შერკინება მეტოქესთან ჯვრისწერის დღეს - "ბორჯღალოსნების" კაპიტნის პირადი ცხოვრება

შერკინება მეტოქესთან ჯვრისწერის დღეს - "ბორჯღალოსნების" კაპიტნის პირადი ცხოვრება

"რაგბის თამაში გვიან დავიწყე. 16 წლის ვიყავი, როცა მეგობარს მოედანზე გავყევი და... რაგბით "მოვიწამლე". მეორე დღეს, სტადიონზე მეც სავარჯიშო ფორმით გამოვცხადდი", - იხსენებს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ირაკლი მაჩხანელი. პირველივე ოფიციალურ თამაშზე უწინასწარმეტყველეს: შეგიძლია, კარგი მოთამაშე გახდეო. კარიერა ევროპაში გააგრძელა, რამდენიმე კლუბის გამოცვლის შემდეგ, სამშობლოში დაბრუნდა და ახლა "ბორჯღალოსნებს" თავკაცობს.

- ირაკლი, სანამ რაგბის თამაშს დაიწყებდი, სპორტის რომელიმე სახეობით თუ იყავი გატაცებული?

- კალათბურთი მომწონდა ძალიან. სამოყვარულო კლუბშიც დავდიოდი. ყოველთვის სპორტული ბავშვი ვიყავი. ფეხბურთსაც ვთამაშობდი. ბავშვობაში, როცა თანატოლები ბირჟაზე იდგნენ, მე და ჩემი მეგობრები სპორტულ დარბაზში მივდიოდით და ვთამაშობდით.

- რა მოხდა შენში იმ დღეს, როცა რაგბის მოედანზე პირველად მოხვდი?

- მივხვდი, რომ ეს ჩემი საქმე იყო. პირველი წუთებიდანვე სხვაგვარი დამოკიდებულება გამიჩნდა. ჩემი პირველი მწვრთნელი მიშა ჯვარიძე იყო. პირველი ოფიციალური თამაშის შემდეგ მწვრთნელმა შემაქო, მითხრა, შეგიძლია, კარგი მოთამაშე გახდეო. მაშინ ვერც კი წარმომედგინა, ასეთ წარმატებას თუ მივაღწევდი.

- ამბობენ, მაჩხანელს თამაშის აგრესიული სტილი აქვსო.

- წლების წინ აგრესიული დაცვა უფრო მახასიათებდა. ისეთი ბოჭვები მქონდა, მაყურებელზე აგრესიული მოთამაშის შთაბეჭდილებას ვახდენდი. თითოეულ სპორტსმენს თამაშის ინდივიდუალური სტილი აქვს. დაცვაში თამაშისას მოწინააღმდეგის ქმედებას ხშირად გამოვიცნობდი, ვხვდებოდი, ვის გადააწოდებდა ბურთს და ა.შ. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, გუნდს სტიმულს აძლევს.

- რამდენი წელია, რაც რაგბის თამაშობ?

- 17 წელია.

- ამ ხნის განმავლობაში შენთვის ყველაზე ემოციური რომელი მატჩი იყო?

- 2007 წელს ირლანდიის ნაკრებთან თამაში. მოგებასთან ძალიან ახლოს ვიყავით... და მეორე თამაშსაც გამოვყოფ - ნამიბიასთან, როცა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ასპარეზზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. იმისთვის, რომ 80 წუთის განმავლობაში კარგად გვეთამაშა, 3 თვე თავდაუზოგავად ვვარჯიშობდით. მიზანს მივაღწიეთ. ეს თითოეული მორაგბისა და ქართული რაგბისთვის მნიშვნელოვანი დღე იყო.

- ევროპის არ­აერთ გუნდში თამაშობდი, ბოლოს მაინც საქართველოში დაბრუნდი. კარიერის უცხ­ოეთში გაგრძელებაზე უარი რატომ თქვი?

- საფრანგეთში პირველად რომ წავედი, მაშინვე ვფიქრობდი, რომ სამშობლოში უნდა დავბრუნებულიყავი. კარგ ქვეყანაში რაგბის და ცხოვრების დონეც მაღალია. უცხოეთში 8 წელი დავყავი. თამაში "ბეზიეში" დავიწყე. ამაში რუსთაველი მორაგბე გოდერძი შველიძე დამეხმარა. მერე 5 კლუბი გამოვიცვალე. ბოლოს მაინც სამშობლოში დაბრუნება ვარჩიე. კვირა დღეს კონტრაქტისთვის ხელი უნდა მომეწერა. 3-4 დღით ადრე გადავწყვიტე, რომ საქართველოში დავბრუნებულიყავი. საფრანგეთში თავდაპირველად ძალიან გამიჭირდა. ქართველები ცოტათი მძიმე ხალხი ვართ, გამოხედვაც კი სხვაგვარი გვაქვს. იქ ყველა იღიმის. თბილისის ქუჩებში ისტერიკული სიგნალის ხმა ისმის, საფრანგეთში მსგავსი რამ არ ხდება, იქ ამას შეურაცხყოფად აღიქვამენ.

- ევროპაში ცხოვრებამ შენში რა შეცვალა?

- მივხვდი, რა არის პროფესიონალიზმი. ქართველებს პუნქტუალობა და პასუხისმგებლობის გრძნობა ძა­­ლიან გვაკლია. ეს ყველაფერი იქ ვისწავლე. "ქართული" პირველი საათი ხომ 2 საათია!..

- 2013 წლიდან ეროვნული ნაკრების კაპიტანი ხარ. ამას ელოდი?

- კაპიტნად რომ დამასახელეს, ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ საქართველოში ვიმყოფებოდი. ჩვენი უცხოელი მწვრთნელიც აქ არის. საცხოვრებლად თბილისში ოჯახთან ერთად ჩამოვიდა. მასთან თითქმის ყოველდღიური კონტაქტი მაქვს. საქართველოს ნაკრები ლიდერების ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდის. გორგოძისა და ზირაქიშვილის დასახელებაც საკმარისია. მაგრამ ისე მოხდა, კაპიტნად მე ამირჩიეს. მერწმუნე, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

- თამაშის დროს, ეს ხომ მეტ პასუხისმგებლობას გაკისრებს.

- თავიდან ძალიან გამიჭირდა. გუნდის შეცდომებს საკუთარ თავს ვაბრალებდი. ძალიან დამეხმარა ირაკლი აბუსერიძე. როცა რამე სადავოა, გადაწყვეტილებას ზირაქიშვილთან და გორგოძესთან მოთათბირების შემდეგ ვიღებ.

- დათო კაჭარავამ მითხრა, თამაშის დაწყების წინ ყოველთვის ტაძარში მივდივართო. ამ ტრადიციას დღემდე ინარჩუნებთ?

- დიახ. ნაკრები ტაძარში სრული შემადგენლობით მივდივართ, მოძღვარი ჩვენს სახელზე პარაკლისს იხდის. მოედანზე გასვლის წინ "მამაო ჩვენოს" ვამბობთ. რაგბიში ძალიან კარგი ახალი თაობა მოდის. მიხარია, ბიჭებს რომ ვუყურებ. მეგობრული გარემოა. დარწმუნებული ვარ, ქართულ რაგბის ძალიან დიდი მომავალი აქვს.

- შეიძლება, პირად ცხოვრებაზე გკითხო?

- რა თქმა უნდა. მყავს მეუღლე და ძალიან მალე შვილი მეყოლება. ჩემი მეუღლე - თეკლა 23 წლისაა. ერთ-ერთ ბანკში გზავნილების დეპარტამენტში მუშაობდა. არ ვიცი, შვილის გაჩენის შემდეგ საქმიანობას კვლავ გააგრძელებს თუ - არა.

- ბიჭს ელოდებით თუ გოგოს?

- ბიჭს. სახელი ჯერჯერობით არ შეგვირჩევია. მინდოდა, პირველი შვილი გოგო მყოლოდა. ჩემს მეუღლეს ბიჭი უნდოდა. მან "გაიმარჯვა".

- თეკლა როგორ გაიცანი? თქვენი სიყვარულის ამბავი როგორ განვითარდა?

- ჩვენ შორის ასაკობრივი სხვაობა 9 წელია. ერთმანეთს ოჯახებით ვიცნობდით. მათთან რომ მივდიოდი, თეკლა პატარა ბავშვი იყო. ჩვენ შორის გრძნობა თანდათან მოვიდა და ერთად ცხოვრების გადაწყვეტილება მივიღეთ.

- შენ საფრანგეთში იყავი, ის - საქართველოში, რთული არ იყო?

- შეყვარებულებმა ასე 4 წელი გავატარეთ. ისიც დაკავებული იყო და მეც. ერთმანეთის საქმეს და პროფესიას პატივს ვცემდით. წელიწადში 4-5-ჯერ ჩამოვდიოდი. ინტერნეტითა და ტელეფონით ხშირად ვკონტაქტობდით.

- ქორწილი გქონდათ?

- არა, ჯვარი დავიწერეთ. ესეც ძალიან მოულოდნელად მოხდა. ჯვარი 3 საათზე დავიწერეთ და იმავე დღეს თამაში მქონდა. არ მიყვარს, როცა გეგმებს წინასწარ აწყობენ, მერე საათობით სუფრასთან სხედან. მეჯვარეები შევკრიბეთ, ეკლესიაში წავედით და...

- ქართულ სუფრასთან თავს კარგად ვერ გრძნობ?

- არ მომწონს, ღვინოს ლიტრობით რომ სვამენ. ზოგჯერ სურვილი მიჩნდება, ახლობელ ადამიანებთან ერთად, ვიწრო წრეში რამდენიმე ჭიქა დავლიო, მაგრამ მერე ვამჩნევ, იმ "ცოტას" დალევაც არ მსიამოვნებს. მოქეიფე ქართველი არ ვარ. შეიძლება, ეს სპორტის გამოა, მაგრამ არა მგონია, რაგბიდან რომ წავალ, ქეიფი დავიწყო.

- თავისუფალ დროს როგორ ერთობი?

- სახლში ვრჩები და წიგნს ვკითხულობ. საერთოდ, წიგნების კითხვა ძალიან მიყვარს. კიდევ, მეუღლესთან ერთად ვსეირნობ ან მეგობრები მოდიან და მათთან ერთად ვერთობი.

- მეუღლე მატჩებზე საგულშემატკივროდ ხშირად დადის?

- თავიდან ნაკრების თამაშებზე მოდიოდა, მაგ­რამ მე თავად არ მიყვარს, როცა თამაშს ვინმე ჩემიანი ესწრება: ამ დროს გონება მეფანტება, სხვაგვარად განვიცდი. მირჩევნია, ეკრანზე მიყუროს. ერთხელ ეს ავუხსენი და მას შემდეგ დიდად აღარ აქტიურობს. ხალხმრავლობა თავადაც არ უყვარს.

- მის სახელზე ლელო დაგიდია?

- არა. თამაშში რომანტიზმი ნაკლებად მახასიათებს. და საერთოდ ვთვლი, რომ რომანტიკული ადამიანი არა ვარ, მიუხედავად იმისა, რომ თეკლა ამბობს, რომანტიკოსი ხარო.

- სიურპრიზების მოწყობა გჩვევია?

- ზომიერად.

- თეკლას?

- თავადაც მიწყობს, მაგრამ მე წინასწარ ვხვდები ხოლმე. ცოტა ხნის წინ მეგობრისთვის უთხოვია, ჩემგან მალულად სახლში მოედნის ფორმის ტორტი, რაგბის ბურთით, მოეტანა. იმ დღეს სახლიდან რომ გამოვედი, რაღაც დამრჩა და მივბრუნდი. სადარბაზოში სწორედ იმ მეგობარს შევეჩეხე. სად მიდიხარ-მეთქი?.. გამოვიჭირე.

- თეკლას გულის მოგება გაგიჭირდა?

- ყველაფერი თავისთავად, ძალდაუტანებლად განვითარდა. ვერ ვიტყვი, რომ გამიჭირდა. ჩვენ შორის გაგება იყო.

- ორიგინალობით შეყვარებულობის პერიოდშიც არ გამოირჩეოდი?

- მაშინ უფრო ვაქტიურობდი. უცხოეთიდან რომ ჩამოვდიოდი, არ ვეუბნებოდი, რომ თბილისში ვიყავი და მასთან მოულოდნელად მივდიოდი.

- წინ რომელი თამაში გელოდებათ?

- წინ გვაქვს თამაში თბილისის თასზე, სადაც განვითარებაზე გაკეთდება აქცენტი და არა - შედეგზე. სამწვრთნელო შტაბმა გადაწყვიტა, ამ თამაშებში 30 წელს გადაცილებული მორაგბეები მოედანზე არ გამოვიდეთ. მე 33 წლის ვხდები. ნოემბერში ყველაზე გამორჩეული და მნიშვნელოვანი ტურნირი გველოდება. წილად გვხვდა ტონგასთან და იაპონიასთან თამაში. ქართული რაგბის ისტორიაში პირველად, ირლანდიის გუნდთან სათამაშოდ გასვლა გვექნება.

- გგულშემატკივრობთ და წარმატებებს გისურვებთ!

- მადლობა! ჩვენი ხალხის გულშემატკივრობა თითოეული მორაგბისთვის დიდი სტიმულია, ბრძოლის ჟინს გვმატებს. იმედია, თქვენს გახარებას შევძლებთ.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია