როგორ ავირიდოთ გამელოტება - ექიმის რჩევები ქართველ მამაკაცებს

როგორ ავირიდოთ გამელოტება -  ექიმის რჩევები ქართველ მამაკაცებს

მამაკაცს გამელოტება ყველა დროში ძალზე აღელვებდა, სერიოზულ კომპლექსებსა და პრობლემებს უჩენდა. ამიტომაც ამ ნაკლის დაფარვას ყოველთვის თავისებური მეთოდებით ცდილობდა.

თუ ზოგიერთი მანამდე თავზე ქუდს საერთოდ არ იკარებდა, გამელოტების შემთხვევაში, ის მისი განუყრელი აქსესუარი გახდა. იყო წლები, როცა გამელოტებული მამაკაცები ცალ მხარეს მეტად იზრდიდნენ თმას, რომ შემდეგ გაცვენილ ადგილზე  "გადაეფინათ". ეს მეთოდი, საკმაოდ მოდურიც იყო და მას ხალხში ხუმრობით "ტალავერი" შეარქვეს. ხოლო მამაკაცების გარკვეული ნაწილი კი გამელოტებულ ადგილზე პარიკსაც ირგებდა...

ადამიანების ამა თუ იმ ჯგუფს ჰგონია, რომ სიმელოტე მამაკაცის სექსუალურობის ნიშანია, ანუ მას ტესტოსტერონის (მამაკაცური ჰორმონის) სიჭარბე აქვს. რეალურად კი რა არის ამის მიზეზი და რა პრევენციულ ზომებს უნდა მიმართოს მან, რომ ამ პრობლემას ასცდეს. AMBEBI.GE ექიმს, პროფესორს, ალექსი მახარაშვილს ესაუბრა:

- გამელოტების სხვადასხვა ფორმა არსებობს, მაგრამ "კლასიკურ გამელოტებაზე" შემთხვევათა 95% მოდის. ეს ანდროგენეტიკური, ანუ მამაკაცური ტიპის თმის ცვენა გახლავთ (სამწუხაროდ, იმავე სქემით ქალბატონებიც მელოტდებიან). ამ თმის ცვენას ორი ძირითადი მიზეზის თანხვედრა განაპირობებს: ერთი - გენეტიკური წინასწარ განწყობა და მეორე - მამაკაცური ჰორმონი, ტესტოსტერონი. მაგრამ ისე არ გაიგოთ, რომ მამაკაცური ჰორმონი აუცილებლად უნდა ჭარბობდეს, რომ ეს მოხდეს. უბრალოდ, როდესაც ამ ორი ფაქტორის თანხვედრა ხდება, ეს იმის წინაპირობაა, რომ ჩაირთოს სიმელოტისთვის მაპროვოცირებელი ფაქტორები... თუმცა ბევრი ამას კლიმატურ პირობებს, წყალს, ჯარში ყოფნას უკავშირებს, მაგრამ ეს ყველაფერი მაპროვოცირებელი ფაქტორებია.

- ტესტოსტერონი აღნიშნეთ, მაგრამ ყველა მამაკაცი ხომ არ მელოტდება?…

- ზუსტად ამას ვამბობ, მელოტდება ის, ვისაც ამისთვის წინასწარი გენეტიკური განწყობა აქვს (გენეტიკური კოდი რომელიღაც წინაპრისგან გადაეცა), რაშიც ჰორმონის მექანიზმიც ჩაერთო და გამელოტება დაიწყო.

- მაინც, საიდან დაასკვნეს, რომ ამ ყველაფერს აღნიშნული ჰორმონი იწვევს?

- მეცნიერებმა, როდესაც პირველი დაკვირვებები აწარმოეს, აღმოჩნდა, რომ საჭურისები არ მელოტდებოდნენ, ამიტომაც გახდა კვლევა საჭირო და 1959 წელს უკვე ამერიკელმა დერმატოლოგმა - ნორმან ორენტრეიხმა ჩამოაყალიბა თეორია და მას ანდროგენეტიკური უწოდა. დაამტკიცა, რომ ამ შემთხვევაში, მთავარი ფაქტორი ჰორმონი იყო და არა მისი სიჭარბე. ბევრ მამაკაცს ამიტომაც ჰგონია და თავს იმშვიდებს, რომ მაგარი კაცია... ეს ასე არ არის. სიმელოტე მაჩოს იმიჯის მორგებას და ზეკაცობას არ ნიშნავს. მაგარ მამაკაცს შეიძლება ნორმაზე დაბალი ჰორმონიც ჰქონდეს...

- რა შეიძლება ამ შემთხვეში იყოს პრევენცია?

- მხოლოდ ორი ფაქტორი. გენეტიკას ხომ ვერ გამოვცვლით? ამიტომ რჩება შემდეგი: ჰორმონები უნდა დაითრგუნოს. ამაზე ზოგიერთი მამაკაცი უარს ამბობს... მოკლედ, ეს ყველაფერი სპეციალური მედიკამენტებით შეიძლება შევაჩეროთ, ან პროცესი დროში გავწელოთ. მათ შორის არის თავზე წასასმელი პრეპარატები, ანუ გარეგანი საშუალებები, რომლებიც მიკროცირკულაციას, სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მედიკამენტები მამაკაცის პოტენციაზე უარყოფითად მოქმედებს. თანამედროვე პირობებში შემუშავებულია ძალიან დამზოგველი სქემები და პრეპარატები, რომლებიც პოტენციაზე არ მოქმედებს, მაგრამ საკმაოდ კარგ შედეგებს იძლევა.

- მოკლედ, მკურნალობის მთელი რიგი კომპლექია, რომელშიც ადამიანი უნდა ჩაერთოს.

- დიახ, თუ აქტიურად ჩავერთვებით, გამელოტების პროცესს შევაჩერებთ, მაგრამ მკურნალობა აბსოლუტურ გარანტიას არ იძლევა, რომ ამით პრობლემას დავძლევთ, მაგრამ საკმაოდ კარგი სტატისტიკაა.

P.S. დღეს ამ პრობლემას არა მარტო თერაპიული მკურნალობის კურსით ებრძვიან, არამედ ქირურგიულითაც, რასაც საკუთარი თმის გადანერგვა ჰქვია, რადგანაც გამელოტებულ ადგილზე, რაც უნდა წამალი უსვა, თმა არ ამოვა. ამიტომ ერთადერთი მეთოდი საკუთარი თმის გადანერგვაა, ანუ გამელოტებული უბნის თმით შევსება...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია