რა კრიტერიუმით ირჩევა პირი მღვდლად საკურთხებლად და რა ეკრძალება სასულიერო პირს

რა კრიტერიუმით ირჩევა პირი მღვდლად საკურთხებლად და რა ეკრძალება სასულიერო პირს

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს პირი, რომელსაც სურს მღვდელი გახდეს, ვის გადასცემს საქართველოს საპატრიარქო სასულიერო პირის ხარისხს და რატომ არის აუცილებელი მღვდლად კურთხევის კანდიდატი მამაკაცი იყოს - ამ და სხვა საინტერესო თემებზე Ambebi.ge თეოლოგიის დოქტორს საეკლესიო სამართალში, დეკანოზ ალექსი ქშუტაშვილს ესაუბრა.

- რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს პირი, რომელიც მღვდლად კურთხევისთვის ემზადება?

- სჯულის კანონისა და საეკლესიო პრაქტიკის მიხედვით, მღვდლად კურთხევის წინაპირობები რამდენიმე კატეგორიად შეიძლება დაიყოს: ესენია რელიგიური,ზნეობრივი და სოციალური ფაქტორები.

რელიგიურ ფაქტორებში იგულისხმება ის, რომ კანდიდატი უნდა იყოს ქრისტიანი, აუცილებლად მართლმადიდებლური წესით მონათლული. მას ეკლესიური ცხოვრების რამდენიმეწლიანი გამოცდილება მაინც უნდა ჰქონდეს. სჯულის კანონში მკაცრად არის ნაჩვენები, რომ მომავალ სამღვდელო პირს ან დიაკვანს სულიერი ცხოვრების გამოცდილება უნდა ჰქონდეს.

გარდა ამისა, არა მარტო კანდიდატი, არამედ მისი ოჯახის წევრებიც უნდა იყვნენ მართლმადიდებელი ქრისტიანები. თუ სამღვდელო კანდიდატი არამართლმადიდებლურ ოჯახში, მაგალითად რომელიმე სექტის მიმდევრების გარემოცვაში არის აღზრდილი, მეტი სიფრთხილე და დაკვირვებაა საჭირო, არის კი ის მართლმადიდებელ ადამიანად ჩამოყალიბებული?! თუ მისი ოჯახის წევრები არამართლმადიდებლები არიან, დასაშვებია კანდიდატის მღვდლად კურთხევა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ის სულიერად უნდა იყოს მზად ღვთისმსახურებისთვის.

მართლმადიდებელ ეკლესიაში მღვდლად კურთხევის მესამე და აუცილებელი პირობაა, რომ კანდიდატი აუცილებლად მამრობითი სქესის წარმომადგენელი იყოს.

- შეიძლება ბევრს გაუჩნდეს ლოგიკური კითხვა, რატომ მაინცდამაინც მამაკაცი? რით აიხსნება ეს პირობა?

- იმიტომ, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის გაგებით, ღვთისმსახურება, რომელიც ტაძარში ტარდება, არ არის მხოლოდ გახსენება 21 საუკუნის წინ მომხდარი მოვლენებისა (ჯვარცმა, აღდგომა, მაცხოვრის ქადაგება და ა.შ.). ეს არა თეატრალური წარმოდგენა, არამედ ღვთისმსახურება, თანამედროვე ცხოვრებაში გადმოტანილი უძველესი ისტორიული მოვლენების ცოცხალი ხატია. შესაბამისად, სასულიერო პირს ორმაგი ფუნქცია აკისრია: ერთის მხრივ, ის არის მრევლის წარმომადგენელი ღვთის წინაშე და მეორეს მხრივ, ის სიმბოლურად განასახიერებს მაცხოვარს.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ მღვდელი არა მარტო მქადაგებელი, არამედ აღსარების ჩამბარებელიც გახლავთ. ამ ფუნქციის შედარებით პირნათლად შემსრულებლად ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მამაკაცი მიიჩნევა. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ქალებს არ აქვთ ეკლესიაში მსახურების უფლება. ისინი გალობენ, არიან მედავითნეები, დედათა მონასტრებში, სადაც მამაკაცი სტიქაროსნები ფიზიკურად არ არიან, საკურთხეველში მონაზვნები მსახურობენ.

- რას გვეტყოდით ზნეობრივ ფაქტორზე? რა არ ეპატიება სასულიერო პირს და რა ბარიერები არსებობს მღვდელმსახურების მსურველებისთვის?

- ზნეობრივი ფაქტორები მართლაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. სამღვდელო კანდიდატი უნდა გამოირჩეოდეს შეუბღალავი მორალური ცხოვრებით. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თუ პიროვნება ზრდასრულ ასაკში მოინათლა და მანამდე მძიმე ცოდვები ჰქონდა ჩადენილი, მიეტევება და ეს მის მღვდლად კურთხევას ხელს არ უშლის. მთავარია ნათლობის შემდეგ არ ჩაიდინოს მძიმე ცოდვა.

90-იან წლებში, როდესაც სასულიერო პირების ნაკლებობას განიცდიდა ქართული მართლმადიდებლური ეკლესია, მსგავს ფაქტორებს შედარებით ნაკლებად ექცეოდა ყურადღება. თუმცა, ამ პრაქტიკამ არ გაამართლა, რადგან ზოგი მძიმე წარსულის მქონე სამღვდელო პირის ცხოვრება ერში სკეპტიციზმს იწვევდა. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ შეიძლება ადამიანი გათავისუფლდა წარსულის მავნე ჩვევებისგან, მაგრამ გარკვეული მავნე ჩვევა, აგრესიული ქმედებები, ინტონაცია და ჟესტიკულაცია შენარჩუნებული აქვს. ეს კი სასულიერო პირს უდავოდ არ უხდება.

არ შეიძლება მღვდლად ეკურთხოს მამაკაცი, რომლის მეუღლეც წარსულში ამორალურ საქმიანობას ეწეოდა. მაგალითად, თუ იყო მეძავი, სტრიპტიზის მოცეკვავე, ან რაიმე მსგავსი. თუ მღვდელს მეუღლე უღალატებს, მან ან უარი უნდა თქვას სასულიერო ცხოვრებაზე, ან დაშორდეს მას.

ადრე, 90-იან წლებში სასულიერო პირებთან დაკავშირებული სტერეოტიპები იყო ლოთი, მექალთანე და მოძალადე. მადლობა ღმერთს, დღეს მსგავს რაიმეს ძალიან იშვიათად თუ გავიგებთ. დღეს ეკლესიაში ზნეობრივად ჩამოყალიბებული, გულით და სულით ღვთისმსახური ადამიანები იყრიან თავს. შეიძლება ცოტა ზედმეტი მოშურნეობა და მოთხოვნაა მრევლისგან სასულიერო პირების მიმართ, რომ ისინი ზედმიწევნით ზუსტად უნდა ასრულებდნენ მოვალეობას. ალბათ თავად ჩვენ, სასულიერო პირებს სადღაც რაღაც გამოგვრჩა, რის გამოც ეთიკასთან დაკავშირებულ უხერხულობებს ვაწყდებით ხოლმე. მოძღვარი არ არის მხოლოდ მწყემსი, რომელიც კვერთხს ხმარობს. ის სიყვარულსა და მზრუნველობას უნდა აგრძნობინებდეს მრევლს. ყველაზე მთავარი ალბათ მაინც მოწოდება და საქმის სიყვარულია. ყველა საქმე, რასაც ადამიანი სიყვარულით აკეთებს, აუცილებლად გამოიღებს კეთილ ნაყოფს.

- 2002 წლიდან საქართველოში არსებობს "საპატრიარქოსთან არსებული სამღვდელო კანდიდატთა შემოწმების კომისია". რა ფუნქციას ასრულებს ის და ვინ არიან კომისიის წევრები?

- სამღვდელო ხარისხის მიღებამდე კანდიდატები ამ კომისიაში გადიან შემოწმებას, სადაც ყურადღება ექცევა მათ განათლების დონეს, წარსულს, ზნეობას. კომისიის თავმჯდომარეც ამჟამად ქორეპისკოპოსი ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძეა. მცხეთა-თბილისის ეპარქიის ფარგლებში ამ კომისიის წინაშე წარდგენა აუცილებელია, მაგრამ რაიონებში არ არის სავალდებულო. ეს უკვე იქაური ეპისკოპოსის კომპეტენციაა.

სჯულის კანონის მიხედვით, დიაკვნისა და მღვდლობის კანდიდატების კურთხევა კონკრეტული ეპარქიის ეპისკოპოსის პრეროგატივაა. თუმცა ეპისკოპოსები ვალდებულნი არიან სამღვდელო კანდიდატი პატრიარქს წარუდგინონ.

სალომე შიხაშვილი

Ambebi.ge

ასევე იხილეთ: პატრიარქის უფლებები და მოვალეობები - სად გადის ზღვარი სასულიერო და საერო მოღვაწეობას შორის?

დავით ბაგრატიონი მამის პანაშვიდზე მეორე მეუღლესთან ერთად გამოჩნდა - ფოტოები სვეტიცხოვლიდან

"ბევრი სირთულე გადავიტანეთ... ჩემი ვაჟისთვის საქართველოში ჩამოსვლა სანუკვარი ოცნება იყო" - როგორ ცხოვრობს ტეხასში ლევან მამალაძე, რას ამბობს ოჯახსა და ექსმაღალჩინოსნებზე?

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტის წარმატების ფორმულა