ეროვნული მანკიერებები, რომელიც ასოცირების ხელშეკრულებაში არ წერია - ანუ, რა არის ევროპელობა

ეროვნული მანკიერებები, რომელიც ასოცირების ხელშეკრულებაში არ წერია - ანუ, რა არის ევროპელობა

გილოცავთ, დღეს დიდი დღეა! ევროპარლამენტმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია მოახდინა! მაინც რა არის ეს ევროკავშირი, ასე რომ მივილტვით და ვცდილობთ მასთან მჭიდროდ დაახლოვებას? მე, შენ და უბრალო საშუალო სტატისტიკურ ქართველებს რა სარგებელს მოგვიტანს ეს ხელმოწერა? დაპირების მიხედვით, ხელმისაწვდომი გახდება ევროპული განათლება, გაუმჯობესდება ჯანდაცვა, გამყარდება კანონის უზენაესობა, სასამართლო უფრო უკეთესად შეძლებს ფუნქციონირებას, დავუახლოვდებით უვიზო რეჟიმის შემოღებას, უმცირესობათა პატივისცემას უფრო მეტ ძალისხმევას მოვახმართ, და ა.შ. თუ ამ ჩამონათვალს დავაკვირდებით, მათი განხორციელების შემთხვევაში ქვეყანაში კეთილდღეობამ უნდა დაისადგუროს და ერმა თანდათან ამოისუნთქოს.

და მაინც, რატომ უნდა გვიხაროდეს ევროპელობა? ან რას ნიშნავს ჩვენთვის უკვე ისტორიულ ფრაზად ქცეული სიტყვები - "მე ვარ ქართველი, მაშასადამე მე ვარ ევროპელი?" პირადად ჩემთვის ევროპელობა ინდივიდის უნიკალურობას ნიშნავს, თითოეული ადამიანის აზრის, გამოხატვის, შემოქმედების თავისუფლებას. იმას, რომ ადამიანს გააზრებული აქვს ეს და იმასაც, რომ სხვისი თავისუფლების გააზრება და მასთან შეგუება შეუძლია. შეიძლება ზოგი შემედავოს, მაგრამ მგონია, რომ პოლიტიკურ ჭრილში ევროპელობის გაგება გაცილებით მარტივია.

ევროკავშირი გთავაზობს წინასწარ გაწერილ სტანდარტებს, და გეუბნება: გინდა იყო ჩემი ოჯახის საპატიო წევრი? მაშინ აქაური ქუდი უნდა დაიხურო და საერთო თამაშის წესებით იმოქმედოო. მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა საქმე ინდივიდუალიზმს, ადამიანების ქცევას, მენტალიტეტს, ჩვევებსა და აზროვნებას ეხება?

ქართველებს ხასიათით, გარეგნობითა და ქცევებით ხშირად იტალიელებს გვამსგავსებენ ხოლმე. თვითონ იტალიელებისგანაც გამიგია, ყველაზე კარგად თქვენი გვესმის, ჩვენსავით ხმაურიანები, ტემპერამენტიანები, მუსიკალურები და ემოციურები და წესების დარღვევის მოყვარულები ხართო. ძნელია, არ დაეთანხმო...

იტალიელების მსგავსად, ჩვენც ძლივს შევეჩვიეთ ზებრა გადასასვლელს. ზებრაზე გადასვლა ქვეითისა და მძღოლის პაექრობას ჰგავს. თუ გაგიმართლა და მყარი ნერვების მქონე სანდომიანი მძღოლი შეგხვდა, დაგითმობს გზას, თუ არადა, ელოდე... ან ნუ დაელოდები და გარისკე ისე, როგორც ამას სხვები აკეთებენ. სხვა თუ რისკავს, შენ რით ხარ მასზე ნაკლები?!

აბა თუ გამოიცნობთ, რიგში დგომის ქართულ წესებს? უფრო სწორად ერთ წესს, ამ შემთხვევაში, ბევრი არც არაფერია გასათვალისწინებელი. რიგში ყოველთვის ყველა პირველია. არ აქვს მნიშვნელობა,  დროსა და ადგილს - აფთიაქში, სალაროსთან, ექიმთან, ავტობუსის გაჩერებაზე, ტაძარშიც კი... ზუსტად ამ პირველობის გამო დაიმხო ჩემ თვალწინ წირვის დროს ხატთან დაკიდებული კანდელი სამებაში მრევლმა. რატომ? ჯიქურ მიიწევდა ხატთან სამთხვევად, ვაითუ ვინმეს დაესწრო დაწინაურება.

ყველანი ერთხმად ვთანხმდებით, რომ ქალაქის ქუჩები ნაგავს მიაქვს, მაგრამ ვინ ანაგვიანებს? - რა თქმა უნდა, ისევ და ისევ ჩვენ. მგონი ეს ერთადერთი პრობლემაა, რომელსაც მთავრობის უუნარობას არ ვაბრალებთ... არა, გამახსენდა - ხელისუფლებაში "ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ ზოგისგან გამიგონია, ქუჩები იმიტომ არის უფრო მეტად დანაგვიანებული, რომ დასუფთავების სამსახურს აღარ გააქვს ნაგავი ისე ხშირად, როგორც ეს უწინ ხდებოდაო.

რა ხდება ტრანსპორტში? ზოგადად, ეს თემა ცალკე ჩანაწერს იმსახურებს, მაგრამ ლაკონურად მაინც ვეცდები შეგახსენოთ. თუ ყვითელ მიკროავტობუსში დასაჯდომი ადგილი აღარ არის, ავდივართ და ვდგებით მძღოლთან მაქსიმალურად ახლოს. არამც და არამც არ გადავდივართ ერთი მეტრით უკან. რატომ? იმიტომ, რომ აქაც ჩამსვლელების რიგში პირველები ვიყოთ. მერე რა, რომ ამომსვლელებს გზას ვუკეტავთ? მთავარია, რომ ჩვენ წინ ვდგავართ. სხვებს თავში ქვა უხლიათ...

სულ მაინტერესებს, მაგრამ ამ რიტორიკულ კითხვას პასუხი ვერ გავეცი - რატომ ვანადგურებთ ტრანსპორტში სკამის საზურგეებს? ან რატომ ჰგავს 1 წლის ტრანსპორტში სკამები 100 წლის გაურეცხავს? ესეც მთავრობის ბრალია? იმაზე აღარაფერს ვამბობ, ცხელ სეზონზე ტრანსპორტში სურნელების ბუკეტი რომ იფრქვევა ხოლმე და თვით პატრიარქმა რომ მოუწოდა მრევლს ერთ-ერთი ქადაგების დროს, იბანავეთო...

შეიძლება მკითხველმა იფიქროს, რომ ამ ჩანაწერს ცხოვრებაზე დაბოღმილი, არარეალიზებული ქარაფშუტა ადამიანი წერს, რომელიც ირგვლივ კარგს ვერაფერს ხედავს და მისი ერთადერთი მიზანი სხვების კრიტიკაა. მაგრამ გულახდილად გეტყვით, რომ ამ ჩანაწერით მინდოდა მეთქვა, მხოლოდ ევროკავშირი და ევროპელობა ვერ გამოგვასწორებს. ცვლილებები ყველა ჩვენგანმა საკუთარი თავის გამოსწორებით უნდა დავიწყოთ, რომ უფრო ღირსეული ევროპელები გავხდეთ, ვიდრე ახლა ვართ.

სალომე შიხაშვილი, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია