თავის მოკვლამდე დაწერილი წერილები - ქართველი თვითმკვლელი მოზარდების სულისშემძვრელი ისტორიები

თავის მოკვლამდე დაწერილი წერილები - ქართველი თვითმკვლელი მოზარდების სულისშემძვრელი ისტორიები

გარდატეხის პერიოდი ის ასაკია, როცა ბავშვობას ვეთხოვებით და დიდობისკენ "პირველ ნაბიჯებს" ვდგამთ. დამოუკიდებლობა გვინდა და გვგონია, ყველა პრობლემის მოგვარება შეგვიძლია! ეს რომ ასე არაა, ამაში წლების შემდეგ ვრწმუნდებით.ბავშვობიდან დიდობაში გარდამავალ პერიოდს უამრავი ფსიქოლოგიური ბარიერი ახლავს. ზოგს იოლად შეუძლია მისი გადალახვა, ზოგიც ვერ ეგუება სიძნელეს და საბედისწერო ნაბიჯს დგამს.

ნანა მაჭავარიანი (ფსიქოლოგი): - ახალგაზრდას თუ გვერდში არ უდგას ერთგული ადამიანი, უჭირს სირთულეების დაძლევა და ეს დაღი შეიძლება სიკვდილამდე გაჰყვეს. მშობლების გასაგონად ვიტყვი, რომ გარდატეხის ასაკში მყოფ შვილს მკაცრად ნუ მოექცევით, მეტი ყურადღება დაუთმეთ. გარდატეხის ასაკში მოზარდი ყველაფერს მძაფრად აღიქვამს. მშობელმა შვილთან ურთიერთობისას ბეწვის ხიდზე უნდა გაიაროს. შეიძლება ბევრი რამ არ მოგეწონოთ, მაგრამ არამც და არამც არ ეჩხუბოთ, ეს მას დააფრთხობს, ჩაიკეტება საკუთარ თავში და მარტო მოინდომებს პრობლემის გადაჭრას, არადა, იშვიათად მინახავს მოზარდის მიერ მოგვარებული პრობლემა. თქვენი მეგობრული დამოკიდებულება შვილს გაუიოლებს სირთულეს, შეხედავს, როგორც ერთ-ერთ რიგით პრობლემას და შეეცდება, თქვენი დახმარებით მის დაძლევას.

ზურიკო

ზურიკო ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი გახლდათ. ეს ყველამ იცოდა და სკოლასა თუ უბანში მას ეკითხებოდნენ ყველაფერს, რაც კი ფეხბურთს შეეხებოდა. თვითონაც თამაშობდა ბავშვობაში ფეხბურთს, მაგრამ მერე ფეხი მოიტეხა და თავი დაანება თამაშს. სამაგიეროდ, ტოტალიზატორის ბიზნესში გადაეშვა და კვირა არ გავიდოდა, პატარა თანხა არ მოეგო. ეს მშობლებმაც იცოდნენ, მაგრამ ვერ წარმოედგინათ, მათ შვილს თუ ასე ჩაითრევდა აზარტის მორევი. სკოლა რომ დაამთავრა, მეგობრებთან ერთად მარტო ტოტალიზატორს როდი სჯერდებოდა, ხშირად "მაზიანზე" (ჯგუფში სიტყვიერად შეთანხმება) დებდნენ ფულს. მადა ჭამაში მოდისო და ზურიკოსაც რამდენიმე მოგების შემდეგ უფრო დიდი თანხის დადება მოუნდა. წაგებამ გული არ გაუტეხა, ახლობლებში შეაგროვა თანხა და ისევ დადო... ისევ წააგო. და ამჯერად დედის და დის ოქროს სამკაულები მოიპარა, ლომბარდში ჩადო - მოვიგებ და მალევე გამოვიხსნიო, მაგრამ... მოგებულები კი კუთვნილ 10.000 დოლარს მოითხოვდნენ. ზურიკომ იმათ სამეგობროში ნაცნობი გამონახა და დახმარება სთხოვა. იმან კი - მხოლოდ ის მოგიხერხე, რომ ერთი თვით გადავადებინე თანხის ჩაბარება, თან ცოტა მეტს ითხოვენ - მოცდა ფული ღირსო. მოკლედ, შარში გაეხვია. ისედაც ძალიან უჭირდა ოჯახს. მამას სიმსივნე დაუდგინდა და სამკურნალოდ, რაც კი ძვირფასი ნივთი გააჩნდათ, ყველაფერი გაყიდეს. მერეღა აღმოაჩინეს, რომ რამდენიმე ოქროს ბეჭედი და საათი აღარ იყო... დედას ვაჟთან დიდი უსიამოვნება მოუვიდა. ზურიკო ვერც თავს იმართლებდა და ვერც ამხელდა, რა დღეშიც იყო ჩავარდნილი და... იგი თავის ოთახში ვენებგადაჭრილი იპოვეს. მაგიდაზე წერილი იდო - მშობლებს და დას ებოდიშებოდა საბედისწერო გადაწყვეტილების გამო...

"აღარ მინდა სიცოცხლე!"

ოჯახში ხშირად იყო ჩხუბი - მამა არ მუშაობდა, სასმელიც გადამეტებულად უყვარდა. ამის გამო სოფო დარდიანი გახდა. რომ წამოიზარდა, დედას ეხვეწებოდა, წავიდეთ, მოვშორდეთ აქაურობასო, მაგრამ ნანა ოჯახის დანგრევას არ ჩქარობდა. უმცროსი შვილიც ჰყავდა, ნიკა და არ უნდოდა, მისი შვილებისთვის ვინმეს წამოეძახებინა, მშობლები გაცილებულები არიანო. გაუთავებელმა უსიამოვნებებმა ბავშვებზე იმოქმედა. ნიკაც ნერვიული იყო, სოფო გულჩათხრობილი. 16 წლის ასაკში ერთი წლით უფროსი ბიჭი, თავისივე სკოლელი თემო შეუყვარდა და პირველად მაშინ იგრძნო თავი ბედნიერად. თემოსგანაც გრძნობდა სიმპათიას. დედა დილიდან საღამომდე სამსახურში იყო, სოფო იჯდა თავის ოთახში, წერდა ლექსებს, უსმენდა მუსიკას და მამის სიმთვრალეც ნაკლებად აღიზიანებდა. ერთმა წელმა ასე გაიარა. ერთხელაც თემომ შეხვედრა სთხოვა. ლამის გული ამოუვარდა. პაემანზე მისულს ეგონა, რომ თემო სიყვარულში გამოუტყდებოდა, მან კი - სოფო, ვერ მოგატყუებ, ძალიან მომწონს შენი მეგობარი თეკლა და იმედი მაქვს, მასთან დამაახლოებო. გოგონა კარგა ხანს გაშტერებული უმზერდა ბიჭს, მერე ჩაიბუტბუტა, - ვეცდებიო და ჩქარი ნაბიჯით გაშორდა იქაურობას. ორი დღე შინ იყო ჩაკეტილი, სკოლაში არც წასულა. მესამე დღეს, როცა მამა კვლავ მთვრალი მოვიდა და ისევ ატყდა დავიდარაბა, სოფომ გადაწყვეტილება მიიღო, - "აღარ მინდა სიცოცხლე!"

დილით დედის კივილმა მთელი უბანი შეძრა. სოფოს თავი ჩამოეხრჩო...

"დედა, მაპატიე!"

ეს ამბავი სულ ახლახან მოხდა, დედოფლისწყაროს ერთ სოფელში.

გაჭირვების გამო გოჩას დედამ დატოვა სამი შვილი, ქმარი და საბერძნეთში წავიდა სამუშაოდ. გამოგზავნილი ფულით ოჯახი ნელ-ნელა ფეხზე დადგა. გოჩას მეხუთე კლასიდან თვალი ეჭირა თავის თანაკლასელ გოგონაზე. ირმა მეგობულად ექცეოდა გოჩას და ბიჭს იმედი ჰქონდა, მოვა დრო და ცოლობაზე უარს არ მეტყვისო. გოჩას გადაწყვეტილი ჰქონდა, გამოცდების ჩაბარების შემდეგ გაემხილა ირმასთვის გულისნადები, მაგრამ "გარემოებამ" სათქმელი დააჩქარებინა - ბოლო ხანს ირმას მეზობელ სოფლელ ბიჭთან ერთად ხედავდა. ირმას ცოტა კი გაუკვირდა გოჩას ნათქვამი - გაკვეთილების შემდეგ სკოლის უკან გელოდები, რაღაც მაქვს შენთან გასარკვევიო, მაგრამ არ შეეწინააღმდეგა ბიჭს. დათქმულ დროს გოგო მივიდა. გოჩამ ძლივს მოუყარა სიტყვებს თავი... ირმამ კი: ძმასავით მიყვარხარ, საუკეთესო მეგობრად მიმაჩნიხარ და შენთან სხვა ურთიერთობა ვერ წარმომიდგენია, თანაც მე ნუკრი მიყვარს და მისი ცოლი მალე გავხდებიო. ამ სიტყვებმა გოჩას თავზარი დასცა. შინ მისულმა მამას და და-ძმას უთხრა, - რაღაც უქეიფოდ ვარ, ალბათ გავცივდიო და სავახშმოდ აღარ გამოსულა. ღამე თეთრად გაათენა. ირმას გარეშე ყველაფერს აზრი ეკარგებოდა. ყველაზე მეტად ოჯახის სარჩენად ცხრა მთას იქით გადაკარგული დედა ეცოდებოდა, მაგრამ მისი საბედისწერო გადაწყვეტილების ალტერნატივა თითქოს არ არსებობდა. ასეც ჩაწერა წერილში: "დე, მიყვარხარ, ძალიან მეცოდები, ამიტომ შენ გთხოვ პატიებას. მე ირმას გარეშე ჩირად არ მიღირს სიცოცხლე! ყველას გემშვიდობებით. გოჩა."

ჯერ კიდევ არ იყო გათენებული, თოფმა რომ იჭექა... 17 წლის ბიჭი მოცელილი დაეშვა მიწაზე.

P.S. მძიმეა ამ ყველაფრის წაკითხვა, მაგრამ კიდევ უფრო ძნელია, როცა მოზარდების თავზარდაცემული ახლობლებისგან ისმენ ამ ამბებს... უპირველესი გამოსავალი კი, როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობის მოგვარებაა...

მარინა ბაბუნაშვილი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია