მე-12 კლასელების გამოსაშვები გამოცდები 21 მაისს დაიწყება

მე-12 კლასელების გამოსაშვები გამოცდები 21 მაისს დაიწყება

საქართველოს მასშტაბით მე-12 კლასელების გამოსაშვები გამოცდები 21 მაისს დაიწყება, - ამის შესახებ ერთიანი ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, მაია მიმინოშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მაია მიმინოშვილის თქმით, მე-12 კლასელებს ჯერ სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩაბარება მოუწევთ, რათა შემდგომ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიიღონ მონაწილეობა.

გამოსაშვები გამოცდები ორ ნაწილად არის გაყოფილი. მე-12 კლასელები გამოცდას ოთხ საგანში ჩააბარებენ - ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ისტორიაში, უცხო ენასა და მათემატიკაში.

მაია მიმინოშვილმა აღნიშნა, რომ მე-12 კლასელების საგამოცდო პერიოდი 20 მაისს დაიწყება და 25 მაისს დასრულდება.

მისივე თქმით, 20 მაისს მოსწავლეები კომპიუტერთან საგამოცდო პროგრამას გაეცნობიან და ივარჯიშებენ. უშუალოდ გამოცდა 21 მაისს ქართულ ენასა და ლიტერატურაში დაიწყება და ბოლო გამოცდა 24 მაისს მათემატიკაში იქნება.

მაია მიმინოშვილმა აღნიშნა, რომ გამოცდებზე იმ მეთორმეტე კლასელებსაც იწვევენ, რომლებმაც შემოდგომის სესიაზე რომელიმე საგანში ბარიერის გადალახვა ვერ მოახერხეს და მათ ექნებათ შესაძლებლობა, ხელახლა ჩააბარონ ამ საგანში გამოცდა.

ამასთან, 25 მაისს იქნება გამოცდა არაქართულენოვანი სკოლების მე-12 კლასელებისთვის ქიმიაში და იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებმაც ქიმიაში ბარიერი ვერ გადალახეს. მეთერთმეტე კლასელებისათვის საგამოცდო პერიოდი 25 მაისს დასრულდება.

მიმინოშვილის განცხადებით, რეგისტრირებული მე-12 კლასელების რაოდენობა წელს უფრო ნაკლებია, ვიდრე წინა წლებში იყო და 38 000-ზე მეტს შეადგენს.

მე-12 კლასელებს საგამოცდო მოსაწვევი ბარათები მაისის ბოლოს დაურიგდებათ. ბარათებში გაწერილი იქნება განრიგი და დრო, თუ როდის უნდა ჩააბარონ საგნებში გამოცდები.

ამასთან, მიმინოშვილმა აღნიშნა, რომ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში დარეგისტრირებულია 36 500 აბიტურიენტი და მათი უმეტესობა მე-12 კლასელები არიან. გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა დასძინა, რომ წელს საგნებში მე-12 კლასელებისათვის ბარიერი შეადგენს 5-დან 10 ბალიან შკალას და მოსწავლეებმა გამოცდის ჩასაბარებლად სულ მცირე 5.5 ქულა უნდა მიიღონ, რათა გამოცდა დაძლიონ.

მაია მიმინოშვილმა წარმატება უსურვა მე-12 კლასელებს და იმედი გამოთქვა, რომ მათი უმეტესობა ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიიღებს შემდგომ მონაწილეობას.

ამასთან, წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართულ ენასა და ლიტერატურაში 26 ივნისს დაიწყება.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია