"კაი ბიჭები" შეტევაზე გადავიდნენ?! - "დეიდა, შენ შვილებს ხომ უნდათ ამ უბანში ცხოვრება"

"კაი ბიჭები" შეტევაზე გადავიდნენ?! - "დეიდა, შენ შვილებს ხომ უნდათ ამ უბანში ცხოვრება"

ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში თუ პირად საუბრებში ხშირად საუბრობენ, რომ თბილისში ე.წ. ბირჟების დრო დაბრუნდა. არაერთ მოქალაქეს აღუნიშნავს, რომ ე.წ. ძველი ბიჭები მათ უბანში გააქტიურდნენ – ზოგი "პალაჟენიის" დაყენებას ცდილობს, ზოგი კი – წვრილ-წვრილი მაღაზიის მეპატრონეებისთვის წილში ჩაჯდომას ცდილობს. ზოგჯერ ასეთი შეფასებები შესაძლოა, გადაჭარბებულიც იყოს, მაგრამ ფაქტია – პრობლემა არსებობს. "ამბები.გე" დაინტერესდა ამ თემით და თბილისის სხვადასხვა უბანში მცხოვრებ მოქალაქეებს გაესაუბრა.

თამარ მშვილდაძე 35 წლის (ვაკე):

- ბარნოვის ქუჩაზე ვცხოვრობ, სადაც რამდენიმე დღის წინ ადამიანი დაჭრეს. ეს ადრეც ხდებოდა, მაგრამ ადრე ერთგვარად შიში ჰქონდათ და იარაღით არ გადაადგილდებოდნენ. ახლა თითქოს ეს შიში გაუქრათ, სამაგიეროდ ჩვენ, უბრალოდ მოქალაქეებს გაგვიჩნდა ღამე სიარულის შიში. ჩემს მეუღლეს სამსახურიდან წამოსვლა გვიან უწევს, ზოგჯერ პირველ საათზე მოდის ხოლმე და ოდნავ რომ შეაგვიანდება უკვე ვნერვიულობ. ადრე ასე ნამდვილად არ იყო.

ნოდარ ებანოიძე 65 წლის (ნუცუბიძის პლატო)

- 90-იანმა წლებმა ჩემს თავზე გადაიარა და ნამდვილად აღარ მინდა ეს პერიოდი დაბრუნდეს. რამდენიმე წლის წინ ე.წ. "ბირჟები, თითქმის აღარ იყო, დღეს უკვე ღამის 3-4 საათამდე დგანან, ხმაურობენ. ჩემმა ერთმა მეზობელმა უთხრა - დამაძინეთ თორემ პატრულს გამოვიძახებო. "დეიდა, მერე შენ შვილებს ამ ეზოში ცხოვრება აღარ უნდათო?", - უპასუხეს და აქეთ დააშინეს. ერთი ბიჭია, ციხიდან სააღდგომო შეწყალებისას გამოვიდა და პირველი რაც გააკეთა, უბნის რამდენიმე მაღაზიაში მივიდა და უთხრა - თუ რამე პრობლემა გექნებათ მე შემაწუხეთო. ბუნებრივია სანაცვლოდაც მოთხოვა რაღაც. ამაში ყველაზე ცუდი ისაა, რომ ამ მეპატრონეებმა ეს ამბავი პოლიციას არ შეატყობინეს. . სოფლებში ქათმების და ძროხების მოპარვა დაიწყეს. ჩემს ბიძაშვილს ხარაგაულის რაიონში კრუხი მოპარეს წიწილებით. დარწმუნებული ვარ, პოლიციაშიც იციან ასეთი ამბები, რომ ხდება და ალბათ ფიქრობენ გამოსწორებაზეც, მაგრამ თუ დროულად არ გადაიჭრა ეს პრობლემა ყველაფრის ისევვ ნულიდან დაწყება მოგვიწევს როგორც მოხდა 2004 წელს.

ნინო გელოვანი 30 წლის (ჩუღურეთი)

- ცოტა ხნის წინ სამარშრუტო ტაქსში ჩემს დას ტელეფონი ამოაცალეს.. ტელევიზორის ჩართვა აღარ მინდა, ყველგან მკვლელობა, დაჭრა და ათასი სახის უბედურება ხდება. ქუჩაშ ნარკომანები თავისუფლად დგანან, საღამოობით კორპუსებთან ე.წ. ბირჟებზე ლოთობენ და ხალხს ელემენტარულად ძილის საშუალებას არ აძლევენ, ღამე ქუჩაში თუ მარტო ხარ შიშით უნდა იარო?! ჩემი მეზობლის შვილი იმის გამო სცემეს, რომ ნაბახუსევზე მყოფ "კაი ბიჭს" ლუდის ფული არ მისცა. საცოდავ ბავშვს ტვინის შერყევა ჰქონდა. არ ვამბობ, რომ ყველა უნდა დაიჭირონ, მაგრამ როდესაც ადამიანი დანაშაულს ჩაიდენს უნდა დაიჭირო. სხვა გამოსავალი არაა, წინააღმდეგ შემთხვევაში სიტუაცია სრულიად უკონტროლო გახდება.

ამავე თემაზე კომენტარი პოლიტიკის და სამართლის ცენტრის თავმჯდომარეს, ამირან გიგუაშვილს ვთხოვეთ:

- რამდენადაც ვიცი, შსს-ს მიერ გავრცელებული სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით დანაშაულმა კი არ იმატა, პირიქით შემცირდა. ბუნებრივად ჩნდება კითხვა - რას უნდა ენდოს ხალხი, ოფიციალურ სტატისტიკას თუ საზოგადოებრივ აზრს. ეს ალბათ, სწორედ საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს. პირადად მე აქ სულ სხვა რამეში ვხედავ პრობლემას - ძალიან ბევრი ადამიანი გამოუშვეს ციხიდან, მაგრამ გარეთ არაფერი არ დახვდათ. სახელმწიფომ მათ არ შეუწყო ხელი, რომ თავის თავი რაიმე სფეროში ეპოვნათ. მათი რესოციალიზაცია ფაქტობრივად არ მომხდარა. სასჯელის მიზანი არის არა ადამიანის დასჯა, არამედ ადამიანის გამოსწორება. საბჭოთა კავშირის დროს საპატიმრო იყო არა რესოციალიზაციის, არამედ სასჯელის ადგილი, სამწუხაროდ ასეა ახლაც. ამ მიმართულებით ქვეყანას ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგავს. ევროპულ ქვეყნებში (რომლისკენაც ჩვენ ვცდილობთ ინტეგრირებას), ციხის ადმინისტრაცია მარტო იმით კი არაა დაკავებული - საპატიმროში იმუშაონ პატიმრებთან, არამედ როდესაც ადამიანები ციხიდან გამოდიან, სოცმუშაკები ხვდებიან გარეთ და ეხმარებიან ადაპტაციაში. ჩვენთან ასეთი პრაქტიკა არაა, ამიტომაც თუ ხდება სისხლის სამართლის დანაშაული და ადამიანი ამას სჩადის მეორედ, მესამედ (არა მაქვს საუბარი ეკონომიკურ დანაშაულზე), ამის უმთავრესი მიზეზი რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს არის არა ის დამნაშავე, რომელიც ამას სჩადის, არამედ სახელმწიფო, რომელიც ამ ადამიანს არ აძლევს საშუალებას და შესაძლებლობას იცხოვროს სხვანაირად. აჯობებს სახელმწიფომ ამაზე იზრუნოს და არა იმაზე, რომ სასჯელები გამკაცრდეს.

ლადო გოგოლაძე, Ambebi.ge

ასევე დაგაინტერესებთ: "ძველბიჭობის" ქრონიკა, ანუ ქართველი მამაკაცის მენტალური პორტრეტის ევოლუცია (+VIDEO)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია