"იდენტობის" საგანგებო ინსტრუქტაჟი LGBT პირებს 17 მაისთან დაკავშირებით

"იდენტობის" საგანგებო ინსტრუქტაჟი LGBT პირებს 17 მაისთან დაკავშირებით

17 მაისთან დაკავშირებით ორგანიზაცია "იდენტობა" განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც LGBT მათივე ფიზიკური და ფსიქოლოგიური უსაფრთხოების დასაცავად რეკომენდაციებით მიმართავს. Ambebi.ge უცვლელად გთავაზობთ გავრცელებულ განცხადებას.

"ორგანიზაციისა და ლგბტ ადამიანების წინააღმდეგ ამ ბოლო დროს გამოთქმული ჰომოფობიური განცხადებებისა და პირდაპირი მუქარების გათვალისწინებთ, "იდენტობა" 17 მაისის კვირაში და უშუალოდ ჰომოფობიასა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს თავის წევრებს განსაკუთრებული სიფრთხილისაკენ მოუწოდეს. სამწუხარო ფაქტია, რომ 17 მაისი საქართველოში დისკრიმინაციასთან ბრძოლის ნაცვლად ლგბტ ადამიანებზე ნადირობისა და ძალადობის გამოვლინების დღედ იქცა. 2013 და 2012 წლების 17 მაისს პოლიციამ ვერ შეძლო IDAHOT აქციის წევრების უსაფრთხოების სათანადოდ დაცვა. ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ 2014 წელს პოლიცია უფრო ეფექტურად შეძლებს ლგბტ ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველყოფას. წელს რადიკალური ძალები მეტი მონდომებით ემზადებიან 17 მაისისათვის, ამიტომ ვფიქრობთ, რომ ამ დღეს უსაფრთხოებაზე ზრუნვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

თქვენივე ფიზიკური და ფსიქოლოგიური უსაფრთხოების დასაცავად გთხოვთ, 17 მაისს:

თავი შეიკავოთ ფილარმონიიდან პუშკინის სკვერის მიმართულებით ტერიტორიაზე სიარულისაგან. აგრეთვე, მოერიდოთ მიმდებარე ტერიტორიასა და ვიწრო ქუჩებს. შეგახსენებთ, რომ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მრავალათასიან მსვლელობას გეგმავს სწორედ ამ მარშუტზე და ეს დემონსტრანტები თქვენთვის სერიოზულ ფიზიკურ საფრთხეს წარმოადგენენ.

თავი შეიკავოთ ხალხმრავალ ადგილებში, ეკლესიებთან, უბნის ბირჟასთან, მიწისქვეშა გადასასვლელებსა და ჯგუფურად შეკრებილ ხალხთან მიახლოებისაგან.

მოერიდოთ საღამოს და ღამით ქუჩაში გამოსვლას.

თუ თქვენ ოჯახისაგან დამოუკიდებლად მარტო ცხოვრობთ და თავს უსაფრთხოდ არ გრძნობთ (მაგალითად, თქვენს სამეზობლოში არის ადამიანი, ვინც ერთხელ მაინც დაგმუქრებიათ) ჩვენ გირჩევთ, რომ, ეს დღე გაატაროთ ოჯახის (მშობლები, და-ძმა, ნათესავები) გარემოცვაში.

ქუჩაში "სახიფათო" სიტუაციის შექმნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გააჩერეთ ტაქსი, გაეცალეთ სახიფათო ადგილს და მიმართეთ პოლიციასა და "იდენტობას" იურისტს. (ასევე გთხოვთ ამ დღეებში ჯიბეში მუდმივად გქონდეთ მობილური ტელეფონი და მინიმალური თანხა ტაქსისათვის)

ეცადეთ საჯაროდ (მაგალითად, თქვენს Facebook გვერდზე ან სხვა ჯგუფებსა და ფორუმებში) არ მიუთითოთ თქვენი ადგილმდებარეობა, ან რა აქტივობას ახორციელებთ 17 მაისს.

იმის გათვალიწინებით, რომ, ჰომოფობიური განცხადებები წელს განსაკუთრებული სიძულვილითა და ლგბტ ადამიანების ფიზიკური განადგურებისაკენ მოწოდებებით გამოირჩევა, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ, შესაძლო თავდასხმა და აგრესიის სხვა ფორმები მოსალოდნელია არა მხოლოდ 17 ში, არამედ წინა დღეებში და 17 მაისის შემდეგაც. ამიტომ, გთხოვთ, ყურადღებით ადევნოთ თვალი ჩვენს ვებ-გვერდს ფიზიკური უსაფრთხოების შემდგომი რჩევების გასაცნობად.

ბოლოს, სიტუაციის განსაკუთრებული სიმწვავის გამო, გვსურს კიდევ ერთხელ განვაცხადოთ, რომ 17 მაისს "იდენტობა" არ გეგმავს არც საჯარო და არც დახურულ ღონისძიებას. ამის მიუხედავად, ვრცელდება სხვადასხვა ცრუ ინფორმაცია "იდენტობას" დაგეგმილი აქტივობების შესახებ. გთხოვთ, ნუ ენდობით ადამიანებს, რომლებიც "იდენტობას" სახელით აანონსებენ რაიმე ტიპის შეკრებას, მსვლელობას ან აქციას", - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ: თბილისი მორიგი არეულობის მოლოდინში? - რა იგეგმება "ანტიდისკრიმინაციულის" ანტი-აქციაზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია