილებს, მოგვყავს საწინააღმდეგო არგუმენტები... სხვათა შორის, არც გვედავებიან ხოლმე. ყოფილა შემთხვევა, როდესაც დაუჯერებიათ ჩვენთვის და ერთმანეთს დაშორებიან.

- რამდენად მძიმეა, ამგვარი ქორწინების შედეგად ჩადენილი ცოდვა?

- ათ მცნებაში გვიწერია: "არა კაც-ჰკლა. არა იმრუშო". - ცოდვის ხარისხი დადგენილი არ არის, მაგრამ ცოდვა ცოდვაა. არსებობს მიუტევებელი ცოდვაც - მაგალითად, სულიწმინდის გვემა. როდესაც საუბარია ნათესაური ქორწინებით ჩადენილ ცოდვაზე, ძნელია მართლმსაჯულების მსგავსად, დაადო მათ სასჯელი. ასეთ შემთხვევაში ცოდვა უკვე ჩადენილია და მათ პასუხი უნდა აგონ. მაგალითისთვის, ერთ შემხთვევას მოგიყვანთ: გოგონას დედა და ვაჟის მამა ბიძაშვილები იყვნენ - ე.ი. გოგონას მამის და მისი დედამთილი გახდა. ბავშვებს ერთმანეთი შეუყვარდათ და გაიპარნენ. გაუჩნდათ შვილი, რომელიც ხორცის ნაჭერს უფრო ჰგავდა, ვიდრე ბავშვს, არც თავი ჰქონდა, არც ფეხები და ხელები, მხოლოდ გული უფეთქავდა... ყველამ ჩათვალა, რომ ეს ბავშვი მათი დიდი ცოდვის საზღაური იყო.

ემა ტუხიაშვილი

ჟურნალი "გზა"

#42 16.10.2003