"გიჟი" გელა და "სახურავის ბინადარი კარლსონი" (ნამდვილი ამბავი)

"გიჟი" გელა და "სახურავის ბინადარი კარლსონი" (ნამდვილი ამბავი)

ომი რომ დაიწყო, გელა 6 წლის ხდებოდა. მის მშობლებს 10 წელი შვილი არ ყავდათ და გელას დაბადება მათთვის ღვთის საჩუქარი იყო, ამიტომაც ცოტა არ იყოს, ათამამებდნენ პატარას. პირველად გელას უნდა ჰქონოდა, თუ რამე ახალი სათამაშო გამოჩნდებოდა, პირველად გელას უნდა მოესინჯა ძალები ახალ ატრაქციონზე, სხვაც ბევრი რამ იყო, სადაც პირველობა გელას ეკუთვნოდა, მაგრამ გელას საყვარელი ნივთი 4 წლის იუბილეზე, მამას ნაჩუქარი წიგნი "სახურავის ბინადარი კარლსონი" იყო, რომელსაც მამას წარწერა ჰქონდა: ბედნიერებას გისურვებ - მამა.

...ომმა როგორც სხვა ყველას, გელას ოჯახსაც დიდი ტრაგედია მოუტანა. გელას მამას სოფელში კარგი სახელი ჰქონდა, ამიტომ აფხაზი "ბოევიკები" მასთან, ომის პირველივე დღეებში მივიდნენ და მოსთხოვეს: ახლავე შევკრებთ სოფლის მოსახლეობას, გამოდი და უთხარი, რომ ქართველები მტრები არიანო, მაგრამ გელას მამამ კატეგორიული უარი განაცხადა. ბევრს ეხვეწნენ, მერე შეაშინეს კიდეც, ბოლოს ხელშეუხებლობის გარანტიაც მისცეს, მაგრამ ვერ დაიყოლიეს. ის კი არა, სოფლელებმა უთხრეს, თქვი თორემ მოგკლავენო, ჩვენ ხომ ვიცით რატომაც იტყვი და არავინ სამდურავს არ გავივლებთო, თუმცა მაინც უარი თქვა. ამან იმდენად გაამწარა "ბოევიკების" მეთაური, რომ ალალ-მართალი კაცი შვილის თვალწინ დახვრიტა. საბედნიეროდ მეტის უფლება აღარ მისცეს თანამებრძოლებმა, თორემ პატარა გელასაც და დედამისსაც იგივეს უპირებდა. როგორც მერე აღმოჩნდა, ამ ფაქტმა გელას გონება აურია და პატარამ განვითარება შეწყვიტა.

...როგორც სხვებმა, გელას დედამაც თავის შვილთან ერთად სამშვიდობოს გამოაღწია და დასავლეთ საქართველოს ერთ პატარა რაიონში დაიდო ბინა. გამწარებულ ქალს შვილის დარდი გულს უკლავდა. ბევრს ვეღარ გაუძლო და 2 წელიწადში ისიც გარდაიცვალა. საბრალო პატარა ნათესავების სამადლოდ იზრდებოდა. გელა არასოდეს ახსენებდა არც დედას და არც მამას, ერთადერთი რაზეც პატარა ლაპარაკობდა, სახურავის ბინადარი კარლსონი იყო. სამწუხაროდ წერა-კითხვა ვერ ისწავლა. ცოდვა გამხელელი ჯობს და არცერთ ნათესავს არ შეუწუხება თავი, რომ ესწავლებინათ, რადგან ერთი გაიგეს, რომ ბიჭი სრულ ჭკუაზე არ იყო, მასზე მზრუნველობას მხოლოდ გამოკვებით გამოხატავდნენ.

გელა იზრდებოდა. მამამისივით ტანადი იყო, მაგრამ გონება 6 წლის ბავშვის ჰქონდა. ბავშვებთან თამაში უყვარდა, ალბათ მეტ საერთოს ნახულობდა, თუმცა მისი ყველაზე საყვარელი საქმე ბუკინისტებთან წიგნების ქექვა იყო. როცა ვინმე კითხავდა, რას ეძებო, დაუფიქრებლად უპასუხებდა ხოლმე - ჩემ კარლსონს ვეძებო. არავინ ეუბნებოდა, რომ მისი სახლი წამოსვლიდან მალევე დაიწვა და სავარაუდოდ მისი კარლსონიც შიგ მოყვა, ამიტომ გელაც ერთავად ეძებდა და ეძებდა. ბევრმა აჩუქა ზუსტად ისეთი კარლსონი, როგორიც მას ჰქონდა, მაგრამ გადაშლიდა, დახედავდა და უკანვე უბრუნებდა ხოლმე, თან გულნატკენი ჩაილაპარაკებდა - ეს ის არააო, არადა ბიჭმა კითხვა არ იცოდა, ხოლო სხვებმა ის არ იცოდნენ, პირველ გვერდზე რას ეძებდა გელა.

ასე გადიოდა წლები. ბევრი დაცინვის ატანაც უწევდა გელას. საბედნიეროდ, მისი პატარა გონება და ძალიან კეთილი გული ამ დაცინვას ვერ ხვდებოდა. ყველაფრის ბავშვურად სჯეროდა. ბედნიერი იყო, როდესაც მეზობლები რამეს დაავალებდნენ, სიხარულით ასრულებდა ყველა თხოვნას და საფასურად მხოლოდ მადლობას ითხოვდა. ერთხელ მეზობელს შეშა დაუპო, იმან ფული შეაძლია და გელამ ტირილი დაიწყო. ახალი მეზობელი იყო და არ იცოდა, რომ ყველაზე მეტად რაც სძულდა, ფული იყო. არავინ იცოდა რატომ, მაგრამ ფაქტია, რაღაც საშინელებას ახსენებდა გელას ფული.

... - გელა, წიგნებს რომ ყიდის იმ კაცმა დამაბარა კარლსონი მომიტანეს და ჩამოვიდეს, ნახოსო - დაუძახა მეზობელმა. გელა გახარებული გაიქცა. წიგნის გამყიდველმა შორიდანვე დაინახა გელა და მისთვის გადადებული კარლსონი გადმოიღო თაროდან. გელამ როგორც ყოველთვის მხოლოდ პირველი გვერდი გადაშალა და ატირდა, თითქოს მთელი ცხოვრების ნაგროვები ცრემლიაო, ისე გულამომჯდარი ტიროდა. ამაოდ ცდილობდა გამყიდველი მის დაწყნარებას. გელას არც უკითხავს გამყიდველისთვის, ისე ჩაიხუტა წიგნი და სახლისკენ წავიდა, გზად სასაფლაოზე გაიარა და დედის საფლავი მოინახულა, რომელსაც ისე უვლიდა, გამოცდილ ადამიანს შეშურდებოდა. მერე სახლში მივიდა. სახლში რა, ერთ ოთახში, რომელიც თავის ნათესავმა გამოუყო. დაწვა და....

... მეორე დილით არავის გახსენებია გელა, მხოლოდ პატარებმა მოიკითხეს, მაგრამ პასუხი ვერავინ გასცა, რადგან საღამომდე არ გამოჩნდა, ოთახში შევიდნენ. გელა თავის საწოლზე იწვა, ჯერ ეგონათ რომ იწვა, მაგრამ ახლო მისულებმა ნახეს, რომ გელა გარდაცვლილიყო, გულში "სახურავის ბინადარი კარლსონი" ყავდა ჩახუტებული,  მხოლოდ პირველი გვერდი იყო გადაშლილი, საიდანაც მხოლოდ სამსიტყვიანი წარწერა ჩანდა...

გელა დედამისის გვერდით დაკრძალეს, წესის ასაგებად მოსულმა მოძღვარმა თქვა გარდაცვლილს რამე რომ ჩააყოლო ცოდვაა, მაგრამ ამ ცოდვას ჩემ თავზე ვიღებო და სკუთარი ხელით ჩაუდო წიგნი.

გელა 25 წლის იყო...

ლადო გოგოლაძე, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია