პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი დღეს იწყება

პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი დღეს იწყება

2014-2015 სასწავლო წლისათვის პირველკლასელთა რეგისტრაცია დღეს იწყება. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურის განმარტებით, რეგისტრაცია სამ ეტაპად განხორციელდება. პირველი ეტაპი დღეს დაიწყება და 2 მაისს დასრულდება. პირველი ეტაპის ფარგლებში, სკოლაში რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები, რომლის და-ძმაც ამ სკოლაში სწავლობს, რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია, რომლის ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

პირველი ეტაპი მშობლის მიერ შვილის ონლაინ დარეგისტირებას არ გულისხმობს და პროცესი მხოლოდ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ხორციელდება. ასეთ შემთხვევაში, მშობელი 23 აპრილიდან იმ სკოლაში მიდის, სადაც მისი ერთი შვილი უკვე სწავლობს, დარეგისტრირება კი სკოლის ადმინისტრაციის მეშვეობით ხდება. პირველ ეტაპზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება 5 მაისიდან 15 მაისის ჩათვლით განხორციელდება.

რეგისტრაციის მეორე ეტაპი ონლაინ რეგისტრაციის ფორმით ჩატარდება. რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. ის 20 მაისს დაიწყება და 20 ივნისს დასრულდება.

ლია გიგაურის განმარტებით, მოსწავლეები, რომლებიც პირველ ეტაპზე ვერ დარეგისტრირდებიან, რეგისტრაციას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე ელექტრონულად გაივლიან. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 23 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით.

რაც შეეხება პირველკლასელთა რეგისტაციის მესამე ეტაპს, ის ისევ სკოლებში მოხდება, 10 ივლისს დაიწყება და 18 ივლისს დასრულდება. წინა ეტაპზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარუდგენლობის შემთხვევაში, გამოთავისუფლებულ ადგილზე, იმ მოსწავლეების რეგისტრაცია განხორციელდება, რომლებიც პირველ და მეორე ეტაპზე ვერ დარეგისტრირდნენ და შესაბამის დოკუმენტებს წარადგენენ.

როგორც ლია გიგაური განმარტავს, მშობელს ბავშვის სკოლაში შეყვანა 6 წლის ასაკიდან შეუძლია, თუმცა წელს გარდამავალი ეტაპიდან გამომდინარე, შესაძლებელია დარეგისტრირდნენ ბავშვები, რომლებიც 6 წლის 31 დეკემბრამდე ხდებიან. კიდევ ერთი გამონაკლისია კერძო სკოლების მოსამზადებელ ჯგუფში ჩარიცხული ნაკლები ასაკის მოსწავლეები, რომელთაც შესაბამისი პროგრამა გავლილი აქვთ.

"მხოლოდ ის ბავშვები, რომლებიც 2013-2014 სასწავლო წლის დასაწყისში დარეგისტრირდნენ კერძო სკოლებში, როგორც მოსამზადებელი კლასის მოსწავლე, ავტომატურად ჩაირიცხებიან პირველ კლასში და მათ არ ექნება ასაკობრივი შეზღუდვა, რადგან შესაბამისი პროგრამა მათ უკვე გავლილი აქვთ", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია