ამოუხსნელი ფაქტი კახეთში - ოჯახი, რომელსაც წლების მანძილზე, 40-მდე გველი მარიამობის დღესასწაულზე ესხმოდა თავს

ამოუხსნელი ფაქტი კახეთში - ოჯახი, რომელსაც წლების მანძილზე, 40-მდე გველი მარიამობის დღესასწაულზე ესხმოდა თავს

წლების მანძილზე, 28 აგვისტოს, ყვარლის რაიონის სოფელ გავაზში მცხოვრებ ჯაფოშვილების ოჯახს უამრავი ქვეწარმავალი "სტუმრობდა". ეს უცნაური ამბავი წლების მანძილზე, სწორედ მარიამობის დღეს ხდებოდა და ნოემბრამდე გრძელდებოდა...

როგორც ოჯახის წევრები რამდენიმე წლის წინ მიცემულ ი8ნტერვიუში ყვებოდნენ, სახლში ყოველდღიურად, 15-20 გველი შედიოდა, მაგრამ ყოფილა შემთხვევებიც, როდესაც ქვეწარმავალთა რაოდენობა 40-მდეც კი ასულა.

გთავაზობთ სტატიას ჟურნალ "გზის" არქივიდან, რომელიც ჯურნალისტმა მარი ჯაფარიძემ 2015 წელს მოამზადა:

ვერცხლისფერი გველის ასეთი სახეობა სოფელში სხვაგან არსად შეუნიშნავთ, ისინი მხოლოდ ჯაფოშვილების საცხოვრებელ სახლში არიან. არც ეზოში, არც სახლიდან 10 მეტრის მოშორებით აშენებულ სამზარეულოში არ ბინადრობენ... აღნიშნულ სახლში ოთხსულიანი ოჯახი ცხოვრობდა - გივი და თამარ ჯაფოშვილები, მათი შვილი გურამი და რძალი თამუნა. წყნარი, ჩვეულებრივი ოჯახია, რომლის გასაჭირის შესახებ მთელმა რაიონმა იცის. ისინი ინსტანციიდან ინსტანციაში დადიან და შველას ითხოვენ, მაგრამ ამაოდ...

გავაზიდან დაბრუნებისთანავე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილეს, ჰერპეტოლოგიური ლაბორატორიის გამგეს, ბატონ დავით ბეკოშვილს დავუკავშირდი და კომენტარი ვთხოვე. გველების სპეციალისტსაც კი დაუჯერებლად ეჩვენა ჩემი ნაამბობი, მაგრამ საკუთარი აზრი მაინც გამიზიარა და უამრავი საინტერესო შემთხვევაც მიამბო.

- გველებთან დაკავშირებით, უამრავი მითი და ლეგენდაა ადამიანების მიერ მოგონილი. მაგალითად, ბევრჯერ უკითხავთ ჩემთვის: მართალია თუ არა, რომ როდესაც გველი წყალში ჩადის, შხამს ქვაზე ტოვებს და რომ ამოვა, თუ ვერ მიაგნო, ქვაზე თავს ურტყამს და კვდებაო?.. ეს არის ზღაპარი, ადამიანის ფანტაზიის ნაყოფი. რადგან ადამიანებმა იციან, რომ გველი შხამიანია, ამიტომ თუ წყალში უკბინა და ამან არ მოწამლა, ფიქრობენ - ე.ი. შხამი ქვაზე ჰქონდა დატოვებულიო... ქვაზე კი არ აქვს დატოვებული, არამედ გველის ეს სახეობა არაა შხამიანი - ეს გახლავთ წყლის ანკარა და მისი ნაკბენი მავნებელი სულაც არ არის. ზოგს ისეთი პანიკური შიში აქვს, რომ ერთი გველი ათად ეჩვენება ხოლმე, ზოგი ამტკიცებს, რომ ბანჯგვლიანი გველი ნახა...

ოდითგანვე გველი სიბრძნის სიმბოლოდ იყო მიჩნეული და ეს მართლაც ასეა. გველები ძალზე მშვიდი არსებები არიან. მათ აქვთ ძალზე სუსტი მხედველობა და არჩევენ მხოლოდ მოძრავ საგნებს. ამიტომ ხშირად ყოფენ ენას, რადგან გარე სამყაროს აღქმას სწორედ ენით ახდენენ. ენითვე შეიგრძნობენ მოახლოებული ადამიანის სითბოს თუ სხვა საგნებს. ასეთ დროს, სისინით აფრთხილებენ -წადიო. მქონია შემთხვევა როდესაც გველთან ძალზე ახლოს მივსულვარ, მაგრამ მას შეუნარჩუნებია სიმშვიდე და არც კი განძრეულა, რათა შეუმჩნეველი დარჩენილიყო და მისთვის გვერდი ამევლო... თუ ის გრძნობს საშიშროებას იმისა, რომ ვთქვათ, ფეხს დაადგამენ ან რაიმეს ავნებენ, ამ შემთხვევაში შესაძლოა, ჯერ სისინით, შედმგომ კი კბენით დაიცვას თავი. შეიძლება ისე მოხდეს, რომ მოძრავ საგანს დაინახავს თუ არა, გაიქცეს. ერთ ამბავს მოგიყვებით. ახლობლებმა დაიჭირეს გველი. ამ დროს ქვეწარმავალს დაუზიანდა რბილი ქსოვილი კისრის არეში. ჭრილობაში ბუზს ჩაუდვია კვერცხები, გამოჩეკილან მატლები და კანქვეშ ფუთფუთებდნენ. გავუსუფთავე ჭრილობა და გავათავისუფლე უსიამოვნო შეგრძნებისგან. შემდეგ გავუშვი, მაგრამ არ მიდიოდა - თითქოს მადლიერებას გამოხატავდა... თითოეულ გველს საკუთარი ხასიათი აქვს, ისევე, როგორც ადამიანს.

- თქვენთვის თუ უკბენია შხამიან გველს?

- როგორ არა! ერთი პატარა "გიურზუშკა" მყავდა და ხელით ვკვებავდი ხოლმე – პირს ვაღებინებდი და ხვლიკებს ვუტენიდი. სწორედ ამ დროს, თითში მწვდა და მიკბინა. ანტიგიურზინი გავიკეთე და გადავრჩი. მეორედ კი, დიდი გიურზა გადამყავად ერთი გალიიდან მეორეში. გავაღე და კუდში მოვკიდე ხელი. ფეხზე უნდოდა კბენა, მაგრამ მოვასწარი და გავიქნიე. ამ დროს, მკლავში მწვდა, კბილები ჩამასო და კარგა ბლომად შხამი შეუშვა. მაშინ მართლაც, ძლივს გადამარჩინეს, მთელი მკლავი დამისივდა...

- როგორ უნდა გავუწიოთ დახმარება ადამიანს, რომელსაც გველმა უკბინა?

- პირველი, რაც უნდა გააკეთოთ – შხამი უნდა ამოწოვოთ, რადგან რაც უფრო ნაკლები შხამი შეაღწევს ორგანიზმში, მით უფრო მეტი შანსია გადარჩენის. ის, ვინც შხამს ამოსწოვს, საფრთხის წინაშე არ დგება, თუ პირის ღრუში ღია ჭრილობა არ აქვს, რადგან შხამი მაშინ არის მავნებელი, როცა სისხლში მოხვდება. თუ გველმა ცხიმოვან ქსოვილში უკბინა ადამიანს, უვნებელია, რადგან ამ დროს, შხამი სისხლში არ გადადის. მაგრამ თუ კუნთში, ვენაში ან კაპილარში მოხვდება, ეს უკვე საშიშია... შხამი რომ დალიოთ, კუჭში გაიხსნება და არაფერს გავნებთ... ასევე კარგი მეთოდია, გველის ნაკბენზე დაიყაროთ დენთი, რომელიც ჩვეულებრივი სანადირო თოფის ჰილზებშია და ცეცხლი წაუკიდოთ. ის ადგილი ამოიწვება და შხამი ვერაფერს გავნებთ. ამოწოვა წამიერად ხდება და ტკივილსაც ვერ იგრძნობთ.

- როგორც ჩანს, თქვენ ქვეწარმავლების არ გეშინიათ...

- მე კარგად ვიცნობ მათი ქცევის წესებს, ამიტომ არ მეშინია. აქ, უნივერსიტეტის ლაბორატორიაში მყავდა პითონი, რომელიც სულ 52 სმ სიგრძის იყო, როდესაც მაჩუქეს. 13 წელი ვზრდიდი და ბოლოს, 4,5 მ-ს მიაღწია. პითონი არის უშხამო, მახრჩობელა გველი, მაგრამ მე თავს არ მესხმოდა, რადგან "ბავშვობიდან" მიჩვეული მყავდა და ლაპარაკი რომ შესძლებოდა, მამას დამიძახებდა. ერთად დავდიოდით ხოლმე საბანაოდ. თავდაპირველად, მანქანაში ჩავსვამდი და ისე მიმყავდა. მაგრამ ერთხელ, წყნეთიდან რომ მოვდიოდით, "პედლებში" ჩაეხვია და ხრამში გადავარდა. შემდეგ უკვე ტომარაში ვსვამდი ხოლმე, რომ არ ეძრომიალა და ხელი არ შეეშალა ჩემთვის. მდინარის პირას გავუშვებდი, მაგრამ ყურადღების ქვეშ მყავდა, რომ არსად შემძვრალიყო. გველებს არა აქვთ სმენა, ამიტომ, რომ დამეძახა, არ გამოვიდოდა...

- მაშ, ფაკირების დაკრულზე როგორ ცეკვავენ?

- ფაკირები იტყუებიან: გველები ხმაზე კი არ ცეკვავენ - მათ უბრალოდ, ჩვევად აქვთ, შეიჭყიტონ ნებისმიერ ხვრელში. ასე რომ, ისინი საკრავის ხვრელში იყურებიან, ფაკირი ამოძრავებს საკრავს, გველი კი ტანს აყოლებს... ჩემს პითონს ვასეირნებდი ხოლმე უნივერსიტეტის შიდა ეზოში, სადაც გარშემო სავენტილაციო ხვრელებია. ძალზე უყვარდა იქ შეძრომა, მაგრამ მე ვუშლიდი, ამიტომ, როცა იქ ვიყავი, ეზოში დასეირნობდა არხეინად. ერთხელ, ასეთ დროს, ტელეფონთან მიხმეს. მივხვდი, თვალს მოვეფარებოდი თუ არა, ხვრელში შეძვრებოდა. მართლაც, უკან როცა მივბრუნდი, დავინახე, რომ თავი ჰქონდა ხვრელში შეყოფილი და იქაურობას ზვერავდა. მე ხელი ვტაცე, რომ არ შემძვრალიყო. ელვის სისწრაფით მობრუნდა და მკლავში ჩამასო კბილები. როდესაც იგრძნო, რომ მე ვიყავი, უნდა გენახათ, რა დღეში ჩავარდა!.. დაიგრიხა, დაიმორცხვა და მერე კარგა ხანს მემალებოდა და აღარ მენახვებოდა. შესაძლოა, სხვა ჯიშის გველი ასე არ მოქცეულიყო, მაგრამ ამ გველის მიჩვევა შესაძლებელი ყოფილა.

- პითონისთვის სახელი თუ გქონდათ შერჩეული?

- კი, გრიშას ვეძახდი. ქართული ფილმი რომ არის - "ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი" - იქ არის ერთი ფრაზა: მიშა აქ არის, გრიშა აქ არისო... ჰოდა, ჩვენ გვყავდა თანამშრომელი მიშა და ის რომ მოვიდოდა, ვიტყოდი ხოლმე: მიშა აქ არის, გრიშა აქ არის-მეთქი, ამიტომ შევარქვით ეს სახელი.

- რა ბედია ეწია გრიშას?

- სამი წლის წინ მოკვდა. ზამთრის პირი იყო. იმ პერიოდში შუქი ხშირად ქრებოდა. ერთ დღეს, ორი კურდღელი ერთად შევუგდე გალიაში. ორივე ერთად დაიჭირა, ერთი პირით, მეორე - კუდით და ორივე ერთდროულად მოახრჩო, შემდეგ გადაყლაპა. ამასობაში გამოირთო შუქი და აცივდა. გველის სხეულის ტემპერატურაც დაეცა. ამის გამო ორგანიზმმა საკვები ვეღარ მოინელა და კუჭში ხრწნა დაიწყო. ორგანიზმი მოიწამლა და გველი მოკვდა. უნივერსიტეტის შიდა ეზოში დავმარხეთ. გრიშა ტელეთამაშში - "ვის უნდა 20 ათასი" - დუტა სხირტლაძემ თავის ერთ-ერთ კითხვაში გამოიყენა: რა ჰქვია პითონს, რომელიც უნივერსიტეტში ცხოვრობსო?.. სტუდენტებს ძალზე უყვარდათ პითონი. 4-5 ბიჭი მხარზე გაიდებდა ხოლმე და დაასეირნებდა...

ბატონი დავითის გულადობის ფონზე, ჯაფოშვილების შიში შესაძლოა, უსაფუძვლოდაც მოგეჩვენოთ. მაგრამ დამეთანხმებით, რომ არც ისე იოლია, ამდენი გველის გარემოცვაში იცხოვრო და ყოველ წუთას საფრთხის წინაშე იმყოფებოდე. გვესაუბრება თამუნა გოჩიაშვილი (ჯაფიაშვილების რძალი):

- უკვე ათი წელია, მთელი ოჯახი საშინელ პირობებში ვიმყოფებით. ყოველი მარიამობის დღესასწაულიდან, ნოემბრის ბოლომდე და შემდეგ - ყოველ გაზაფხულზე, მარტიდან ივნისამდე, უამრავი გველის გვერდით ცხოვრება გვიწევს. ვერცხლისფერი გველებია, სხვადასხვა სიგრძის – 10-15 სმ-დან დაწყებული, 2-მეტრიანით დამთავრებული. ყოველდღიურად, 15-20 გველს ვკლავთ, მაგრამ ყოფილა შემთხვევები, როდესაც 40 გველიც მოგვიკლავს. მსგავს გველს მთელ სოფელში სხვაგან ვერსად ნახავთ. მინდვრებსა და ბოსტნებში აქა-იქ მეზობლებიც ნახულობენ ქვეწარმავლებს, მაგრამ - თითო-ოროლას თანაც, სულ სხვა შეფერილობისას. ამჟამად არ არიან, მაგრამ 28 აგვისტოდან უკვე დაიწყებენ გამოსვლას, შიშით ველით მათ გამოჩენას. ოთახის ნებისმიერ კუთხეში, ყველა ნივთზე შეხვდებით გველს. ვპოულობთ უამრავ გამონაცვალ კანს... ღამით, ჯერ ვათვალიერებთ ოთახს, შემდეგ ვწვებით დასაძინებლად, მაგრამ შიშისგან ნახევარი ღამე მაინც არ გვძინავს. ქვევით ოთახში კარგად ისმის, როგორ დასრიალებენ სახლის სხვენზე...

ზამთარ-ზაფხულ კარ-ფანჯრები ჩარაზული გვაქვს. შარშან ამ კუთხში მიდგმულ კაქტუსზეც კი ვნახეთ შემოხვეული. ამ ზაფხულს კი, შინ მარტო ვიყავი, აივანზე გავედი და შევნიშნე ორი გველი, რომელთაც სახურავიდან თავები ჰქონდათ ჩამოშვებული... პანიკური შიში მაქვს ქვეწარმავლების. დავიწყე ყვირილი, მთელი ტანით ვკანკალებდი. შემოვიდა მეზობელი მამაკაცი, რომელმაც სპეციალური ჯოხით (ასეთი ჯოხი ყველა კუთხეში გვაქვს - წინ ლურსმანი და მახათი აქვს მიმაგრებული) სცადა გველის მოკვლა. ლურსმანი შეურჭო და ჭერზე მიჭყლეტა დააპირა. ამ დროს, ასე ორ მეტრამდე სიგრძის გველი მთელი ტანით გადმოეშვა ძირს და კუდს თვალწინ უტრიალებდა, შემდეგ ზემოდან მოყვითალო-მომწვანო ფერის სითხე გადმოანთხია, როგორც ვვარაუდობთ, შხამი იყო...

- პიველად როდის შენიშნეთ ქვეწარმავლები?

- 10 წელია რაც ამ ოჯახის რძალი ვარ, პირველი 3 წლის განმავლობაში, თბილისში ვცხოვრობდი, რადგან სტუდენტი ვიყავი. სოფელში რომ დავბრუნდი ასეთი ამბავი დამხვდა: დედამთილმა მითხრა, რომ ჩემს ჩამოსვლამდე გველები არ უნახავთ. სოფლის მკვიდრნი კი მეუბნებოდნენ, რომ 18 წლის წინ, როდესაც ამ სახლს აშენებდნენ, საძირკვლის გათხრისას, გველის კვერცხები უნახავთ. რჩევაც მიუციათ ოჯახის წევრებისთვის აქ სახლს ნუ ააშენებთო, - მაგრამ მაინც აუშენებიათ, რომელს დავუჯეროთ, არ ვიცით: იმასაც ამბობენ, თითქოს ადრე, ამ ადგილზე საფლავი ყოფილა. ისიც უთქვამთ, თითქოს აქ განძია ჩამარხული და გველები სწორედ მას დასრიალებენო... ამას წინათ, აივანზე ორი პატარა გველის წიწილი შევნიშნე. დავუძახე მეზობელ გოგოს, რომელსაც ასე პანიკურად არ ეშინია მათი და ვთხოვე, მოეკლა. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ კი, დიდი გველი გამოსრიალდა. მე მეგონა, რომ ეს მათი დედა იყო და შვილებს ეძებდა... ზოგი იმასაც გვეუბნება, რომ ეს ცოცხალმშობი გველებია და ისინი კვერცხიდან არ იჩეკებიან - პირდაპირ წიწილს ბადებენ. ერთმა მოხუცმა კი მითხრა, - როგორც ჩანს, დედა და მამა გველები საძირკველში ცხოვრობენ, ძალზე დიდები არიან და გარეთ არ გამოდიან, ისინი შვილებს ბადებენ და მხოლოდ ისინი გვეჩვენებიანო.

- ალბათ სტუმრებიც ერიდებიან თქვენთან მოსვლას, ხომ?

- რა თქმა უნდა. სტუმარი მენატრება. ყველას ეშინია ეზოში შემოსვლის. ის კი არა და, მე მუსიკის მასწავლებელი გახლავართ, ვმუშაობ სამუსიკო სტუდიაში და მოსწავლეებს კერძოდაც ვამეცადინებდი ხოლმე. რომელი მოსწავლე მომივა აქ?.. ერთმა მღვდელმა მითხრა: როგორც ჩანს, ისინი მანდ კარგად გრძნობენ თავს, მათი სამფლობელო მანდაა და არსად წავლენ, თქვენ კი ვერ გამრავლდებით, ვიდრე იმ სახლში იცხოვრებთო...

- შვილი არ გყავთ, ხომ?

- არა, არ მყავს... ვფეხმძიმდები, მაგრამ შიშის გამო, ბავშვებს ვკარგავ. რომც მეყოლოს, აქ როგორ გავზრდი?.. ძალზე გამიჭირდება. ერთხელ, 2 მღვდელი გვეწვია, რომლებსაც ჩვენი გასაჭირი შეუტყვიათ და თვითონ მოვიდნენ. მათ თვალწინ 2 გველი მოვკალით. გვითხრეს - ერთადერთი გამოსავალი ის არის, რომ აქედან წახვიდეთო. ეს სახლი უნდა დაიწვას, რომ გველები განადგურდნენ, მაგრამ ჩვენ სად ვიცხოვროთ?..

- გველები აგრესიულები არიან?

- არა, აგრესიულები არ არიან, პირიქით – ცდილობენ, თავი აგვარიდონ. მაგრამ წარმოიდგინეთ, ჩვენ რა დღეში ვიქნებით!.. რამდენჯერმე ვნახეთ გველის მიერ დაკბენილი, მკვდარი ქათამიც. სახლის ერთ კუთხიდან გამოდიან და საწვიმარ მილზე თავისუფლად ადი-ჩამოდიან...

- გამოსავალს რაში ხედავთ?

- წარმოდგენა არ მაქვს, რა უნდა გავაკეთოთ. ვიყავით რაიონის გამგეობაში, დავწერეთ განცხადება და ვითხოვდით შველას, მაგრამ არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია. გვინდოდა, კახეთის გუბერნატორთან, ბატონ პეტრე ცისკარიშვილთან მივსულიყავით, მაგრამ მასთან არ შეგვიშვეს... გამოდის, რომ ვიდრე გველებს ვინმე არ შეეწირება, ყურადღებას არავინ მოგვაქცევს... ღვთის წყალობად ვთვლით, რომ ჯერჯერობით ქვეწარმავლებმა არავინ იმსხვერპლეს.

ახლა კი, კვლავ ბატონი დავით ბეკოშვილის ინტერვიუს დავუბრუნდეთ და მის კომენტარს გავეცნოთ:

- როგორც ჩანს, ჯაფოშვილების საცხოვრებელი სახლი წარმოადგენს ბიოტოპს, რაც იმას ნიშნავს, რომ იქ გახლავთ გველების საცხოვრებლად, გეოგრაფიულად და ბიოლოგიურად ხელსაყრელი გარემო. ცოცხალმშობი გველი არ არსებობს. არსებობს ისეთი სახეობა, რომელიც მუცელში ამწიფებს კვერცხებს, მუცელშივე გადის განვითარების ყველა პროცესს და წიწილები მერე გამოდიან დედის სხეულიდან. მაგრამ ეს მაინც კვერცხით გამრავლება გახლავთ. რაც შეეხება მათი გამოჩენის პერიოდს - ეს აბსოლუტურად ჯდება მათი ქცევის ნორმაში: აგვისტოდან გველები გადადიან აქტიური კვების რეჟიმზე, რადგან წინ უდევთ ზამთარი, რომელიც ანაბიოზში (ძილში) უნდა გაატარონ და სჭირდებათ ცხიმოვანი ქსოვილის დაგროვება, რათა ზამთრის გადატანა შეძლონ.

- როგორ უნდა მოიგერიონ ჯაფოშვილებმა ქვეწარმავლები?

- მათი მოგერიება საჭირო არაა - თავად გაურბიან ადამიანებს. გველმა შესაძლოა, ქათამს მართლაც უკბინოს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ქათამი ჩაუნისკარტებს – გამორიცხულია, რომ თვითონ გამოეკიდოს და დაკბინოს. თუ წიწილაა, შეიძლება დაიჭიროს და შეჭამოს, მაგრამ ქათამი ისეთი ზომის გახლავთ, რომ გველი ვერ გადაყლაპავს, ამიტომ ასეთი ზომის ფრინველებს არ ერჩის.

- თქვენი ვარაუდით, რომელი სახეობის გველია ჯაფოშვილების ოჯახში?

- ასე ზეპირად ძალზე გამიჭირდება, მაგრამ საქართველოში ვერცხლისფერი გიურზაც გვხვდება, თან - სწორედ ამ სახოებას აქვს მომწვანო-მოყვითალო ფერის ბლანტი შხამი, მაგრამ არა ისეთი დიდი რაოდენობით, რომ ზემოდან გადმოანთხიოს, შესაძლოა, მხოლოდ რამდენიმე წვეთი გამოყოს ორგანიზმიდან. საერთოდ, გველმა თუ შენიშნა, რომ მისი არ ეშინიათ, თავს განებებს, მაგრამ არსებობს ისეთი სახეობებიც, რომლებიც ძალზე აგრესიულები არიან. ძალზე საინტერესოა, რა სახეობის გველები არიან ჯაფოშვილების ოჯახში. აუცილებლად ვნახავ და გავარკვევ. თუმცა იმედი არ მაქვს, რომ ნამდვილად ვნახავ 40 გველს ერთად...

მარი ჯაფარიძე, ჟურნალ "გზის" არქივიდან

მარიამობა: მართლმადიდებლური სამყაროს უდიდესი დღესასწაული - რა უნდა ვიცოდეთ ამ დღესთან დაკავშირებით

"როდესაც ღვინის ბიზნესით ჩემი პირველი ფული ვიშოვე, მივხვდი, რომ ეს უდიდესი აზარტია" - როგორ გახდა ცნობილი ექსპერტი წარმატებული ბიზნესლედი

"სამხედრო ბაზიდან არის საიდუმლო გასასვლელი, რომელიც მაწევანს უკავშირდება" - ადვოკატის თქმით, გასაჯაროებული ვიდეომასალა არასრულია