კარაქის ნაცვლად სუროგატი - "არავინ იცის, რა სახის ცხიმებს შეიცავს ეს პროდუქტი"

კარაქის ნაცვლად სუროგატი - "არავინ იცის, რა სახის ცხიმებს შეიცავს ეს პროდუქტი"

"საქართველოს სტრატეგიული კვლევების ცენტრი" ხშირად ატარებს ქართულ მაღაზიებში სარეალიზაციოდ გამოტანილი პროდუქციის კვლევას. ამჯერად მათ რამდენიმე დასახელების კარაქი შეისწავლეს და ცოტა არ იყოს, მოულოდნელი შედეგი მიიღეს. სწორედ ამ კვლევის შესახებ გვესაუბრება სტრატეგიული კვლევების ცენტრის წარმომადგენელი ლია თოდუა:

- 2014 წლის თებერვალ-მარტში, თბილისის მაღაზიებში შევიძინეთ ქართული ფირმების მიერ წარმოებული რამდენიმე დასახელების შეფუთული კარაქი და გამოსაკვლევად ლაბორატორიაში მივიტანეთ. ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით, ამ პროდუქტებში რძის ცხიმის შემცველობა ნორმას შეესაბამებოდა, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ მიერ შესწავლილი ნიმუშები ნამდვილი კარაქი იყო. მიმდინარე წლის 19 მარტს, მომხმარებლის მიერ მითითებულ მისამართზე შევიძინეთ ასაწონი კარაქი და ჩავაბარეთ ლაბორატორიაში. მიღებული პასუხის მიხედვით აღმოჩნდა, რომ პროდუქტში რძის ცხიმის შემცველობა მხოლოდ 4%-ს აღწევდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პროდუქტი კარაქი არ არის. სამწუხაროა, რომ საქართველოს კანონმდებლობა ამ ეტაპზე მომხმარებელს შეცდომაში შეყვანისგან ვერ იცავს.

- ქალბატონო ლია, აუხსენით მკითხველს, როგორ უნდა შეარჩიოს ნამდვილი კარაქი?

- ნამდვილი კარაქი არის რძის ცხიმისგან დამზადებული პროდუქტი. სამწუხაროდ, საქართველოში კარაქის ნაცვლად იყიდება სუროგატული პროდუქტები, რომლებსაც სულ სხვა ცხიმებს ამატებენ. როგორც ვთქვი, შეფუთულ კარაქში ჯერჯერობით არ აღმოგვიჩენია ფალსიფიცირებული პროდუქტი. როგორც წესი, მომხმარებელი კარგად უნდა დააკვირდეს, კარაქი ნატურალურია თუ - არა. როდესაც ეტიკეტზე არის ასეთი წარწერა: "სპრედი", "კომბინირებული ცხიმი", "კომბინირებული კარაქი", "შეიცავს მცენარეულ ცხიმს", ეს უკვე ნიშნავს, რომ არ არის ნატურალური კარაქი. ხოლო თუ ეტიკეტს აწერია, რომ დამზადებულია რძის ცხიმზე, ესე იგი, ეს კარაქი ნატურალურია. ჩვენდა სასიხარულოდ, არც ერთი დასახელების შეფუთულ კარაქში ამ მხრივ პრობლემა არ შეგვხვედრია. რაც შეეხება ასაწონ ცხიმებს, რამდენჯერმე აღმოვაჩინეთ, რომ ეს არ იყო ნამდვილი კარაქი - ეს იყო სპრედი.

- გამოდის, რომ შეფუთული კარაქი უფრო საიმედოა?

- ბოლო ლაბორატორიული კვლევის შედეგად სწორედ ამ დასკვნამდე მივედით. უბრალოდ, მომხმარებელმა უნდა ისწავლოს, რომ გულდასმით წაიკითხოს წარწერა ეტიკეტზე: შეიძლება, ძალიან წვრილად იყოს მითითებული, რომ შეიცავს მცენარეულ ცხიმს, ან ასევე წვრილად იყოს მიწერილი, რომ ეს არის სპრედი. სამწუხაროდ, ერთიანი რეგულირება არ არსებობს, მაგრამ როგორც კი წავიკითხავთ, რომ კარაქი რძის ცხიმისგან არ არის დამზადებული, უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის ნამდვილი კარაქი. იგივე უნდა ვთქვა ე.წ. კომბინირებულ კარაქზე, კომბინირებულ ცხიმსა და სპრედზე. მათი მიღება კი არ არის სასურველი, განსაკუთრებით - ბავშვისთვის, რადგან მასში შეიძლება იყოს ქიმიურად დამუშავებული ზეთები და სხვა ქიმიური ნაერთები. ყოველ შემთხვევაში, შიგ რა არის, არ ვიცით, რადგან ლაბორატორიებს არა აქვთ საშუალება, ზუსტად გაარკვიონ, თუ რა სახის ცხიმებია დამატებული რძის ცხიმის სანაცვლოდ. თუ ბავშვს ვაჭმევთ კარაქს, რომელშიც რძის ცხიმი სხვა ცხიმებით არის ჩანაცვლებული, ეს ნამდვილად არ არის სასურველი. შეიძლება, მავნე არ იყოს, მაგრამ არც სასარგებლო იქნება. თუ გვინდა, რომ ბავშვმა სასარგებლო ნივთიერებები მიიღოს, ჯობია ვაჭამოთ ნამდვილი კარაქი და არა - სუროგატები.

- მარხვის დროს ხშირად ყიდულობენ მცენარეულ ცხიმებზე დამზადებულ კარაქს. ამაზე რას გვეტყოდით?

- მე თუ მკითხავთ, მარხვის პერიოდში ყველაფერს მაინც ზეთის მოხმარება ჯობია. მარგარინი მცენარეული წარმოშობისაა, მაგრამ ხშირად არის ქიმიურად დამუშავებული ზეთი. იმის მიხედვით, თუ რა პროცესს გამოიყენებენ, შეიძლება შეიცავდეს ტრანსცხიმებს ან არ შეიცავდეს. საქართველოში მეწარმეებს არ მოეთხოვებათ, რომ პროდუქტში შემავალი ტრანსცხიმების რაოდენობა მიუთითონ, შესაბამისად, მათ აქვთ ცდუნება, რაც შეიძლება იაფი მარგარინი ან სპრედი გაყიდონ ძვირად, რომ რაც შეიძლება მეტი მოგება დარჩეთ. შესაბამისად, არავინ იცის, რამდენად უვნებელ ან მავნე პროდუქტს მიირთმევს ადამიანი ამ სპრედებისა და მარგარინების სახით. სხვათა შორის, შევამოწმეთ რამდენიმე დასახელების სპრედი და მარგარინი და აღმოჩნდა, რომ უცხოურ პროდუქტებში უფრო ნაკლები იყო ტრანსცხიმების რაოდენობა, ვიდრე ქართულში. ბევრმა ალბათ არც კი იცის, რომ ქართული სპრედები არის შემოტანილი სპრედები, რომელიც აქ იფუთება. საქართველოში სპრედს არ აწარმოებენ. შესაბამისად, მეწარმის არჩევანია, თუ რას იყიდის და რას შეფუთავს. ამიტომაც, მას ურჩევნია იყიდოს რაც შეიძლება იაფი და გაყიდოს რაც შეიძლება ძვირად. ამ სპრედებსა და მარგარინებში ძალიან ბევრჯერ აღმოგვიჩენია დარღვევა როგორც შემადგენლობის, ასევე ეტიკეტირების მხრივაც. ეს ყოველივე კანონით არ რეგულირდება, ამიტომ აღმოჩენილი დარღვევები, შეუსაბამოა საერთაშორისო სტანდარტთან და ვერ ჩაითვლება საქართველოს კანონმდებლობის დარღვევად. ბუნებრივია, ეს ათამამებს პროდუქციის მწარმოებელს. ამიტომ უმჯობესია, შევიძინოთ შეფუთული კარაქი, რომელსაც ეტიკეტზე გარკვევით აწერია მწარმოებლის სახელიც და შემადგენლობაც. ასეთი პროდუქტი შედარებით უსაფრთხო და გარანტირებულია. მერე კი, არ დავიზაროთ და დეტალურად შევისწავლოთ ეტიკეტი და თუ აწერია სადმე ან "მცენარეული ცხიმი", ან "სპრედი", ან "კომბინირებული კარაქი", ასეთი პროდუქციის შეძენისგან თავი შევიკავოთ.

- ზოგიერთ ოჯახში სპეციალურად ყიდულობენ ასაწონ კარაქს, რადგან ბევრს ჰგონია, რომ ეს ნატურალური კარაქია.

- მეც ვიცნობ ბევრს, ვისაც ჰგონია, რომ ასაწონი კარაქი უკეთესია. შეიძლება, ერთი პერიოდი ასეც იყო, მაგრამ ახლა ჩვენმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ ასაწონი კარაქი უმეტესად არ იყო ნატურალური, არ იყო კარაქი. სხვათა შორის, ამგვარ შედეგს ჩვენც არ მოველოდით. არაკეთილსინდისიერი ადამიანები ყველგან არიან და გაყალბებისგან არ ვართ დაზღვეულნი. ძალიან სამწუხარო შემთხვევებია. მაგალითად, ნამდვილი კარაქი არ აღმოჩნდა ისიც კი, რომელსაც ეწერა "მონასტრის კარაქი". ევროკავშირში ასეთი რამ გამორიცხულია, რადგან იქ მკაცრად კონტროლდება რძის პროდუქტი. საქართველოშიც ანალოგიური კანონქვემდებარე აქტი უნდა იქნას მიღებული, რომელიც დაგვიცავს მსგავსი გაუგებრობებისაგან. ამ ეტაპზე უკვე მომზადებულია და განხილვის სტადიაშია რძის პროდუქტების ტექნიკური რეგლამენტის პროექტი. იმედი გვაქვს, მთავრობა მალე მიიღებს მას. კანონის მიღების შემდეგ უკვე შეუძლებელი გახდება, რომ რძის პროდუქტის სახელით ამგვარი სუროგატული პროდუქტები გაიყიდოს. არ ვიცი, რამდენი ხანი დასჭირდება პროექტის განხილვას, მაგრამ ჩვენ შევეცდებით, კანონის მიღება დააჩქარონ. იმედი გვაქვს, ეს კანონი მომავალი წლიდან უკვე ძალაში შევა. ევროკავშირში ვერავინ გაბედავს, რომ "რძის პროდუქტის" სახელწოდებით გაყიდოს პროდუქტი, რომელიც მცენარეულ ცხიმებზეა დამზადებული. ჩვენთანაც ასე უნდა იყოს: საერთოდ უნდა აიკრძალოს "რძის პროდუქტის" დასახელებით ისეთი პროდუქციის გაყიდვა, რომელშიც რძის ცხიმი, ან ცილა უცხო ცხიმებითა და ცილებით არის ჩანაცვლებული. იმედია, ამას მალე მივაღწევთ.

ხათუნა ჩიგოგიძე

ჟურნალი ”გზა”