როგორ ვიყიდოთ მანქანა სარფიანად? - პრაგმატული რჩევები "Auto Bild საქართველოს" მთავარი რედაქტორისგან

როგორ ვიყიდოთ მანქანა სარფიანად? - პრაგმატული რჩევები "Auto Bild საქართველოს" მთავარი რედაქტორისგან

ყოველ პარასკევს, ტელე-რადიო "პალიტრის" დილის ეთერში, გადაცემაში "დილის პალიტრა", "ავტობილდ საქართველოს" მთავარი რედაქტორი შალვა ბუაჩიძე ავტოსიახლეებს წარმოგიდგენთ. 

- როგორ უნდა შევარჩიოთ სწორად მანქანა, რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება?

- როცა ადამიანი გადაწყვეტს ავტომობილის შეძენას, ეს მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემაა იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ფული უნდა გადაიხადოს და შესაბამისად, საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვან საკითხთან გვაქვს საქმე. აქ არ აქვს მნიშვნელობა ახალ მანქანას ვყიდულობთ, თუ ნახმარ მანქანას, მაგრამ ძირითადად მაინც მეორადი ავტომობილების ყიდვასთან დაკავშირებული რჩევები მოვამზადე, რადგან საქართველოში, მოგეხსენებათ, 90% ავტომობილებისა იყიდება მეორად რანგში, იმიტომ რომ ახალი ავტომობილების შესაძენი ფული, სამწუხაროდ, ბევრს არ აქვს.

რაც შეეხება მეორადი ავტომობილების შეძენის დროს გასათვალისწინებელ რჩევებს, როცა ადამიანი გადაწყვეტს მანქანის ყიდვას, მისთვის პირველი ნაბიჯი უნდა იყოს ამ მოდელზე დეტალური ინფორმაციის მოძიება, თუ რა თქმა უნდა, ავტომობილი მისთვის არ არის მხოლოდ გადაადგილების საშუალება. უნდა მოიძიოს ყველა ინფორმაცია. მოლაპარაკების დაწყებამდე უნდა გააკეთოს მისი ფასის დეტალური ანალიზი, რა ღირს მანქანა გარკვეულ მდგომარეობაში, მინიმალური და მაქსიმალური ფასი, ასეთი ანალიზის გაკეთება შესაძლებელია სხვადასხვა საავტომობილო ვებგვერდებზე, სადაც განცხადებებია გამოქვეყნებული, უნდა შევიდეს და დაათვალიეროს კონკრეტულად ის მოდელი, რომელიც აინტერესებს, რა ფასის დიაპაზონში იყიდება.

უნდა გაარკვიოს სასურველი მოდელის მინიმალური და მაქსიმალური ფასი, ასევე ძალიან კარგი იქნება, თუ დასვამს შეკითხვებს სხვადასხვა ავტოფორუმებზე. საქართველოში ძალიან ბევრია საავტომობილო ფორუმები, სადაც ამომწურავად უპასუხებენ. თუ მაინც ვერ მიიღო ის პასუხები, რაც მას სჭირდება, შესაძლებელია უცხოურ საიტებზე, უცხოურ ფორუმებზე ასეთი კითხვების დასმა.

ამის შემდეგ მეორე ნაბიჯი არის უკვე საკუთარი თავისთვის ფასის ლიმიტის დაწესება. გვაქვს რაღაც თანხა და იმაზე ზემოთ ვერ ავდივართ და შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ. მოლაპარაკების დაწყებამდე არასდროს არ წამოგცდეთ თქვენთვის სასურველი ფასი და ასევე არ უნდა ვუთხრათ გამყიდველს, რა ვარიანტები გვაქვს კიდევ სხვა, შეიძლება დავკარგოთ იაფი ვარიანტები, ან იგივე გამყიდველმა აღარ დააკლოს უკვე შემდეგ ფასი.

თუ ჩვენი ფასის ლიმიტში ემთხვევა გამყიდველის მიერ შემოთავაზებული ფასი და ის აღარ აკლებს მეტს, ჩვენ მაინც გვინდა, რომ სარგებელი მივიღოთ, შეგვიძლია გამყიდველს მოვთხოვოთ ინსპექციების დაფინანსება, მაგ. ზეთის გამოცვლა (თუ ის გამოსაცვლელია), ახალი საბურავების დაყენება (თუ საბურავი უკვე შესაცვლელია) და ა.შ.

ამის შემდეგ უკვე იწყება ავტომობილის შემოწმება, რაც ძალიან აუცილებელია, მით უმეტეს მეორადი ავტომობილის შემთხვევაში. ზოგადად, კარგი იქნება, თუ არ გვყავს ახლობელი პროფესიონალი, მარტო მაინც არ წავიდეთ მოლაპარაკებაზე.

ავტომობილი უნდა მივიყვანოთ აუცილებლად შესამოწმებლად. დეტალური შემოწმება უნდა მოუწყოს ავტომობილს პროფესიონალმა და რაც ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ თვითონ, როცა გვინდა ავტომობილის ყიდვა და გვაქვს კონკრეტული მოდელის შეძენა გადაწყვეტილი, თვითონ უნდა მოვუწყოთ ჩვენს თავს ეს "დრაივი" გამყიდველის გარეშე, ანუ ჩვენ აუცილებლად უნდა გავიგოთ რამდენად გვერგება ეს მანქანა, თუ, რა თქმა უნდა, არ გვყავს იგივე მოდელი ნატარები და ჩვენ არ ვიცით მართლა გვერგება, თუ არა. თუ პირველად გვაქვს შეხება ამ ავტომობილთან, აუცილებლად გამყიდველის გარეშე უნდა ვიაროთ ამ მანქანით, თუნდაც ერთი დღე. იმ დღესვე გამყიდველი არასდროს მოითხოვს თანხას და უმჯობესია, ჩვენ კარგად გავერკვიოთ გამყიდველის გარეშე და თვითონ ვიაროთ ამ მანქანით.

- შეიძლება მოგვეწონოს მანქანა ვიზუალურად, აღმოჩნდეს გამართული, მაგრამ ვერ მოვირგოთ საკუთარ თავზე?

- რა თქმა უნდა, ეგ შესაძლებელია. თავიდან შეიძლება ძალიან მოგვეწონოს ვიზუალურად, ბრენდიც კარგია, მოდელიც კარგია, მაგრამ რამდენად ჩვენია ავტომობილი, ამას უკვე ვიგებთ ტესტდრაივის შემდეგ, იმისათვის, რომ არ გაგვიცრუვდეს იმედები, ჯობია ჩვენ თვითონ მოვაწყოთ ტესტდრაივი.

მოლაპარაკების დროს აუცილებლად უნდა ვიყოთ ძალიან თავდაჯერებულები, მაგრამ არა ზედმეტად...

უნდა ვივაჭროთ თამამად, მკაცრად, ოღონდ არ უნდა მივაყენოთ შეურაცხყოფა ავტომობილს, რომელსაც ვყიდულობთ, იმიტომ, რომ გამყიდველისთვის შეიძლება ის ავტომობილი იყოს გაცილებით მეტი, ვიდრე ავტომობილი. მაგალითად, ეს რას მაძლევ, ეს ნაგავია, ეს არ ვარგა... კრიტიკა უნდა იყოს არგუმენტირებული, რაც მთავარია, შესაძლოა, მანქანისთვის მიყენებული შეურაცხყოფა პირადი შეურაცხყოფა იყოს გამყიდველისთვის და ამ შემთხვევაში ის აღარც ფასს დაგვიკლებს და შეიძლება სულაც აღარ მოგვყიდოს ავტომანქანა.

გარდა ამისა, არ უნდა ავყვეთ გრძნობებს. ეს არის ჩემი რჩევა, იმიტომ, რომ მაგალითად, ასეთი წინადადებები: "ეს ჩემი ოცნების ავტმობილია", "ყოველთვის ასეთი მანქანის ყიდვაზე ვოცნებობდი", "ხუთი წლისაა, მაგრამ მაინც კარგად გამოიყურება", ეს ტაბუდადებული თემებია; უმჯობესია ამაზე არ ვესაუბროთ გამყიდველს, იმიტომ, რომ ვინც ასე იწყებს მოლაპარაკებას, გადარეულია მანქანაზე.

- ალბათ, ფასს უფრო მოუმატებენ?

- ალბათ ფასს არ მოუმატებენ, მაგრამ აღარც დაგვიკლებენ. პირველად ნათქვამი ბოლო ფასი თითქმის არასდროს არ არის ბოლო ფასი, ყოველთვის შეიძლება კიდევ დაკლება. უნდა მოვითხოვოთ მოსაფიქრებელი დრო, იმ დღეს მანქანის ყიდვა არ არის აუცილებელი, არჩევანი ძალიან დიდია, გამყიდველიც კარგად ხვდება, რომ იმ მომენტში ვერ გადაწყდება ყველაფერი. მივთხოვოთ მოსაფიქრებელი დრო, კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ სახლში, განვიხილოთ შემოთავაზება, ვიფიქროთ იმაზე, ხომ არ იყო რაიმე სიცრუე გამყიდველის მხრიდან, იმიტომ რომ, ერთ ტყუილსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

- ამ შემთხვევაში აჩქარება გაუმართლებელი იქნება...

- აჩქარება ნამდვილად გაუმართლებელია, კარგად უნდა დავფიქრდეთ და თუ ფიქრობთ, რომ ყველაფერი არის ძალიან კარგად, ამის შემდეგ უნდა დავგეგმოთ უკვე ყიდვის პროცედურა, მაგრამ საბოლოო შეთანხმებაზე, უკვე მეორე დღეს რომ შევხვდებით გამყიდველს, კიდევ ერთხელ ფასზე შეიძლება დალაპარაკება. ბოლო გადაწყვეტილება, როცა ხელის ჩამორთმევაზე მიდგება უკვე საქმე და დაინახავთ გამოწყვდილ ხელს, უკვე შეიძლება შევთავაზოთ, რომ კიდევ დავაკლოთ ცოტა. შესაძლოა, ეს ბევრმა სირცხვილად მიიჩნიოს, მაგრამ ეს არ არის სირცხვილი, იმიტომ, რომ ამ ადამიანს შეიძლება საერთოდ აღარ შევხვდეთ, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს არის ბიზნესი.

- ანუ, ამ შემთხვევაში არაფერს არ კარგავ, შენ უნდა გარისკო.

- რა თქმა უნდა, ბოლო ნაბიჯის დროს, როცა უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია, შეგვიძლია კიდევ ვუთხრათ, რომ ამდენს ვიხდი და მორჩა, თუ გვეტყვის რომ არა, მაშინ ვიყიდოთ იმ თანხათ, რა თანხაზეც ვიყავით შეთანხმებულები წინა დღეს, იმიტომ რომ ეს არის ბიზნესი, გამყიდველი ამას კარგად ხვდება, ეს არ არის სირცხვილი.

- ეს ძალიან კარგი რჩევებია მათთვის, ვინც აპირებს რომ უახლოეს მომავალში იყიდოს მანქანა, მაგრამ რომ არ დავჩაგროთ ის ადამიანები, ვინც ყიდიან, კიდევ ერთხელ მოგვეცი პირობა, რომ პარასკევს მათაც მისცემ რჩევებს.

- ასევე ძალიან საინტერესოა გაყიდვის თემაც, ძალიან ბევრი რჩევის მიცემა შეიძლება, ოღონდ რეალობაზე აგებული, არანაირი სიცრუე, როგორც გამყიდველიც, ისე მყიდველიც, გულახდილი უნდა იყოს. გულახდილობა, როგორც წესი, ყოველთვის ფასდება, თუ რაღაც გამონაკლისთან არ გვაქვს საქმე - გამყიდველსა და მყიდველისთვის მთავარი არის გულახდილობა ყოველ ნაბიჯზე.

იხილეთ ვიდეოვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია