შშმ ბავშვების დისკრიმინაციის ამაღელვებელი ფაქტი თბილისში - "ამაზე ხმა უნდა ამოიღოს სრულიად სამოქალაქო საზოგადოებამ"

შშმ ბავშვების დისკრიმინაციის ამაღელვებელი ფაქტი თბილისში - "ამაზე ხმა უნდა ამოიღოს სრულიად სამოქალაქო საზოგადოებამ"

"დიდუბის რაიონში არსებულ ერთ-ერთ სკვერში უბნის მოსახლეობის თანხმობით, გამგეობამ დაამონტაჟა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის განკუთვნილი საქანელა. დღეს სკვერში უნდა მისულიყვნენ შშმ ბავშვები და საქანელას დადგმის ინიციატორები, მაგრამ სამწუხაროდ, გუშინ რამდენიმე მაღალკლასელი მოსწავლე (არა შშმპ) ერთდროულად ასულა საქანელაზე, რომელიც ერთ-ეტლიანი ბავშვისთვის არის განკუთვნილი. საქანელაზე ბევრი ბავშვის ერთად ასვლის გამო იქმნებოდა მათი დაზიანების საფრთხე, რადგან საქანელა ამ რაოდენობის ბავშვისთვის არ არის გათვალისწინებული. ამიტომ ადგილობრივი თემის წარმომადგენლები დაკავშირებიან პატრულის თანამშრომლებს(პატრულის გამოძახების ფაქტს შსს-ს პრესსამსახური უარყოფს) და მათ დროებით ჩამოუხსნიათ ჯაჭვები, სანამ არ დამონტაჟდება შესაბამისი აბრა.

პ.ს ჩემი აღშფოთება კარუსელის დროებით ჩამოხსნამ კი არა, მშობლების რეაქციამ გამოიწვია, რომლებიც აცხადებენ, რომ შშმ ბავშვებისთვის ცალკე სკვერები უნდა გაკეთდესო",  - ეს ინფორმაცია დღეს სოციალური ქსელის ერთ-ერთმა წევრმა, სოფო ბაჩილავამ გაავრცელა.

ინფორმაციის განთავსებიდან რამდენიმე წუთში ამ თემას უამრავი ადამიანის გამოხმაურება მოჰყვა. ყველას რეაქცია ერთგვარია - საზოგადოების ნაცნობი თუ უცნობი წევრები აღნიშნავენ, რომ ეს ფაქტი შშმ პირების აშკარა დისკრიმინაციაა, რაც 21-ე საუკუნეში არ უნდა ხდებოდეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი შშმ პირთა უფლებადამცველს, რატი იონათამიშვილს ვთხოვეთ:

"ეს არის ვანდალური საქციელი. იმედი მაქვს რომ ეს უბნის მაცხოვრებლების საერთო გადაწყვეტილება არაა და მხოლოდ რამდენიმე ადამიანის ინიციატივა იყო. მაგრამ ეს არაა მნიშვნელოვანი. მთავარი ის გახლავთ, რომ ასეთი ფაქტები ხდება, რაც დისკრიმინაციის გარდა, სხვა სახის დანაშაულის შემცველ საკითხებს შეიცავს. სხვისი ქონების ხელყოფის უფლება არავის გააჩნია. გარდა ამისა, ასეთი ქმედება არის შშმ ადამიანების პირდაპირი დისკრიმინაცია, რაც კანონით ისჯება. მიმაჩნა, რომ ამაზე ხმა უნდა ამოიღოს სრულიად სამოქალაქო საზოგადოებამ. პირადად მე ჩემს მეგობრებთან და მხარდამჭერებთან და იმ ადამიანებთან ერთად, ვისი ინიციატივითაც ეს საქანელა დაიდგა სკვერში, მზად ვარ ჩემი ხელით აღვმართო საქანელა. სამოქალაქო საზოგადოებამ ალიყური უნდა გააწნას მათ, ვინც ასე უხეშად არღვევს მოქალაქეების უფლებებს.

ადამიანებს უარს ეუბნებიან გართობაზე მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი შეზღუდული შესაძლებლობების მქონენი არიან. მე, როგორც შშმ პირების უფლებადამცველი, პირობას გაძლევთ, რომ ეს სამარცხვინო საქციელი არავის შერჩება", - განუცხადა Ambebi.ge-ს შშმ პირების უფლებადამცველმა, რატი იონათამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს მთავრობამ მიიღო კანონი "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ". კანონის მიზანი სწორედ ნებისმიერი განსხვავებული ნიშნის მქონე პირის დაცვაა, რომელთა შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებიც არიან. კანონში ვკითხულობთ, რომ საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია. პირდაპირი დისკრიმინაცია კი ისეთი მოპყრობაა, რომელიც პირს არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით.

სალომე შიხაშვილი, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია