სულ სხვანაირი მანჩო გიორგობიანის "შიკარნი" ინტერვიუ

სულ სხვანაირი მანჩო გიორგობიანის "შიკარნი" ინტერვიუ

"ვცდილობ, ვიცხოვრო ქრისტიანულად. რაღაცები გამომდის, ბევრი რამ - არა. შურიანი არ ვარ. მიხარია, როდესაც ადამიანს ვეხმარები და ეს გამომდის. მიყვარს სიცოცხლე, იუმორი. არანაირი სირთულის არ მეშინია, გარდა ახლობლების ავადმყოფობისა. ხანდახან, როცა რაღაც გამიფუჭებია (ხშირად მემართება) ან ვინმესთვის გული შემთხვევით მიტკენინებია, განვიცდი; საშინელი სინანული ვიცი... მაგრამ თუ ადამიანი იმსახურებს, ბოლომდე შემიძლია მისი გამეტება", - ამბობს მანჩო გიორგობიანი, რომელმაც ბოლო დროს ინტერნეტი, სატელევიზიო სივრცე, პრესა დაიპყრო. მანჩო (მანანა) გიორგობიანის ხსენებაზე ყველას მისი ცნობილი სიტყვები თუ ფრაზები: "ვეს ტაკოი იმპაზანტნი", "კაცააბრაზნი" "ვ შიკარნომ პალტო", "ბანდერლოგები" და ა.შ. ახსენდება...

როდესაც ინტერვიუსთვის შევეხმიანე, მითხრა, - ჩემი პერსონით ძალიან ხომ არ ვაბეზრებთ საზოგადოებას თავს? მე, როგორც მკითხველს, არ დამაინტერესებდა ვინმე მანჩო გიორგობიანის ინტერვიუ... ჩემზე რა უნდა მოგიყვეთ, ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ, წინაპრები კი მართლა არაჩვეულებრივი მყავდა, რითაც ძლიერი და ამაყი ვარო...

- გიორგობიანები ისტორიულად, ფუსტები ყოფილან, რაც საუკუნეების განმავლობაში ქართულ საეკლესიო-სამხედრო ორდენს ნიშნავდა. ისინი 1819-1820 წლების საეკლესიო აჯანყებაში, რუსეთის წინააღმდეგ მონაწილეობდნენ. არსებობს XV საუკუნის გიორგობიანების ხატი, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილმა გამოიკვლია. გვარში ბევრი სასულიერო პირი გვყავდა და ალბათ ფათერაკებისგან მათი მადლი მიცავს... ბარსა და ფუტიეთში ახლაც ცხოვრობენ გიორგობიანები, თუმცა ჩემი წინაპრები იქიდან დიდი ხნის წინ წამოვიდნენ და იქ მათი ნასახლარიც არ გვაქვს. ახლა გვინდა, სახლი დავდგათ, მიწას კი დაგვპირდნენ. ვინმე გიორგობიანს რომ გავიცნობ, ყველა ჩემი ბიძაშვილი მგონია. რა ვქნა, ჩემი გვარის საოცარი სიყვარული მაქვს...

ალექსანდრე ყაზბეგის ნათელ-მირონი

- მეამაყება, რომ დედაჩემის ბაბუა - ალექსანდრე კვაჭაძე დარიალის ხეობაში მივლინებული ხევის პირველი მასწავლებელი იყო. 1888 წელს, რუსეთის იმპერატორის ვიზიტისას, ჩემი დიდი ბაბუა თარჯიმანი გახლდათ. ჩემი დიდი ბებია - ანა მალანია ალექსანდრე ყაზბეგის ოჯახში იზრდებოდა. არაჩვეულებრივი განათლება მიიღო, ევროპულ ცეკვებსაც ასწავლიდნენ თურმე... მამა მღვდელი ჰყავდა და ყაზბეგის ნათელ-მირონი იყო...

ბაბუაჩემი - დათიკო გიორგობიანი ცნობილი ქალაქელი კაცი გახლდათ, პროფესიით ტექნოლოგი, ბებია - მარგო ლანჩავა კი რკინიგზის პირველი საავადმყოფოს ექიმი-რენტგენოლოგი. როგორც მამაჩემი ამბობდა, მათ სტუმართმოყვარე სახლში, მთაწმინდაზე, მთელი თბილისის ახალგაზრდები იზრდებოდნენ... მეორე ბაბუა - მიხეილ კვაჭაძე დუშეთის რაიკომის მდივანი იყო, მოგვიანებით კი მეორე მსოფლიო ომში მიღებული ჭრილობით ახალგაზრდა გარდაიცვალა. ბებია - გაფო გორდულაძე 55-ე სკოლის პედაგოგი გახლდათ. თაობები გაზარდა... ჯერ არ შემხვედრია მისი მოსწავლე, რომელსაც არ უყვარდა ან აღარ ახსოვს გაფო მასწავლებელი. თვითონაც უყვარდა მოსწავლეები, ყველაზე ცნობილ ხულიგნებზეც კი გიჟდებოდა, სულ ეფერებოდა. ამბობდა, - რა მოხდა მერე, ბავშვია, გაიზრდება და კაცი დადგებაო...

მამის გავლენა

- მამა - ნოდარ გიორგობიანი, მეტსახელად აშხენა ქალაქის აღიარებული კოლორიტი გახლდათ. 20 წლისას თითქმის მთელი საქართველო იცნობდა, რადგანაც 1948 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონები გახდნენ კალათბურთში: მამაჩემი, ვახტანგ ანანიაშვილი (ნინო ანანიაშვილის მამა), დათო გოძიაშვილი (სესილია თაყაიშვილისა და ვასო გოძიაშვილის შვილი), ჰეტო აფაქიძე, გივი რუხაძე, თენგიზ მეძმარიაშვილი, ვასკილა აზაურაშვილი, მათი მწვრთნელი კი ალეკო მესხი გახლდათ. სპორტსმენ სტუდენტებს უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და რექტორიც - ნიკო კეცხოველი თავს ევლებოდნენ. ბატონ ნიკოს მამა განსაკუთრებით უყვარდა, ყველანაირად უწყობდა ხელს. ჰოდა, მამამ პირველ შვილს, ჩემს დას ბატონი ნიკოს ქალიშვილის სახელი - ნანა დაარქვა... ისტორიული ფაკულტეტი კი დაამთავრა, მაგრამ რადგან სპორტსმენი იყო, რადიოში, სპორტულ ჟურნალისტად დაიწყო მუშაობა და ცნობილი სპორტული კომენტატორი გახდა.

1958 წელს სპარტაკიადაზე, კალათბურთის ფინალურ მატჩზე, რამდენიმე ქართველი დააჯარიმეს და მოედანზე ასპარეზობას სამი სპორტსმენი განაგრძობდა. იმ ლეგენდარულ მატჩს მამა სხვა ქალაქიდან უძღვებოდა... მთელ რუსთაველზე დინამიკები იყო გამოტანილი, ხალხი ქუჩაში უსმენდა. სწორედ მაშინ, მისი ემოციური შეძახილები და ფრაზა: "სამნი დავრჩით, ქართველებო!.." - ისეთივე ცნობილი გახდა, როგორც მერე კოტე მახარაძის - "ლიკუეტ სტალიცა გრუზიი", რომელიც 1981 წელს, თბილისის "დინამოს" გამარჯვების ტრანსლაციისას თქვა. მოკლედ, ის მატჩი საქართველომ მოიგო...

მამაც და დედაც - დელა კვაჭაძე საბჭოთა კავშირის ჟურნალისტთა ფედერაციის წევრები იყვნენ და ხშირად დადიოდნენ საზღვარგარეთ, მივლინებაში. სპარტაკიადაზე, ნორვეგიაში, მეფე ულაფ V-ემ მამაზე თქვა, - "ყველაზე სიმპათიური მამაკაცი სტალინის სამშობლოდან". მისი ეს სიტყვები ნორვეგიულ გაზეთში, მეფესთან გადაღებულ ფოტოსთან ერთად დაიბეჭდა... ბევრ ცნობილ ადამიანთან მეგობრობდა საქართველოშიც, საბჭოთა კავშირის მასშტაბითაც და საზღვარგარეთაც. სხვათა შორის, მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ მისი ახლო მეგობარი, კოტე მახარაძე კომენტატორი გახდა. როდესაც ეს საკითხი განიხილებოდა, მამას სიტყვა, როგორც სპორტის კურატორის, გადამწყვეტი აღმოჩნდა და ეს კოტე მახარაძემაც აღნიშნა საკუთარ უკანასკნელ ინტერვიუში. ასევე, წვლილი მიუძღვის ნინო ანანიაშვილის მოსკოვში სასწავლებლად გაშვებაშიც... მერე ისე მოხდა, რომ მამას კარიერა ნაადრევად დაამთავრებინეს.

- რატომ?

- მან პროტესტის ნიშნად, პოლონეთში საბჭოთა კავშირის დროშა დახია. ამის გამო თბილისში ეტაპით ჩამოიყვანეს და ცეკას ჩააბარეს. მოკლედ, მეგობრები, ტელევიზია, რადიო დაეხმარა იმაში, რომ არ დააპატიმრეს, მაგრამ სამსახურის დატოვება კი მოუხდა.

- მეტსახელად აშხენას რატომ ეძახდნენ?

- ერთხელაც, მეგობრებთან ერთად, სპორტულ შეკრებაზე მიდიოდა და სადგურში სომეხი ქალის - აშხენას პასპორტი უპოვია. ვერ ასწრებდა მილიციაში მის ჩაბარებას და იფიქრა, შემდეგ სადგურში ჩავაბარებო. ბიჭებმა ჯიბეში პასპორტი უპოვეს და მეტი რა უნდოდათ? გაშაყირება დაუწყეს და მეტსახელიც ასე შეერქვა. სხვათა შორის, ეს სახელი ძალიან უყვარდა...

- მამაზე დიდი სიყვარულით გვიყვებით. როგორც ჩანს, მან დიდი როლი ითამაშა თქვენს ჩამოყალიბებაში...

- კი, მისი გაზრდილი ვარ... დედა ამბობდა: თუ ვინმე მომკლავს, ეს გოგო იქნება. აუღებელი ციხესიმაგრე ხარო... არადა, ჩემი და რადიკალურად განსხვავებული, დარბაისელი, მოწესრიგებული, მოწოდებით პედაგოგი იყო. სამწუხაროდ, იმ ქვეყნად ნაადრევად წავიდა... რადგან ბავშვობიდანვე ძალიან აქტიური და მოუსვენარი ვიყავი, "მაუგლის", "ბანდიუგას," "ბანდიტკას" მეძახდნენ. სულ მამასთან ერთად დავდიოდი, მის მეგობრებში მიღებული ვიყავი; დასასვენებლად რომ მიდიოდნენ, მეც თან მივყავდი. 16 წლამდე ფეხბურთს ვთამაშობდი, ველოსიპედით დავდიოდი...

სამეზობლო და სანატრელი თბილისი

- ბავშვობა ხილიანზე გავატარე. ჩვენი მეზობლები იყვნენ: რამაზ ჩხიკვაძე, სიკო და ქეთი დოლიძეები, სულიკო ჟღენტი, ოთარ და თამაზ ჭილაძეები, რეზო ჭეიშვილი, ბუბა კიკაბიძე, ზურა ყიფშიძე და ბევრი სხვა ცნობილი ადამიანი... დიდი შეკრებები იმართებოდა. ჩვენს სახლში მეზობლების არაერთი სუფრა გაშლილა, დამსახურებული სპორტსმენების გამარჯვებების აღსანიშნავად, რადგანაც საკმაოდ დიდი ფართობი გვქონდა. ასევე, იმართებოდა დაბადების დღეები, 120-კაციანი ბანკეტები... მომწონდა ლამაზი, კეთილი, მოსიყვარულე თბილისელები და დედაქალაქში არსებული თბილი გარემო. ის დრო ძალიან მენატრება.

ბუნტისთავი მანანა

- არც ერთ "შატალოს" არ დავკლებივარ. კლასიდანაც რამდენჯერმე გა­მაგდეს: ხმაურისთვის, კარნახისთვის. ჩვენი "ბანდა" გვქონდა... ხშირად გავყავდით პედსაბჭოზე, მაგრამ მასწავ­ლებლებს მაინც ძალიან ვუყვარდით, რადგან კარგად ვსწავლობდით და უზრდელებიც არ ვიყავით...

"დედას საერთოდ არ ვგავარ"

- დედა - დელა კვაჭაძე წარჩინებული სტუდენტი იყო. ტელევიზიაში სამუშაოდ იმიტომ აიყვანეს, რომ არაჩვეულებრივი სადიპლომო ნაშრომი ჰქონდა. ის ხალხური შემოქმედების მთავარი რედაქტორი იყო... ერთი პერიოდი პროფკავშირების თავმჯდომარეც გახლდათ და აირჩიეს როგორც, "ადამიანი, რომელსაც ყველა უყვარს და ყველას უყვარს". საოცრად მოწესრიგებული, აკადემიური ქალბატონია. დედას საერთოდ არ ვგავარ...

ქართული და რუსული ენების ხიბლი

- სახელმწიფო უნივერსიტეტში რუსული ფილოლოგიის ფაკულტეტი დავამთავრე, ოღონდ - საღამოს განყოფილებაზე ვსწავლობდი, დღე კი ტელევიზიაში ვმუშაობდი. მიყვარს რუსული, რადგანაც მდიდარი და ულამაზესი ენაა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მანამდე ქართული ენა და ლიტერატურა მანანა გიგინეიშვილმა მასწავლა, საოცარი კუთხიდან დამანახვა. თუმცა, ის პირველ რიგში, თავისუფლებას გვასწავლიდა, იმ დროს კი ეს წარმოუდგენელი რამ იყო.

მანჩოს კარიერა

- 14 წლიდან რადიოს საბავშვო რედაქციის უშტატო კორესპონდენტი ვიყავი, ბავშვობა ტელევიზიაში მქონდა გატარებული; მანამდე პიონერთა სასახლის "პიონერფილმში" გრიგოლ ჩიგოგიძესთან ვიზრდებოდი. იმ პერიოდში სამ ფილმში გადამიღეს. კამერა ხელში ბავშვობიდან მეჭირა და მონტაჟი, მულტფილმის დამზადება, კინოს გადაღება ვიცოდი. ამიტომაც, ტელევიზიაში საქმიანობა გამიმარტივდა. ისე კი, თავიდან რადიოს ხმის ოპერატორი ვიყავი; საკმაოდ მძიმე სამუშაო იყო. მერე ვიდეომემონტაჟე გახლდით და მოგვიანებით, საინფორმაციო სააგენტო "კონტაქტში" ჯერ მთარგმნელად დავიწყე მუშაობა, მერე - რედაქტორად. ტელევიზიის პირველი საიტი მე "გავაკეთე" და ბოლოს, ზაზა შენგელიას თანაშემწე ვიყავი (2002 წლამდე). 2006-2007 წლებში ტელეკომპანია "იმედის" კომერციული სამსახურის უფროსობაც მომიხდა.

დღევანდელი დღე და 2003 წელს გაკეთებული პროგნოზი

- ახლა ბიზნესით ვარ დაკავებული. ამ ეტაპზე ეს საქმიანობა მომწონს. მაქვს საინტერესო შეხვედრები, პროექტები...

- ბოლო დროს პოპულარული გახდით. როგორ ფიქრობთ, ეს რამ განაპირობა?

- ის, რაც გარშემო ხდება, ჩემთვის მიუღებელია. მე არც პოლიტიკოსი ვარ, არც თანამდებობის პირი, რომ ასეთი ყურადღების ცენტრში ვიყო... რაც ნამდვილად ვიცი, ის არის, რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან" "ფრონტი" მაქვს და ეს ამბავი შარშან "ლა ტროფეში" მომხდარი ინციდენტით დაიწყო... თუმცა, მათი მოწინააღმდეგე 2003 წლიდან ვიყავი, რადგანაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს ვიცნობდი და ვიცოდი, რომ ეს "კაცისმაგვარები" საქმეს ვერ გააკეთებ­დნენ. დიახ, "კაცისმაგვარი" კარგი და ძლიერი ხელისუფალი ვერასოდეს გახდება, რადგანაც კომპლექსები აწუხებს; როგორც კი ძალაუფლებას და ფულს ხელში ჩაიგდებს, საშინელებებს ჩაიდენს. 2003 წელს ვთქვი, - ესენი ჩაუდგებიან ქვეყანას სათავეში და ფა­შისტები იქნებიან-მეთქი. აჰა, ისე აგიხდეთ ყველაფერი...

მერე მქონდა სამართლიანობის აღდგენის იმედი და ამიტომაც ვარ ახლა აღშფოთებული... ისე, ამას აღშფოთება აღარ ჰქვია, ვარ "ვულკანი" და ვაფრქვევ ლავას! ნუთუ, თავი იმისთვის გადავდე, რომ დღეს "ნაციონალები" ჩვენზე, საზოგადოებაზე უფრო მეტად დაცულები იყვნენ? ვიდრე სამართლიანობა არ აღდგება, არ გავჩერდები.

მანჩო - ვაჟების დედა

- როგორი დედა ხართ?

- ეს ბავშვებისთვის რომ გეკითხათ, ჯობდა. მათთვის ავტორიტეტი რომ ვარ, ვიცი... ბიჭებთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს. მეც ასე ვიყავი მამასთან. სულ მეუბნებოდა, შენი სიმართლე ყველგან უნდა გაიტანოო. "იყავ თამამი, ნუ იქნები თავხედი!" - ხშირად მიმეორებდა ილია ჭავჭავაძის ამ სიტყვებს. მეც ასე ვათამამებ ჩემებს... სანდრო, რომელიც ახლა ამერიკაში სწავლობს, არაფერს მიმალავს ისევე, როგორც მე არ ვუმალავდი მამას არაფერს. არც მიკა და რეზიკო მიმალავენ რაიმეს. მათ არასდროს ვატყუებ. ბავშვებთან ურთიერთობისას ენას არასდროს ვიჩლექდი. მათთვის არასდროს არაფერი დამიძალებია. შვილების აზრს პატივს ვცემ და ვითვალისწინებ. ჯერ არ მანერვიულებენ, მერე ვნახოთ...

მე კი მშობლები ბევრჯერ მინერვიულებია, თუნდაც იმიტომ, რომ ხიფათიანი ვარ. დავდიოდი ლაშქრობებში - ფეხითაც, ცხენითაც; მიყვარს ცურვა. მანქანას 15 წლიდან ვმართავ და წყლის თხილამურზე და ჩვეულებრივ თხილამურზეც ვდგავარ. ჩემი შვილებიც სპორტულები არიან... არანაირი გართობა არ დამიკლია, მაგრამ უმძიმესი 90-იანებიც გამოვიარე, რომელსაც ჩემი უამრავი მეგობარი შეეწირა. ნამდვილად არ მინდა, ჩვენმა შვილებმა იგივე გადაიტანონ, რაც ჩვენ გამოვიარეთ.

ლალი ფაცია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია