რა უპირატესობა აქვთ უცხოელ ქმრებს ქართველებთან შედარებით?

რა უპირატესობა აქვთ უცხოელ ქმრებს ქართველებთან შედარებით?

არავისთვის სიახლე არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ ქალის "უმთავრესი მოვალეობა" ჭორაობაა. როგორც კი მშვენიერი სქესის რამდენიმე წარმომადგენელი ერთად მოიყრის თავს, პირველ რიგში, ახალშენაძენ ტანისამოსსა თუ ფეხსაცმლეზე იწყებენ ბჭობას. შემდეგ, საერთო ნაცნობებზე წაიჭორავებენ და... იწყება "მთავარი თემის" განხილვა – ქმრებსა და საყვარლებზე წუწუნი... როგორ გამორჩა "იმ უნამუსოს" პირველი კოცნის მე-10 წლისთავი?! როგორ გააყოლა თვალი "იმ მექალთანემ" დიდმკერდიან ქალს?! როგორ დაიწუნა "იმ უგემოვნომ" კულინარიული წიგნის რეცეპტით გაკეთებული ჩაშუშული კომბოსტო?! - და ა.შ. ამას წინათ, სწორედ ასეთ სიტუაციაში მოვხვდი და ერთი ქალის მიერ ქმრის მისამართით გამოთქმულ საყვედურს მეორე, თავისი ქმრის ქებას შეაგებებდა ხოლმე და თან, დასტურად ისეთ არგუმენტს მოიყვანდა, რომ დანარჩენებს გულზე ხეთქავდა... ეს არგუმენტები მით უფრო დამაჯერებლად ჟღერდა, რომ სულ რაღაც ერთი საათის განმავლობაში, ამ ქალბატონს მეუღლემ რამდენჯერმე დაურეკა და მზრუნველად ეკითხებოდა: - ხომ არ დაიღალე? ხომ არ მოგაკითხო? თავს როგორ გრძნობო?.. ბევრი რომ არ გავაგრძელო, გეტყვით: აღმოჩნდა, რომ ეს მზრუნველი ქმარი ეროვნებით ფრანგი ყოფილა. ბუნებრივია, დავინტერესდით და დაწვრილებით გამოვკითხე ყველაფერი. შემდეგ კი დამებადა ლოგიკური კითხვა: ეს შემთხვევითობაა თუ უცხოელი მამაკაცები უმეტესად, მზრუნველი ქმრები არიან?! პასუხის მისაღებად, იმ ქალბატონებს დავუკავშირდი, რომელთაც შოტლანდიელი, არაბი და იტალიელი მეორე ნახევრები ჰყავთ.

თავდაპირველად, ფრანგი მეუღლის შესახებ ქალბატონი ნიტა გივამბობს. დასასრულ კი, ნახსენები თავშეყრის ფინალსაც მოგახსენებთ...

- ნიტა, სად "იშოვეთ" ფრანგი ქმარი?

- სად და საფრანგეთში. 1998 წელს გადავწყვიტე, სამუშაოდ ბელგიაში წავსულიყავი. იქ ჩასულმა, ვერაფერი მოვახერხე და იძულებული გავხდი, ლტოლვილად ჩავბარებულიყავი. ბანაკში გამამწესეს. შემდეგ მქონდა რამდენიმე სასამართლო. ბელგიის მთავრობამ მოლქალაქეობა არ მომცა, მაგრამ სამაგიეროდ, ქვეყანაში ცხოვრებისა და მუშაობის უფლება მოვიპოვე. დავიწყე მუშაობა ნამცხვრის საცხობში, შაბათ-კვირას კი, ოჯახებში დავდიოდი და ბინებს ვულაგებდი. მშვენიერი გამომუშავება მქონდა, ამიტომ ხანდახან თავს უფლებას ვაძლევდი, გასართობ ადგილებში წავსულიყავი. ბელგია საფრანგეთის მოსაზღვრე ქვეყანაა. ქალაქი, სადაც მე ვცხოვრობდი, საზღვართან ახლოს იყო. ამიტომ შემეძლო, თავისუფლად გადავსულიყავი საფრანგეთში. ერთ-ერთი ასეთი სტუმრობის დროს გავიცანი დენისი. ერთმანეთი მოგვეწონა. ხშირად ის მაკითხავდა შინ, ხანდახან, მე მივდიოდი მასთან სტუმრად... სამი თვის შემდეგ, შემომთავაზა, ცოლად გავყოლოდი. უყოყმანოდ დავთანხმდი. ორი წლის წინ კი, თბილისში ჩამოვედით და დენისს ისე მოეწონა საქართველო, რომ უკან დაბრუნებაზე აღარც ფიქრობს.

- ქორწილი გადაიხადეთ?

- დენისი საკმაოდ შეძლებული და წარმატებული ბიზნესმენია. როდესაც მის ოჯახში პირველად მოვხვდი, გაოცებული ვაცეცებდი თვალებს: ეზოში - აუზები, შინ - ანტიკვარული ნივთები, მოახლეები... მის მშობლებს ძალზე მოვეწონე და მერე შევიტყვე, რომ ჩვენი ქორწინების ინიციატორები სწორედ ისინი ყოფილან. დიდი ქორწილი გადავიხადეთ. თვალებს არ ვუჯერებდი, საქორწინო კაბა რომ ვნახე... დენისი ძალიან ყურადღებიანი და თბილი ადამიანია.

- გიყვართ?

- როგორ გითხრათ... სიყვარული ბევრს არაფერს ნიშნავს... პატივს ვცემ და ძალზე ძვირფასია ჩემთვის... პირველად, სიყვარულით გავთხოვდი; პაატას გარეშე ცხოვრება ვერ წარმომედგინა. ქორწინების მეორე წლისთავზე კი ვთვლიდი, რომ ჩემზე უბედური ქალი ამქვეყნად არ დადიოდა. შეეძლო, შინ კვირაობით არ მოსულიყო, თუ დაბრუნდებოდა, მაშინაც ისეთი მთვრალი, რომ ფეხზე ძლივს იდგა. ამის გამო ავადმყოფი ბავშვი შეგვეძინა და ხუთი თვის ჩვილი დაგვეღუპა. მთელი ამ თვეების განმავლობაში თვალი არ მომიხუჭავს, ბავშვის საწოლთან მუხლებზე ვიდექი ხოლმე, თავი კი პაწიას თავთან მქონდა დადებული, რომ მისი სუნთქვისთვის მომესმინა. ამ დროს ჩემი ქმარი ისე ხვრინავდა ხოლმე, რომ სურვილი მიჩნდებოდა, მივსულიყავი და დამეხრჩო...

- ახლა შვილი გყავთ?

- კი, ერთი შვილი მყავს, ქართული სახელი დავარქვი - მაგდა. ჩემი ქმარი და დედამთილ-მამამთილი მაღდას ეძახიან. როცა შინ იყო, დენისი ბავშვს ახლოსაც არ მაკარებდა. ცდილობდა, თვითონ დაეძინებინა, პამპერსი გამოეცვალა ან ეჭმია. - შენ დაიძინე, ისიც გეყოფა დღისით რომ იღლებიო, - მეუბნებოდა ხოლმე. აბა, ასეთ კაცს პატივი არ უნდა სცე? მაგდა საფრანგეთში ცხოვრობს, ჩვენთან სტუმრად ჩამოდის ხოლმე. ის ოთხი წლის გახლავთ. დენისმა ქართული ისწავლა, პატივს სცემს ჩემს მშობლებს, მეგობრებს და სულ თვალებში მიყურებს, რომ მიხვდეს, რა მსიამოვნებს და რა არა.

შემდეგი რესპონდენტი ციცინო ჯაფარიძე გახლავთ. მას იტალიელი ქმარი ჰყავს, 5 წლის კრისტი და თავს ძალზე ბედნიერად გრძნობს.

- ჩემი მეუღლე ჯოუი ტროპია გახლავთ. ის სიცილიელია და ამერიკაში გავიცანი.

- თქვენც სამუშაოდ წახვედით ამერიკაში?

- დიახ. მე მხატვარი გახლავართ, ჩემმა ამერიკელმა მეგობარმა მიმიწვია, გამოფენის მოსაწყობად. მანამდე საკმაოდ წარმატებულ ვიტრაჟისტად ვითვლებოდი. ანაპაში, ერთ-ერთი რესტორნის მოსაპირკეთებლად გამართულ კონკურსში მივიღე მონაწილეობა და გავიმარჯვე. იმ დროისთვის საკმაოდ დიდი თანხა გადამიხადეს. შემდეგ გადავწყვიტე, ამერიკაში წავსულიყავი. ამისათვის გავყიდეთ სახლი, სადაც მე და ჩემი დები ვცხოვრობდით და შედარებით იაფფასიანი ბინა ვიყიდეთ, მაგრამ ორჯერ მითხრეს უარი ვიზაზე. მესამედაც რომ გამომისტუმრეს უარით, გავბრაზდი და შინ დაბრუნებულმა, საბუთები ნაკუწებად ვაქციე. შემდეგ ჩემმა დამ შემაგულიანა - ერთხელ კიდევ სცადეო, - ეს ნაკუწები ფურცელზე დავაწებეთ და საკონსულოს ასე, გაუბედურებული საბუთებით ვეწვიე. ამჯერად გამიმართლა... გაოცებულ კონსულს კი ავუხსენი, რომ საბუთები მეზობლის ბავშვმა დამიხია. ნიუ-იორკში ვცხოვრობდი. ვაშინგტონში კი ჩემი ნათესავი გოგო ცხვორობდა. გადავწყვიტე, მასთან სუტმრად წავსულიყავი. აეროპორტში რომ ჩავფრინდი, ჯოვი გავიცანი. თუმცა, მალევე გავეცალე დამფრთხალი, მაგრამ როგორც ჩანს, ბედისწერას ვერსად წაუხვალ. ეს ჩემი ნათესავი გოგონა ოჯახში მუშაობდა, ჯოვი კი ამ ოჯახის უფროსის მეგობარი აღმოჩნდა და რამდენიმე ხნის შემდეგ, სტუმრად რომ მოვიდა და იქ მნახა, სიხარულით ცას ეწია. მოსვენებას არ მაძლევდა, ცოლად გამომყევიო, მეუბნებოდა. მე კი გავურბოდი. შემდეგ, ამერიკაში მცხოვრებ ბიძაშვილს, მამაკაცს ვკითხე რჩევა. მან კი მითხრა – თუ იტალიელია და გეუბნება, რომ უყვარხარ, დაუჯერე, მათ ტყუილი არ იციანო. ასე გავხდი ჯოვის მეუღლე.

- ქორწილი გადაიხადეთ?

- მხოლოდ მეგობრები გვყავდა მოწვეული, რადგან ჯვრისწერას თბილისში ვაპირებთ. ჯოვი კათოლიკეა, ჯერ მოინათლება, როგორც მართლმადიდებელი, შემდეგ კი ჯვარსაც დავიწერთ. ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ მე ინგლისური არ ვიცოდი, ჯოვიმ - ქართული და ერთმანეთს ძლივს ვაგებინებდით, რა გვინდოდა.

- როგორი მეუღლეა ჯოვი?

- ძალზე ყურადღებიანი და თბილი. ბავშვი ფაქტობრივად, მისი დახმარებით გავზარდე. ამას წინათ, ჩემი დაბადების დღისთვის ლობიოს კერძი მომიმზადა. მართალია, ჩემს ახლობლებს გაუკვირდათ, ლობიო რომელი სადღესასწაულო კერძიაო? - მაგრამ მათთან ხორციანი ლობიო ძალზე მიღებულია. ერთხელ მეც მინდოდა, მისთვის მესიამოვნებინა და გადავწყვიტე, გემრიელი კერძი დამეხვედრებინა. დავრეკე ჩემს ნათესავებთან და ვკითხე, ჩახოხბილი როგორ კეთდება-მეთქი? მათი კარნახით მოვამზადე, მაგრამ როდესაც ჯოვიმ გასინჯა, მითხრა: - მეორედ სამზარეულოს საქმეებში აღარ ჩაერიოო...

- რითი განსხვავდება ის ქართველი მამაკაცებისგან?

- თითქმის არაფრით. მე წარმოშობით სვანი ვარ. ერთხელ, ჯოვიმ მკითხა – სვანეთში ცოლი როგორ მოჰყავთო? ავუხსენი რომ როდესაც მამაკაცი პირველად მივა ქალის სათხოვნელად, ჯერ უარით გამოისტუმრებენ, მეორედ რომ მივა, გალახავენ და ისე გამოუშვებენ, შემდგე შესაძლოა ქალი გაატანონ, შესაძლოა, არა-მეთქი. - ეს სიცილიაშიც ასე ხდებაო, - მიპასუხა კმაყოფილმა.

30 წლის ეკა ლაგვილავას ქართველ მამაკაცთან პირველი ქორწინებიდან ერთი შვილი ჰყავს, 13 წლის ლიკა. შემდეგ დაქვრივდა და თავისი ბედი არაბ მუჰამედ კჰადრუფს დაუკავშირა. ეკას მუხასთან (ასე ეძახიან მუჰამედს) 4 შვილი ჰყავს და ოთხივე ერთმანეთისგან განსხვავებული. უფროსი, მონიკა 7 წლის გახლავთ და საკმაოდ შავგვრემანია, 6 წლის მარიამი ქერა და ცისფერთვალება, ხალიდი 4 წლის გახლავთ - ოჯახში ერთადერთი ვაჟია და ფერით დედას ჰგავს, უმცროსი სარა კი 2 წლის - ხორბლისფერი, თაფლისფერთვალება ბავშვია.

- 1996 წელს, ჯგუფთან ერთად სამუშაოდ წავედი დუბაიში. სულ რამდენიმე დღის შემდეგ გავიცანი მუხა. თბილი და ყურადღებიანი ადამიანია და მალე მოიპოვა ჩემი კეთილგანწყობა. ცოტა ხანში დავქორწინდით კიდეც.

- მისმა ოჯახმა როგორ მიიღო ქართველი რძალი?

- მას ჰყავს 8 დედმამიშვილი. მშობლები და და-ძმა მაროკოში ცხოვრობენ. მისი ორი და კი, დუბაიში ცხოვრობს. ორივესთან ძალზე კარგი ურთიერთობა მაქვს. დედამისიც რამდენჯერმე გვეწვია სტუმრად და ერთმანეთს მშვენივრად გავუგეთ. ამ ქალს სახეზე რომ შეხედავთ, მიხვდებით – ნდობას იმსახურებს.

- მუხა მრავალშვილიანი ოჯახიდან ყოფილა. ეს მისი სურვილი იყო, რომ ოთხი შვილი გყოლოდათ?

- არა, სურვილი არ ყოფილა, მაგრამ იქ, მოგეხსენებათ, მუსლიმანური სამყაროა და ბავშვის მოშორება არ შეიძლება. თუ დედას ჯანმრთელობა არ უწყობს ხელს, რომ შვილი იყოლიოს, მეუღლემ უნდა მისცეს თანხმობა, ექიმთან მისასვლელად. მე თანხმობას ვერ ვღებულობდი, ერთადერთი მიზეზის გამო - ჩვენი ქორწინება რეგისტრირებული არ არის, რადგან მე ქვეყანაში არალეგალურად ვიმყოფებოდი და ხელის მოწერის უფლება არ მოგვცეს. ამიტომ, იძულებული ვიყავი, ღმერთმა რამდენი შვილიც მომცა, იმდენი გამეჩინა.

- თქვენ ახლა ღმერთი ახსენეთ... თქვენ და თქვენს მეუღლეს სხვადასხვა სარწმუნოება გაქვთ. ხომ არ აპირებთ, რელიგიური მრწამსის შეცვლას?

- არავითარ შემთხვევაში. თუნდაც ამისთვის ოჯახის დანგრევის საშიშროების წინაშე დავდგე. მე ჩემს რწმენას არ ვუღალატებ და ვფიქრობ, რომ შვილებსაც ქრისტიანული წესით მოვნათლავ.

- მუსლიმანურ ქვეყნებში ქალები ჩადრით დადიან. თქვენ თუ იყენებდით თავსაბურავს?

- იქ იძულებული ხარ, ჩადრი ატარო. მე, როგორც არალეგალი, სიამოვნებით ვიყენებდი ამ ატრიბუტს, რათა ჩემი ვინაობა დამემალა. ქალები გარეთ ჩადრით დადიან, შინ კი ისე გამოპრანჭულები და დავარცხნილ-"დამანიკიურებულნი", რომ გაგიკვირდებათ.

- როგორი მეუღლეა მუხა? ქართველი მამაკაცებისგან რით განსხვავდება?

- ჩვენთან, საქართველოში მიღებულია, რომ ოჯახში დედამთილ-მამამთილთან ცხოვრობ და შვილების გაზრდაშიც მშობლები გეხმარებიან. იქ ასე არ ხდება. ჩვენ, ორმა გავზარდეთ ოთხივე შვილი. მუხა ყველაფერში მეხმარებოდა – სახლის დალაგებაში, გარეცხვაში, ბავშვები თითქმის მისი გაზრდილები არიან.

- მუხა რას საქმიანობდა დუბაიში?

- როდესაც დავქორწინდით, ის ტაქსის მძღოლად მუშაობდა, შემდეგ - სატელიტური ანტენების მემონტაჟედ. როდესაც საქართველოში მოვდიოდით, ვეუბნებოდი, სამსახურს ნუ მიატოვებ, დარჩი, იქაურობა მაინც არ მოგეწონება-მეთქი, მაგრამ დაიჟინა, მაინტერესებს, შენი ქვეყანა როგორია და უნდა ვნახოო. ახლა კი უკან წასვლა უნდა და ვეღარ მიდის.

- რატომ?

- ქვეყანაში ცხოვრების ვადა დაუმთავრდა. ახალ ვიზას კი არ აძლევენ, რადგან ხელი მოწერილი არ გვაქვს. ხელის მოწერის უფლებას კი იმიტომ არ გვაძლევენ, რომ ვიზა არა აქვს. გამოუვალ სიტუაციაში ვართ. აქ სამსახური ვერ იშოვა. ერთხანს ჩემი მული გვიგზავნიდა საარსებო თანხას, ახლა ისიც ვეღარ გვეხმარება და გაგვიჭირდა. ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის ხელმძღვანელები არაბები არიან. მუხამ მიაკითხა, მაგრამ ვერაფრით დაეხმარნენ, ისევ იმის გამო, რომ ვიზა არა აქვს. გვიან ღამით გამწარებულმა ჩაალაგა ჩანთაში თავისი ნივთები და გადაწყვიტა, პოლიციას ჩაჰბარებოდა, რომ დეპორტაცია გაეკეთებინათ. მეც გავყევი. განყოფილებაში მხოლოდ მორიგე დაგვხვდა. მან იქვე, სკამზე მიუთითა და უთხრა: - აქ დაჯექი და დილით უფროსები რომ მოვლენ, იმათ დაელაპარაკეო. მუხა ეხვეწებოდა - საკანში ჩამსვითო, მაგრამ უარი მიიღო. ძლივს წამოვიყვანე შინ. მეორედ, ღამით ლოგინიდან გაიპარა, კვლავ განყოფილებას მიაკითხა და იმავე პასუხით მობრუნდა უკან. ერთი სიტყვით, ვერ ახერხებს შინ წასვლას, რომ მერე ჩვენც წაგვიყვანოს.

- ქართველი მამაკაცებივით ეჭვიანია?

- კი, ეჭვიანი არის. თვითონ ამბობს, რომ ძალიან ვუყვარვარ და ამიტომ ეჭვიანობს. ჩემი სიყვარულის გამო ქართულიც კი შეისწავლა, მაგრამ არ ლაპარაკობს. ბავშვები კი ამ ერთ წელიწადში, ქართულს სრულყოფილად დაეუფლნენ. მუხას ეჭვიანობის გამო პრობლემა არასოდეს შემქმნია. ის მშვიდი ადამიანია, მაგრამ საქართველოში ცხოვრებამ სულ გააგიჟა. ადგილს ვეღარ პოულობს და ხასიათიც გაუფუჭდა. სულ ჯუჯღუნებს, თავის თავში ჩაიკეტა და თავს მარტოსულად გრძნობს.

- მათი კანონი მრავალცოლიანობის უფლებას იძლევა. თქვენ. როგორ უყურებთ ამ ფაქტს?

- მე ვერაფრის დიდებით ვერ შევეგუები ამას. თუმცა, არც მუხას აქვს სურვილი, ჩემ გარდა ცოლი კიდევ ჰყავდეს...

ჩვენს საუბარში მუხაც ჩაერია და რამდენიმე კითხვით მასაც მივმართე.

- როგორ მოგწონთ საქართველოში ცხოვრება?

- რა ვიცი, ხან მომწონს, ხან არა. ახლა ჩემს სამშობლოში მინდა დაბრუნება.

- რით განსხვავდება ქართველი ქალი არაბი ქალებისგან?

- არაბი ცოლი არ მყოლია და არც მინდა. ისინი ძალიან ფიცხები არიან. ეკა იმიტომ არ მომიყვანია ცოლად, რომ ქართველია, უბრალოდ, ძალზე შემიყვარდა და ამიტომ დავქორწინდით. ახლა ერთადერთი მიზანი მაქვს - დავბრუნდე ჩემს ქვეყანაში, შემდგე ჩემი ცოლ-შვილიც თან წავიყვანო, მანამდე კი ვიმუშაო და მათი გასამგზავრებელი ფული მოვაგროვო.

- საქართველოში მეგობრები არ შეიძინეთ?

- მე გაოცებული ვარ ქართველი მამაკაცების საქციელით. როგორ შეიძლება, რომ მთელი დღე უსაქმურად იყო, ეზოში იჯდე და კარტს ან დომინოს თამაშობდე? მერე დალევენ და ერთმანეთს ისე გამეტებით ურტყამენ, თითქოს მტრები იყვნენ. ერთი ტენდენცია შევნიშნე: თუ ფული მაქვს, ყველა მეძმაკაცება, მეზობლები სულ "მუხა, მუხას" ძახილში არიან. თუ არა და, არავის ვჭირდები, კარზე არავინ მომიკაკუნებს. ხანდახან ფეხბურთის სათამაშოდ მეძახიან ხოლმე, მეც სიამოვნებით ვთამაშობ, მაგრამ თუ თამაშის დროს, შემთხვევით ვინმეს ხელი მოვარტყი, ისეთ ამბავს ატეხენ, მტრისას... ახლა გინება? - ჩემი დედა, ჩემი დედა! ამას როგორ ვიტყვი?! ეს როგორ შეიძლება?

ახლა კი ისიც დავადგინოთ, როგორი მეუღლეები არიან "ქვედაკაბიანი" მამაკაცები. ჩემი რესპონდენტი ნათია ქურდაძეა, მისი მეუღლე კი - შოტლანდიელი არმან არტილდსი. არმანმა მეუღლეს ინტერვიუზე თავაზიანი დასტური მისცა, მაგრამ ფოტოს გამოქვეყნებაზე რატომღაც უარი გვითხრა.

- ნათია, სად გაიცანით არმანი?

- აქ, თბილისში გავიცანი. ხუთი წლის წინ ერეთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში ვმუშაობდი. ჩვენი მოწვევით უცხოელთა ჯგუფი გვესტუმრა. მათ შორის იყო არმანიც. ჯგუფის ყველა წევრი ორი კვირის შემდეგ უკან გაბრუნდა, არმანი კი დარჩა და არ დაუმალავს, რომ მისი შეყოვნების მიზეზი მე ვიყავი. საკმაოდ კარგად გავუგეთ ერთმანეთს და როდესაც ცოლობაზე თანხმობა განვუცხადე, მხოლოდ ამის შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში, რომ ოჯახის წევრებისთვის ეცნობებინა ეს ამბავი და თან, ქორწილისთვის მომზადებულიყო. სულ მალე მეც მოვაწესრიგე აუცილებელი საბუთები და ქორწილამდე სამი დღით ადრე, ოცდაათ მეგობართან და ნათესავთან ერთად ჩავფრინდი ლონდონში (არმანი იქ ცხოვრობდა). მათი წესის მიხედვით, სიძე-პატარძალმა ერთ ჭერქვეშ ღამე არ უნდა გაათიოს ქორწილამდე. ამიტომ ჩემი სტუმრებიანად სასტუმროში მომათავსეს. იმ საღამოსვე არმანის მშობლები და ძმა მეწვივნენ სასტუმროს ნომერში და ძვირფასი საქორწილო კაბა, ფეხსაცმელი და სამკაული მომართვეს. ძალიან მოვეწონე სადედამთილოს. კალთაში ჩამისვა და სულ შვილო-შვილოს მეძახდა. ჩემს მაყარს თან ქართული სასმელი ჰქონდა წამოღებული და არმანის ძმა ისე გამოთვრა, ლამის სულ ძირს ხოხავდა. მეორე დღეს სადედამთილომ საკუთარი "შევროლეთი" მომაკითხა, მაღაზიები მომატარა და თავიდან ბოლომდე შემმოსა. უამრავი ფუთით დავბრუნდი შინ. ყველაზე დიდი სიურპრიზი კი ქორწილში მელოდა. ჩემი ნათესავები არმანს სულ კაცურ კაცსა და ვაჟკაცს ეძახდნენ. ის კი ბოლოკაბაში გამოწყობილი გამოგვეჭიმა და ლამის გული გამისკდა, ისე საცოდავად უჩანდა გეტრსა და შოტლანდიურ კილტს შორის შიშველი მუხლები და ისეთი უსუსური ჩანდა, ლამის ქორწილიდან გამოვიქეცი, მაგრამ თავი შევიკავე. თუმცა, ასე მხოლოდ ეკლესიაში, ჯვრისწერის დროს იყო. შემდეგ მეც გამოვიცვალე ტანისამოსი და მანაც. შვებით ამოვისუნთქე...

- როგორი ქმარია არმანი?

- უი, რას ამბობ? მაგას კითხვა რად უნდა? საუკეთესო ქმარია, ძალიან ყურადღებიანი და თბილი. ყოველ გაზაფხულზე, თვითონვე ცდილობს, რომ თბილისში გამომიშვას და მშობლებისა და ახლობლების ნახვით დავტკბე. როცა მე აქ ვარ, არმანი კი ლონდონში, ყოველ დილით მისი შეკვეთით თაიგული მოაქვთ ჩემთვის. თუ თვითონაც თბილისშია, დილით 7 საათზე დგება და სავარჯიშოდ მიდის, იქიდან კი თაიგულით ხელდამშვენებული ბრუნდება. ერთადერთი, რაზეც ვერ ვთანხმდებით, ის გახლავთ, რომ მე შვილი მინდა, ის კი ფიქრობს, რომ ჯერ ამისთვის მზად არ ვართ...

ახლა კი შეპირებისამებრ, შესავალში ხსენებული თავშეყრის ფინალს მოგახსენებთ. ქალბატონმა ნიტამ ისე აქო თავისი ფრანგი ქმარი, რომ იქ მყოფმა ერთ-ერთი ქართველი ქმრის ქართველმა ცოლმა ვეღარ მოითმინა და უთხრა: შესაძლოა, შენი ქმარი ძალიან კარგია, მაგრამ ქართველი კაცის მსგავსი, ცეცხლოვანი და ვაჟკაცური მაინც ვერ იქნებაო...

მარი ჯაფარიძე

ჟურნალი "გზა"

#21 20.05.2004

ენერგეტიკის სექტორში მომსახურების ხარისხისა და ჭკვიანი აღრიცხვის დანერგვის კუთხით მიღწეულ შედეგებს ევროკავშირი დადებითად აფასებს

"მაცივრიდან გამოღების შემდეგ ვაქცინა 5 დღე ინახება, ფლაკონი გახსნიდან 5 სთ-ში უნდა დაიხარჯოს" - ვაქცინაციის რთული მხარეები და Covid 19-ის ვაქცინების გამოვლენილი უკუჩვენებები

თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოს 1 მილიონ 700 ათასი მოქალაქე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მიმდინარე წლის ბოლომდე აიცრება