მიხეილ ცაგარელის პოლიტიკური პროგნოზები - "ქართულ ოცნებაში" საკმაოდ დიდი დაპირისპირებაა"

მიხეილ ცაგარელის პოლიტიკური პროგნოზები - "ქართულ ოცნებაში" საკმაოდ დიდი დაპირისპირებაა"

"2014 წლიდან სამყარო საქართველოს განვითარების შანსს აძლევს. აქამდე ეს შანსი არ იყო - ამ შანსს როგორ გამოვიყენებთ, ეს ჩვენზეა დამოკიდებული. ქვეყანა არჩევანში აბსოლუტურად თავისუფალია.

"რუსი მონსტრის წინააღმდეგ ვერც ნატო და ვერც ამერიკა ვერაფერს გააწყობს და ეს ჩვენ უკვე ვნახეთ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსეთთან ურთიერთობა 2016 წლამდე დათბეს," - განაცხადა "რეზონანსთან" ინტერვიუში ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა და დასძინა, რომ 2014 წლიდან საქართველო განვითარების გზაზე დადგება.

- როგორ ფიქრობთ, თვითმმართვლეობის არჩევნებში ვის რა შანსი აქვს და როგორ აფასებთ საქართველოს ამჟამინდელ პოლიტიკურ ვითარებას?

- ძირითადი ჩარხი, რომელიც ამ ყველაფერს წყვეტს, ფაქტობრივად, სამთავრობო სტრუქტურების ხელშია. ამიტომ პოზიციებს "ქართული ოცნების" კანდიდატები დაიკავებენ. ოპოზიცია ტყუილად არ ჩივის, მათ გამარჯვების ნაკლები შესაძლებლობა აქვთ. ითვლება, რომ დღეს მეორე მთავარი ძალა "ნაციონალური მოძრაობაა" და ამიტომ მესამე ძალასთან შედარებით მას დიდი რეიტინგი აქვს. ვფიქრობ, რომ ყველაფერი გადანაწილებულია.

ძალთა განლაგება მე არ მომწონს და მიმაჩნია, რომ აუცილებელია მესამე ძალა, რომელიც ადრე თუ გვიან აუცილებლად მოვა და საბოლოოდ საქართველოს ფეხზე დააყენებს, თუმცა მე არ ვამბობ, რომ არსებული ხელისუფლება არაფერს გააკეთებს, მას თავისი უმძიმესი ფუნქცია აქვს. ის უნდა გაერკვეს "ნაციონალური მოძრაობის" ეშმაკობებში, თუმცა ამ პარტიაში ძალიან ბევრია "ნაცმოძრაობასთან" დაახლოებული პირი და ძალიან რთულია ასეთი ხალხის გაწირვა, თუნდაც დანაშაულისთვის, ამიტომ რაღაცაზე თვალი აუცილებლად დაიხუჭება.

თვითონ "ქართულ ოცნებაშიც" საკმაოდ დიდი დაპირისპირებაა, ვგულისხმობ პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის უთანხმოებას. ამიტომ რასაკვირველია, ეს მთავრობა მეტ სირთულეებს გადააწყდება, მაგრამ "ნაცმოძრაობის" შემდეგ გამწმენდ ფუნქციას მაინც შეასრულებს, მიუხედავად ამისა, აღორძინების პროცესი უფრო მესამე ძალის ფუნქცია იქნება, რომელიც ძალას თანდათან მოიკრებს.

მესამე ძალა შეიძლება იყოს ალიანსი ბურჯანაძე, ან ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ჯერ არ ჩანს, ეს იქნება ახალგაზრდა ადამიანების ახალი ჯგუფი, რომელიც ნელ-ნელა მომაგრდება და საქართველოს მწვერვალზე აიყვანს. შეიძლება ბურჯანაძის ძალამ სერიოზული ზეგავლენა მოახდინოს.

როცა ორი ძალა ნაწილობრივ მაინც შეხმატკილებულია, იმ ქვეყანას წინ წასვლა ძალიან გაუჭირდება, ამიტომ მესამე ძალაა საჭირო, რომ ერთიც შეაფუცხუნოს და მეორცე და სწრაფი მოქმედებები გამოიწვიოს. ეს მესამე ძალა შეხმატკბილებული თუ იქნება ეკლესიასთან, რომელიც ამ ბოლო დროს საქართველოში ხმამაღალია, კიდევ უკეთესი იქნება, რადგან მას პოლიტიკურ სარბიელზე ეკლესიის მხრიდან ძლიერი პარტნიორი ეყოლება.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, მას იღბალი აქვს, მაგრამ საკმაოდ ცუდი პოლიტიკოსია, მე მგონია, ყველაზე კარგად მან იგრძნო ეს და პოლიტიკურ სარბიელს დროზე მოშორდა. მის პირად რუკაში პოლიტიკა საერთოდ არ წერია, მეტიც, პოლიტიკა მისთვის დამანგრეველია და ეს თვითონაც კარგად იცის.

კაცმა, რომელმაც ურთიერთდაპირისპირებული კადრები პოლიტიკაში მოიყვანა, ამაზე ან არ იფიქრა, ან არ იყო შესაბამისი პოლიტიკური გამოცდილება. ის გვარწმუნებდა, რომ საქართველოს გიორგი მარგველაშვილზე კარგი პრეზიდენტი არ ეყოლებოდა და თურმე ცუდი ბიჭი აღმოჩნდა.

ახლა კიდევ ნარმანიაა კარგი ბიჭი, მაგრამ ივანიშვილმა ერთი წლის მერე რომ თქვას, მე კარგი ბიჭი მეგონა და ახლა რაღაცა არ მომწონსო, მერე რა ვქნათ, უახლოესი წლების განმავლობაში ქვეყანას რით ვუშველოთ?! ასეთი შეცდომის დაშვება ქვეყანას აზარალებს და პოლიტიკაში გაუმართლებელია.

მიუხედავად ამისა, დღეს რეალურად ივანიშვილი მართავს ქვეყანას, ის იღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. მან პრემიერ-მინისტრი მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო, რადგან ღარიბაშვილს იმის გაკეთების უფლება არ აქვს, რაც სურს, თუნდაც ივანიშვილის მცდარი ნაბიჯები გამოასწოროს.

აი, დავუშვათ, პრემიერს უნდა მინისტრთა კაბინეტის გამოცვლა, სადაც ბევრი უმაქნისი ზის, ღარიბაშვილმა მინისტრთა კაბინეტი რომ დაითხოვოს, მაშინ განცხადება თვითონაც უნდა დაწეროს და მთლიანად კაბინეტის დაშლა და თავიდან აწყობა უნდა მოხდეს, ამისთვის პრეზიდენტის მხრიდან შესაბამისი რეზოლუციაა საჭირო, მაგრამ სადაა გარანტია, რომ პრეზიდენტი პრემიერის პოსტზე მას წარადგენს.

ამიტომ ღარიბაშვილი მინისტრთა კაბინეტს ხელს ვერ ახლებს, თუმცა ნამდვილად შესაცვლელია. ახლა მიდის ლაპარაკი იმაზე, რომ უსუფაშვილმა რამე ცვლილებები შემოიტანოს, რომ პრემიერ-მინისტრის დანიშვნა პარლამენტის მიერ მოხდეს.

- ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის მიღება ევროკავშირში ინტეგრაციას უკავშირდება. თქვენ როგორ ფიქრობთ, ამ კანონპროექტის მიღების შემდეგ მოსალოდნელია თუ არა პროგრესი ამ მიმართულებით?

- ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის მიღება ევროპისთვის კუდის ქიცინია. გასაგებია, ეს რატომ ხდება, დიდი ინვესტიციები შემოვა, მაგრამ მრეწველობის აღორძინებისთვის ეს მთავრობა უნიათოა, გნებავთ, სოფლის მეურნეობისთვის, გნებავთ, სოციალური საკითხებისთვის.

"ნაციონალურ მოძრაობასაც" იგივე სჭირდა, ამიტომაც ერჩივნა უცხოეთიდან გრანტების მიღება, დიდი შემოსავლები და ამით ცხოვრობდა, ინფრასტრუქტურას აწყობდა, თავისთავს და ახლობლებს კარგად ამყოფებდა და გვაძლევდა შთაბეჭდილებას, რომ ქვეყანაში რაღაც იცვლებოდა, თუმცა ფუნდამენტურად არაფერი კეთდებოდა. დაახლოებით ეს ხდება ახლაც.

ევროკავშირთან საქართველოს გაერთიანება მოხდება, უკვე ასოცირებაზეც ვაწერთ ხელს და ამას მივესალმები, რადგან ევროკავშირმა თვითონ შეიძლება აიძულოს საქართველო, რომ განავითაროს დარგები.

ჩემთვის მიუღებელია თვითმმართველობასთან დაკავშირებით მიღებული კანონპროექტი. ამ კანონპროექტის მიხედვით, ყველა რეგიონს ცალკე მერი ეყოლება. რა გარანტია გვაქვს, რომ რაღაც პერიოდის შემდგე რეგიონის ხელმძღვანელი არ მოელაპარაკება რუსეთს ან თურქეთს და დიდი ფულის სანაცვლოდ არ ატეხავს ისეთ პანიკას, როგორიც უკრაინაშია, უცებ გამოვა ხალხი და იტყვის, რომ ჩვენ არ გვინდა საქართველო და გვინდა თურქეთი ან რუსეთი, საქართველო კი ამ შემთხვევაში ვერაფერს გააწყობს, მითუმეტეს, რომ სამეგრელოში სეპარატიზმის ელემენტებია.

რა თქმა უნდა, დემოკრატიული კანონების მიღება საქართვლეოსთვის კარგია, მაგრამ ეს 25 წლის შემდეგ უნდა მოხდეს, როცა ქვეყანა ეკონომიკურად ფეხზე დადგება, სოციალურად და ფსიქოლოგიურად კი გამოსწორდება.

საქართველოში 77 ერი ცხოვრობს. ყველაზე კატასტროფული მდგომარეობა მეზობელ ქვეყნებთან შედარებით საქართველოშია, რადგან ერია ასეთი, კეთილშობილი და პურადი. მითუმეტეს 25 წლიანი ომების, კონფლიქტების და მიტინგების შედეგად საქართველო ძალიან მძიმე ეკონომიკურ, სოციალურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

ახლა ჩვენ გვჭირდება გამხნევება და ისეთი კანონები, რომლებიც ერს გამოაღვიძებს და წელში გამართავს. ახლა ერაყელი იქნება თუ თურქი, საკუთარი თავის დასაცავად ანტიდისკრიმინაციულ კანონს მოიხმარს. ქართველი კი საქართველოში ისედაც ნახევრად სტუმრად გრძნობს თავს და ამის შემდეგ კიდევ უფრო გაურთულდება აქ ცხოვრება.

საზოგადოების დაახლოებით 10% სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელია, საზოგადოების 20% კი საქსუალურ უმრავლესობასა და ასეთ ადამიანებს შორისაა, სწორედ ამ 20%-ზე მიდის ბრძოლა და ეს ეკლესიამ ძალიან კარგად იცის. ამ ხალხზე შეიძლება იმოქმედო ნორმალური აღზრდით და არ გადავიდნენ მამათმავლობის ზონაში, მაგრამ თუ მოხდა ამის დიდი პროპაგანდა, ძალიან მარტივად გადაიხრებიან მათკენ.

უფალი არასდროს ცდება, რადგან მოვიდა მამაკაცად, ესე იგი მას სერიოზული მისია აქვს შესასრულებელი, მაგრამ რადგან ჰორმონალური დარღვევა აქვს, მას სჭირდება არა ხელშეწყობა, რომ გადავიდეს ქალის ზონაში, რაც მას არ უწერია, არამედ პირიქით, დახმარება სჭირდება, რომ ჰორმონალური ცვლილებები ნორმაში მოიყვანოს და შეძლოს მამაკაცის ფუნქციის შესრულება.

ვიღაცას მასონურ ჯგუფებში ეტყობა, არ აწყობს ეს, რადგან ამით უფრო ადვილია საზოგადოების აღრევა და მასონური ჯგუფების გარკვეული გეგმების შესრულება. ეს მოდის ევროპიდან და, სამწუხაროდ, შემოაღწია საქართველოში, თქვენ დაინახეთ, რომ გამოვიდა ევროკავშირის ხელმძღვანელი და ანტიდისკრიმინაციული კნაონის მიღების გამო ჩვენი მთავრობა შეაქო.

ეს დემოკრატია კი არა, ვიღაცის ცუდი თამაშია, რომელიც ზნეობრივ ფაქტორს საქართველოში დასცემს, ცოტა ხანში ვნახავთ, რა ზნეობრივი საზოგადოება გაიზრდება, სადაც ყველაფრის უფლებას მისცემენ საკუთარ თავს, მითუმეტეს საქართველო ტემპერამენტიანი ხალხისგან შედგება, ჩვენ სამხრეთელები ვართ და ცოტა ხანში ვნახავთ, რომ აქ აღვირახსნილი ცხენის ეფექტი ექნება ამას.

საზოგადოება სერიოზულად გაიხლიჩება უმცირესობასა და უმრავლესობას შორის. მთავრობა იმის გამო, რომ მას ევროპიდან შემოსავალი აწყობს, თანახმაა, რომ ქვეყანა გაიხლიჩოს და გაგრძელდეს დაპირისპირებები, რასაც შემდეგ დაჭერები მოჰყვება. ამ კანონით მთელი საქართველო ციხეში აღმოჩნდება.

"ნაციონალურმა მოძრაობამ" ეს კანონი ვერ მიიღო, მაგრამ ამჟამინდელმა მთავრობამ ეს გაბედა. სააკაშვილი თუ ადამიანებს ბიზნესების ფონზე იჭერდა, ახლა მათ ამ ანტიდისკრიმინაციული კანონის ფონზე დაიჭერენ. ქართველი ხალხის ისევ ფსიქოლოგიური დათრგუნვა მოხდება, ეს ევროპის კუდის ქიცინია, რითაც შორს ვერ წავალთ.

მომავალი აზიისაა, არნახულად განვითარდება ჩინეთი, იაპონია, ინდოეთი და ა.შ. უახლოესი პერიოდი მაგათია რუსეთთან ერთად, ამერიკა თანდათან დასუსტებას დაიწყებს, მომავალი აქეთაა, ჩვენ კიდევ სულ სხვა მხარეს ვიხედებით. შეხედეთ, მამა-შვილი ალიევების მეშვეობით აზერბაიჯანი როგორ განვითარდა, ჯერ შეხედეთ ხელფასებს, ინფრასტრუქტურას, კუდს არც ევროპას უქიცინებენ და არც აზიას, თავისი გზით მიდიან და ყველას პატივისცემას იმსახურებენ.

- იმ ფონზე, რაც მსოფლიოში ხდება, როგორ განვითარდება რუსეთ-საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობა?

- რუსეთთან რაც შეიძლება მშვიდობიანი ურთიერთობა უნდა გვქონდეს. როგორ ფიქრობთ, რუსეთმა რატომ არ წაიღო აფხაზეთი და სამაჩაბლო, ყირიმი ერთ კვირაში გაიფორმა და აქ ამის გაკეთება გაუჭირდებოდა?! მითუმეტეს რეფერენდუმი ორივეგან ჩაატარა და ორივე თანახმა იყო რუსეთთან გაერთიანების. რუსეთი საქართველოს პოზიციას ელოდება, მათი მიერთება მის ინტერესში არ შედის.

მე, როგორც ასტროლოგი, შემიძლია ვთქვა, რომ 2014 წლიდან სამყარო საქართველოს განვითარების შანსს აძლევს. აქამდე ეს შანსი არ იყო - ამ შანსს როგორ გამოვიყენებთ, ეს ჩვენზეა დამოკიდებული. არჩევანში აბსოლუტურად თავისუფალი ვართ. მე იმედი მაქვს, რომ უკეთესობის ტენდენცია არსებობს.

რუსეთი ახლა უსამართლობის ზონაში იმყოფება, არის ასეთი ენერგეტიკული ზონა, ეს მათ კრემლის ასტროლოგმა ლევინმა გაუკეთა. ამიტომ რასაც აკეთებს, ყველაფერი გასდის, რაც 2016 წლამდე გაგრძელდება. მას მერე რუსებს დანაკარგი ბევრი ექნებათ და დაიწყებენ კითხვების დასმას.

საქართველო ამისთვის მზად უნდა იყოს და თანდათან სიტუაცია უნდა შეამზადოს. ჩვენი ტერიტორიების დაბრუნების შანსი არსებობს, მაგრამ ეს მაშინ მოხდება, როცა საქართველოში უცხოური ჯარი არ იქნება. ევროსაბჭოსთან, ევროკავშირთან ინტეგრაცია კიდევ შეიძლება, რადგან კულტურული და ეკონომიკური კავშირები რუსეთს ისე არ გააღიზიანებს, როგორც ნატოს და შეიარაღებული ჯარების ყოფნა მის გვერდით სახელმწიფოში.

ამბობენ, ნატო ჩვენ დაგვიცავსო, მაგრამ საბერძნეთი და თურქეთი ორივე ნატოს ქვეყანა იყო, როცა კვიპროსში ისეთი ომი გააჩაღეს, რომ კაციშვილმა ხმა ვერ ამოიღო. რუსი მონსტრის წინააღმდეგ ვერც ნატო და ვერც ამერიკა ვერაფერს გააწყობს და ეს ჩვენ უკვე ვნახეთ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსეთთან ურთიერთობა 2016 წლამდე დათბეს.

ქვეყანა დამოუკიდებელი უნდა იყოს და კულტურულ-ეკონომიკური თვალსაზრისით ინტეგრირებული როგორც ევროკაშვირთან, ასევე რუსეთთან. სამხედრო კუთხით კი აბსოლუტურად დამოუკიდებელი. ესაა საქართველოს კოსმიური მისია, მაშინ ის იქნება ყველა ქვეყანასთან შეხმატკბილებული.

მე დიდი ხნის წინ ვამბობდი, რომ მომავალია ჩინეთი და ინდოეთი. კორეას და იაპონიას არნახული განვითარება აქვთ, რომლებთანაც ურთიერთობა ჩვენ არ გვაქვს, ამიტომ, აღმოსავლეთ რეგიონებთან უნდა გააქტიურდეს ურთიერთობა, რადგან აქედან დიდი პერსპექტივა მოვა. ასევე ურთიერთობა უნდა დათბეს ბრაზილიასთან, რომელიც უახლოეს 25 წელიწადში სამხრეთ ამერიკაში წამყვანი ქვეყანა იქნება.

ჯერ კიდევ შევარდნაძეს მე პრესიდან ვუკიჟინებდი, რომ მსოფლიოს სამხედრო განვითარების მთავარი სტრატეგია სამხედრო ავიაცია იყო. კაცობრიობა გადავიდა მერწყულის დიდ ეპოქაში, რომელიც გასტანს 2016 წელს. მერწყული არის ჰაერის სტიქია, ამიტომ ის პირდაპირ მიგვანიშნებს ამაზე. შესაბამისად, ომები ძირითადად საჰაერო იქნება და მოიგებს ის ქვეყანა, რომელსაც ძლიერი საჰაერო ავიაცია ექნება.

ამერიკა ამის კარგი დასტურია, გნებავთ, ავღანეთი ავიღოთ, ან ერაყი. ჯერ მოხდა დაბომბვა და შემდეგ შევიდა ჯარი, რომელსაც წინააღმდგეობა ვერავინ გაუწია. 2008 წლის აგვისტოს ომში სად იყო ქართული ავიაცია, რუსული ავიაცია ბომბავდა და პანიკას ეს იწვევდა, რუსულმა ავიაციამ ქართული ჯარი გაანადგურა და შემდეგ შემოვიდა რუსული ტანკები. რა თქმა უნდა, საჭიროა ქვეითი ჯარი, ტანკები, მაგრამ გადამწყვეტი მნიშვნელობა მაინც ავიაციას აქვს.

- წლის მეორე ნახევარი რას მოუტანს საქართველოს?

- ქვეყანას ივნისიდან სერიოზულ მოლაპარაკებებზე გადასვლას ვურჩევდი. ამისთვის ივნისი და ივლისი საუკეთესო პერიოდია, აგვისტოდან მოლაპარაკებები ისეთი ეფექტური არ იქნება, ამიტომ ეს პერიოდი არ უნდა დაკარგონ. დანარჩენი თვეები კარგი იქნება.

საერთო ჯამში წლის მეორე ნახევარში ქვეყანაში სასიკეთო ცვლილებები იქნება. ამ დროს მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი ძალიან სერიოზულად შემცირდება, ეს დადებითად შეეტყობა ევროპას და ამერიკას, გაიზრდება ინვესტიციების საშუალება საქართველოში, თუმცა ეს უფრო მომავალ წელს გამოჩნდება.

რთული იქნება ნოემბრის თვე, მზის და მთვარის დაბნელებების დროს ის უკმაყოფილება, რომელიც აპრილსა და მაისში გროვდება, შეიძლება ნოემბერში კიდევ ერთხელ იფეთქოს. მეორე ნახევარი უკეთესი იქნება, ვიდრე ეს იყო წლის დასაწყისში.

2015 წლიდან ნელ-ნელა დაიძრება ქართული ეკონომიკა, მაგრამ ყველაზე დიდ პრობლემად ქვეყანაში ფსიქოლოგიური მდგომარეობა იქნება. თუმცა, თანდათან ეს ყველაფერი გაუმჯობესებას დაიწყებს.

სალომე აბულაძე

გაზეთი "რეზონანსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია