როგორ ტატუებს ანიჭებენ უპირატესობას საქართველოში - "ყველა ქალი ბოზია, მაპატიე დედა"

როგორ ტატუებს ანიჭებენ უპირატესობას საქართველოში - "ყველა ქალი ბოზია, მაპატიე დედა"

ადამიანები ტატუს გარეშე, უხილავნი არიან ღმერთებისთვის. ადრე წავიკითხე სადღაც ეს ფრაზა და მას შემდეგ ტატუმ ჩემთვის სრულიად ახალი დატვირთვა შეიძინა. რომანტიზაცია განიცადა ჩემს გონებაში. ადამიანის სხეული საზოგადოების ანარეკლად მიიჩნევა, აქედან გამომდინარე, ტატუები იდენტობის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ.

სხეულის მოხატვასთან დაკავშირებით მრავალი სტერეოტიპი არსებობს. ზოგი თვლის, რომ ტატუ კრიმინალებისთვისაა განკუთვნილი. არ ვიცი, რამდენად ხშირია მსგავსი ასოციაციები სხვა ქვეყნებში, მაგრამ საქართველოში ასეა. როდესაც პირველად გავიკეთე ტატუ, მეზობლებმა პირველი რაც მკითხეს, რად გინდოდაო, ნაციხარი ხომ არ ხარო. მოკლედ, საზოგადოების ნაწილი, ძირითადად უფროსი თაობა, ტატუირებულ სხეულს ნეგატიურად უყურებს.

რეალურად ტატუს ძალიან დიდი ისტორია აქვს. ის არსებობს იმდენივე ხანია, რამდენი ხანიც არსებობს ადამიანი. იყო დრო, როდესაც ტატუ მხოლოდ ცირკის მსახიობებს, მეზღვაურებს და თავისუფლებააღკვეთილ ხალხს ჰქონდა, მაგრამ ეს პერიოდი დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა. დღეს სვირინგები მეინსტრიმ კულტურაში ძალიან გავრცელებულია. ძირითად შემთხვევაში, ტატუ ერთგვარი განაცხადია, თვითგამოხატვის იდეალური საშუალებაა და საკუთარი მოდის შექმნის საუკეთესო მცდელობა.

სხეულის მოხატვის ხელოვნება არის მარტივი გზა, რომ ადამიანებმა გადააბიჯონ სოციალურ ღირებულებებს და კულტურულ კლიშეებს სილამაზის, იდენტობის და ზოგადად, სხეულის შესახებ. მე ვფიქრობ, რომ ტატუ ერთგვარი რუკაა ადამიანის ცხოვრების და პიროვნების. ისევე, როგორც ტანსაცმელი და ვარცხნილობა, ტატუს არჩევანი კერძო, გემოვნების საკითხია და ამით არის ის მშვენიერი. ის შეიძლება იყოს საჯარო განცხადება ან ძალიან პირადული სიმბოლო, მაგრამ ორივე შემთხვევაში, ყოველი ტატუს მიღმა არის რაღაც გამოცდილება და მოგონება.

გამოდის, რომ ტატუ ერთერთი გზაა საკუთარი ცხოვრების ჩანაწერის გაკეთების.

დღევანდელ რეალობაში, როდესაც სვირინგების პოპულარობა დღითი დღე იზრდება, იმის თქმა რთულია, რომ მასთან ერთად იზრდება საზოგადოების დამოკიდებულება მისდამი. ადამიანები, რომლებიც ეძებენ სამუშაოს, კარგად უნდა დაფიქრდნენ, სანამ ტატუს გაიკეთებენ. ისეთ სამსახურებრივ ორგანოებში, როგორიცაა ბანკი, სკოლა, უნივერსიტეტი, სახელმწიფო სამსახური და ა.შ. დაუშვებელია მომუშავე პერსონალს ჰქონდეს ტატუ გამოსაჩენ ადგილას.

საქართველოში ძირითადად რამდნეიმე სახის ტატუებს იკეთებენ. დავიწყოთ რელიგიური მოტივებით. ზოგს ჯერა, რომ თუ გაიკეთებენ წმინდად შერაცხულ სიმბოლოებს, ეს მათ დაიცავს და ერთგვარი თილისმის მაგივრობას გაუწევს. ზოგი მსგავს ტატუებს იმისთვის იკეთებს, რომ უბრალოდ პატივისცემა გამოხატოს კონკრეტული რელიგიური კონფესიისადმი, ზოგს კი უბრალოდ მოწონს, როგორ გამოიყურება ესა თუ ის სიმბოლო. მაგალითისთვის, საქართველოს ერთ-ერთ გამოჩენილ მწერალს ჭაბუა ამირეჯიბს მკერდზე ჰქონდა ამოსვირინგებული წმინდა გიორგის ხატი და ის თვლიდა, რომ ის მას მფარველობდა.

რელიგიური ხასიათის ტატუების გარდა, პოპულარულია კრიმინალური ტატუები. ძირითადად ქურდული მენტალიტეტის გამტარი, თუმცა შემხვედრია ადამიანები, რომლებსაც იაკუძას ან ამერიკული გეტოების ილუსტრაციები ჰქონიათ ამოსვირინგებული. ზოგი კრიმინალური ტატუ ძალიან კომპლექსური, საიდუმლო და ქვეტექსტის მქონეა. ყველაზე გავრცელებული, რა თქმა უნდა, არის "ბეში" - ხუთი წერტილი, რომელშიც ოთხი წერტილი ციხის კედლებს, მეხუთე კი მასში გამოკეტილ ადამიანს აღნიშნავს. მაგალითად, არსებობს ტატუ - დიდი გაფურჩქნული ვარდი - რომელიც კრიმინალურ სამყაროში აღნიშნავს, რომ ადამიანი, რომელიც მას ატარებს, ციხეში შეუსრულდა 18 წელი. მაგრამ პრინციპში დღეისთვის მსგავსი ტატუები ძირითადად მოდური ტენდენცია უფროა, ვიდრე ავთენტურ იდეასთან გაიგივებული კონცეპტი.

ძალიან ბევრნაირი ტატუ მინახავს, მაგრამ მათ შორის ერთი იყო ყველაზე სასაცილო. არა მგონია ადამიანი, რომელიც ატარებდა მას, დამეთანხმოს, მისთვის ეს სერიოზული ხასიათის განცხადება უფრო იყო სავარაუდოდ. წარწერა იყო ასეთი: "ყველა ქალი ბოზია, მაპატიე დედა". სავარაუდოდ ადამიანი, რომელიც ამ ტატუს ატარებდა,  გულგატეხილი იყო მდედრობითი სქესის მხრიდან და დაკარგული ჰქონდა რწმენა ქალებისადმი, ამიტომ საკუთარი გრძნობების და აზრის გამოსახატად ამოარჩია უნივერსალური ხერხი და გაიკეთა წარწერა სხეულზე. რომ დავუკვირდეთ, საზოგადოდ აზრის გამოხატვის საუკეთესო ხერხია ტატუ. ის ისევე მუშაობს, როგორც საპროტესტო პლაკატები, უკეთესადაც კი.

ახალგაზრდა თაობას უფრო განსხვავებული შეხედულება აქვს ტატუებზე. ჰიპსტერ კულტურის აღზევებასთან ერთად, მეინსტრიმში შემოვიდა გეომეტრიული სიმბოლოები და ახალი მნიშვნელობა შეიძინა ფაუნამ. სამკუთხედის ფორმის ტატუები ყველაზე გავრცელებულია, მაგრამ სამწუხაროდ მისი ზუსტი მნიშვნელობა მგონი არავინ იცის. ასევე პოპულარულია მელიების, კატების და ზვიგენების ტატუები.

მოკლედ, ტატუები ჩვენს ირგვლივ საუკუნეების განმავლობაში არსებობდნენ სამედიცინო, დეკორატიული თუ მრავალი სხვა მიზნებით. დღეს ის ძირითადად გამოიყენება კონკრეტული პირის სილამაზის აღქმის, რელიგიური მრწამსის თუ კრიმინალური მოტივების გამოსახატად. ტატუს პოპულარობა დღითი დღე სულ უფრო იზრდება და კიდევ უფრო კრეატიულ და მრავალფეროვან ხელოვნების ნიმუშებს ვიხილავთ ტილოზე, რომელსაც ადამიანის სხეული ჰქვია.

ირაკლი კობახიძე, Ambebi.ge

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ