რომელი წესების აღსრულება არ არის მართებული მიცვალებულთათვის

რომელი წესების აღსრულება არ არის მართებული მიცვალებულთათვის

წლების მანძილზე, რელიგიური რწმენის უგულებელყოფის შედეგად, ჩვენში მრავალი არაქრისტიანული წეს-ჩვეულება და ტრადიცია დამკვიდრდა. ამ მხრივ გამონაკლისს არც მიცვალებულთან დაკავშირებით დამკვიდრებული წეს-ჩვეულებები წარმოადგენს. ზოგიერთ მათგანში მართლაც, დევს ჭეშმარიტების მარცვალი. მაგრამ დიდ ნაწილს საერთო არაფერი აქვს მართლმადიდებლურ სარწმუნოებასთან. არაეკლესიური წესების შესრულება კი, გარდაცვლილის სულს, შეწევნის ნაცვლად, მწუხარებას ანიჭებს.

არსებობს წესი - საფლავში მიცვალებულის ტანისამოსის, სარკის, საათის, წყლის თუ სხვა ნივთების ჩატანებისა და ადამიანები ხშირად კამათობენ იმაზე, თუ რამდენად მისაღებია მსგავსი ქმედება მართლმადიდებლური სარწმუნოებისთვის.

ერთადერთი ნივთი, რომელიც მიცვალებულს საფლავში უნდა ჩავაყოლოთ, არის ნაკურთხი ჯვარი. რაც შეეხება ტანისამოსისა და სხვადასხვა ნივთის საფლავში ჩატანებას - ეს მხოლოდ ცრურწმენაა და რელიგიასთან არანაირი კავშირი არა აქვს. მსგავსი ქმედება არის დაკარგული მადლი, რომელიც შეგვეძლო, მიცვალებულის სახელზე მოწყალების სახით გაგვეცა. ეკლესიური მოძღვრებით, გარდაცვლილს იმ ქვეყნად მატერიალური ფასეულობა კი არ ესაჭიროება, არამედ ღვთის მადლი, რომელიც ლოცვითა და მოწყალების საქმეებით მისდის მას.

- არსებობს აზრი, რომ მიცვალებულის დაკრძალვამდე, ჭირისუფალმა არ უნდა შეასრულოს საოჯახო საქმეები, არ შეიძლება გააცილოს სამძიმარზე მისული ხალხი და ა.შ. რა უნდა ვიცოდეთ მსგავსი ჩვეულებების შესახებ?

- აზრი იმის შესახებ, თითქოს დაუშვებელია, მიცვალებულის დაკრძალვამდე ოჯახის წევრებმა შეასრულონ საოჯახო საქმეები, მხოლოდ ცრურწმენაა, რომელიც შესაძლოა, მომდინარეობდეს ქრისტიანობის უძველესი დროიდან, როდესაც გარდაცვლილის ახლობლები ძირითად დროს მიცვალებულისთვის საეკლესიო წესების აღსრულებას უთმობდნენ და თუნდაც აუცილებელი საოჯახო საქმეების შესრულების საშუალება აღარ ჰქონდათ. სწორედ აქედან მოდის გარდაცვლილის ოჯახში მეზობლების მიერ სადილის მიტანის წესი. ამგვარად, ჭირისუფალს შეუძლია, გააკეთოს ნებისმიერი საოჯახო საქმე, თუკი ამას საჭიროება მოითხოვს. ჭირისუფალს ასევე არ ეკრძალება სამძიმარზე მისული ხალხის გაცილება, თუკი ეს აუცილებელია.

- აუცილებელია თუ არა გარდაცვლილი ადამიანის ოჯახის მოუნათლავი წევრის მონათვლა მის დაკრძალვამდე?

- ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში, მოუნათლავი წევრის მონათვლა აუცილებლობას არ წარმოადგენს.

- მისაღებია თუ არა მიცვალებულისთვის ღამის თევა?

- მიცვალებულისთვის ღამის თევა მხოლოდ იმ შემთხვევაშია გამართლებული, თუკი გარდაცვლილის ახლობლები იმის გამო იკრიბებიან, რომ ილოცონ მისი სულისთვის. ამ მიზნით მიცვალებულებისთვის ღამისთევა არათუ მისაღები, აუცილებელიცაა, რადგან ღამით ახლობლებს საშუალება ეძლევათ, მშვიდად ილოცონ მიცვალებულის სულისთვის, რაც უდიდესი მადლია. ხოლო თუკი ღამის თევის დროს, გარდაცვლილის ახლობლებს დრო გაჰყავთ საუბრით, თავს იქცევენ საერო გასართობით, ასეთი ღამის თევა გარდაცვლილის სულს ძალიან ამძიმებს და ბუნებრივიცაა, რომ ეკლესიისთვის მიუღებელია.

- არსებობს აზრი, რომ გარდაცვილის სახელზე აუცილებელია შევიძინოთ კენტი რაოდენობით ყვავილი, რამდენად გამართლებულია ეს ეკლესიური სწავლებით?

- მსგავს სწავლებას მართლმადიდებელი ეკლესია არ იცნობს, ეს მხოლოდ ხალხის მიერაა გამოგონილი. საერთოდ, უნდა იცოდეთ, რომ ყვავილები და გვირგვინები განასახიერებს სიმართლის გვირგვინს, რომელიც მოელის ღვთის წინაშე გამართლებულ ადამიანს ცათა სასუფეველში.

- მისაღებია თუ არა პანაშვიდის და დაკრძალვის დღეს სამგლოვიარო მუსიკის შესრულება?

- ეკლესიური მოძღვრებით, როდესაც მიცვალებული შინ ასვენია, დაუშვებელია ნებისმიერი სახის სამგლოვიარო მუსიკის შესრულება, რადგან ეს უდიდეს ტანჯვას ანიჭებს გარდაცვლილის სულს. ქრისტიანული წესით, გარდაცვილის დაკრძალვამდე იკითხება ფსალმუნები და იგალობება საეკლესიო საგალობლები, რაც მის სულს სიმშვიდეს ანიჭებს.

- როგორ უყურებს ეკლესია გარდაცვლილის გამოსვენებისას შესრულებულ სხვადასხვა რიტუალს - მაგალითად, კარზე სასახლის მიჯახუნებას, კვერცხის გატეხას, ტახტის გარშემო მიცვალებულის სამჯერ შემოტარებას და სხვა...

- ძველად, მართლმადიდებელ ქრისტიანს დაკრძალვამდე ასვენებდნენ ეკლესიაში, გამოსვენების დროს კი ხდებოდა ტაძრის გარშემო მიცვალებულის სამჯერ შემოტარება, ეს იყო ლიტანიობის მსგავსი რიტუალი. ამასთანავე, აყირავებდნენ ტახტს, რომელზეც გარდაცვლილი იყო დასვენებული, რაც მიანიშნებდა მის საფლავიდან გადაგორებულ ლოდზე. თუ ამ რწმენით ვიმოქმედებთ, მაშინ შესაძლებელია, ეს რიტუალი ოჯახშიც შესრულდეს. სხვა დანარჩენი - გამოსვენებისას კვერცხის გატეხა, კარზე სასახლის მიჯახუნება, მინის ჩამსხვრევა და ა.შ. - მხოლოდ ცრურწმენაა და ასეთი ქმედებით მიცვალებულს შეურაცხვყოფთ.

- ჩვენში დამკვიდრებული წესის თანახმად, გარდაცვლილი ადამიანის ჭურჭელს ორმოცამდე ხელს არ ახლებენ, ლოგინზე ალაგებენ გარდაცვლილის ტანისამოსს და ნივთებს. ქრისტიანულია თუ არა მსგავსი ქმედება?

- გარდაცვლილის ტანისამოსისა და ნივთების საწოლზე დაწყობა არავითარ საჭიროებას არ წარმოადგენს; საჭიროა ამ ნივთების გაცემა მოწყალების სახით. ასევე არაქრისტიანული წესია გარდაცვლილის საწოლის გვერდით მაგიდაზე საჭმლის დაწყობა. საკვები მაგიდაზე კი არ უნდა დავალაგოთ და შემდეგ, ჩვენვე კი არ უნდა მივირთვათ, არამედ მივუტანოთ გაჭირვებულებს და დავაპუროთ, სწორედ ამგვარად შევეწევით გარდაცვლილის სულს. მოწყალების საქმეების აღსრულება გარდაცვლილის სულისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და აუცილებელია ორმოცამდე.

- აუცილებელია თუ არა საფლავის მოწყობა ორმოცამდე?

- აზრი საფლავის ორმოცამდე მოწყობის აუცილებლობის შესახებ, ცრურწმენაა. მთავარია, საფლავზე მიცვალებულის დაკრძალვისთანავე აღიმართოს ჯვარი - სიმბოლო ხსნისა. როგორც წმინდა მამები ბრძანებენ, უჯვრო საფლავს ეშმაკები ეპატრონებიან.

- შეიძლება თუ არა საფლავზე სანთლის ანთება?

- საფლავზე სანთლის ანთება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი იქ აღმართულია ნაკურთხი ჯვარი. საფლავის ქვის წინ, სადაც გარდაცვლილია გამოსახული, სანთელი არ ინთება.

- ხშირად გარდაცვლილის ახლობლები, მიცვალებულის სურათს ათავსებენ. წმინდა ხატების გვერდით, რამდენად ქრისტიანულია ეს წესი?

- ხატების გვერდით მიცვალებულის სურათის მოთავსება არაეკლესიურია.

- ქრისტიანულია თუ არა წესი საფლავზე ღვინის დასხმისა?

- წესი საფლავზე ღვინის დაღვრის სიმბოლოურია, რაც მიცვალებულისთვის ცოდვათა მიტევების სურვილს გამოხატავს. ეს ტრადიცია სათავეს იღებს გოლგოთიდან: როდესაც ჯვარცმულ მაცხოვარს ლახვარი უგმირეს, გვერდიდან სისხლი და წყალი გადმოსდინდა, რითიც განიწმინდა ცოდვილი მიწა და ადამის საფლავი. ასე რომ, საფლავზე ღვინის დაღვრა არ იკრძალება, მაგრამ ღვინო უნდა დაიღვაროს მანამ, სანამ მოვსვამთ, რაც შეეხება საფლავზე პურმარილის გატანას და სუფრის გაშლას - ეს ეკლესიისთვის მიუღებელი წესია. ასეთი სუფრა ხშირად, ღრეობაში გადადის და ჩხუბითა და აყალმაყალით კი მთავრდება. მსგავსი ქმედებით ვერანაირად ვერ შევეწევით მიცვალებულის სულს, პირიქით - ყოფას ვუმძიმებთ: "ჩვენი მიცვალებულებისთვის ნამდვილად შავი დღეა: ლოცვის, სანთლების დანთებისა და საკმევლის კმევის ნაცვლად, ასეთ დროს საფლავზე ნამდვილი წარმართული ქელეხი იმართება - ნუ გავხდით ამ დღეს ყველაზე სატანჯველს მათთვის" - წერს არქიმანდრიტი იოანე (კრესტიანინკი).

- საჭიროა თუ არა მიცვალებულის სახელზე ცხვრის დაკვლა?

- ჩვენში დამკვიდრებული ტრადიცია, მიცვალებულის სახელზე ორმოცსა და წლისთავზე ცხვრის დაკვლისა, არაქრისტიანულია და ამ ქმედებით ვერანაირ შვებას ვერ მივანიჭებთ გარდაცვლილის სულს. ეკლესია არ კრძალავს გარდაცვლილის ორმოცზე, წლისთავსა თუ მისი მოხსენიების დღეებში ცხვრის დაკვლას, მაგრამ ამას არ უნდა მიენიჭოს რელიგიური მნიშვნელობა, ეს შეიძლება გაკეთდეს მხოლოდ ხალხის დასაპურებლად. მიცვალებულის სულს შევეწევით ლოცვით, მის სახელზე მოწყალების გაცემით, სულის მოსახსენებელი პანაშვიდის გადახდით თუ სხვა, ეკლესიის მიერ დადგენილი ქრისტიანული წესების აღსრულებით, რომელთა შესახებაც რჩევა-მითითებას მოგვცემს ნებისმიერი ღვთისმსახური.

შორენა მერკვილაძე

ჟურნალი "გზა"

როგორია COVID-19-ის მკურნალობის რეალური პროტოკოლი საქართველოში - თენგიზ ცერცვაძე ზურაბ გურულის ბრალდებებს პასუხობს

საქართველოს საზღვრიდან 8 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა

საავტომობილო გადაადგილების აკრძალვა 22 აპრილამდე მოქმედებს