მეძავები და რელიგია - დეკანოზი გიორგი სხირტლაძე მრუშობის ცოდვაზე

მეძავები და რელიგია - დეკანოზი გიორგი სხირტლაძე მრუშობის ცოდვაზე

ათი მცნებიდან ერთ-ერთი მცნებაა: არა იმრუშო. მრუშობა მომაკვდინებელი ცოდვაა და ბუნებრივია, მის მიმართ ეკლესიას უარყოფითი დამოკიდებულება აქვს. პროსტიტუციისადმი არც ერში მცხოვრებ ადამიანთა უმრავლესობაა კეთილგანწყობილი, თუმცა ფაქტი ერთია - მრუშობის ცოდვით, ჩვენ ირგვლივ მაინც უამრავი ადამიანი სცოდავს... მრუშობასთან დაკავშირებით გვესაუბრება დეკანოზი გიორგი სხირტლაძე.

- მრუშობა, რომ უმძიმესი ცოდვაა, ამის ახსნას დღეს არც ერთი ადამიანი არ საჭიროებს. პავლე მოციქული ამბობს: "ყოველი ცოდვა, რომელსაც ადამიანი სჩადის, სხეულის გარეშეა, ხოლო მეძავი საკუთარი სხეულის წინააღმდეგ სცოდავს"(I კორ.6,18). ქრისტიანული თალსაზრისით, ადამიანის სხეული არის ტაძარი სულიწმიდისა, მრუშობის შემთხვევაში კი, ადამიანი ამ ტაძარს რყვნის. თუ კვლავ პავლე მოციქულის განმარტებას გამოვიყენებთ - ამ ვნების საძაგლობაზე და უარყოფით გავლენაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. მემრუშე ადამიანი შიშვლდება არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ შიშვლდება ყოველივე მადლისგან, ე.ი.მრუშობის ცოდვის ჩამდენი, ანგელოზებრივი ანუ ღვთაებრივი მადლისგანაც განიძარცვება.

- როგორც ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი განმარტავს - სიძვის ცოდვის ბუნებრივი ფორმებია სიძვა და მრუშობა. რა განსხვავებაა სიძვასა და მრუშობას შორის და კიდევ - რა ეთვლება ადამიანს მრუშობის ცოდვად?

- სიძვა არის გაუთხოვარი ქალის და უცოლო მამაკაცის ხორციელი კავშირი, ხოლო ოჯახის სიწმინდის ღალატს, ე.ი. ცოლიანი მამაკაცისა და ქმრიანი ქალის ხორციელ კავშირს მრუშობა ჰქვია. მრუშობა, როგორც ხორციელი ვნება, ადამიანში მრავალგვარი არაბუნებრივი სქესობრივი კავშირის სახითაც ვლინდება, მათ შორისაა: მამათმავლობა; ლესბოსელობა; ჩუკენობა (საკუთარ თავთან მრუშობა); სისხლის აღრევა (ნათესავებს შორის ხორციელი კავშირი), რასაც სოდომურ ცოდვასაც უწოდებენ და სხვა.

- მათე მახარებლის "სახარებაში"წერია: "ვინც ქალს გულისთქმით უყურებს, მან უკვე იმრუშა თავის გული"(მათე 5,28). რამდენად თანაბარფარდობითია ზრახვა და ქმედება?

- ბუნებრივია, გულში მრუშობა, ფიზიკურად განხორციელებულთან ვერ მივა, მაგრამ მაცხოვარს იმდენად დიდ სიწმინდემდე ავყავართ, რომ გულისმიერი ვნებაც კი ცოდვად გვეთვლება. გარდა ამისა, როდესაც ადამიანი გონებით მრუშობს, უზნეო ფილმების ცქერითა და ლიტერატურის კითხვით ირთობს თავს, რეალურ საფუძელს იქმნის იმისათვის, რომ იმრუშოს ანუ თავს ავხორცობისთვის ამზადებს. სწორედ ამიტომ გვიკრძალავს უფალი არაწმინდა სურვილებს. აქედან გამომდინარე, ეკლესია ბილწსიტყვაობას, სიძვისეულ გულისთქმებს, სიძვის ოცნებებს, ეროტიკული ფილმების ცქერას და ლიტერატურის კითხვასაც ცოდვად განიხილავს.

- მემრუშე ადამიანთა უმრავლესობა მრუშობის მიზეზად, მატერიალურ გაჭირვებას ასახელებს. ამცირებს თუ არა ეს მიზეზი მრუშობის ცოდვის სიმძიმეს - ე.ი. უტოლდება თუ არა მათ მიერ ჩადენილი ცოდვა, იმ ადამიანების ცოდვას, ვინც მრუშობით მხოლოდ სიამოვნებას იღებს?

- როდესაც საქმე მრუშობის ცოდვასთან გვაქვს, არც ერთი ეკლესიის მსახური არ იტყვის - გააჩნია, რა შემთხვევაში მრუშობს ადამიანიო. ასეთი მძიმე ცოდვის გამართლება არანაირი მიზეზით არ შეიძლება, შესაბამისად ცოდვის სიმძიმეც არ მცირდება.

- მრუშობის ცოდვას ერში, მამაკაცებს უფრო მიუტევებენ, ვიდრე ქალებს. რა დამოკიდებულება აქვს ამ მხრივ ეკლესიას?

- აზიური ცნობიერებით, რატომღაც მამაკაცს უფრო ეპატიება ყველაფერი, ვიდრე ქალს. მაგრამ ქრისტეს მცნებებთან მიმართებაში სქესს, ამ შემთხვევაში არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. ე.ი. მრუშობა უმძიმესი ცოდვაა, როგორც ქალისთვის ასევე მამაკაცისთვის. თუმცა, "უნდა ითქვას, რომ ქალის დაცემა უფრო დიდია", ფიზიოლოგიური თვალსაზრისით, ქალის მრუშობას უფრო მძიმე შედეგებამდე მივყავართ - ავიღოთ თუნდაც ორსულობა, რასაც ხშირად, კიდევ ერთი ცოდვა - აბორტი მოჰყვება. ამასთანავე, ქალის მრუშობა უფრო ხშირად ხდება ოჯახის დანგრევის მიზეზი. სწორედ აქედან მოდის ეს დამოკიდებულება - რომ მრუშობა ქალისთვის უფრო ძნელად საპატიებელია, თუმცა, ისევ ვიმეორებ: ღვთის წინაშე ერთნაირად სცოდავს მემრუშე ქალიც და მამაკაციც.

- მრუშობა ადამიანის სულზე უფრო მეტად ახდენს გავლენას თუ ხორცზე?

- ამქვეყნიურ ცხოვრებაში ადამიანი არ არის მხოლოდ ხორციელი არსება, არამედ ადამიანი არის შერწყმა ხილულისა და უხილავის, ე.ი. ადამიანი არის ხილული ხორციც და უხილავი სხეულიც. ზიარებასა თუ სხვა სიწმინდეებს ადამიანი სხეულით იღებს და სხეულიდან შეეთვისება შემდეგ სულს. აქედან გამომდინარე, სხეულსა და სულს შორის მჭიდრო კავშირია, ამიტომ თუ ირყვნება სხეული, ირყვნება სულიც და თუ ირყვნება სული, ირყვნება სხეულიც. არა მარტო მრუშობის ცოდვა, ნებისმიერი ცოდვა ერთდროულად მოქმედებს სულზეც და სხეულზეც, რადგან ცოდვა ჯერ სულიდან მოდის და მერე სხეულზეც ვლინდება, რაც ხშირად ფიზიკურ თუ სულიერ დაავადებებსაც იწვევს.

- მიუხედავად მრუშობის ცოდვის სიმძიმისა, ფაქტია, რომ მრუშობის ცოდვა დღეს, უამრავ ადამიანს აწევს. სად უნდა მოვძებნოთ გამოსავალი, ანუ როგორ უნდა დაძლიოს ადამიანმა საკუთარ თავში ავხორცობის ვნება?

- ადამიანმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ქრისტიანობა არ არის მხოლოდ კრძალვითი რეცეპტების კრებული. როდესაც რაღაცას ვკრძალავთ, სანაცვლოდ ადამიანს მრავალ სიკეთეს ვთავაზობთ. ნებისმიერი ცოდვისგან გამოსავალი, ქრისტიანულ გზაში ანუ ეკლესიურ ცხოვრებაში უნდა ვეძებოთ, სადაც მონანიებისა და განწმენდის უამრავი საშუალება არსებობს. რაც შეეხება მრუშობის ცოდვას, მას საპირისპირო ნეტარებით - უბიწოებით უნდა ვებრძოლოთ, რაც გულისხმობს, რომ განვერიდოთ გულში არაწმინდა სურვილების აღძვრას, თავი შევიკავოთ უხამსი ფილმებისა და ლიტერატურის კითხვისგან, რათა არ გავხდეთ თანაგანმცდელნი მრუშობისა. ე.ი. დავიცვათ მხედველობა და სმენა ყოველივე იმისგან, რაც ავხორც ზრახვებს აღგვიგზნებს. ამასთანავე მრუშობის ცოდვას აღძრავს ნაყროვანება, გადაჭარბებული გართობა-მხიარულება, უხამსი სიტყვები და სხვა. ადამიანს, რომელსაც მრუშობის ცოდვისგან გათავისუფლების სურვილი აქვს, ამ ცოდვებსაც უნდა განერიდოს. რაც მთავარია, უნდა ვიფიქროთ იმ საშინელ სასჯელზე, რომელიც ცოდვილი ადამიანის, მათ შორის მემრუშე ადამიანის სულს ელოდება მოუნანიებლობის შემთხვევაში ამასოფლიდან გასვლის შემდგომ: "ნუ შეცდებით: ვერც მეძავი, ვერც კერპთმსახურნი, ვერც მემრუშენი, ვერც ჩუკენნი, ვერც მამათმავალნი, ვერც მპარავნი, ვერც ანგარნი, ვერც მემთვრალენი, ვერც მაგინებელნი, ვერც მტაცებელნი ვერ დაიმკვიდრებენ ღმერთის სასუფეველს"(I კორ. 6,9-10). პირველ რიგში კი, საჭიროა რწმენაში განმტკიცება. ამასთანავე შეწევნისთვის ხშირად მივმართოთ ღმერთს, რათა ავხორცი ზრახვებისგან დაგვიფაროს.

- ედება თუ არა ეპიტიმია (საეკლესიო სასჯელი) ადამიანს, რომელიც ამ ცოდვის მონანიებას გადაწყვეტს?

- ამქვეყნიური სინანულის შემთხვევაში, ადამიანს ნებისმიერი ცოდვა მიეტევება, მაგრამ აუცილებელია გულწრფელი სინანული და არა ისეთი, რომ მივიდეთ მოძღვართან, აღსარება ვთქვათ და შემდეგ, იგივე ცოდვა ჩავიდინოთ. თუ მოინანიე, სინანულის ნაყოფიც უნდა აჩვენო. თუ დარგე ხე კეთილისა, მისგან ნაყოფიც უნდა მიიღო. უნაყოფო ხე კი, უნდა მოიჭრას... როდესაც ქრისტესთვის რაღაცას უარვყოფთ, მისგან ორმაგი სიკეთე მოგვეცემა. ამის არაერთი მაგალითის მოყვანა შეიძლება. რაც შეეხება საეკლესიო სასჯელს - ადრე მემრუშე ადამიანი ოცი წლის უზიარებლობით ისჯებოდა. ბუნებრივია, ცოდვის სიმძიმე დღესაც იგივე რჩება მაგრამ რადგან ადამიანთა უმრავლესობა დღეს რწმენაში განმტკიცებული არ არის, მოძღვარმა შეიძლება, საეკლესიო სასჯელი შეუმსუბუქოს ადამიანს - დაუნიშნოს ლოცვითი კანონი, მეტანიები, გარკვეული პერიოდით დაუწესოს უზიარებლობა და სხვა.

- ხშირად, ადამიანს მოძღვრის წინაშე ეუხერხულება ამ ცოდვის აღიარება, განსაკუთრებით როცა საქმე ეხება მრუშობის გაუკუღმართებულ ფორმას - ჩუკენობას, ლესბოსელობას, მამათმავლობას და სხვა. რა უნდა გაითვალისწინონ ასეთმა ადამიანებმა?

- ასეთ შემთხვევაში, ადამიანებმა აუცილებლად უნდა სძლიონ უხერხულობას და ეს ცოდვა მოინანიონ, რათა არ დაკარგონ ცათა სასუფეველი. თუ ადამიანს მოძღვართან პირისპირ ამის თქმა ეუხერხულება, შეიძლება, აღსარება დაწეროს და ისე მიაწოდოს...

შორენა მერკვილაძე

ჟურნალი "გზა"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია